Home Blog Page 1397

“სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყო ჩართული და იმაშიც ჩაერთო, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია”

ქალბატონო სალომე, შემიძლია, მოგილოცოთ. „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„რას ეტყვით თქვენს შვილებსო, თქვენ რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე ჯერ პასუხს გაგცემთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ. იცით, რას ვეტყვი? მე პირადად, ვეტყვი, თავად როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ. ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენს შვილებს, მინდა, ეს თქვენ პირადად კარგად იცოდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა კითხვით, რას ფიქრობს დღეს, ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება კითხვას, თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, შარშან სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსიო. ეს თქვით გადაცემაში. წელს რაც შეეხება, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებს, მხოლოდ ფორმალურადო, ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ. ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, აქამდეც მიხვედით. შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას და ლეგიტიმაციას, მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს ლიდერები ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მოგვიწოდეთ, დაურეკეთო და ჰკითხეთ, რა ვიპალარაკეთო, რამდენად არასერიოზულია. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით, თუ შეიძლება. ჩემი კითხვაა, რას ელაპარაკებოდით?

ვერსიებსაც გეტყვით, მაგალითად, შეიძლება, ელაპარაკებოდით, რომ საქართველოში რაც ვთქვი, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს, ფორმალურად ასრულებენ და ასე შემდეგ, ეს იყო ტყუილი და ახლა მე თქვენ გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება. შეიძლება, ამას ეუბნებოდით. გაგვიმხილეთ. არავინ იცის, დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლო-ბოლო გვითხარით თქვენი დღევანდელი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. დღეს მაინც გაიგოს ხალხმა, რას ფიქრობთ რაელურად ამ საკითხზე“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის სხდომაზე დღეს განაცხადა: „ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი. რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე“.

თიბისის მხარდაჭერით, დეველოპერული პროექტის – „ორთაჭალა ჰილსის” მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ორთაჭალაში, სულიკო თორთლაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიების – „თი-ისთეითისა” და „მარდიელის” ერთობლივი დეველოპერული პროექტის – „ორთაჭალა ჰილსის” მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება.

15 სართულიანი პირველი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა – 2024 წელს, 8 სართულიანი მეორე საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა კი 2025 წელს დასრულდება.

მრავალფუნქციური პროექტი 10 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და ჯამში 4 საცხოვრებელ ბლოკთან ერთად, კომერციულ სივრცეებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

მაცხოვრებლებისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი: 3 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, სასეირნო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო სკვერები, ეზო, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, გასტრო სივრცე, ავტომობილების სამრეცხაო და სილამაზის ცენტრი.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, 2024 წლის 20 იანვრამდე, „ორთაჭალა ჰილსში” ბინის შეძენის შემთხვევაში, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოთ: ერთიანი გადახდის შემთხვევაში, კვადრატული მეტრი სტანდარტული ფასის ნაცვლად – 2700 ლარიდან, შიდა განვადების შემთხვევაში კი 3300 ლარიდან შეიძინოთ.

პროექტს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„კითხვები ამოიწურა. ქალბატონი სალომესგან მაცნობეს, რომ მას არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

“როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ?” – სალომე ზურაბიშვილი

დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა – მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? – ამის იმედი ნუ გექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ის თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.

„მე დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.

მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას ცოცხლად ვხედავთ.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე, ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები გავიყვანე და სხვათა შორის, ასევე სასამართლო მომიწყვეს, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე ვუერთგულებ!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“თურმე გეწყინათ, როდესაც პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი”

ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რამეთუ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. შედეგი ამ დარგში არ იზომება, არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შენთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი.

მჯერა, რომ სწორედ მათივე თვალით დანახულმა ჩემმა ძალისხმევამ დაიმსახურა ჩვენი ხალხის ნდობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ.

დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები.. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ, პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან, თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მხოლოდ კენჭისყრის შედეგია გადასაწყვეტი.

„ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი – და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით (აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება!); ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით.

ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!  მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტისა და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცესით მას არაფერი დააკლდება.

„მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და „ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“. აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ!  ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში?” – თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს

სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც ამხელა კაცი და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის „90%-ის ნების წინააღმდეგ მიდის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.

„ბატონო ირაკლი,თქვენ იყავით ბანერებზე, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს “პრინციპული არჩევანისკენ”მოუწოდებდით – “აირჩიე თავისუფლება, აირჩიე ღირსება, არა დიქტატურას” -ხომ თქვენ იყავით, ხომ არ მეშლება?ახლა რომ ამ მასკარადში ვართ, იმიტომ გახსენებთ თქვენ. მაინტერესებს იმიტომ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ მგონია, კანონიც თქვენს თავზე მოირგეთ და კონსტიტუციასაც თქვენს სასარგებლოდ იყენებთ. სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც თქვენ ამხელა კაცი დგახართ აქ ტრიბუნიდან და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე?ასევე ძალიან მაინტერესებს, როდესაც ერთი წლის წინ იყო კონსტიტუციის თქვენეული გაგებით დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც უნებართვოდ წავიდა დასავლეთში და როდესაც ახლა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გამოგაქვთ, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შესაძლებლობა ჩაშალოთ. როდესაც ევროკავშირიდან გეუბნებიან, რომ ეს საუკეთესო დრო არ არის და თქვენ ამას შეგნებულად აკეთებთ. მაინტერესებს, საერთოდ,რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ მიდიხართ მოსახლეობის 90%-ის ნების წინააღმდეგ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლოს, იქნებ თქვენს ამომრჩეველს კარგად აუხსნათ, როდის გეშლებოდათ და როდის არ გეშლებათ, როდესაც ერთი მხრივ, გიორგი მარგველაშვილი აირჩიეთ და შემდეგ შეცდომა უწოდეთ. შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაგვისვით, როგორც ღარიბაშვილი ამბობს და შემდეგ კონსტიტუციის დამრღვევად აცხადებთ. როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ან გახარია დასვით თანამდებობაზე და შემდეგ “ნაციონალებად”მოიხსენით. საერთოდ, თქვენ სად იყავით, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას”ან ქალბატონი პრეზიდენტი ებრძოდა ან ძალიან ბევრი ჩვენგანი“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს.

“ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს”

ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია, გავაგრძელო…

ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც, ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“სალომე ზურაბიშვილი დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად”- ირაკლი კობახიძე

ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწურადოდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ალბათ, სალომე ზურაბიშვილი მომავალშივ განაგრძობს კონტიტუციის დარღვევას.

რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონტიტუციის დარღვევას, ალბათ, განაგრძობს, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული. ხვალაც წავა, დაარღვევს, რა შეუშლის. „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუმცა, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ის ყველაფერს გააკეთებს. მას აღარ აქვს მუხრუჭი. ის არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღარ იქნება პრეზიდენტი. მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწურადოდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე“, – განაცხადა კობახიძემ.

“თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს” – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს

ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია – აქ ჩანს, სად დგას ეს ადამიანი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ – თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. კობახიძის შეფასებით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი არ უნდოდათ.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებების, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად – იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად. არც პირველ ტურში არც მერე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“ – Voice of America

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ” (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“. მასალაში მიმოხილული და გაანალიზებულია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პერსპექტივა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას უყრის კენჭს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სხდომას დაესწრება. „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად, კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური რესურსი დახარჯა, ამჯერად, 100 ხმა სჭირდება, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიიყვანოს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, პარლამენტში, 150 დეპუტატის ნაცვლად 141 წევრია. „ოცნება“ (76 დეპუტატი) საკუთარ სატელიტებთან: „ხალხის ძალასთან“ (9 დეპუტატი) და „ევროპელ სოციალისტებთან“ (4 დეპუტატი) ერთად – 89 ხმას აკონტროლებს და ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის – 11 ხმა აკლდება.

საკმაოდ ჭრელ ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში 10 პარტია და ჯგუფი წარმოადგენს, ჯამში – 52 ხმა აქვს. ოპოზიციის უმრავლესობამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას არ დაუჭერს.

იყო მოლოდინი, რომ სანაცვლოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტისგან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის შეწყალება მოეთხოვა, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ჩვენ უნდა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პრობლემების გაღრმავებაში და იმპიჩმენტში დარწმუნებული ვარ რომ არცერთი ოპოზიციონერი მონაწილეობას არ მიიღებს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თამარ კორძაიამ, რომელიც პარლამენტის უფრაქციო და უპარტიო დეპუტატია.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პატიმრობაში, ისიც კი არ იქნება მსგავსი ტიპის მოლაპარაკებაზე თანახმა. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის რა რისკების წინაშე ვართ. როგორც მე ვიცი, ჩემი კოლეგა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იმპიჩმენტის მხარდაჭერა გამორიცხულია“.

საიმპიჩმენტო კენჭისყრის მიმართ უფრო პესიმისტურად არის განწყობილი პარტია „საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, თუმცა, პარტიაში ფიქრობენ, რომ „ოცნებას“ ისევ შეუძლია ოპოზიციიდან ხმების „ყიდვა“, როგორც ეს 2023 წლის მაისში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კენჭისყრისას მოახერხა.

მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მოქმედი და ერთი ყოფილი დეპუტატის (დილარ ხაბულიანი) ხარჯზე, „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა 92 და 93 ხმა აიღეს. მაისის სკანდალის შემდეგ, დეპუტატებმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დატოვეს.

ის, რომ “ოცნება” ოპოზიციის ხმებზე ფარულად აქტიურად მუშაობს 17 ოქტომბრის კენჭისყრამაც დაადასტურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრი 90 ხმით გავიდა, როცა საჭირო კვორუმი ზუსტად 90 იყო.

„შესაძლოა, „ოცნებას“ ჰქონდეს, გარკვეული დაპირებები მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი წევრისგან, რომელიც დღემდე არ ამჟღავნებს, რომ შეიძლება იმპიჩმენტს ხმა მისცეს. ასე მტკიცე ფორმაში ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნება“ 100 ხმას ვერ აგროვებს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვერ მოაგროვებენ“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ წამოიწყო „ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი. ისინი ცდილობენ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაზიანებას ფიგურალურად. იმიტომ, რომ ბოლო წელიწადნახევარში, ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეიძინა ნდობა, რომელიც თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა.

ამიტომ ისინი ახლა აზიანებენ სწორედ იმ ფიგურას, ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუციურ ფიგურას, რომლის მიმართ დასავლეთს აქვს ნდობა და ამით, ირიბად, ძირს უთხრიან ევროინტეგრაციის პროცესს“, – მიაჩნია კახა ქემოკლიძეს.

მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ამჟამად 20 ხმას აკონტროლებს; 8 ხმა – უფრაქციო დეპუტატების არის; 5-5 – ხმა აქვთ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფს“; 4 ხმა – „გირჩს“; 2-2 ხმა – „ლელოს“, „მოქალაქეების“, „ევროოპტიმისტების“, „თავისუფლებისა“ და „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ პოლიტიკურ ჯგუფებს;

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდეც და ახლა, იმპიჩმენტის წინ, „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არც ჰქონდათ ოპოზიციიდან 12 ხმის გადმოქაჩვის იმედი და მხოლოდ „კონსტიტუციას იცავენ“, ხოლო ზურაბიშვილის “დაცვისთვის” მთელ პასუხისმგებლობას „კოლექტიურ“ „ნაცმოძრაობას“ აკისრებენ.

„სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად არღვევდა კონსტიტუციას. მათ აქვთ სრული კოორდინაცია, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს. საოცარი განცხადება გააკეთა, მან ასეთი რამ უთხრა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, უფრო ძლიერი სურათისთვის, მე პარლამენტში მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო. ანუ ერთად დგამენ „კარწინკას“, ამ სიტყვას გამოვიყენებ, ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა. დავიდა „ნაცმოძრაობამდე“ ზურაბიშვილი, მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის სტატუსზე, რაც უბრალოდ, არ ვიცი, სამარცხვინო ქმედებაა მართლა” – აღნიშნა პარლამენტში “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც განსაკუთრებით იყო გაღიზიანებული პრეზიდენტის ფრაზის გამო, „პარლამენტში მივალ და იმ პატარა კაცებთან რო დავდგე არავინ მჭირდება მხარდასაჭერად“, თუმცა, აღნიშნა, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი არ აქვს: „მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის, აქ მარტო ჯდომით. ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა, პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. მან ხომ კონსტიტუცია თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია“, – თქვა კობახიძემ.

პარალელურად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააყვედრა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, „ოცნების“ კოლოსალური მხარდაჭერა. „ზურაბიშვილს ოპოზიციაში ყოფნის დროს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, „ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად“ – განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ღარიბაშვილმა.

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასეთ მძიმე საკადრო შეცდომებზე, რომელიც არაერთია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ოცნების“ პირობებში ჩვენ ვხედავთ ხშირად (ასეთ შეფასებას) – საქართველოს „მოღალატე“ პრეზიდენტებიო, ხო? საქართველოს ორ პრეზიდენტზე „ოცნებამ“ ახლა განაცხადა, რომ ისინი თურმე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასევე ნარკოდამოკიდებული, „კოკაინშიკი“ თუ კორუმპირებული პრემიერ-მინისტრები, ახლა ამ ყველაფერს დაემატა უკვე ნამდვილად, დადგენილი რუსული ФСБ-ს აგენტი, გენერალური პროკურორი. ცხადია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ (საკადრო პოლიტიკის დროს) პოლიტიკური მიზანშეწონილობა სჭარბობს, პროფესიულ თუ რუტინული ადმინისტრაციულ საქმიანობას, რომელშიც შედის ასევე (თანამდებობაზე წარსადგენი) კანდიდატის შესწავლა. თუ შენს მიერ არჩეული და ყველანაირად ხელშეწყობილი საქართველოს პრეზიდენტი, ძალით არჩეული პრეზიდენტი, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებს, კოლეგა პრეზიდენტებთან, ეს მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. კონკრეტული მმართველი ძალის“ – მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ბოლო არჩეული პრეზიდენტია, იმპიჩმენტის პროცედურა სექტემბერში წამოიწყო. საკონსტიტუციო სარჩელის მოტივი – მთავრობის ნებართვის გარეშე, ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეში წასვლა გახდა. მანამდე, მთავრობამ პრეზიდენტს ათზე მეტი საგარეო ვიზიტი დაუბლოკა, მათ შორის უკრაინაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელზეც მმართველ პარტიას უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა აქვს, ერთთვიანი განხილვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

თუ, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელი, დეპუტატთა სამი მეოთხედი ანუ 100 ხმა მოგროვდა და ზურაბიშვილს გადააყენებენ, მაშინ მომავალ პრეზიდენტს, ხუთი წლის ვადით და ღია კენჭისყრით, უკვე 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები შედიან.

იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტი არ შედგა, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელში, უფლებამოსილებას ამოწურვის ვადამდე – 2024 წლის დეკემბრამდე დარჩება. პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა რუსული ФСБ-ს აგენტობაში მხილებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.

პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ოცნების“ მიერ შეტანილ დრაკონულ ცვლილებებს, რომელიც დემონსტრაციების დროს კარვების გაშლას კრძალავს.

წყარო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, “ევროპელი სოციალისტები“ , ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, “ევროპელი სოციალისტები” და თეონა აქუბარდია ესწრებიან.

საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.

სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის მოხსენებას უსმენს უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და “ევროპელი სოციალისტები”.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.