Home Blog Page 14

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7283 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1553 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1602 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

“ჰამენეის რეჟიმი და მის გვარდიელები ფაქტიურად დამარცხდნენ, ახლა ყველაფერი ირანელ ხალხზეა დამოკიდებული”

„ჰამენეის რეჟიმი და მის გვარდიელები ფაქტიურად დამარცხდნენ, ახლა ყველაფერი ირანელ ხალხზეა დამოკიდებული“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი. პუბლიკაციაში ნაჩვენებია ისრაელ-ირანის კონფლიქტის სავარაუდო პერსპექტივა, რომელიც, ალბათ, ირანში ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციით ირანი ყველაზე მკაცრად დაისაჯა – ისე, როგორიც შესაძლებელია ახლოაღმოსავლურ კულტურაში: დამცირებით. აიათოლების მცდელობამ – აღედგინათ შელახული „ღირსება“, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა: თეირანის მოკრძალებული „პასუხი“ ხმამაღლა დაპირებულს არაფრით არ ჰგავს და კიდევ უფრო მეტ დამცირებას ნიშნავს.

ბუნებრივია, ირანულმა რაკეტებმა ისრაელს გარკვეული ზიანი მიაყენეს, დაინგრა შენობები და დაიღუპნენ ადამიანები – თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის ნგრევა ნამდვილად არ არის, როგორითაც აიათოლა ალი ჰამენეი და მისი დამქაშები ისრაელს არაერთგზის ემუქრებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების 90% ჩამოაგდეს და მხოლოდ 10%-მა მიაღწია ქვეყნის მსხვილ ქალაქებამდე.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის თეოკრატიულ ხელისუფლება ასობით რაკეტისა და დრონის გაშვებით არაიმდენად რეალური შედეგის – ანუ ისრაელისთვის სერიოზული ზიანის მიღწევას იმედოვნებდა, არამედ უფრო მეტად ის სურდა, რომ ირანელებისათვის ეჩვენებინა – აი, პასუხად რა ძლიერ დარტყმას ვაყენებ მტერსო.

ირანელ აიათოლებს დღეს უკიდურესად სჭირდებათ თავიანთი ძალის დემონსტრირება, რადგან ბოლო დრომდე მხოლოდ სისუსტეს იჩენდნენ. მაგრამ როგორ? ისრაელის ავიაციას სრული უპირატესობა აქვს და ირანის საჰაერო სივრცეში გაბატონებული მდგომარეობა უკავია. „ცახალის“ თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თეირანისა და სხვა ქალაქების თავზე – ისე, როგორც მშობლიურ თელ-ავივში. აიათოლების ხელისუფლებამ ვერ დაიცვა თავისი უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც პრაქტიკულად ელვისებურად იქნენ განადგურებულნი. ეს ომების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.

იგივე შეიძლება ითქვას ბირთვული პროგრამის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან მეცნიერ ფიზიკოსზეც, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ დაცული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ირანში. ბირთვული ობიექტები, რომლებიც წესით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით გაძლიერებულად უნდა ყოფილიყვნენ დაცული, არაერთხელ გახდნენ ისრაელის ავიაციისა და რაკეტების დაბომბვის ობიექტები. პარალიზებული იქნა ირანის რადარები და ის ბალისტიკური რაკეტები (დრონების ჩათვლით), რომელთა გაშვება „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსმა“ (გვარდიამ) თავისი ბაზებიდან ვერ მოასწრო. ისრაელის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დაუსჯელად მოქმედებენ ირანის ტერიტორიაზე – ნადვილად განსაცვიფრებელი მოვლენის მომსწრენი ვართ.

ისრაელმა თეირანის მოსახლეობას გამოუცხადა – იცოდეთ, ქალაქი უნდა დავბომბო და თავს უშველეთო. ანუ ისრაელის ბრძანებით, მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში გაქცეულიყვნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, აიათოლების რეჟიმმა საკუთარი ტერიტორიის მიმართ სუვერენული მართვის უფლება დაკარგა. იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა ირანის მთავრობა მომდევნო ძლიერი დარტყმების გადატანას?

როგორც ჩანს, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის შეტევის კულმინაციისათვის, ამ დროს კი ირანის ქალაქების ქუჩებში უკვე გაისმის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხმა – „სიკვდილი ალი ჰამენეის“ და „სიკვდილი ისლამური რევოლუციის გუშაგებს“. ირანის სამთავრობო შენობებთან რამდენიმე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

ისრაელი უარყოფს, რომ ირანის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას ახორციელებს, მაგრამ მაშინ ვინ არიან პროტესტების ორგანიზატორები?

ცნობილია, რომ ირანში მრავალი იატაკქვეშა არალეგალური ჯგუფი მოქმედებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც, უეჭველია, რეჟიმის დასუსტებით გამხნევდებიან. ირანის რეგულარული არმია, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავს აიათოლების რეჟიმის დაცვით. არმია უკმაყოფილოა იმით, რომ აიათოლები უპირატესობას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC – Islamic Revolutionary Guard Corps) ანიჭებენ. არ არის გამორიცხული, რომ არმიამ თეოკრატიული ხელისუფლების დაცვაზე უარი განაცხადოს.

ისრაელს არ სურს ირანის მოსახლეობას თავს მოახვიოს ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც გვერდითი მოვლენა, ირანელებს 1979 წლიდან პირველად უჩნდებათ შესაძლებლობა შეცვალონ საძულველი დიქტატორული რეჟიმი ნებისმიერი ხელისუფლებით, რომელსაც თვითონ ისინი აირჩევენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვამ ირანელებისადმი – გაერთიანდით და მჩაგვრელი რეჟიმისაგან გათავისუფლდითო – ფართო ენთუზიაზმი გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობაში.

მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ აიათოლების მმართველობის დასრულებას. სწორედ თეოკრატიული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი სისხლისღვრის დაწყებაში, რეპრესიებში და ეკონომიკურ არასტაბილურობაში. ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე ცარიელი საუბრებისა და განცხადებების ნაცვლად, დასავლეთმა ქმედითი რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო:

მადლობა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე-შალვა პაპუაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და შედგეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტი ამისთვის მზად არის.

„შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მძიმე მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე ქვეყნის პარლამენტი მზად არის, ეს ფორმატი განახლდეს და პირველი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე თურქეთში. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ, მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებაში. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა თურქეთის პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

⭕მიმდინარე წლის 17 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

⭕კობა კობალაძემ, სტუმრებს, პრეზენტაცია წარუდგინა და გააცნო სამსახურის განვითარების დინამიკა, სპეციფიკა, ადმინისტრაციული მოწყობა, ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები; ისაუბრა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოს მშენებლობაში მომავალი თაობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან, სტუმრებს, ვეტერანთა შვილების თანადგომისა და სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

⭕სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებული პატივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, თანადგომა გამოხატონ ვეტერანების_იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას.

⭕შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

⭕ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;

⭕დღევანდელი შეხვედრისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.

⭕მემორანდუმებით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.

⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.

შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.

შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის მიერ თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აიათოლა ალი ხამენეიმ შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს -ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.

როგორც თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელ კაცმა განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მისამართით რაკეტების სროლა.

„მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა თეირანის მცხოვრებლებს ევაკუაცია მოახდინონ იმ რაიონებიდან, რომელთა დატოვების ინსტრუქციასაც მათ ისრაელი თავდაცვის ძალები აძლევენ.

„თეირანის მცხოვრებლებო, არ ჩაიგდოთ საფრთხეში თავი და ნუ გადაიქცევით დიქტატორის მძევლებად, რომელიც თქვენ გადასარჩენად გიყენებთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ.

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკა მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის დაუპირისპირდება.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი ბელარუსი ალექსანდრ სიდორიკი დაამარცხა.

ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია? – Reuters

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“. პუბლიკაციაში განხილულია საინტერესო ვერსიები იმისა, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში და საერთოდ, არიან თუ არა ირანის თეოკრატიული ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები ქვეყანაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისრაელის მიზანს არამარტო ბირთვული საფრთხის ლიკვიდაცია  წარმოადგენს, არამედ ისლამური რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის შეცვლაც. მაგრამ რამდენად რეალისტურია სიტუაციის ასეთი განვითარება? რამდენად შესაძლებელია ირანში აიათოლების ხელისუფლების დასრულება?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა – ირანელებს ვიდეოგამოსვლით ფაქტიურად თავიანთი ლიდერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და თეოკრატიული რეჟიმის დამხობისაკენ მოუწოდა: „ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია თავიდან აიცილოს ირანიდან მომდინარე ბირთვული და რაკეტული საფრთხე. ჩვენი მიზნების რეალიზებით თქვენ, ირანელ ხალხს, გზა გეხსნებათ თავისუფლებისაკენ“.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ირანზე ისრაელის შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ქვეყნის თეოკრატიული მმართველი რეჟიმის დამხობა და მისი ახლით შეცვლა წარმოადგენს. „ისრაელს სურს, რომ ირანელი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და დაამხოს – ისე, როგორც შაჰის მთავრობის დროს მოხდა“, –  განუცხადა სააგენტო „როიტერს” (Reuters) მაიკლ სინგხმა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ინსტიტუდან, რომელიც ჯორჯ ბუშ – უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.

„ისრაელს იმედი აქვს, რომ მისი დარტყმებით ირანის მმართველები დასუსტდებიან, ხალხი აჯანყდება და მთავრობას დაამხობს… მაგრამ ეს ძალიან სარისკო სცენარს წარმოადგენს“, – აღნიშნავს ამირ აზიმი, „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი, – „არავინ ზუსტად არ იცის, დაიწყება თუ არა რეალურად მსგავსი ჯაჭვური რეაქცია“.

როგორც „ბიბისის“ ახლოაღმოსავლური სამსახურის კორესპონდენტი ჰიუგო ბაჩეგა აღნიშნავს, ბუნებრივია, რომ ირანის ხელისუფლება დღეს სერიოზულ ზეწოლას განიცდის: საზოგადოება უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ქალების უფლებათა დარღვევით და სხვა ბევრი პრობლემით.

ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს დიდი ზიანი მიაყენა – ფიზიკურად განადგურდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდლობა, არმიის გენშტაბის ზოგიერთი წევრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანს კიდევ უფრო მეტი ზარალს მიაყენებს და არა არის გამორიცხული ქვეყნის უმაღლესი ლიდერის – აიათოლა ალი ჰამენეის ფიზიკური ლიკვიდაციაც.

მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია: შესაძლებელია თუ არა, რომ მომხდარმა ამბებმა შიდაპოლიტიკური არეულობა და ფართო ანტისამთავრობო პროტესტები გამოიწვიოს? ამ ეტაპზე არ არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები იმისა, რომ შიდა მადესტაბილიზებელი პროცესები უკვე დაიწყო, ან იმის ნიშნები, რომ დაიწყება. სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

ირანში რეალური ძალაუფლება იმათ ხელშია მოქცეული, ვინც არმიასა და ეკონომიკას აკონტროლებს, ანუ პირველ რიგში – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრუქტურებსა  და ზოგიერთ არაარჩევით ორგანოებში. როგორც „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი ამირ აზიმი აღნიშნავს, ამ ძალებს სახელმწიფო გადატრიალება არ ჭირდებათ, ისინი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან და თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ ქვეყანა უფრო კონფრონტაციული მიმართულებით წაიყვანონ.

ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის, ალბათ, სასურველი იქნება მოხდეს სახალხო აჯანყება, რომლის შედეგად ირანის ხელისუფლებაში ისრაელისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა მოვა… მაგრამ იბადება საკვანძო კითხვა: ვინ შეიზლება იყოს ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ალტერნატივა?

ირანის ოპოზიცია ბოლო წლებში დაქუცმაცებული და დაშლილი რჩება. 2022 წლის მღელვარების შემდეგ მოძრაობა „ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება“, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს მოიცავდა, შეეცადა კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიისლამურ და რესპუბლიკურ აქტივისტებთან ერთად, მაგრამ შიდა უთანხმოებამ – მათ შორის ლიდერობის საკითხის გამო – გაერთიანების ძალისხმევას ძირი გამოუთხარა.

იმ ფიგურებს შორის, რომლებსაც ისრაელისთვის სავარაუდო ალტენატივის როლის შესრულება შეუძლიათ, არის ყოფილი მემკვიდრე პრინცი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ბოლო შაჰის ვაჟი. იგი დევნილობაში ცხოვრობს, ცდილობს დასავლეთის ქვეყნების ნდობის მოპოვებას და ამ მიზნით ისრაელშიც კი ჩავიდა… მაგრამ მიუხედავად მისი გარკვეული პოპულარობისა ირანელთა შორის, ჯერ-ჯერობით არანაირი ნიშანი არ არის, რომ მისი ფიგურა შეიძლება ოპოზიციური მოძრაობისათვის მიმზიდველი გახდეს.

არის აგრეთვე დაჯგუფება „მოჯაჰედინ ჰალკი“ (MEK) – მემარცხენე რადიკალური ოპოზიცია დევნილობაში, რომელიც ისლამური მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ის ასევე წინააღმდეგია, რომ მონარქიის რესტავრაცია მოხდეს. „მოჯაჰედინებმა“ 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, მხარი დაუჭირეს სადამ ჰუსეინს, რითაც ძალიან შეილახეს თავიანთი რეპუტაცია ირანელების თვალში. დაჯგუფებას ჰყავს მომხრეები აშშ-ში, რომლებიც ახლოს არიან დონალდ ტრამპის ბანაკთან, მაგრამ მათი გავლება ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე საკმაოდ დაბალია.

„არსებობენ კიდევ სხვა პოლიტიკური ძალებიც – საერო დემოკრატიის მომხრეებიდან საპარლამენტო მონარქიის მხარდამჭერებამდე – მაგრამ დღეს არცერთს ამ ჯგუფებიდან არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად“, – ამბობს ამირ აზიმი.

მაიკლ სინგჰის აზრით, დღეისათვის არავინ არ იცის, თუ როგორი პირობებით არის შესაძლებელი ოპოზიციის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია ისრაელის სეტევების ყველა შედეგზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება. გასული წლის ირან-ისრაელის დაპირისპირების ესკალაციის დროს ირანულ საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო განწყობები არ შემჩნეულა, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია შარშანდელს არ შეედრება – დღეს უფრო მეტი საფუძველი არსებობს, რომ ირანელმა ხალხმა უკმაყოფილება უფრო ძლიერად გამოხატოს.

და მაინც, როგორც მაიკლ სიგჰი ამბობს, ირანისათვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, ისლამური ხელისუფლების მიერ ათწლეულობით წარმოებულმა ანტიებრაულმა და ანტიისრაელურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ – არამარტო ხელისუფლებაში, არამედ ირანის შიიტური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში – ისეთი განწყობა შექმნა, რომ საეჭვოა მოსახლეობის ფართო მასები საკუთარი თეოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს.

კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი – „ისრაელის დარტყმები იწვევს მმართველი რეჟიმის კრახს, რომლის შედეგად ქაოსი დაიწყება“. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ისეთ რელიგიურ ქვეყანაში, როგორიც ირანია და რომლის მოსახლეობა 90 მილიონს აღწევს, ქაოსი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისათვის. 

სამხედრო ექსპერტის მიკ რაიანის აზრით, ირანის რეჟიმისათვის ხელისუფლების შენარჩუნება, როგორც ჩანს, რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ. „თუ გავითვალისწინებთ ირან-რუსეთის ურთიერთობის დონეს და კომუნისტური ჩინეთის ინტერესებს, მოსკოვს და პეკინს შეუძლიათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ირანის მმართველ რეჟიმს. არც ვლადიმერ პუტინს და არც სი ძინპინს არ სურთ, რომ მათი თანამოქალაქეები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ ემხობიან ავტორიტარული რეჟიმები“, – ამბობს მიკ რაიანი.

რჩება კითხვა: როგორია თვითონ ირანის მიზნები მიმდინარე ეტაპზე? ობიექტურად რომ ვთქვათ, თეირანს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს.

ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-სთან მოლაპარაკებისა და დეესკალაციის კურსის გაგრძელება, მაგრამ თეირანის ხმამაღალი ანტიდასავლური და ანტიისრაელური განცხადებების ფონზე ასეთი ნაბიჯი სისუსტის აღიარების მაჩვენებელი იქნება, განსაკუტრებით დონალდ ტრამპის მოთხოვნების სემდეგ. ასეთი უკანდახევა ირანის ხელმზღვანელებს ზალიან ძვირი დაუჯდებათ, – აღნიშნავს ამირ აზიმი.

ალტერნატივა – შეტევების გაგრძელებაა. სწორედ ამას პირდებიან ირანელი ლიდერები თავიანთ მომხრეებს. მაგრამ ირანის ყოველ შეტევას ისრაელის პასუხი (და ბევრად უფრო ძლიერი) მოჰყვება.

ირანი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ დარტყმები შეიძლება შეეხოს აშშ-ის ბაზებს, საელჩოებს და სხვა ამერიკულ ობიექტებს რეგიონში, მაგრამ მათი განხორციელება იოლი არ იქნება – ირანს ძალები არ ეყოფა, რადგან საელჩოებისა და ბაზების დაცვა გაძლიერდება. გარდა ამისა, აშშ-ის კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმა ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაებმება ომში, რაც ირანს ყველაზე ნაკლებად სურს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ახლო აღმოსავლეთი: პოტენციური გავლენის უცვლელი შეფასება, თუმცა სიახლე აშშ დოლარის მხრივ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, კვლავ გამწვავდა. რეგიონში ესკალაციის საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შესახებ ჩვენს პუბლიკაციებში ადრეც მრავალჯერ გვისაუბრია. რასაკვირველია, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა გამოვყოფთ გადაცემის ძირითად არხებს. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს არგუმენტები სიახლეს არ წარმოადგენს, გარდა ერთი გამონაკლისისა: აშშ დოლარის უსაფრთხო ვალუტის სტატუსის დასუსტება.

დავიწყოთ პირდაპირი გავლენის შეფასებით. მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. 2024 წელს ისრაელზე საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჯამური შემოდინების 5%, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების 10% მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურული რჩება. ამავდროულად, მიუხედავად ოფიციალური შეზღუდვების არარსებობისა, კონფლიქტურ არეალთან სიახლოვის გამო მოსალოდნელია ფრენების შემცირება რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საუდის არაბეთიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებში მზარდი წილით ხასიათდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა – 7.5% ბოლო ხუთ დღეში – გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების კვლავ ზრდის შემთხვევაში მოცემულ დეზინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს. ასევე, საყურადღებოა ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის შესაძლო გაძვირებაც.

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ზემოაღნიშნული არგუმენტები კარგად ნაცნობია, თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლეც: როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. წინა პუბლიკაციაში ფართოდ ვისაუბრეთ აშშ დოლარის უჩვეულო, განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ქცევაზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შესაბამისად, თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს” უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარის წყვილის გრძელვადიანი წონასწორული ნიშნული 1.29-ზე რჩება, საქართველოსთვის შედარებითი რისკიანობის გათვალისწინებით კი უფრო დაბალი, 1.18-ია. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ, რადგან საქართველოსთვის ევრო დოლართან შედარებით ნაკლებად რისკიანია, სესხის აღებისას ევროს უფრო მაღალი წილია ოპტიმალური, ვიდრე ეს თანაბარი რისკის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სცენარიც, როდესაც ევროს გამყარებას, შესაძლოა, ლარის გამყარება არ მოჰყვეს, რაც, ამ კონკრეტულ სცენარში, სესხებში უკვე ნაკლები ევროს არგუმენტია, ისევე როგორც აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება.

მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, მიუხედავად უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილებისა, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება კვლავ ევროში უფრო ნაკლებად, მაგრამ შედარებით ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006889-macro-update-georgia

R

თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი მესამედ გაიმართება

21 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების საფესტივალო კონცერტები გაიმართება. 14:00 სთ-ზე გასული წლის მონაწილე – თბილისის 10 ახალგაზრდული გუნდი წარდგება  მაყურებლის წინაშე, ხოლო 19:00 სთ-ზე წლევანდელი წლის 10 გუნდის დაჯილდოების ცერემონია – კონცერტი გაიმართება.

2022 წელს თბილისის საკრებულოსა  და მერიის თანადგომით თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი დაარსდა, რომელმაც 700 მდე მოზარდი (პირველ წელს საბავშვო ანსამბლები მონაწილეობდნენ)  ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შესასრულებლად ქარვასლის დიდ დარბაზში გააერთიანა.

ფესტივალის  დააარსების მიზანი, თბილისში არსებული დამოუკიდებელი (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი) შემოქმედებითი კოლექტივებს ხელშეწყობა და მათი წახალისება იყო.

სამი წლის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 1000 ზე მეტმა მუსიკოს შემსრულებელმა.

ფესტივალის მონაწილეებს პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს, რომელიც მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებასა და პროფესიულ რჩევას კონცერტის მსვლელობისას უზიარებს.

ფესტივალის ფარგლებში თითოეულ ახალ მონაწილე მუსიკალურ ჯგუფზე  მცირე დოკუმენტური სიუჟეტი იქნება გადაღებული.

უკვე გამოცხადდა მიღება მომავალი წლის ფესტივალის მონაწილეებისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება, მათი მონაწილეობით ფესტივალი უკვე შემოდგომაზე გაიმართება.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან – ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი – დავით ცინცაძე და ანსამბლ ,,საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი  – მაია მიქაბერიძე.

მთავრობა პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს, – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მთავრობამ პარლამენტს მიმართა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

„ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა -ირაკლი ქადაგიშვილი

გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ საგუშაგოს გახსნით გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთთან ახალი კონფლიქტის კერა შექმნილიყო.

„მივიღეთ ის, რომ 5 საგუშაგო გახსნეს [საოკუპაციო ჯარებმა]. 1 მილიონი კვადრატული მეტრი, ის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, გადავიდა სეპარატისტული და საოკუპაციო ჯარების კონტროლის ქვეშ, რამდენიმე მოსახლე აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზს მიღმა. სერიოზული საფრთხე გაჩნდა, რომ რუსეთთან ახალი კონფლიქტური კერა შექმნილიყო. გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.