Home Blog Page 13

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს – კახა კალაძე ოპოზიციაზე

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს“, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა წლების წინ, ისინი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაციის- ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და, ასევე, სოფელ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანადგომით, მიმდინარე წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს ექიმებმა, სამსახურსა და ამ კლინიკებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს, ექიმის კონსულტაციას და ლაბორატორიულ კვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა სამსახურის 114 ბენეფიციარს, ხოლო უფასო ოფთალმოლოგიური კვლევებით ისარგებლა 147-მა ვეტერანმა და მათი ოჯახის წევრმა; უსასყიდლოდ გაიცა 441 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.

აქციაში, ტრადიციულად, ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტიც.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ტერიტორიული და ექსტერიტორიული დანაყოფების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ედილაშვილი, ამავე ორგანიზაციის აფხაზეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური, კობა გეგია, აფხაზეთს ა/რ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 32 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3763 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდა კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 5732 სათვალე; ხოლო, რაც შეეხება ჩაფიძის გულის ცენტრს-ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და, ასევე, ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, კლინიკის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 184 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის -15054 ბენეფიციარს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა ”საქართველოს,” ასევე, ყველა იმ უწყებისა და პირის მიმართ, ვინც აღნიშნული საქველმოქმედო-სამედიცინო აქციების ჩატარებაში თანადგომა გაუწია სამსახურს და მხარდაჭერა გამოუცხადა ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა – კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-კომენტარი სათაურით „როგორც იქნა, პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა – კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსულ საზოგადოებაზე?“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ის, რაც კვირას, პირველ ივნისს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შეტანილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – მანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა სიტუაცია, როგორც იქნა, უკრაინისათვის პოზიტიურად იცვლება და ისარი კიევის სასარგებლოდ გადაიხარა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, როგორც ჩანს, საშინელი დარტყმა მიიღეს: უკრაინისაგან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკის ოლქში  განადგურებული იქნა 40 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის შორის რადიუსის მოქმედების მქონე ბირთვულ იარაღმზიდი სტრატეგიული ბომბდამშენები.

გარდა ამისა, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ოლქებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა – კიევის მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაინგრა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები… ხოლო პოლარული წრის მიღმა, არქტიკაში, კოლის ნახევარკუნძულზე უკრაინულმა დრონებმა რუსული სტრატეგიული ავიაციის ბაზებს შეუტიეს… ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჩანდა ყველასთვის და, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვისაც.

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა მთელი ძალებით შეეცდება მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა შეამციროს, სიმართლე მიჩქმალოს და ისე წარმოადგინოს, რომ თითქოსდა არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა – ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის („სპეცოპერაციის“) მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე და მეტი არაფერი…

საინტერესოა, სად იყო რუსეთის ჰაესაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რომლებსაც აეროდრომები და სარკინიგზო ხაზები უნდა დაეცვათ? იქნებ ისინი ვლადიმერ პუტინის სასახლეების დასაცავად არიან გადატანილნი, ან ჩრდილოეთ კორეას მისცეს საბრძოლო მასალების სანაცვლოდ?

უკრაინის მიერ შეტევებისათვის შერჩეული დრო მნიშვნელოვანია: რუსეთში მატულობს რიგით მოქალაქეთა უკმაყოფილება. რუსული ეკონომიკის კრიზისისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე საზოგადოების მემაბოხური განწყობის ჩახშობა ადვილი არ იქნება.

რასაკვირველია, ომის დროს „ცალმხრივი მოძრაობა“ არ არსებობს. ცხადია, რუსეთიც ცდილობს დარტყმები მიაყენოს უკრაინას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მოსკოვი  ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დარწმუნებულია, რომ რაც მეტ მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს მოკლავს, უკრაინა მით უფრო სწრაფად დამარცხდება, მაგრამ კრემლის ბინადარს ინტინქტები ღალატობს და სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს – ტაქტიკურს და სტრატეგიულს.

ახლა როცა რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია უკრაინის არმიისთვის მისაწვდომი ხდება და შეიძლება ითქვას, სამხედრო მოქმედების არეალში ექცევა  – დრონებისა თუ დასავლური რაკეტების მეშვეობით, ან თუნდაც უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებული თუ გადაბირებული პირების დახმარებით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კრემლი, როგორ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს??

სხვათა შორის, უკრაინის გაბედული ნაბიჯი პესიმისტურ ფიქრებს იწვევს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ნაკლოვანებებზე. შეძლებს თუ არა ბრიტანეთი მსგავსი ეფექტური ოპერაციების განხორციელებას დაფინანსების 20-წლიანი შემცირებებისა და საკუთარი არმიისადმი მთავრობების გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი კუნძულები? თავის დროზე ბრიტანეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ თავისი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გაანადგურა – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომდა აღარ დაჭირდებოდა. ჰოდა, ახლა ვლადიმერ პუტინი მშვენივრად სარგებლობს ჩვენი სუსტი პოზიციებით…

რადგანაც კრემლი პატივს სცემს ძალას, ამიტომ ისევ უნდა დავიწყოთ ჩვენი ბირთვული პოტენციალის აღდგენა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის კვლავწარმოების ჩათვლით.

უკრაინის შეტევების დონე, ინტენსივობა და მასშტაბურობა იმას მიანიშნებს, რომ კიევს, რუსული არმიის შეტევების სამწლიანი მოგერიების შემდეგ, უკვე თვითონაც შეუძლია კატატროფული დარტყმების მიყენება, თანაც ისეთ ადგილებში და ისეთი დონით, რომ კრემლს არც დაესიზმრება. ჩვენ მოგვიწევს უკრაინის გამოცდილების შესწავლა, რათა ხვალინდელ დღეს მზად შევხვდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც  პლაცზე დაწყობილი მხოლოდ ლამაზად კი არ გამოიყურება, არამედ მაღალი საბრძოლო თვისებებიც აქვთ… ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ტირანების შეჩერება, როგორიც ვლადიმერ პუტინია.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ჩინეთი აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების „სერიოზულ დარღვევაში“ ადანაშაულებს

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მა სერიოზულად დაარღვია სავაჭრო ზავი და რომ ქვეყანა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მკაცრ ზომებს მიიღებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა სერიოზულად შეარყია გასულ თვეში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმება, როდესაც ორივემ ქვეყანა შეამცირა ტარიფები ერთმანეთისგან იმპორტირებულ საქონელზე.

უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის ქმედებებმა ასევე მკაცრად დაარღვია კონსენსუსი, რომელიც იანვარში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს.

პეკინის მტკიცებით, სავაჭრო შეთანხმების დარღვევა მოიცავს ჩინური კომპანიებისთვის კომპიუტერული ჩიპების დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვის შეჩერებას, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს მიერ წარმოებული ჩიპების გამოყენებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას და ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას.

შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სავაჭრო ზავის თანახმად, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შემცირდა.

ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 57 დრონი კურსკის ოლქში მოიგერიეს.

ამასთან, 31 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 27 – ლიპეცკის ოლქში, 16 – ვორონეჟის ოლქში, 11-11 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, 6 – ორიოლში, ერთი ტამბოვში და ორი – დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ოლქში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ვორონეჟის ოლქში, დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, რის შედეგადაც სადენები გაწყდა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში დღეს უნდა გაიმართოს. თურქეთში დელეგაციის გაგზავნა გუშინვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის ახალი, 14-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

უკვე სტამბოლშია რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა წარადგინოს. ცნობილია, რომ კიევი სრულყოფილ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას, გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ითხოვს.

რუსეთის მიერ მომზადებული მემორანდუმის შინაარსი ჯერ ისევ უცნობია.

2 ივნისის ამინდის პროგნოზი

2 ივნისს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – წვიმა

სოხუმი +19 – წვიმა

ზუგდიდი +19 – წვიმა

მესტია +15 – წვიმა 

ფოთი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +19 – წვიმა 

ოზურგეთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +19 – წვიმა 

ამბროლაური +18 – წვიმა 

ახალციხე +19 – წვიმა

ბორჯომი +14 – წვიმა 

ბაკურიანი +13 – წვიმა 

გორი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +15 – წვიმა

გუდაური +13 – წვიმა

თელავი +27 – მზიანი

რუსთავი +30 – უმეტესად მზიანი

თბილისი +27 – უმეტესად მზიანი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარება ან არ სურთ, ან არ შეუძლიათ, ამიტომ მათი იმედი ნუ გექნებათ. ემოციურად რთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და სამყაროს ოპტიმიზმით უყუროთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა სიყვარულში შეიძლება გაგიმართლოთ. ამ დღეს შეძლებთ მოაგვაროთ საკითხი, რომელიც ადრე გაწუხებდათ.

კურო

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად სოციალურ ღონისძიებებს დაესწროთ ან ახლობელ ადამიანებთან როგორც პირადი საკითხები, ისე საქმიანი თემები განიხილოთ – მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. შეიძლება დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა შეგექმნათ – გახსოვდეთ, რომ ახლა დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტყუპები

იდეალური დღეა ახალი, უჩვეულო და საინტერესო საქმის დასაწყებად. შესაძლოა, თავიდან რაღაც არ გამოგივიდეთ, მაგრამ მალე ვითარებაში გაერკვევით, მიხვდებით როგორ იმოქმედოთ და წარმატებასაც მიაღწევთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე. შეიძლება მონატრებულმა ადამიანებმა თავი შეგახსენონ.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით – თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით. ამ დღეს ადვილად ხვდებით, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი და აცნობიერებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. თუ ახალი ეტაპისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.

ლომი

რთული დღეა. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დაპირებების გაცემისგან თავი შეიკავოთ – მით უფრო, თუ საქმე შორეულ მომავალს ეხება. შეეგუეთ იმას, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება, თუმცა დღის ბოლოს შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლები და ძველი კავშირების აღდგენა. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბევრი ქალწულისთვის ეს ოცნების ადამიანია, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. სასურველია, საღამოს მეგობრების ან ოჯახის წევრებისთვის პატარა წვეულება მოაწყოთ – ასეთი პატარა ცვლილება თქვენს ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

სასწორი

სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდათ, ვარსკვლავების დახმარებით აუცილებლად გაუმკლავდებით. ძველი ბიზნესპარტნიორებისგან მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები. ძლიერი ინტუიციის დახმარებით ადამიანების განზრახვებს ადვილად ხვდებით. ეს უნარი ძველი მტრების „განიარაღებაში“ დაგეხმარებათ.

მორიელი

პრობლემებით სავსე დღეა. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე გსურთ. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოებები. სასურველია, თავი შეიკავოთ შორი მოგზაურობისგან. შესაძლებელია, გეგმების შეცვლაც მოგიხდეთ. საქმეებში არეულობა შეიძლება თქვენს განწყობაზე აისახოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ სირთულეები არ გაშინებთ და მიზნებზე უარს არ ამბობთ. ძველი ნაცნობები მზად არიან, რომ დაგეხმარონ. ძალიან ღიზიანდებით, როცა ირგვლივ მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან და ცდილობენ საკუთარი წესები გიკარნახონ. ყველაფრის მიუხედავად, კონფლიქტები ნაკლებად სავარაუდოა. კარგი დღეა საყიდლებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სწავლას ან განვითარებას ეხება.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი ძალების ირწმუნოთ. ახალი ნაცნობობისას ადამიანს კარგად დააკვირდით – შეცდომის დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევა, რომელიც ოცნების ასრულების საშუალებას მოგცემთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს გეგმები შეგეცვალოთ.

მერწყული

თუ სიფრთხილეს და ყურადღებას გამოიჩენთ, შეიძლება სერიოზული პრობლემების თავიდან აირიდოთ. მოსალოდნელია უთანხმოება ახლობლებთან – თქვენი უხეში ან ირონიული გამონათქვამები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. გირჩევთ მთელი ყურადღება ახალ საქმეებზე გადაიტანოთ.

თევზები

სწავლის ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები წარმატებით ჩაივლის. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ – ჰკითხეთ, რა აწუხებთ და რთულ სიტუაციაში დახმარებას დაჰპირდით. თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა და სასურველია, მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს.

,,ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია”- გია ვოლსკი

როდესაც საელჩო – წინა ელჩი, ახლანდელი ელჩი, გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მით უმეტეს ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

მან „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„განცხადება ორაზროვნებას შეიცავს, რბილად რომ ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და იმ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.

ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა.

ერთად დავძლიოთ აუტიზმი – მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და თანადგომა გამოხატა ბავშვებისთვის 1 ივნისის გალამაზებაში

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს,   პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“  ფარგლებში, აუტისტური სპექტრის მქონე და შშმ ბავშვთა  უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად,  ნეირობალანსირების ცენტრს ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა.

შემეცნებით-გასართობ ღონისძიებასთან ერთად პატარებმა ინტეგრირებისთვის უამრავი საჩუქარი და კომპანია ,,უნივერსამის” სათამაშოები მიიღეს. კლინიკა ,,ლიდერმედმა” კი პატარებს სპეციალური ვაუჩერები დაურიგა, კონტაქტური ზოოპარკისა და საჩუქრებისთვის. ბავშვებს 1 ივნისი გაულამაზეს და უამრავი სიხარული აჩუქეს, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, კომპანია ,,სანდომმა”, ,,ნავნემ” კომპანია ,,ბებემ”, ,,ბიბლუსმა” ,,ხინკლის სახლმა ივერონი” , ,,ჯინო ფერედაისმა” .

1 ივნისის ნამდვილი ფეირვერკი კი კომპანია ,,ასორტის” ულამაზესი დიდი ტორტი გახლდათ . ეკა სეხნიაშვილი-შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა უფლებადამცველი, ჟურნალისტი,  ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის  პროექტის ხელმძღვანელი: ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ  ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებითა და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ნეირობალანსირების ცენტრი მართლაც რომ გამორჩეული ადგილი და ცენტრია ასეთი სპექტრის მქონე პატარების განვითარებისათვის. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. 

სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.  აუტიზმი დაძლევადია და  თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციას, ასევე კომპანიებს: ,,სანდომი“ ,  ,,ბებე“, ,,უნივერსამი”, ,,ჯინო ფერედაისი“ , ,,ასორტი”, ,,ნავნე” , ,,კლინიკა ლიდერმედი” ,,ხინკლის სახლი ივერონი” და ა.შ. ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და თანადგომა გამოხატა ასეთი ბავშვებისთვის 1 ივნისის გალამაზებაში. დიდი მადლობა მათ ! აუტიზმი დაძლევადია! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! “

,,უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.

„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

,,რაოდენ გასაკვირია, როდესაც აშშ პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებების გაკეთება”- მათიკაშვილი

ჩვენი ქვეყანა, ამ ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე, გახლავთ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგ ქვეყანასაც კი, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების რიგშია.

მისი თქმით, გასაკვირია, რომ ამ ფონზე ზოგი ევროპული სახელმწიფო ცდილობს, შექმნას აღქმა, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის.

„რაოდენ გასაკვირია, როდესაც ამ ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებების გაკეთება – საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოებს ვგულისხმობ. შეგნებულად იქმნება იმის ტირაჟირების მცდელობა, თითქოს საქართველო არ არის უსაფრთხო ტურისტებისთვის. არადა, სინამდვილეში არის აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკურ მონაცემებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აისახა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.