Home Blog Page 13

იყო მცდელობა, რომ საქართველოც გამოყენებულიყო როგორც ტერიტორია, შეიარაღებული ურთიერთობის გარკვევისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის – დიმიტრი ხუნდაძე პროქსი ომზე

ასეთი დაპირისპირებისთვის იყო მცდელობა, რომ საქართველოც გამოყენებულიყო როგორც ტერიტორია, შეიარაღებული ურთიერთობის გარკვევისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარსონის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მეშვეობით რუსეთთან პროქსი ომი აწარმოვა და რომ ეს ბირთვული ომის საფრთხეს ზრდიდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა რესურსი იმისა, რომ საქართველო არ ქცეულიყო პოლიგონად.

„ასეთი დაპირისპირებისთვის იყო მცდელობა, რომ საქართველოც გამოყენებულიყო როგორც ტერიტორია, შეიარაღებული ურთიერთობის გარკვევისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა რესურსი იმისა, რომ საქართველო არ ქცეულიყო პოლიგონად, მაგრამ, უკრაინამ ეს ვერ გამოიყენა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს, – ამის შესახებ განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს, რითაც ტელეწამყვანების ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ამ პროცესში ჩართულ თანამშრომელთა მცირე ნაწილის მხრიდან გამოვლინდა მათსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების, მაუწყებლის თანამშრომელთა ორგანიზაციული სახელმძღვანელოს (შრომის შინაგანაწესის), ასევე შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის, ანალიტიკური პროგრამების, თუ სოციალური თემატიკის გადაცემების წამყვანებსა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ როგორც აუდიტორიის, ასევე ორგანიზაციის წინაშე. ჟურნალისტის პროფესია თავის თავში აერთიანებს ჟურნალისტის არა მარტო უფლებებსა და თავისუფლებას, არამედ ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მედიასაშუალებისათვის, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გადაცემების/პროგრამების წამყვანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების მხარედ, რაც გამორიცხავს, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის ან/და მისი, როგორც წამყვანის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.

გასათვალისწინებელია ის, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები.

მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.

ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს – პრემიერი

გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის” წარმოებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.

„ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ,”- განაცხადა პრემიერმა.

ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე, ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს – პრემიერი

დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ ოთხი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას.

კობახიძე ბრიტანულ სანქციებს ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.

„ეს არის გაუგონარი მოვლენა. ეს არის ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ბრიტანეთმა გამოიარა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო“,- განაცხადა კობახიძემ.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან

მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა. 

„ვესწრებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმს. ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს, მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ საინტერესო ფორუმში. დილიდან მქონდა ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა, ეს იყო დიპლომატიის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. ასევე დავესწარი გახსნით ღონისძიებას, სადაც საინტერესო სიტყვით მიმართეს აუდიტორიას, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე დღეს მქონდა შესაძლებლობა, გამემართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთმა უნდა იმოქმედოს – ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ და უაზრო ომში – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.

„რუსეთმა უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება – ათასობით კვირაში – საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება.

უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის ნებისმიერი წევრის და სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან პლენარული სხდომების ყოველ კვირაში კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ.

ცვლილებები პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც შეეხება – უქმდება ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. როგორც რეგლამენტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც მათ სამართლებრივ სტატუსს არ შეესაბამებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საპირწონედ, პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა და დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნას შესწავლილი.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს – ახალი რეგლამენტის პროექტით, პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.

გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.

ასევე, თუკი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, კომიტეტი ვალდებული იყო კანონის პროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულებაც უქმდება. თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში, პოზიტიური ტენდენციების განვითარებით, მსოფლიოს ათეულშია და მას, რომ ისეთი პრეტენზიები წაუყენო, რომ ევროინტეგრაციას ასცდა და მით უმეტეს, რომ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციას ავიწროებს, ეს არის არათუ ორმაგი სტანდარტი, არამედ გაუგონარი უსამართლობა, რომელსაც წინ რაღაც ქედმოხრილ პოზიციაში ვერ დავუდგებით. დაპირება იყო, რომ ქედსაც მოიხრიან, თავსაც დაუხრიან და ყურსაც მოიჭრიან, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით. ეს ფორმულა ჩანს, როცა როცა პარტნიორს და რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს ესაუბრები, ჩვენს უკან რადიკალური ოპოზიცია დგას, რომელიც თავის თავს სთავაზობენ ნებისმიერი დავალების მონურ შემსრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7558 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0518 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0741 ლარი შეადგინა

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს -თეა წულუკიანი

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს ბავშვები ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

„სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და ცოცხალია გიორგი აფრასიძეც. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად. ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას დაესწრნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.

სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.

„რამშტაინის ფორმატი“ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბარამიძემ მეზობლის ქალებისთვის გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო – წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო დაცხრილული -ლედი აფრასიძე

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004 წლის 24 მარტს მის ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, კერძოდ კი, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი ბარამიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ლედი აფრასიძემ აღნიშნა, ბარამიძემ იმ დროს, როდესაც მის წინ სახლში ევგენი აფრასიძე იწვოდა, ხოლო გვერდით, დაცხრილული ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო, აფრასიძეების სახლთან შეკრებილ მეზობლებს სთხოვა, სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს კუბდარით გამასპინძლებოდნენ, რასაც არაერთი მოწმე ადასტურებს.

“სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და ბაბუაჩემის ცხედარი იწვოდა, ამ დროს ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს, ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ჩვენს სახლთან სპეცოპერაციის შემდეგ იყვნენ. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალებისთვის, ვინც შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ აქ მყოფ ადამიანებს გაგვიმასპინძლდეთო – ესეც კი იკადრა, მაშინ, როდესაც წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული. ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა, ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს.” – განაცხადა ლედი აფრასიძემ.