Home Blog Page 13

ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, ჯორჯ კლუნის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალოს

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, მომავალში ჯორჯ კლუნის მეუღლეს ამალ კლუნის შტატებში შესვლა აეკრძალოს – ინფორმაციას Fox News Financial Times დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანელი იურისტი ამალ კლუნი ჩართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეში, რომელიც ღაზაში ომის დანაშაულის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კლუნის მიმართ შეზღუდვების საფუძველი შესაძლოა გახდეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს “მნიშვნელოვან შედეგებს” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვან შედეგებში კი იგულისხმება ქონების და აქტივების დაბლოკვა, ასევე, შტატებში შესვლის აკრძალვა.

ტრამპს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური და უსაფუძვლო ქმედებები განახორციელა.

Financial Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსალოდნელი სანქციების შესახებ საქმეში მონაწილე იურისტები უკვე გააფრთხილა, მათ შორისაა, ამალ კლუნიც.

,,დღეს „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე გავლენიანმა ევროპულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოზე”- თინა ბოკუჩავა

ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებას, ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე გავლენიანმა ევროპულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოზე.

„„ევროპის სახალხო პარტიამ“ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის. ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას, რათა შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რომლის წინააღმდეგ მიხეილ ჯინჯოლიამ შექმნა პოლიტიკური პრეცედენტის გამოყენებით, ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას  და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.

„[EPP] გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმში მის მიმდინარე ვარდნას და რუსული ორბიტისკენ დინებას, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელთა სახელებიც აქ ჩამოთვლილია; [EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი…

[EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დანიშნონ კონკრეტული ვადა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევის გარეშე იფუნქციონირებენ და არა სახელმწიფოს მიტაცების მდგომარეობაში…

[EPP] მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს – და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე – თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული…

[EPP] ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე…

[EPP] ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე – და გააფართოონ ეს სანქციები, რათა მოიცვან მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების მფლობელებზე,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

ნიკოლოზ სამხარაძე: „დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ მოლოდინი მაქვს, შემდეგი ამ პრიზს მარგარიტა სიმონიანი მიიღებს

„დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ მოლოდინი მაქვს, შემდეგი ამ პრიზს მარგარიტა სიმონიანი მიიღებს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ ველოდები, შემდეგი, ვინც ამ პრიზს მიიღებს, მარგარიტა სიმონიანი იქნება. ის ასეთივე პროპაგანდისტია, ოღონდ, სხვა ეროვნების. მათ ამ საქმეში წარმატებას ვისურვებ. ერთი უბედურებაა, თუ არ იციან, ეს ადამიანები ვინ არიან და ასეთი ორგანიზაცია პრიზს ისე აძლევს, მაგრამ მეორე დიდი უბედურებაა, რომ იციან, მაგრამ პრიზსს მაინც ანიჭებენ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კობა კობალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ტუ ციაოს უმასპინძლა

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ბატონ ტუ ციაოს და მის მოადგილეს, ბატონ ჭი ჭენგმინის უმასპინძლა.

კობა კობალაძემ, სტუმრებს, სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

“როდესაც ჩინეთი ამყარებს თანამშრომლობას რომელიმე ქვეყანასთან, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე. სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის დამყარდა, მომგებიანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩინეთისთვის. ჩინეთსაც ბევრი რამ აქვს სასწავლი საქართველოსგან და, რა თქმა უნდა, ჩინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,” – აღნიშნა ტუ ციაომ.

შეხვედრაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და მათი პატრონები უცხოეთიდან ზუსტად ამას ემსახურებიან, რომ განსხვავებული მოსაზრება ჩაკლან – გურამ მაჭარაშვილი თამარ კინწურაშვილზე

იმიტომ დააჯილდოვეს, რომ მათი ნების შემსრულებელია, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, გერმანული „დოიჩე ველეს“ მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებას.

მისი თქმით, დასავლელმა პატრონებმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელი წაახალისეს.

„არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლების შემდგომაც კი, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და მათი პატრონები უცხოეთიდან ზუსტად ამას ემსახურებიან, რომ განსხვავებული მოსაზრება ჩაკლან, მოკლან, გაანადგურონ, დააბულინგონ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მაგალითი იყო ეს ქალბატონი, რომელიც დასავლეთში წაახალისეს და დააჯილდოვეს. რატომ დააჯილდოვეს? იმიტომ დააჯილდოვეს, რომ მათი ნების შემსრულებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო პირველ მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7492 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7516 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1239 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

დაკითხვის დროს მაჩვენეს ფოტო, რომელიც სახლში მეუღლემ გადამიღო, ტექსტი დაიზეპირე და კამერასთან ისაუბრეო, თორემ ფოტოს არა მარტო შვილები ნახავენო, სირცხვილით მათ ვერ გაეკარებიო – ნათია გედენიძე

მე მხოლოდ 48 საათი გავატარე „მოდულში“. დაკითხვისას ჰქონდათ უცნაური კითხვები, რატომ ვეპრანჭებოდი კამერის წინ ჩემსავე ქმარს. იყო კეკლუცობისა და ქალური სიტუაციების გარკვევა. ცოტა ვერ მივხვდი, ორი უცხო ადამიანი, მამაკაცები რატომ უნდა იყვნენ ამით დაინტერესებული, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იყო დაკავებული.

გედენიძის თქმით, დაკითხვის დროს მას აჩვენეს მისივე ფოტო, რომელიც მეუღლე ირაკლი გედენიძემ სახლში გადაუღო და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ტექსტს კამერასთან არ ჩაწერდა, ფოტოს როგორც შვილები, ასევე სხვებიც ნახავდნენ.

„ბნელი ოთახი იყო და მაგიდაზე ამობრუნებული ფაილები ელაგათ. შენ კარგად უნდა დაფიქრდე, რომ მარტო ცოლი კი არა, დედაც ხარ და ორი შვილი გარეთ გელოდება, რომ არც იციან, სად ხარო. საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც და გოგოც გყავსო, ახლა ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, ამას რომ ნახავ, შენი შვილებიც ნახავენო, არამარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ამისთვის, იცი, რა უნდა გააკეთოო? რვეულის ფურცელზე იყო ხელით ნაწერი და აქ რაც წერია, უნდა დაიზეპიროო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზა-კვალზეო. არც ის ვიცი, რა წერია, არც ის ვიცი, აქ რა არის. უკვე მამზადებენ რაღაცისთვის. გასაგებია-მეთქი. ველოდები მეორე ეტაპს და აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს ჩვენსავე სტუდიაში. განათებას რომ ასწორებდა, სატესტოდ იღებდა ხოლმე. მე იქვე ვიყავი, როგორც ობიექტი, სახლის ლუქით. ეს ფოტო რატომ უნდა ყოფილიყო კომპიუტერში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. დავხედე და ფოტოზე ისეთი არაფერი არ არის, რაც კითხვებს ბადებს, მაგრამ არის საოჯახო, საკუთარი, პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, რომ ვიდრე ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და რამდენი მამაკაცი განიხილავდა. შემდეგ ყურებში მქონდა დახშული ხმები და მერე დავკარგე გონება. დამჭირდა ექიმის ჩარევა, რომელიც მერე, ჩვენი შემდგომი გამოძიების პირობებში აღმოჩნდა ის ექიმი, ვინც გამიწია პირველადი დახმარება და რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი ვარგისი შემდგომი საუბრებისთვის. თუმცა ამ საკითხს დაუბრუნდნენ ძალიან მალე იგივე ადამიანები. გვერდში ეჯდათ ვიღაც ადვოკატი, რომელიც ხელს აწერდა, სავარაუდოდ, დოკუმენტებს ადვოკატის სტატუსით.

რაღაც პერიოდის მერე დაადგინეს, რომ ჩემი სტატუსი უკვე საკმარისი იყო, რათა გაეგრძელებინათ ჩემთან საუბარი, მე კვლავ გამიყვანეს იმ ბნელ ოთახში. მომაწოდეს ის დაწერილი ტექსტი, ხელნაწერი, უჯრებიან ფურცელზე. ტექსტში ეწერა, რომ მე თურმე ბოლო პერიოდი ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ძალიან აფორიაქებულია, სახლში ადგილს ვერ პოულობს და მეუბნება, შარში ვარო. ვეუბნები, რომ ბოლო პერიოდში მე და ჩემი მეუღლე პრაქტიკულად არც კი გადავკვეთილვართ-მეთქი სახლში, ისე დაემთხვა, რომ ერთად არ ვყოფილვართ, მივლინება მივლინებაზე ჰქონდა მიბმული და ასეთი ფაქტი არ მომხადარა-მეთქი. ეგ ვინ იცისო და აუცილებლად უნდა მეთქვა: „შარში ვარო“. ასეთი ფაქტი არ მომხდარა და ამ მონაკვეთზე მოკლედ უარი ვუთხარი და კიდევ გარკვეულ მონაკვეთებზეც, რაც კატეგორიულად ცდებოდა ყველანაირ რეალობას. მაგალითად, ის, რომ ირაკლი იყო აღელვებული, რომ ვეღარ ვცნობდი ბოლო პერიოდი, ის, რომ შარში იყო და ის, რომ რაღაც თანხებს ველოდები. ასეთი ნიუანსები იყო, ვითომ არაფერი, მაგრამ ყველაფერი ხომ ერთ მთლიანობას კრავდა, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. როგორც მივხვდი, ეს იყო მეორე დღე, მეუბნებიან, რომ უნდა დავიზეპირო ტექსტი, შენი ფორმა მიეცი ყველაფერსო, თუ არადა ეს ფოტო მოხვდება ყველგან და შენი სახლისკენ მიმავალ გზას თავად დაივიწყებო, ვეღარ იქნები სრულყოფილი დედა და შენი შვილებისთვის იქნები სასირცხვილოო. კარგად უნდა დაიზეპიროო, უნდა ჩაწერო კამერასთანო და მაჩვენებენ კიდევ ფურცელს, სადაც მხოლოდ ვხედავ სიტყვა „გათავისუფლებას“. გამოკვეთილად იყო დაწერილი. ამას მერე მოაწერ ხელს და ჩაგახუტებთ შვილებსო“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა – Financial Times

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას გამოჩნდა, რომ აშშ-სა და ალიანსის უმრავლეს წევრებს დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ აბსოლუტურად ყველაფერში“, – წერს ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რეჩმენი ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა“. ავტორის აზრით, ბლოკები იქმნებიან და იშლებიან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამიტომ ნატოს დაშლაც შეუძლებელი არ არის.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის მიმართ შიშმა დასავლური ალიანსი, ერთი მხრივ, შეამჭიდროვა, მაგრამ მეორე მხრივ, იმავე რუსეთისადმი შიში ნატოს დაშლით ემუქრება.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წელს შეიქმნა აშშ-ს, კანადისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ მოსკოვის შესაკავებლად. მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება უკრაინას დამარცხების აღიარება აიძულოს რუსეთთან ომში, მაშინ ამერიკაზე და ევროპაზე იტყვიან, რომ მათ მოსკოვი დააჯილდოვეს. ნატოს რიგებში რუსეთის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და თუ ალიანსელები ვერ მოილაპარაკებენ იმაზე, როგორი მუქარების წინაშე დგანან და როგორ უნდა ებრძოლონ კრემლის განზრახვებს, მაშინ მთელი სამხედრო ბლოკის არსებობა საფრთხეში აღმოჩნდება.

ატალანტიკური ალიანსი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით გაუმკლავდა ბევრ ღრმა უთანხმოებას თავის წევრებს შორის – სუეცის კრიზისიდან (1956 წ.) დაწყებული, ვიეტნამისა და ერაყის ომებით დამთავრებული – იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა კონსენსუსი მთავარ საკითხში: საბოლოოდ, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მაინც ერთ მხარეს დგანან.

აშშ-სა და ევროპას შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ფასეულობებს. მთელი ცივი ომის განმავლობაში საერთო ინტერესი გამოხატული იყო საბჭოთა კავშირის შეკავებაში, საერთო ფასეულობა კი – დემოკრატიის დაცვაში. ცივი ომის დასრულების შემდეგაც კი ტერორიზმთან ომი და ევროპის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი მფარველობა ნატოს წევრების საერთო მიზნებში შედიოდა.

მაგრამ ახლა საერთო ინტერესები და ფასეულობები ძალას კარგავენ. უკრაინაში საომარი მოქმედებების კატასტროფული დასრულება ნატოს წევრთა ტრადიციულ დარაზმულობას საბოლოოდ ძირს გამოუთხრის და დაანგრევს.

გასულ კვირას აშშ-მა და ევროპამ უკრაინის შესახებ სხვადასხვა სამშვიდობო გეგმები წამოაყენა, ამასთან, ევროპელები ნეგატიურად არიან განწყობილნი დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ელემენტების მიმართ, უპირველესად კი – ყირიმის ნახევარკუნძულის იურიდიულად მიერთებას რუსეთისადმი.

დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მართლაც მეგობრული საუბარი ჰქონდა. შედეგი თითქოსდა ნიშანდობლივია – აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა, რაც დონალდ ტრამპისათვის იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ რადგანაც პარალელურად ამერიკას უკან არ გაუწვევია თავისი სამშვიდობო გეგმის არცერთი ელემენტი, რომლებსაც უკრაინელები და ევროპელები სრულიად მიუღებლად თვლიან, კრემლის მიმართ ტრამპის კრიტიკა შეიძლება უვნებლად ჩაითვალოს. 

ამერიკისა და ევროპის შეხედულებათა უთანხმოებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ახალი ომის საფრთხის წყაროების თაობაზე სხვადასხვა საფუძველი აქვს. ევროპელები თვლიან, რომ რუსეთის წაქეზებით უკრაინაში დანარჩენ ევროპაზე თავდასხმის რისკი იზრდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწყებული.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომს სხვაგვარად უყურებს. თეთრი სახლი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში, თუ ომი არ შეწყდება, საბოლოო ჯამში ამერიკა მასში ჩათრეული აღმოჩნდება, ანუ რუსეთთან პირდაპირი შეჯახება მოხდება. თვითონ დონალდ ტრამპსაც არაერთხელ უთქვამს, რომ არსებობს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე. კაცმა რომ თქვას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც შეშფოთებული იყო რუსეთთან დაძაბულობის ზრდით, თუმცა დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, დემოკრატები იზიარებდნენ ევროპელთა უნდობლობას ვლადიმერ პუტინის მიმართ და ამიტომ მხარს უჭერდნენ ანტირუსული ზომების მიღებას.

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ამჟამინდელი წარმოდგენების განსხვავება უკრაინის საკითხის ჩარჩოებს სცილდება. აშშ-ის მოკავშირეები აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ორ წევრს ემუქრება – დანიას, რომელსაც გრენლანდიის წართმევას უპირებს და კანადას, რომელსაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევას უპირებს. მართალია, ვაშინგტონი ოტავას სამხედრო მოქმედებების დაწყებით არ აშინებს, მაგრამ ტრამპი აშკარად ცდილობს თავისი ჩრდილოელი მეზობლის სუვერენიტეტის  ხელყოფას.

და თუ ამ ყველაფერს დავამატებთ დონალდ ტრამპის ავტორიტარული ინსტინქტებს, მის მუქარებს ნატოელი მოკავშირეებისადმი და მის აშკარა სიმპათიებს ვლადიმერ პუტინის მიმართ, მაშინ რთული იქნება იმის მტკიცება, რომ ნატო ისევ საერთო ინტერესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებულ ალიანსს წარმოადგენს.

მართლაცდა, ფასეულობებს შორის კონფლიქტი ყველასათვის ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ჯერ ისევ აცხადებენ, დემოკრატიას ერთად ვიცავთო, იმავდროულად თვლიან (ან მიანიშნებენ), რომ ატლანტიკის სხვა ნაპირზე არსებულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება (ანუ ევროპელები გულისხმობენ ამერიკას, ამერიკელები კი ევროპას).

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა თავისი ცნობილი გამოსვლის დროს მიუნჰენის უსართხოების კონფერენციაზე ევროპელები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და საკუთარი ხალხისადმი შიშში დაადანაშაულა. ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებებს ევროპის ქვეყნების უმეტესობა მდუმარე და ცივი გაბრაზებით შეხვდა. ევროპელები, თავის მხრივ, ყურადღებით „არეგისტრირებენ“ დონალდ ტრამპის ნეგატიურ პოზიციებს და კრიტიკულ თავდასხმებს აშშ-ის სასამართლო სისტემაზე, მასმედიაზე და უნივერსიტეტების ავტონომიურ უფლებებზე. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი ევროპელი მოკავშირეები ამჟამად დასავლური ფასეულობების ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო კონცეფციებს ქადაგებენ: ტრამპ-ვენსის კონცეფცია წარმოადგენს ეთნონაციონალისტურს, კონსერვატიულს კულტურის მხრივ და ანტილიბერალურს. ევროპული კონცეფცია კი ინტერნაციონალურია, ემყარება კანონის უზენაესობის პრინციპს და ლიბერალურ ინსტიტუტებს.

განხეთქილება ღრმავდება იმდენად, რამდენადაც ორივე მხარე თვლის, რომ მიმდინარეობს უსერიოზულესი ბრძოლა პოლიტიკური გადარჩენისათვის და მზერას აპყრობენ ატლანტიკის ორივე ნაპირზე მყოფ თანამოაზრეებს: ტრამპის ადმინისტრაციას სურს ითანამშრომლოს ევროპელ ნაციონალ-პოპულისტებთან – ანუ ისეთებთან, როგორებიცაა უნგრელი ვიქტორ ორბანი, სლოვაკი რობერტ ფიცო და ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი. წამყვანი ევროპული ქვეყნები თავის დროზე იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი გახდებოდა, ახლა კი ისინი სასოწარკვეთილები არიან და შუალედურ არჩევნებამდე დღეებს ითვლიან – იმედი აქვთ, რომ კონგრესში დემოკრატების რიცხვი გაიზრდება.

ტრანსატლანტიკური ალიანსი ადრე აშშ-ის ორივე პარტიის ვალდებულებებით იყო განმტკიცებული და ნატო იოლად იტანდა აშშ-ში მთავრობების ცვლას. ახლა კი ნატოს აქტიური მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ატალანტიკის ორივე მხარეზე ხელისუფლებაში ან მხოლოდ ლიბერალები იქნებიან, ან მხოლოდ ანტილიბერალები.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეჭვების საფუძველი მაინც რჩება. გარდა საერთო ინტერესებისა და ფასეულობებისა, დასავლური ალიანსი წევრთა ურთიერთნდობაზეც არის დამოკიდებული. ყველა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ნდობა შენარჩუნდება იმის მოიხედავად, თუ რა მოხდება სამომავლო არჩევნებზე და ვინ იქნება ხელისუფლებაში. მაგრამ ევროპელები და კანადელები ახლა უკვე აცნობიერებენ იმას, რომ ამერიკელებს ტრამპი და ტრამპისნაირების არჩევა ორჯერ სეუზლიათ. მათ უკვე არარ არიან განწყობილნი ისე, რომ აშშ-ის ერთგულება თავისთავადად, მუდმივ მოვლენად ჩათვალონ.

წყარო

კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო – ირაკლი გედენიძე სააკაშვილზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.

ირაკლი გედენიძე იხსენებს ტობავარჩხილზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მომენტს, როდესაც მან ჰკითხა თუ ვინ „გაუჩალიჩა“ დაკავება ახალაიამ, თუ ვანო მერაბიშვილმა.

„ახალი გამოშვებულები ვიყავით საშინლად დასტრესილები. ქუჩაში ვერ გავდივარ ელემენტარული ყველაფერში ეჭვი შემაქვს. მეუღლემ და მეგობრებმა მოდი მთაში წავიდეთო, თანხა გადავიხადეთ, რაღაც ტური იყო ტობავარჩხილზე და წავედით. 5 დღის სავალი იყო ასვლით-ჩამოსვლით, მეორე ღამეს უკვე რომ ვათენებდით ცოტა ამინდი გაუარესდა და აღარ მივდივართ, ვკითხულობთ რატომ არ მივდივართ და ვიღაცას ველოდებითო. ანუ ყველამ იცის თურმე, რომ იქ სააკაშვილი უნდა ამოვიდეს. არის მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები, არჩევნების წინა პერიოდია. მერე ვიღაცამ ჩუმად გამაგებინა, რომ სააკაშვილს ველოდებითო დროში რომ გაიწელა. ხუმრობით ვთქვი რა იყო აქ რომ არ ვენახე იქ ვერ მნახავდა-თქო. ავედით, დავბანაკდით. ამოვიდა შემომხედა, სხეულის ენა ასე თუ ისე ვიცი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ გაჰკვირვებია იქ, რომ დამინახა. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაბანაკდნენ გაშლილ მინდორზე იმ ადგილას, სადაც ჩვენც უნდა ვყოფილიყავით. უარი ვთქვი, წავედით, სადღაც 50 მეტრით მოვშორდით, ცოტა უარესი ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ ქვიანია მინდორს ვერ იპოვი, ქვიანზე გავათენეთ ჩვენს კარვებში ღამე. მეორე დღეს უკვე ასული იყო თვითონ და ჩამოვიდა, იქვე ვზივარ იმ ადგილას სანამ არ ჩამოვიდოდა, დამიძახა მოდიო, ხელით მანიშნა, დაცვა მაშინვე ახლოს დადგა, დაცვა გააგდო, არ მჭირდები შენო უნდა ველაპარაკო პირისპირო. მოკითხვის შემდეგ როგორ ვარ ჯანმრთელობით, როგორ გადავიტანე ეს ფსიქოლოგიურად, მეთქი გამოვდივარ, აი ასე დავდივარ.

ერთი კითხვა მაქვს ვინ „გაგიჩალიჩა“ ეგ ამბავიო. დავიბენი, ამ ამბავს მე კაი ხანს არ ვყვებოდი არსად , იყო ეჭვი ახალიამ თუ ვანომ. მე ვერც მივხვდი ამ შიდა ინტრიგებში გარკვეული არ ვიყავი რა ხდებოდა იქ. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. კარგი გასაგებიაო ასე მითხრა და კარგი აბა წარმატებები თქო და მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ირაკლი გედენიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ჯაშუშობისთვის დაიჭირა საერთო ფოტოს გადაღება შესთავაზა პოლიტიკური მიზნებისთვის საარჩევნოდ.

„ბოლოს კულმინაცია ის იყო, რომ აი ამ ორგანიზატორებთან და მოლაშქრეებთან ერთად, მე უკვე დისტანცირებას ვცდილობდი. დამიძახა და მკითხა რატომ ხარ მარტოო, ჩვენთან ერთად გადაიღე ფოტოო, საერთო ფოტოს იღებდნენ. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური სასჯელს ვიხდი ყოველ ოთხშაბათს პრობაციაში უნდა მივიდე, რომ დავფიქსირდე, ქალაქიდან ვერ გავდივარ და მეუბნება, რომ ჩემთან ერთად მოდი, ფოტო გადაიღე. გადავხედე ჯგუფია და ერთ-ერთს ვთხოვე, გამოვართვი დროშა და სახელმწიფო დროშით ჯგუფის კუთხეში დავდექი, თორემ იქვე უნდოდა რომ ვმდგარიყავი. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი რომ გავაანალიზე მესიჯი რა იქნებოდა. ეს ფოტო იმიტომ, ტომ არ დამდგარიყო გადაიღო ცემმა მეუღლემ. ეს ფოტო „ქავერად“ დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე, ჩემთან ერთად გადაღებული“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.

ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძე

დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს – უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

„აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება

დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების გასაახლებლად, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი წინადადების წარდგენის საშუალება ექნება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. ესენია: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავსა და მარნეულიდან არსებული შემოსასვლელები.

„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატრაა. არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც ახალი მანიშნებლები განთავსდება: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდება.