Home Blog Page 14

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ითხოვდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო,,- ირაკლი ჭეიშვილი

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერია გასაკვირი, როდესაც ისინი ასანქცირებდნენ თავის ქვეყანას წლების განმავლობაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მტრებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, თუ არა მოღალატეობრივი საქციელი. 

„ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერებულიყო. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის მტრებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ, თუ არა მოღალატეობრივ საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

კირ სტარმერი – პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე.

სტარმერი ეხმაურება რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქალაქ სუმიზე და პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთის „საშინელი თავდასხმებით“ შეძრწუნებულია.

“შეძრწუნებული ვარ რუსეთის საშინელი თავდასხმებით მშვიდობიან მოსახლეობაზე სუმში. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი. პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე”, – წერს ის.

ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო, დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – მკაცრი ზომებია საჭირო – ემანუელ მაკრონი

ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, – წერს მაკრონი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო.

„რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად. მივმართავ მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, – წერს მაკრონი.

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.

ამ მიმართულებით “ქართული ოცნების” უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც 14 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამავე ცვლილებების ფარგლებში “ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა, ასევე, შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. ნუ გავხდებით ქვეყნის გამყიდველები, რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით – მეუფე იაკობი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. ეპისკოპოსმა თქვა, რომ არიან წინა ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. მეუფემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის მნიშვნელობაზეც.

„ნუ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამყიდველები. დღეს ვინც უცხოეთის პარლამენტებში დადის, ქვეყნის მთავრობებთან დადის და თავის ქვეყანაზე ცუდს ლაპარაკობს, ამას შედეგი რა მოაქვს? – სანქციები, სანქციები და სანქციები. მერე ვის ხვდება ეს სანქციები? – თქვენს შვილებს და [ქვეყანა] აღარ ვითარება. ესე იგი სიკეთისთვის კეთდება ეს, თუ ბოროტებისთვის? საბოლოო ჯამში ამას შედეგად ბოროტება აქვს.

ნუ ვიქნებით 30 ვერცხლის მოყვარულები. ქვეყნის ყოფილი პირველი პირები დარბიან და ქალის ფორმაც დაკარგეს და ყველაფერიც. ვიღაც ხალხი კი არა, დღესაც ერი ვართ ქართველი ერი, რომელიც მყარად დავდექით და სწორედ ამის გამოა, რომ რაც არ უნდა დაგვეჯახონ, ვერ დაგვამარცხებენ. ჩვენ ვვითარდებით და რაოდენ უფრო განვვითარდებით, თუ მშვიდობა იყო და ერთმანეთში თუ დაპირისპირება არ გვქონდა. მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით იმათაც და ამათაც“, – განაცხადა მეუფემ.

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, მაგრამ შესაბამის დროს და საჭიროა მომზადება – დიმიტრი პესკოვი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, თუმცა შესაბამის დროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს შეხვედრა გაიმართება და პრეზიდენტებმა გამოთქვეს პოლიტიკური ნება, მათ შორის საჯაროდ, რომ ეს უნდა მოხდეს. მაგრამ შედგება შესაბამის დროს და საჭიროა ამისთვის მომზადება“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები რუსეთის და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია.

შემთხვევა მოხდა “ტიტანიკის” კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა და შახტში ჩავარდა – კვლავ გამოვთქვამთ მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა – მერია

თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე მოხდა, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

ამასთან, მერია განმარტავს, რომ ე.წ. ტიტანიკის კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

ასევე, თბილისის მერიის განცხადებით, მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო, გამგეობამ კი მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასაც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი რჩება მისამართზე საცხოვრებლად.

განცხადებაში აღინიშნება, რომ თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება.

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეგთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი „სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და გაჩუმდეს – გიორგი ვაშაძე

ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძის განცხადებით, ტყუილი და დეზინფორმაცია რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს.

“თუ ერს მოჰპარე იდეა,მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს, ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს.

ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის, ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:

გმირობა გადაიქცეს სისულელედ,

მორჩილება – სიბრძნედ.

ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი „სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და ბოლოს გაჩუმდეს.”

გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს გრძნობაში, მეხსიერებაში, სამშობლოში და თვით გმირშიც კი.

გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს, რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:

ანწუხელიძე “უაზროდ გაწირეს”

ცხრა აპრილი – “უაზრო მსხვერპლი”

გმირობა – “პიარია”

რუსეთისადმი დათმობა – “პრაგმატიზმია”

დღეს ევროპა “მტერია”, ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში “მშვიდობის საძიებლად”.

„დიფსთეითი“ მარცხდება-“დიფსთეითი” იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.

რას ვპასუხობთ ჩვენ?

როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.

როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.

როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.

ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია!”, – წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“.

ტრამპმა ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

J

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის ფედერალურ რეესტრში ავრცელებენ.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი – ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის მომავალი კანცლერი, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მერცმა გამოცემა Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“, – განაცხადა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.

„ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. ძნელია იმედი გქონდეს, რომ ომი თავისით დასრულდება – ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების გამო“, – აღნიშნა მერცმა.

ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში.

ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა. იგი აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს.

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.  ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კვიცზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას აკეთებენ, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას.

ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე, მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი.

ტრო­პა­რი:

ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დიამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნექრის­ტე ღმერ­თორომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცავი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნიშევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სარო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლიოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თაქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოუკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

კონ­და­კი:

ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თაკი­ცუ­სა ქუ­­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მანქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­­წი­რერო­მელ­ნი გა­ლობ­დესკურ­თხე­ულ ხარრო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბადმხსნე­ლო ადა­მი­სოვი­თარ­ცა კაცთმო­ყუ­­რე ხარ.

როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას „ბზობა-კაზარობას“ ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებისა. ბზობის გამო დიდ-მარხვის მე-6 შაბათი თევზით ხსნილია.. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა, რის გამოც პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში შესაძლებელია ნაკურთხი ბზის შეძენა.