Home Blog Page 13

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, დაველოდოთ, რა განვითარება ექნება-ირაკლი კირცხალია

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ შეურაცხმყოფელია. დაველოდოთ, რა განვითარება ექნება კანონპროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას.

„არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. „მეგობარი აქტის“ სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.

თითქმის მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ნაცისტური დროშის ქვეშ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს.

„ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც მოგვცეს მომავალი და ამჟამინდელი განვითარება და, დარწმუნებული ვარ, განვითარება მომავალი მრავალი ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, არამედ ისიც, რომ გვახსოვდეს დიპლომატიური გამოცდილება, იმ მოვლენების დიპლომატიური გაკვეთილები. ეს გაკვეთილები ფასდაუდებელია, მათ შორის და განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა კვლავ ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, იარაღისა და ნაცისტური დროშების ქვეშ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპა ახლა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის და რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებით იმუქრება.

იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულის შესახებ ვიდეოს და განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით, თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.

ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;

13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);

13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;

09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ არ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო 1 წუთამდე და გამოვიდა;

09:32 საათზე დარიგდა საკვები;

11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;

11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა 1 წუთამდე;

12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;

13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;

14:03 საათზე დარიგდა საკვები;

14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;

14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;

14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;

15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;

15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;

15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;

15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. „შლუზიდან”.

15:58 საათზე ბრალდებული შეჰყავთ კლინიკა „ვივამედში“

საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

გამოძიების შედეგები საზოგადოებას მისი დასრულებისთანავე ეცნობება.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ.-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე 4 მაისს გარდაიცვალა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ  პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს – სერტიფიცირების პლატფორმა.

რატომ აღარ არის გენმდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ – ნატოს განმარტება

ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საუბარი ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

შესაბამის საკითხზე კითხვით ნატოს „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც ალიანსის ოფიციალურმა პირმა კითხვის საპასუხოდ განმარტა, ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სურვილი იყო, 2024 წლის ანგარიში უფრო ლაკონური და მთავარ აქცენტებზე ფოკუსირებული ყოფილიყო, შესაბამისად, „ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას“.

„2011 წლიდან ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვნად განვითარდა. თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, გენერალურმა მდივანმა რუტემ გადაწყვიტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი, ლაკონური და ფოკუსირებული დოკუმენტი ჰქონოდა, რაც შეესაბამება ნატო-ს ყურადღებას არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე. შედეგად, 2024 წლის ანგარიშში არ შედის მრავალი თემა და დეტალი. ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას,“ – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ნატო-ს ოფიციალური პირი საქართველოში შექმნილ ვითარებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ალიანსის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილებით და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“. მისი თქმით, ნატო-ს 17 ინიციატივიდან 5 „ამჟამად შეჩერებულია და ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. ნატო-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნატო-მ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. სულ 17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება (სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და სასწავლო ობიექტები); დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები და სამხედრო პოლიცია); ხოლო 10 უცვლელად გაგრძელდება (ნატო-საქართველოს სასწავლო და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის სკოლა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, სამხედრო ინჟინერია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები, სტანდარტიზაცია და კოდიფიცირება და ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება). წარმატებით დასრულებულია სამი ინიციატივა: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა (დაიხურა 2017 წელს); ლოჯისტიკა (დაიხურა 2020 წელს); და შესყიდვები (დაიხურა 2023 წელს).

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.

ნატო კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.

ნატო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში,“ – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 24 აპრილს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და პრიორიტეტები გასული წლის განმავლობაში. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის აღწერით შემოიფარგლება, თუმცა გამოტოვებულია ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულება საქართველოს საბოლოო წევრობის ან ქვეყნის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსის შესახებ. დოკუმენტში აღარ არის ჩანაწერი არც უკრაინის და იმის შესახებ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

თიბისის, თიბისი კაპიტალს და  აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მემორანდუმი გაფორმდა

5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური თანადაფინანსების შესაძლებლობებს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში.

თანადაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება პირველია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გააფორმებს. სხვა რეგიონებში დაფინანსების ეს უპრეცედენტო მოდელი, მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში განხორციელების შემდგომ დაინერგება. აღნიშნული მემორანდუმი ორივე ქვეყანაში გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას და გააღრმავებს თიბისისა და ADB-ს პარტნიორობას.  

მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის 150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ასევე, თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით.

თიბისისა და ADB-ის შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, თიბისის  კორპორატიულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. თიბისი უზრუნველყოფს პროექტების წინასწარ შერჩევას და დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სესხის მიღების პროცესს –  შემცირდება მინიმალური სესხის მოცულობის მოთხოვნა, რაც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, ADB -ის დაფინანსებით ისარგებლოს.

საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია- თიბისი კაპიტალი კი, ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს კიდევ უფრო გააფართოებს და რეგიონული კაპიტალის ბაზრებს აითვისებს. ობლიგაციებში ADB-ის  – როგორც ინვესტორის შემოსვლის ფასილიტაციას თიბისი კაპიტალი განახორციელებს, შესაბამისად მისი მეშვეობით, ემიტენტებს ექნებათ უფრო მარტივი და ეფექტური წვდომა IFI დაფინანსებებზე.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, როგორც მცირე, ისე  მსხვილი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, ამიტომ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მეტ ემიტენტს ექნება ADB-სთან თანამშრომლობის და ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა.  ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მზარდ ლიკვიდურობას ბაზარზე.

ADB და თიბისი მიზნად ისახავენ, ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მათ შორის კლიმატურ და სოციალურ მიმართულებებზე. ამ ეტაპზე, ძირითადად განიხილება განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და წარმოების სექტორების თანადაფინანსება.

დღეს, წესით, არ უნდა დამიჭირონ, პორცია-პორცია მიჭერენ – ალეკო ელისაშვილი

წესით დღეს არ უნდა დამიჭირონ, პროცესუალურად თუ შევხედავთ. პორცია-პორცია მიჭერენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მისი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

„მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი, არ გამოვრიცხავ, მოწმეებიც მოიყვანონ და ის მთავარი ვაჟბატონიც მოიყვანონ, როგორც პროკურატურა ამბობს, დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ოღონდ კაციშვილი რომ არ იცნობს – ალი ბაბაევი, სინამდვილეში სუს-ის პროვოკატორი, რომელმაც მთელი ის პროვოკაცია დადგა, ქუჩაში მოვდიოდი, შემაგინა. ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია. დღეს წესით, არ უნდა დამიჭირონ. ეს მუხლი აბსოლუტური ბოდვაა, მედავებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი ვინმე ალი ბაბაევს, უტრირებულად არ ვამბობ, თურმე ის ყოფილი დიდი და ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, ასე ამბობს პროკურატურა. ცემის მუხლი კი არ არის, ან ხულიგნობა კი არა, პოლიტიკური დევნა – მაქსიმუმი, იქიდან რაც შეეძლო პროკურატურას და “ოცნებას” გამოედნო, ეს არის. არადა ამ ინციდენტის შემდეგ მოხდა გიორგი გახარიაზე თავდასხმა, როცა ის სცემეს, კადრები არსებობს, ამ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს და არა პოლიტიკური დევნით, ანუ პროკურატურა და “ოცნება” ამბობს, გახარია პოლიტიკური მოღვაწე არ არის, კაცს, რომელსაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ეკავა და ალი ბაბაევია დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეხი კი დაეცა პროკურატურასაც, ალი ბაბევსაც და ალი ბაბევის მსგავს პოლიტიკურ მოღვაწეს, რა თქმა უნდა, ეს ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

 „მეგობარი აქტი“ არასწორი მიმართულების კანონპროექტია, ჩვენმა კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან – კონგრესმენი უორენ დევიდსონი

JPG resized with https://ezgif.com/resize

„მეგობარი აქტი“ არასწორი მიმართულების კანონპროექტია, ჩვენმა კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა.

„ამერიკელმა ხალხმა აქ იმისთვის არ გამოგვგზავნა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილზე გავაფართოვოთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

„ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.

„ვფიქრობ, ჩემი ამომრჩევლები გაკვირვებულნი არიან, რატომ ვაკეთებთ ამას იმის ნაცვლად, რაზეც წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, ფოკუსირებას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკაზე მოვახდენთ. მე [ამ კანონპროექტს] ვეწინააღმდეგები და ყველას მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – დასძინა მან.

თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

დღეს გიორგობაა – გილოცავთ!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.