Home Blog Page 14

ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება განაგრძოს, “ქართული ოცნება” -კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”.

„გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”; ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, პრობლემები.

საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება თუნდაც ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური მიმართულებით; გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები; განხორციელდება ახალი პროექტები ტრამვაის, მეტროს სახით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, დარწმუნებული ვარ, წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება -შალვა პაპუაშვილი 

დღეს შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები, ის ორგანოებია, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის. ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. ყველა კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტები არის ის ორგანოები, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან, იციან მათი წუხილი,  სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობა არის ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა მათი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე.

დღევანდელი დღით შეიკვრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ გასულ წელს ავირჩიეთ პარლამენტი, პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გზაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას -ცესკო

საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.

დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

ამასთან, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს.

ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

„აქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს 

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული.

კერძოდ, დედაქალის მერის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიან:

თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1) – „ენა მამული სარწმუნოება“;

ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3) – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7) – „თავისუფალი საქართველო“;

ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8) – „პატრიოტთა ალიანსი“;

ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9)  –„ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“;

გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11) – „საქართველო“;

გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12) – „მწვანეთა პარტია“;

იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36) – „გირჩი“;

კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41) – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

არჩევნებში გამარჯვებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს.

თბილისში არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 1 043 482 ამომრჩეველი, გახსნილია 582 უბანი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3 130 348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია, რომელთა რიგითობა საარჩევნო ბიულეტენში ასეთია:

1. „მამული, ენა, სარწმუნოება“; 3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“; 5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 7. „თავისუფალი საქართველო“; 8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 9. „ძლიერი საქართველო – ლელო“; 11. „საქართველო“; 12. „მწვანეთა პარტია“; 14. „სახალხო ხელისუფლება“;  25. „გახარია საქართველოსთვის“, 36. „გირჩი“; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ამასთან, თბილისში რეგისტრირებულია მერობის ცხრა კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია ოთხი კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი – 160 კანდიდატი.

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნების მიმდინარეობას გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

იგორ ნარმანია – ვაპირებთ, შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი

ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია. მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომელიც პარტიის ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მეტეხის წინ სტუდენტებზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ, მაგრამ ესენი არიან ჩმორები, „ქართული ოცნების” სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? ეგენი ვერავის დააშინებენ. გვერდიდან მომეპარა, ათასობით კამერაა აქ და პოლიცია დაინახავს როგორ გვერდიდან მომეპარა ეს ჩმორი, რა უნდა ვუწოდო ისიც არ ვიცი. ერთი-ერთზე მოვიდეს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გვერდიდან რომ მოდიხარ, ამ ნივთით, ხელით მოდი, პირისპირ მოდი, შენი არავის არ ეშინია ჩმორო, ქათამო, რადგან თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, რადგან თქვენი არასდროს არავის არ ეშინოდა, ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ და ექნება ლოგიკური დასასრული, ეს არ იქნება მოჯადოებული წრე. ყოველთვის, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვდიოდი, ეს გააზრებული მქონდა. გააზრებული მქონდა ისიც, რომ ზოგჯერ ციხეში შეიძლება, მოგვიწიოს ჯდომა, ზოგჯერ ვიღაცა აი, ასე მუხანათურად მოვიდეს და ჩაგარტყას, რადგან ეს არის რუსული სახის გამოვლინება, სად შეუძლია ქოცს, სად აქვს მაგის გამბედაობა, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან, ეს არ აქვს, ეს შნო რომ არ აქვს ქოცს, ამიტომ არიან მართალი ქართველები ჩვენს მხარეს, ამიტომ გავცემთ მაგ ძალადობას და უსამართლობას პასუხს, თორემ ამათი არავის არ ეშინია, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც „ქართულ ოცნებას” შეუშინებია. ძალიან მშვიდობიანად ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ახლა ვნერვიულობ დედაჩემი და მამაჩემია, დანარჩენი არ მადარდებს არაფერი, ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ. ჩემი თანატოლები ახლა, რომლებიც არიან პოლიტპატიმრები მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა გეძღვნებათ თქვენ, ჩემი მეგობრები ახლა პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ, გარეთ უნდა იყვნენ და არა ის, რომ „ოცნებამ” ჩვენი თანატოლები აქციოს ასეთ ჩმორებად და ტიტუშკებად, რომლებიც აქ მოაგზავნეს.

მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ არანაირ სპეცოპერაციაზე და რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში.

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად,

კურო

თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, რომლის მოგვარება ძალიან რთული იქნება.

ტყუპები

გრანდიოზული გეგმები კარგია, მაგრამ გირჩევთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმეები დაიწყოთ, როელთა ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. სავარაუდოდ, ოჯახის რომელიღაც წევრს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის თქმა ერიდება – თავად უნდა გამოიცნოთ.

კირჩხიბი

გარემოებები დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გაიძულებთ და წინააღმდეგობის სურვილიც არ გაქვთ. საბოლოოდ ეს მიგიყვანთ წარმატებამდე და თქვენი იმიჯი გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულად ამაღლდება.

ლომი

ეს დღე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადებით. თუ მარჯვენაზე – დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენაზე ყველაფერი არასწორად წავა. ამიტომ, დილით რომ გაიღვიძებთ, ფეხებს ყურადღებით დააკვირდით და რამე შეგეშალათ, საწოლში დაბრუნდით. იქნებ მეორედ გაგიმართლოთ?

ქალწული

ამ დღეს მთელი ნებისყოფის და თავშეკავების გამოჩენა დაგჭირდებათ. სამწუხაროდ, სიბრაზის მცირე აფეთქებაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხალში გადაიზარდოს, რომელიც თქვენს ყველა მიღწევას გაანადგურებს. ერთი სიტყვით, ამ დღეს სიმშვიდე ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოთ, თუნდაც ამისთვის რადიკალურ ზომებზე წასვლა დაგჭირდეთ.

სასწორი

ამ დღეს თავი ათასნაირი გეგმებითა გაქვთ სავსე და ეს მშვენიერია, რადგან ბედი მათი განხორციელების უნიკალურ შანსს მოგცემთ. უბრალოდ შეეცადეთ, ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები უბრალო საკითხებზე არ გაცვალოთ. სავარაუდოდ. დიდ და ხმაურიან წვეულებაზე წარმატება გელით.

მორიელი

მთელი დღე გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს ნერვებზე თამაშის გარდა, არაფერს აკეთებენ. სინამდვილეში ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს თამაშობენ. ესაა და ეს.

მშვილდოსანი

ცდილობთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. რაღაც მოვლენამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენს სულში ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს, თუმცა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ – სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შესაძლოა გარემოებები შეიცვალოს.

თხის რქა

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. მარტოხელა თხის რქებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მათ შორის პოტენციურ თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ – იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები

კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით – დაუფიქრებლად ნათქვამით შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, რაც შეიძლება ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა გახდეს. დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

,,ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა”-საერთაშორისო დამკვირვებელი, ესპანეთის სენატის წევრი

ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, ლუის ხესუს ურიბიე-ეჩებარია აპალატეგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და ხვალ მოსახლეობას ხმის მიცემა თავისუფლად , გამჭვირვალედ შეეძლება.

„მეორედ ჩამოვედი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების დასაკვირვებლად. გასულ წელს, ოქტომბერში ვიყავი აქ საპარლამენტო არჩევნებზე. ვფიქრობ, ის არჩევნები ძალიან სამართლიანი იყო. როგორც გასულ წელს ოქტომბერში ვთქვი, ჩემთვის საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული, გამჭვირვალე და უსაფრთხო გზით, ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენ რეალურ დემოკრატიებში. ანუ, შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ხვალ ხალხს შეეძლება თავისუფლად, გამჭვირვალედ და უნივერსალურად ხმის მიცემა. თუ არ ვცდები, კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა თავისი წინადადებები. ტელევიზიაში დებატები გაიმართა. ამიტომ, ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. ვფიქრობ, ხვალ მხოლოდ თბილისში ვიქნები, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. დავადასტურე კომიტეტთან, რომ ხმის მიცემის მექანიზმი იგივეა – შესასვლელთან ხალხს ხელზე ნიშნავენ, პირადობას ამოწმებენ, საარჩევნო ბიულეტენს იღებენ და ამერიკული ტექნოლოგიით თვლიან ამომრჩეველს, რომ გაიგონ შედეგები“, – განაცხადა ლუის ხესუს ურიბიე-ეჩებარია აპალატეგმა.

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს. 

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი პროცედურები, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ. 

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მათთან საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს გამჭვირვალობის პრინციპით და მიესალმება მიუკერძოებელი, ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას.  

შეხვედრას საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების – Association „ALTERFACT“, „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ და საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. დღეს დელეგატები სტუმრობდნენ ცესკოს,  რომლის ფარგლებშიც მათ პირადად მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. რა თქმა უნდა, შეხვედრა მაღალი ინტერაქციით წარიმართა და უცხოელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ერთი მხრივ დააკვირდებიან კენჭისყრის მიმდინარეობას, მეორე მხრივ კი გაიზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაზე, რომლის პირველი და მეორე ფაზის შედგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს გადმოეცა. უცხოელი კოლეგების კითხვებს ასევე უპასუხეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა.

ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევისთვის, ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოსთვის ეს არჩევნები, ვინაიდან ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ჩვენი ქვეყანაც გეგმავს საზოგადოებას გააცნოს საარჩევნო ტექნოლოგიები საერთო არჩევნებზე მომავალ წელს, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია რეალურ დროში ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს აპარატურა. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ვინაიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების თაობაზე, იმისათვის, რომ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხვალ შესაბამისად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ.

თავის მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, არჩევნების, რეფერენდუმის და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დეპარტამენტის საარჩევნო ოფიცერმა ალექსანდრე ტრსტენსკომ. „ვიმედოვნებთ, რომ გავიზიარებთ კარგ პრაქტიკას ხვალ დაგეგმილი არჩევნებიდან. დღევანდელი შეხვედრიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემაზე და ხმის მიცემის პროცესზე. მართალია, საქართველოს განსხვავებული გამოცდილება აქვს, თუმცა არის ბევრი მსგავსება სხვა ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკასთან. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ დაკვირვებისას, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, მივიღებ განსხვავებულ და საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელსაც ჩემს კოლეგებს გავუზიარებ“.

სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.

მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ისე საარჩევნო პროცესების კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე არჩევნების ინკლუზიურობისა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მხარეები კონსულტაციებს გამართავენ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა ხაზს უსვამს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საერთო მიზანს, ხელი შეუწყონ გამჭვირვალე, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საარჩევნო გარემოს განვითარებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერამდე, გიორგი კალანდარიშვილმა, ჯანეტ ლავს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სრულად არის მზად უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება.

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ, გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

საარჩევნო, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა, კრძალავს ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღებას ან სხვაგვარ დამუშავებას, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვა, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ამასთან, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, დადგენილი წესით, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება და არა აუდიომონიტორინგი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების შესწავლის შემდეგ, ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით და განხორციელდა ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება, რომელიც სხვა, ადრე არსებულ მექანიზმებთან ერთად აღარ ტოვებს ფარულობის საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციის სივრცეს. სხვა შემთხვევებში ფარულობის პრინციპზე საუბარი იქნება მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც დააზიანებს საარჩევნო პროცესს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას”,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.