Home Blog Page 14

არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი – გია ვოლსკი

კორუფცია ისეთი თემაა,  კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი იქნება.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ და არამარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა.

როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება – კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

,, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის?” – პრეზიდენტი

ეს არის ერთი სცენარი, ერთი ქსელი, რომელიც გარედანაა დაფინანსებული. ამაში ჩართულია მთელი ოპოზიცია. აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი საუბრობს იგივე თემაზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ჯგუფისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია.

მისი თქმით, ისინი იმას საუბრობენ და ისე მოქმედებენ, რასაც „დიფ სთეითი“ დაავალებს.

„მინდა პასუხი გავცე ბატონ ჯაფარიძესაც, რომელიც 2012 წლის შემდეგ გახდა ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი, სადაც თვითონ აღიარა რომ დანაშაულს ჩადიოდა. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს აწამებდნენ, ამის შესახებ მთავრობაში ყველამ იცოდა და მან გააჟღერა ეს პირველად. ამის შემდეგ ეს ადამიანი ხდება იმ დანაშაულებრივი პარტიის წევრი, რაზეა საუბარი?

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ აქტივისტები მივარდნილი, თითქოს სპორტსმენების წინააღმდეგ – ბანერები და სურათები ჰქონდათ ანწუხელიძეს. რა თქმა უნდა, ყველასთვის სათაყვანებელი გმირი გვყავს, მაგრამ რა მინდა გავახსენო ამ ადამიანებს – 2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი, მაშინ აწამეს და მოკლეს ანწუხელიძე. მაშინ ნაცმოძრაობამ მოაწერა ხელი რეზოლუციას სადაც აღიარეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ქართველ სამხედროებს, ანწუხელიძეს დააბრალეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მტერს მიჰყიდეს 30 000-მდე სტრატეგიული ობიექტი. შემდეგ, ეს ლიდერები რომლებიც დღეს ყოველდღე რუსთაველზე არიან – ბურჭულაძე, ნინო ქათამაძე და კულტურის სხვა წარმომადგენლები პირდაპირ უმღეროდნენ პუტინს. ლარსზე იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და თავად ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინდელი ხელისუფლება, ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობდა, რომ მიეღოთ რუსი ტურისტები, რუსულ ფულს სუნი არ აქვს – ეს დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ომის შემდეგ და 15 წლის შემდეგ რა შეიცვალა – უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის? ახლა გახდა რუსეთი მტერი? დღეს რომ ქილიკობენ „დიფ სთეითზე“, მაშინ გადატვირთვა მოხდა რუსეთს და ამერიკას, იმ „დიფ სთეითსა“ და რუსეთს შორის, გასხვისდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები და რუსეთი ამათი პარტნიორი გახდა, რადგან დაავალეს, რომ უნდა ყოფილიყო პოლიტიკა შეცვლილი. მაგრამ ახლა როგორც კი შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ისევ დაუქნიეს ალამი და ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთი მტერია და ახლა გაახსენდათ ანწუხელიძე.

დაუსვან ახალგაზრდებმა ზურა ჯაფარიძეს ეს კითხვები. გაციებული არ იყო ჩვენი გმირის სხეულები, აქ ყიჟინა მოაწყვეს და გამარჯვებას ზეიმობდნენ. რა ნამუსით საუბრობენ საერთოდ სამშობლოზე? უბრძოლველად ჩააბარეს კოდორის ხეობა, ამდენი ადამიანი გახადეს დევნილი და ამდენი ადამიანი გარდაიცვალა. როცა დაასრულებს საგამოძიებო კომისიას მუშაობას, ვიმედოვნებ, რომ მთელი საქართველო გაიგებს მათი დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,,სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და გადასცა ჩვენი გზავნილები”- მიხეილ ყაველაშვილი

სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და გადასცა ჩვენი გზავნილები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თამარ ტალიაშვილის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთა შეხვედრაზე საუბრისას.

„ვიცით, რომ განსხვავებული დამოკიდებულება იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან, შეიცვალა ადმინისტრაცია. იმ ღირებულებებზე და გამოწვევებზე, რაზეც დღეს არსებული ადმინისტრაცია საუბრობს, ამაზე ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-ს და არა ევროკავშირს.

როცა ასეთი ორმაგი სტანდარტი იყო განხორციელებული მათი მხრიდან, რაშიც თავად დღევანდელი ადმინისტრაცია ამხელს წინა წინა ადმინისტრაციას. ამ რუსულის იარლიყით მთელი მსოფლიო მოსდეს და უკვე საქილიკო გახდა, რომ ამ იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა უკვე ამ თემაზე საუბარი. ის, რომ ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა.

ჩვენ არაფერს ვცვლით, ჩვენ ვართ პირველ რიგში, გულწრფელები და ინფორმაციას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, თუ რა გვსურს და რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სახელმწიფო მდივანმა უნდა აიღოს. ამის შემდეგ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გვქონდეს შესაძლებლობა დისკუსიის და თემების განხილვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქუთაისში ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

ქუთაისში ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი-ზ.ფ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უ.ბ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და ოდენობის, მათ შორის დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რომლის ნაწილიც სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსა.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს.

სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ პირს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპი პუტინთან დაკავშირებით მოთმინებას კარგავს – მარკო რუბიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ომის დასულებისთვის ნაბიჯების მოლოდინში მოთმინებას კარგავს, – განცხადება Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მარკო რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრებმა შედეგი ვერ გამოიღო.

„ვფიქრობ პრეზიდენტი სულ უფრო ღიზიანდება იმით, რომ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი კომუნიკაციისა და სატელეფონო საუბრების მიუხედავად, ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ამიტომ, მოქმედების დრო დადგა და, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ყველას დაანახა: ის მოთმინებას კარგავს. ის კარგავს სურვილს ელოდოს, როდის მოიმოქმედებს რუსეთი რამეს, რათა ეს ომი დაასრულოს“, – განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინის მასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით აწარმოებდა.

14 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.

დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი – სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ., – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

როგორც გაგნიძემ განმარტა, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – განაცხადა გაგნიძემ.

კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს – დიმიტრი პესკოვი

კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პირველ რიგში, ჯერ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და იმ ამოცანების შესრულება უნდა დავაფიქსიროთ, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე იდგა. ჩვენთვის ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით იყო სასურველი და სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმ პირობებში გრძელდება, როდესაც ამ საშუალებების გამოყენება შეუძლებელი გახდა, როდესაც დიალოგის შესახებ ყველა წინადადება უარყოფილია – როგორც თავად უკრაინის, ასევე დასავლეთის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ომის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების თემა „ახლა თეორიული საკითხია“.

„თუ მოგვარებისთვის დიპლომატიურ არხზე გადასვლას მოვახერხებთ, მაშინ ეს ჩვენთვის სასურველი ვარიანტი იქნება. მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აშენდება ურთიერთობები“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს – მარკო რუბიო

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს“.

„მოქმედების დრო მოვიდა და პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა. ის მოთმინებას კარგავს. მოთმინებას კარგავს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მისი დასრულება სურს“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ჩართულობის უმეტესი ნაწილი დროის მოგებისა და გაყვანის ტაქტიკაა, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რომ მშვიდობის მიღწევით დაინტერესებულები არიან, მაგრამ სერიოზულად არ არიან განწყობილები. დონალდ ტრამპი იმ მახეში არ გაებმება, რომ დაუსრულებელ მოლაპარაკებებში ჩაერთოს”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობითვე, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებებით ა.ბ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების მინისტრმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მეზობელ ქვეყანაში გამართა. აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრებმა შეხვედრაზე ყურადღება უწყებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე გაამახვილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე.

“ახალგაზრდობის როლი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში” და “ციფრული რევოლუცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის”- ეს ის თემებია, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდები დააკავშირა და ფორუმზე გააერთიანა. ფორუმის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება.

ფორუმის გარდა, საქართველოს განათლების მინისტრი ქალაქ გუბაში, საზაფხულო ბანაკში, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს განათლების მინისტრმა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის – ADA-ს უნივერსიტეტის რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი, 3-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულებულია.