Home Blog Page 14

აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი -გიორგი გამსახურდია

გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ყოფნით ნამუსი და კიდევ რამეს ლაპარაკობენ, აი ერთ-ერთი მოღალატეობრივი დოკუმენტი, სხვა მრავალთან ერთად რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა. აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინამ გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. გაგეცემათ თქვენ 26 ოქტომბერს პასუხი, ამ უტიფრობაზე და საქართველოს, თქვენ სამშობლოს, რუსეთზე ჩაბარებისთვის“, – წერს გიორგი გამსახურდია.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

ლიტერატურული პრემია “საბას” 2024წლისფინალისტებიცნობილია!

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

 

  1. აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
  2. გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოს ქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
  3. თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
  4. მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნატალი დარასელია, „სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი)
  6. რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
  7. სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  8. სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
  2. ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:

  1. გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
  2. დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
  3. დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

 

  1. არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
  3. ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
  5. მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე““ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ეკა ქავანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
  2. ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
  3. ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
  4. მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
  2. გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
  3. იაკი კაბე, “მოქალაქე” (ინტელექტი)
  4. მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
  5. ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)

 

წლის საუკეთესო რომანი:

 

  1. ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
  3. თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი)
  4. ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
  5. ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  6. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)

 (R)

 რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, ქართველ ხალხს, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, არ დავკარგავდით გმირ ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას-კახა კალაძე

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმ მოღალატე პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანას ვერ აარიდეს ომი, ხოლო დღეს დაღუპული გმირების სახელით სპეკულირებენ.

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, არცერთი დაღუპული ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს;  გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის.

„ჩამოთვლილია, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთ-ერთი მათგანი არის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახით გვევლინება, იმართება გარედან და ჰყავთ ერთი პატრონი, ყველაფერს გააკეთებს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესებს. ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ. შემდგარი ფაქტია ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის იმ მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას სჭირდება გამოძიება და სჭირდება პასუხები, რომ გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. დამნაშავე არის პირველ რიგში, მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 14 მილიარდზე ვიდრე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს მილიარდები არსად ჩანს-კახა კალაძე

14 მილიარდზე ვიდრე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს მილიარდები არსად ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.

„პასუხი არის მარტივი – ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენ მივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოს კარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და  სპეკულაცია,  მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდება ამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა წინასაარჩევნო კამპანიისთვის? ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდა უთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთი სული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და უკრაინას ადარებდნენ ვითარებას, გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კი ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მიიღებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობას.

„დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კობახიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

„16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/pfbid02xRhSTo5GgXqaWMMGtXmRVwq37nc9u74CgwYE1Pvk9ALKB53wyqPcoCFpbmZRBdsJl

ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს „ჩემი გზა ემიგრაციაში”.

ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

კონკურსის ფარგლებში, ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწერენ ბლოგებს და გადაიღებენ ვიდეოებს. ავტორები აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება: 19 ივლისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული და მათთვის დაწესებულია შემდეგი პრიზი:

კატეგორია „ბლოგი“:

I ადგილი – 2 000 ლარი.

II ადგილი – 1000 ლარი.

III ადგილი – 500 ლარი.

კატეგორია „ვიდეო“:

I ადგილი – 2 000 ლარი.

II ადგილი – 1 000 ლარი.

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ. 

(R)

აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება -პრემიერი

ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს და გააძლიერებს ქართულ ჯარს.

მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად სწრაფი რეაგირებისა და გეგმის წარმოდგენისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი და ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და  გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

 ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ -პრემიერი

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, შვიდი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის.

„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული უკრაინის აქტიური მხარდამჭერი რაიან უესლი რუთია

CBS News-ის ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული რაიან უესლი რუთია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაციით, რომ რუთი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების აგიტაციას ატარებდა. 2023 წელს მან New York Times-ს განუცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა და ცდილობდა ავღანელი ჯარისკაცების რეკრუტირებას, რომლებიც „თალიბანს“ გაექცნენ.

არსებული ინფორმაციით, რუთს კრიმინალური ისტორია აქვს.

ფლორიდის პროკურორი ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.

„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველ კლასელებს და პირველ კურსელებს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და ყველას მინდა ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველა ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს სწავლაში.

ასევე პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ამ თემას უკავშირდება და მინდა, მოგახსენოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ-პრემიერი

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.

„მინდა, მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

 ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია, ვის სურს, ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტაბილიზაციაში -არჩილ თალაკვაძე

ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მიმართ ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებზე. თალაკვაძის თქმით, ეს არის ყალბი აჟიოტაჟი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ომის პარტია.

„ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია და ვის სურს, რომ ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტრუქციაში, დესტაბილიზაციაში და აქედან რაღაც პოლიტიკური შედეგი მიიღოს, უკანა კარით როგორმე შემოვიდეს პოლიტიკაში. ეს იგივე ხალხია, რომელიც ყველაფერზეა ხელის მომწერი, ოღონდ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ეს იგივე ხალხია, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. დღეს ჰყოფნით სინდისი, გამოდიან და კიდევ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომლებმაც შევძელით ამ 12 წლის განმავლობაში მშვიდობის დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება, არსებითი პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და, რაც მთავარია, დღეს საქართველო არის ყველაზე ახლოს იმ მომენტთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის შემდგომ, რომ, რაც მთავარია, საზოგადოების, პირველ რიგში, და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობა აღდგეს. გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, შერიგებით და არავითარი სხვა ინტერპრეტაცია ამ განცხადებებს არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები.

„ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ და არ უღირთ. მათი ერთადერთი მიზანია, ქვეყანა როგორმე შეიყვანონ დესტაბილიზაციაში, ქაოსში და აქედან ისარგებლონ პოლიტიკურად, როგორმე სცადონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.