Home Blog Page 14

კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამინისტროს ცნობით, დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ.

„დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება, მათ შორის არის, ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, იზოლირებული კაბინეტი, ინფექციური პაციენტებისათვის.

დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, ემსახურება.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დიალიზის ცენტრში იმყოფებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები და სხვა სტუმრები.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში -არჩილ გორდულაძე

ძალიან საინტერესოა, ბრიტანეთის ელჩს „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რატომ გაახსენდა მაშინ, როდესაც ასეთი შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნების გამო არ გაიმართა.

„რატომ გაახსენდა გადადებული შეხვედრა 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე? არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად აფასებს. ასეთი მცდელობები კონტრპროდუქტიულია. როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა გორდულაძემ.

საქართველო რეგიონში გამოირჩევა სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით – ფილიპ ბონე

საქართველოში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, 15 ობიექტის გახსნას ვგეგმავთ, რომლებიც ამჟამად დაპროექტების ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რამაც ინვესტირება გადაგვაწყვეტინა – ის რეგიონში სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით გამოირჩევა, – ამის შესახებ Accor-ის დეველოპმენტის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბონემ განაცხადა, რომელიც აჭარის რეგიონში, ციხისძირში Accor-ის ჯგუფში შემავალი ხუთვარსკვლავიანი ბრენდის Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფილიპ ბონეს შეფასებით, საქართველოს ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მთავრობის თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, მეორე მხრივ კი – ხელს უწყობს როგორც არსებული, ისე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

„ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა.

საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე.

Accor-ი სტუმარმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში“, – აღნიშნა ფილიპ ბონემ, რომლის სიტყვასაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება – რომან გოცირიძე

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართ მოდის ჩანს, რომ „ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და უნდა წავიდეს მმართველობიდან.

„ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან – ევროკავშირიდან, აშშ-დან, ცალკეული სახელმწიფოებიდან ისმის, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა – კრედიტები, გრანტები, დახმარებები ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანებისა, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” რაც მოჰყვება კარგად დაინახავს – ამას ხალხი არ აპატიებს”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.

ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – ხუთშაბათის შეხვედრები, ქუთაისში გაიმართება

ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting-ის მმართველი პარტნიორი) და ზვიად აბულაძე (ნოვას დამფუძნებელი).

საღამოს მთავარი თემა იქნება ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები აწყდებიან კომპანიის ზრდის პროცესში – რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები ასევე უპასუხებენ კითხვებს ამ თემის ირგვლივ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

შეხვედრა გაიმართება ფიზიკურ ფორმატში. მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია.

R

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

კრებსითი „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას და პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას უწევს გარე და შიდა მტრების მოგერიება, რომელთა სურვილია საქართველო ომში ჩაითრიონ.

ვატო შაქარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დანაპირების აღსრულება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას უკავშირდება, გართულდება იმ პირობებში სანამ არსებობს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელიც ამ პარტიას ხმას აძლევს. მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიმცემი პირიც, ისეთივე დამნაშავეა, როგორც თავად რადიკალური პარტია.

„2012 წელს, არჩევნების შედეგად, ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, 12 წელი ქვეყანა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა და ვერაფრით ხერხდებოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. კრიმინალური რეჟიმის არაერთი ლიდერი გასამართლდა, გარკვეული სასჯელები მოიხადეს ეგრეთ წოდებულმა ძალოვანმა მინისტრებმა, ციხის ჯალათებმა, ბიუჯეტის ქურდებმა და ბანდიტური სისტემის სხვა მსახურებმა, მაგრამ ქართული საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. კრებსითი ნაციონალური მოძრაობა, როგორც მეტასტაზი, ისევ აგრძელებს არსებობას და საზოგადოებაზე მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ეს არის ტოქსიკური პოლიტიკური ძალა, რომლის არსებობა აბინძურებს და წამლავს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს.

12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში უხდება ქვეყნის მართვა და საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვა – ერთი მხრივ მთელი ენერგია და რესურსი მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის ზრდაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ქვეყანაში დოვლათის შექმნასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი, მუდმივი რყევების, გარე თუ შიდა პოლიტიკური აქტორების განეიტრალების, რევოლუციებისა თუ ომის რისკ-ფაქტორების გამკლავების მხრივ უწევს ბრძოლა, რასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

ქვეყანამ კრებსითი ნაცმოძრაობის მიერ ხელოვნურად შექმნილ იმდენ პოლიტიკურ კრიზისსა და დესტაბილიზაციას გაუძლო, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი 12 წლის განმავლობაში მოხდა ერთ პატარა საქართველოში, ოკუპაციისა და სხვა უამრავი გამოწვევის ფონზე.

თითქოს ჩვეულებრივ ამბად გვექცა რევოლუციური სცენარები, ყოველი არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობები, გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების ჩაგვრა, ლანძღვა, გინება და ქართველი ხალხის მუდმივ ტერორში ყოფნა. უკვე 12 წელია აგრესიული უმცირესობა ყველა დაუშვებელ ფორმას იყენებს იმისათვის, რათა გაბატონდეს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე.

ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა იმდენად მძლავრი უკურეაქცია გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავის დაცვა, თუნდაც ყველაზე მკაცრი ფორმებით.

ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს ქვეყანაში ფსევდოლიბერალური უმცირესობის მიერ მოწყობილ ვერბალურ ტერორს და მათი პოლიტიკოსი ლიდერების მუდმივ მცდელობას, ძალაუფლება ისევ მიიტაცონ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

ფსევდოლიბერალიზმის პირობებში, დამნაშავე რეჟიმის დაუსჯელობის სინდრომმა შესაძლოა ნებისმიერი ტრაგედია კრებსითი ნაცმოძრაობისთვის ხელისუფლების დამხობის იარაღად აქციოს.

უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა – გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი. ყოველ არჩევნებზე კრიმინალურ პოლიტიკურ რეჟიმს მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობის მანდატები ეძლევათ. 9 არჩევნებია კრებსითი ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ოპოზიციიდან აგრძელებს საზოგადოების უმრავლესობის ტერორს, რაც სრულად არის მხარდაჭერილი მათი გარე პატრონების მიერ და რაც დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოებში არაერთი განაჩენია დამდგარი, რომელიც ნაც-მოძრაობის რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს ადასტურებს. ასევე, 2008 წლის ომის შესახებ არსებობს ტალიავინის დასკვნა და თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიერ მხარდაჭერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია (1633), რომელიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამხელს. ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ გარშემო ათასობით რეპრესირებული, განადგურებული ოჯახია, რომლებიც დღემდე სამართლიანობის აღდგენას მოელიან. როდესაც ამის შემდეგ კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას, ე.ი. შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები.

ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გვიან, მაგრამ მტკიცედ აცხადებს კოლექტიური ნაც-მოძრაობის გასამართლების დაპირებას. მიგვაჩნია, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება, ვიდრე ადამიანთა ეს ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას.

ძალიან ხშირად მოგვისმენია შეკითხვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისგან, თუ ვინ არიან სექტის მხარდამჭერები, რა საშუალებით და მანქანებით დააჰიპნოზეს იმგვარად, რომ მზად არიან, ნაციონალური მოძრაობისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ დანაშაულის თანამონაწილე და სისხლის სამართლის დამნაშავეც კი გახდნენ. არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ამ ადამიანებს, ყველას აქვს გაცნობიერებული, თუ ვის აძლევენ ხმას. და რადგან გონზე მოსვლის დრო ჯერ საკმარისად არის, მათ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ, რომ მაღალი ალბათობით, სააკაშვილი თავის ბოროტებითა და სხვისი გაუბედურებით დამძიმებულ ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააგრძელებს პატიმრობაში. მის მიმართ უკვე არსებობს განაჩენები სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, კიდევ რამდენი საქმე ძიების პროცესშია და წინ არის ყველაზე მთავარი − მისი უმკაცრესი გასამართლება 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისა და ქვეყნის ტერიტორიების გადაბარების გამო, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა არ უნდა ასცდეს.

სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობას ისიც ემატება, რომ სამუდამო პატიმრობისთვის საკუთარმა პატრონებმაც გაწირეს და მხოლოდ მოვალეობის მოხდას დაემსგავსა მისი მოხსენიება ამა თუ იმ რეზოლუციაში.

აი, ასეთ ოდიოზურ ფიგურას რომ კიდევ ხმას აძლევ და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილე და გამზიარებელი ხარ ყველა იმ კრიმინალის, რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს. დანაშაულში თანამონაწილეობა კი, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა!

საერთაშორისო სისხლის სამართალი დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს კი არ მიიჩნევს, არამედ მასთან ერთად დამნაშავეა ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და დამხმარეც. ასეთია საერთაშორისო და შესაბამისად, ქართული სამართლის პრაქტიკა. ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, ბუნებრივია, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ამ შემთხვევაში, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა − დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) − ნაცმოძრაობის და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე − დანაშაულის დამხმარეები, (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სააკაშვილის მსგავსად, ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი, საკუთარი ხმის მიცემით ტოვებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ორ ჯაშუშს − გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს. ამის მტკიცებულებაც ხელისგულზე დევს. გახარია, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, დავალების შესაბამისად უმაღლესი თანამდებობიდან გადადგა ერთადერთი მიზნით − როგორმე ხელისუფლებაში ისეთი ნეგატიური პროცესები გამოეწვია, რომ გუნდი ჩამოეშალა. პატრონებმა მას შეურაცხმყოფელი დავალებაც კი მისცეს და გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხი განუსაზღვრეს. არადა, რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან გახარია ნაციონალურ მოძრაობას დასრულებით „ემუქრებოდა“. გახარია ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდა უცხო ქვეყნის ჯაშუშად, ამიტომ მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რასაც ღიად ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს.

კიდევ უფრო აშკარა, ღრმა და ხილული კავშირები აქვს ნაცმოძრაობასთან მეორე ჯაშუშს − მამუკა ხაზარაძეს. წლების განმავლობაში სასამართლოს მიერ დადასტურებული თაღლითი ნაც-მოძრაობის კრიმინალური ბანდის საკვანძო ფიგურა იყო. სწორედ ის იფორმებდა წართმეულ ქონებებს, ღამის საათებში, რეკეტის მსხვერპლ ადამიანებს ართმევდა ბიზნესებს და შემდეგ თავად განკარგავდა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. „მაგნატის“, „სენტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ბანკი კონსტანტას“, „თბილისი ცენტრალის“ საქმეები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ ხაზარაძე შერწყმული იყო რეჟიმთან და მათი დანაშაულის უშუალო თანამონაწილე გახლდათ. ყველას გახსოვთ, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასჯელისგან თავის არიდების გამო, მან არათუ პოლიტიკას შეაფარა თავი, არამედ მთელი ქვეყნის თვალწინ უცხო ქვეყნის ჯაშუშად გაფორმდა და ღიად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ გარე დავალებების შესრულება.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება − ნაციონალური მოძრაობის წევრები თავიანთმა პატრონებმა საკუთარ სამსახურში ნაბიჯ-ნაბიჯ, 2003 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ჩაიყენეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ჯგუფი ე.წ. რევოლუციით მოიყვანეს ხელისუფლებაში და ქვეყნის მართვის გამოცდილების არმქონე ადამიანების შეცდომებს თუ ძალაუფლებით ტკბობის სურვილს მათ დასამორჩილებლად იყენებდნენ. ასევე, გარედან კარნახობდნენ პრობლემების მოგვარების ისეთი სასტიკი მეთოდების გამოყენებას, რა მეთოდებიც კიდევ უფრო მეტად გახდიდა დამოკიდებულს პატრონებზე. დანაშაულთა მთელი წყების შემდეგ, სააკაშვილმა 2008 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა, რომელიც პირწმინდად წააგო, თუმცა ამ არჩევნებს მისმა პატრონებმა ლეგიტიმაცია მისცეს და მალევე შეასრულებინეს მთავარი დავალება − საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიეს. ამ ყველაფერს მოჰყვა საქართველოში დიქტატურის გაფორმება და ყველა ინსტიტუციის საბოლოოდ მოშლა. ყველაფერი გარედან ხელით მართვაზე გადავიდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა „ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფიდან“ დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელ ადამიანთა კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა.

მათგან განსხვავებით, ხაზარაძეც და გახარიაც ამ პროცესს გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ძალიან კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი ამ სავალალო მდგომარეობამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს გაცნობიერებული და გააზრებული აქვს, რა შედეგები მოაქვს აგენტურის ხელისუფლებაში ყოფნას ქვეყნისათვის, არათუ უარი არ უთქვამთ ჯაშუშად გაფორმებაზე, არამედ ორივემ საჯაროდ გადადგა ეს ნაბიჯი. ხაზარაძემ პოლიტიკური პარტია შექმნა და ლობის ძიებაში სრულად ჩაბარდა უცხოელ დავალებების მიმცემებს, ხოლო გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდანაც კი გადადგა, რადგან უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშად მსახურებაზე. ამიტომ, ერთიც და მეორეც ნაცმოძრაობაზე ბევრად საშიში ძალაა ჩვენი ქვეყნისათვის. ხაზარაძეც და გახარიაც ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, თან ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში უმძიმესი ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულება მოუწევთ. ამიტომ, ბევრად სახიფათოა ქვეყნისათვის მათი ამომრჩეველიც. იმ ხალხმა, რომლებიც გახარიას და ხაზარაძის მხარდამჭერები არიან, უნდა გააცნობიერონ, რომ ხმას აძლევენ საქართველოს გადაბარებას ჯაშუშებზე და თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ნაცმოძრაობის მაგალითზე, ხელისგულზე დევს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჯაშუშობის მხარდაჭერისათვის აუცილებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. თუ ნაცმოძრაობის ამომრჩეველს შეიძლება რაიმე სახის შეღავათით შეხედო, რამეთუ ისინი წლებია ყალიბდებიან ანტიქართულ ძალად და ბევრს შესაძლოა არც ახსოვდეს წარსულის პროცესები, ხაზარაძე და გახარია ამომრჩევლის თვალწინ, 2-3 წლის განმავლობაში იქცნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშებად.

სწორედ ამ მრავალ მიზეზთა გამო, ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით ნაციონალურ მოძრაობას. 9-წლიანი მმართველობა მისი არსით და სიმძიმით, იყო ფაშისტური, შესაბამისად ლოგიკურია, ვიხელმძღვანელოთ იმ დასავლური პრაქტიკით, რითაც მოხერხდა ფაშისტური რეჟიმის გასამართლება და აღსანიშნავია, რომ პროცესი დღემდე გრძელდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რომლის მიხედვით დამნაშავეები დაყოფილ იქნენ 5 კატეგორიად, მაშ შორის იყვნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მხარდამჭერებიც.

ყველა კატეგორიას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რამაც საშუალება მისცა გერმანიის მოსახლეობას გათავისუფლებულიყვნენ ფაშისტური წარსულისგან.

აღნიშნული პროცესი, რომელიც გერმანიის დასავლურ ნაწილში ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, აჩვენებს, რომ შესაძლებელია მოხდეს აღწერა კრიმინალური პარტიების თითოეული ამომრჩევლის, ვინც უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია! თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო. სწორედ ამ სექტის გასამართლებით და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე. როდესაც ამ პოლიტიკურ ბანდიტებს აღარ ექნებათ თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, სწორედ მაშინ გაიწმინდება პოლიტიკური სისტემა და ასპარეზზე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გამოვლენ.

ნაც-მოძრაობის რეჟიმმა 300 000 ადამიანს გაატარა მართლმსაჯულების პოლიტიზებული და მოძალადე სისტემა. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანისგან შედგება სექტა, რომელიც წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს და სწორედ ამ პერსონებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხდება მათი მხილება და მოუწევთ სამართლებრივი ფორმით პასუხისგება, რადგან საკუთარი არჩევანით იზიარებენ და ხდებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის მონაწილენი. გარდა ამისა, ისინი საკუთარი მხარდაჭერით აგენტურულ ძალებს უქმნიან ფონს, იმისათვის, რათა გარე პატრონებმა გააგრძელონ მათი ლობირება და ადრე თუ გვიან ძალაუფლებაც ჩაუგდონ ხელში.

არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა.

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება!

დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს – Stuttgarter Zeitung

გერმანული გაზეთი „შტუტგარტერ ცაიტუნგი“ (Stuttgarter Zeitung – იბეჭდება ქალაქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, 1945 წლიდან. ტირაჟი – 200 ათასი ეგზ.) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ევროკავშირი კი კრემლის მოქმედებას საკვირველი თავშეკავებით უყურებს“ (ავტორი – კნუტ კრონი).


ევროპა რომ შიშით უყურებს შორეულ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დონალდ ტრამპისა და კამილა ჰარისის მონაწილეობით, ეს გასაგებია, მაგრამ ევროპული დემოკრატიის მომავლისათვის მნიშვნელოვანია კიდევ ორი არჩევნები, რომლებიც ამერიკასთან შედარებით ახლოს მდებარეობენ – მოლდოვაში (საპრეზიდენტო, 20 ოქტომბერს) და საქართველოში (საპარლამენტო, 26 ოქტომბერს). ორივე სახელმწიფოში დაგეგმილ არჩევნებს საგარე ოპოლიტიკური კურსის შემცვლელი მიზანი აქვს – კიშინიოვი და თბილისი ან ბრიუსელთან დარჩებიან, ან მოსკოვს ჩაეხვევიან.


რუსეთი კარგად აცნობიერებს სიტუაციისა და გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ცდილობს ორივე ქვეყანაში თავისი გავლენა გააფართოოს, იმავდროულად კი ევროკავშირი კრემლის მცდელობას მშვიდად უყურებს პოლიტიკური თვალსაზრისით და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფინანსურ ბერკეტებს იყენებს.


მოლდოვაში რუსეთის გავლენის ზრდა ქვეყნის ერთიანობას ანგრევს: მოსკოვის პირმშო, სეპარატისტული რუსულენოვანი „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ სახელით ცნობილი, მრავალი წლის განმავლობაში დესტაბილიზაციის გამომწვევ სუბიექტს წარმოადგენს. კიშინიოვი ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს – ქვეყნის აღმოსავლეთში, მდინარე დნესტრის გასწვრივ არსებულ მიწის ვიწრო ზოლს, სადაც რუსეთის არმიის ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მოსახლეობის გასამხედროებული ქვედანაყოფებია დისლოცირებული.


„კრემლის ზრუნვა“: 100 მილიონი დოლარი მოლდოვისათვის


მოლდოვაში რუსეთი დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას აწარმოებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში – მიმდინარეობს პრორუსული პარტიების, მასმედიისა და პოლიტიკოსების დიდი ფულით უზრუნველყოფა, რომელთა სპონსორს კრემლი წარმოადგენს. მოსკოვის მიზანია თანამდებობას ჩამოაშოროს მაია სანდუ, რომელსაც 20 ოქტომბერს მეორე ვადით არჩევა სურს. ერთ-ერთი მოლდოვური ანალიტიკური ცენტრის WatchDog-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში კრემლმა მოლდოვას საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
მოსკოვისათვის მოლდოვაში განსაკუთრებულ პრობლემად ითვლება რეფერენდუმი, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მაია სანდუს უნდა, რომ ქვეყნის მიზანი – ევროკავშირის წევრობა – კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად ხდება, თუმცა ის უფრო მეტად ერთგვარ გამაფრთხილებელ და დამცავ ზომას წარმოადგენს იმ შემთხვევისათვის, თუ პრორუსული ძალები გაძლიერდებიან და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი მიზნების გატარებას შეეცდებიან.


ფულის პაკეტი მოლდოვას – ევროკავშირის სახელით


არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა აჩვენა, რომ მისთვის პატარა ქვეყნის ბედი უმნიშვნელო არ არის. ამას წინათ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში ყოფნისას მოლდოვას დახმარებას დაჰპირდა 1,8 მილიარდი ევროს რაოდენობით. ბრიუსელი ამ თანხას დახარჯავს „სკოლების რეკონსტრუქციისა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობისათვის, ინტერნეტისა და ტრანსპორტის განვითარებისათვის და ა.შ.“. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრ ხუთ პიროვნებას, რომლებიც პრორუსული პოლიტიკის გატარებაში არიან შემჩნეულნი. გასულ წელს სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 11 მოქალაქე, მათ შორის პრორუსუსლი ოლიგარქი ილან შორი, რომელიც ამჟამად დევნილია და მოლდოვას ფარგლებს გარეთ იმყოფება.


საქართველოში ტონის მიმცემი მილიარდერია


პრეზიდენტი-ქალის წინააღმდეგ მიმდინარეობს მოსკოვის მიერ მართვადი დეზინფორმაციის ფართო კამპანია საქართველოშიც, სადაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას ბრალად უყენებენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ბერლინში, პარიზში და ბრიუსელში ვიზიტები თითქოსდა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა.


მმართველმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: 2012 წლიდან, როცა პირველად გაიმარჯვა არჩევნებში და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ ლიბერალური პროდასავლური კურსის ერთგული იყო, მაგრამ შემდეგ მთავრობამ მზერა რუსეთს მიაპყრო და კრემლის მსგავსად ამოქმედდა – უფლებები შეუზღუდა მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამიტომაც ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა.


მმართველი პარტიის ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ექს-პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კონტაქტების აქვს. ოლიგარქი აცხადებს, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს. ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ მისი აქტივები, ორი მილირდი დოლარის ოდენობით, პრაქტიკულად გაყინულია.


მოსკოვი – მშვიდობის მტრედი საქართველოსთვის?


გაგანია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს, 26 ოქტომბერს დაგეგმილი ხმის მიცემის წინ, თბილისმა მოსკოვისაგან მოულოდნელი წინადადება მიიღო, რომლის თანახმად, კრემლი შეეცდება საქართველო და მის მიმართ მტრულად განწყობილი [სეპარატისტული] რესპუბლიკები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ – ერთმანეთთან შეარიგოს. ამრიგად, კონფლიქტების ნორმალიზება, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შერიგებით გზით მოხდება. ორივე სეპარატისტული რეგიონის [„რესპუბლიკის“] ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული და ამ დროს საქართველოს მთავრობა სიხარულით შეხვდა კრემლის წინადადებას.


კრიტიკოსთა აზრით, მოსკოვი პირდაპირ და დაუფარავად ერევა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში და სურს როგორმე დაეხმაროს პრორუსულ მმართველ პარტიას გამარჯვების მოსაპოვებლად. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი არჩევნებში არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი, როგორც დღეს არის. რასაკვირველია, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, საქართველოზე რუსეთის გავლენა შესუსტდება, რაც კრემლს არ სურს. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კრემლი „ოცნების“ წარმატებაში.


წყარო

ჩვენ ისევე ვჭირდებით ევროკავშირს ეკონომიკურად, როგორც ჩვენ გვჭირდება ის – ეკა სეფაშვილი

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის გლობალური პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული. ეს არის ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი ვიყოთ როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე – დასავლეთისთვის“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე საუბრისას.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენერგოგადამცემი და ასევე, ციფრული კაბელის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ასევე, ის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ანაკლიის პორტისა და საქართველოზე გამავალი სხვა გზების საშუალებით უნდა შედგეს. შესაბამისად, საქართველო ისევე სჭირდება ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ის.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაპირებებს, რომლებიც საარჩევნო პროგრამაშია, ყველა მიმართულებით სავსებით რეალისტურია. აქ არის ისეთი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც საქართველოს გლობალურ მნიშვნელობას ზრდის; ასევე, არის გზების მშენებლობა, სპორტის, ტურისტული, კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური მიმართულებებით მთელი რიგი სიახლეები და ა.შ.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2028 წლისთვის, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე უნდა იყოს 4%-ზე დასული. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია იმ კარგად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით, რომლითაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ხორციელდება და რომლითაც შევძელით: საქართველოს ეკონომიკის თითქმის გასამმაგება და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები ადასტურებს და მათი პროგნოზებიც საქართველოს მიმართ იმედის მომცემი და პოზიტიურია. ასე რომ, 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვშიც კი გადავა, იმდენად შთამბეჭდავია ეს ზრდა.

რა გვაძლევს იმედს, რომ ეს ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება? სწორედ ის განვლილი 12 წელი, რომლის განმავლობაშიც პოზიტიური შედეგები აისახა ვიზალიბერალიზაციის მიღებაში, ღრმა და თავისუფალი, ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმების მიღწევაში, რომელსაც ვახორციელებთ; კანდიდატის სტატუსის მიღებაში; სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლების განახევრებაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ კარგად და სწორად არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დაგეგმილი და მომავალშიც ასე იქნება.

ასევე, ეკონომიკის მიმართულებით დაგეგმილია სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალისა და პროდუქტების წარმოებაზე გადადის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს კეთილდღეობას და გააუმჯობესებს სოციალური მომსახურების პაკეტებს.

ჩვენი ბიუჯეტი მანამდეც სოციალურ პაკეტებზე ორიენტირებული იყო და ასევე დარჩება – დაახლოებით მესამედი სოციალურ საჭიროებებს ხმარდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის გლობალური პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული. ეს არის ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი ვიყოთ როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე – დასავლეთისთვის. მაგალითად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენერგოგადამცემი და ასევე, ციფრული კაბელის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ეს მათი ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოებაა. ასევე, ის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ანაკლიის პორტისა და ჩვენი გზების საშუალებით უნდა შედგეს, მათი სამრეწველო ეკონომიკის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა. ეს ნიშნავს აღმოსავლეთთან დაკავშირებას, მათ შორის, საქართველოს გავლით, რაც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ჩვენ ისევე ვჭირდებით ევროკავშირს, როგორც ჩვენ გვჭირდება ის. ანუ, ეს არის ორმხრივი, ურთიერთსასარგებლო ინტერესი. ასე რომ, ევროკავშირისკენ სვლა არ შენელებულა. პირიქით – კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალი წლების განმავლობაში, რადგან ეს პრაგმატული ეკონომიკური ინტერესი ის საფუძველია, რომელიც ჩვენს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას უდევს საფუძვლად“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

1000-ლარიანი პენსიის დაპირება არის ყველაზე მდაბიო თაღლითობა – გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდი „ლელოს“ დაპირებას ათასლარიანი პენსიის შესახებ აბსურდულს უწოდებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან მსგავსი დაპირებები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, თავად ხაზარაძეს კი თაღლითის სტატუსი, საერთაშორისო სასამართლომაც მიანიჭა.

„ეს მხოლოდ სიცრუე არ არის. ეს არის ყველაზე მდაბიო თაღლითობა, რითაც შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინოს ადამიანმა თავი, რომელიც უკვე მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის თაღლითად მოხსენიებული. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გამოცდილება აქვს და იმ ადამიანების დანახვაზე, რომლებიც ასეთ დაპირებებს იძლევიან, პირველი განცდა უჩნდებათ, რომ ჯიბეებს დააფარონ ხელი, რომ კიდევ რამე არ ამოაცალონ“, – აცხადებს ვოლსკი.

21-წლამდე ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები UEFA-ს 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. რამაზ სვანიძის გუნდი C-ჯგუფში 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქზე საავიაციო იერიში მიიტანეს – რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ნიკოლაევში – რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქზე საავიაციო იერიში მიიტანეს. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულისა და 16 დაშავებულის შესახებ.

„დაზვერვისა და უმაღლესი სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებმა ახალი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ზამთრის პერიოდში რუსეთის გეგმებს ეხება, მათ ყველაფერი დეტალურადაა აღწერილია. მათ შორის ომში ჩრდილოეთ კორეის ეფექტიანი მონაწილეობა და რუსეთის ურთიერთობების სხვა ქვეყნებთან, რომლებიც აქტიურად დებენ ფულს ომში უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ტრადიციული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობებს, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის სამიზნე უკრაინული პორტებია, რითაც მოსკოვი კიევისთვის საერთაშორისო დახმარების მოწოდების შეზღუდვას ცდილობს.