Home Blog Page 13

ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, გვჭირდება შემდგომი მუშაობა -კაია კალასი 

ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება.

„საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“, – აღნიშნა კაია კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

 “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას -გიტანას ნაუსედა 

ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

 თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის 

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე,  ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:

TBC x Mymarket.ge

TBC x Glovo

TBC x tkt.ge

TBC x Swoop

BOG x Extra.ge

BOG Ads Manager

BOG x Biletebi.ge

BOG Gift card

BOG x Wolt

თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი,  შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

  1. #ერთმანეთისთვის
  2. სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
  3. Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად 

(R)

 

 

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ -ელენე ხოშტარია

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ევროსაბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია.

„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

  1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.
  2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – წერს ელენე ხოშტარია.

ამასთან, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს“.

უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს -სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან.

„უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს. იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, მან დიდწილად დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ცუდ სიტუაციამდე მიყვანაში.

მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ-მამუკა ხაზარაძე

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.

„2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს,, ეს არ არის უბრალო გაერთიანება – ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა – თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!

აქვე, პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.

ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!

ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ, რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს.

მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან არსებული შეთანხმების გაუქმებას კონკრეტული პირობები აქვს, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას -მაკა ბოჭორიშვილი

გაუგონარი რამ არის, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, მის შეჩერებას კი კონკრეტული პირობები აქვს და ამიტომ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურად ეს ჟესტი ძალიან გაუგებარია.

„ჯერ არაფერი არ დაწესებულება, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლითაც წესრიგდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, როდესაც საქმე გვაქვს დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრინციპულად ამ საკითხს, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, ეს რაღაც გაუგონარი რამ არის.

ჩვენ არ ვაცალკევებთ არავის, ვსაუბრობთ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ადამიანებზე და ასეთი, პირველ რიგში არიან სწორედ დიპლომატები. ის ადამიანები, რომლებიც საგარეო უწყებაში მუშაობენ, ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასეთი არის დიპლომატიური პასპორტის მფლობელების 80-90%. დანარჩენი, ვისაც უწევს სამსახურებრივად დიპლომატიური პასპორტის ქონა, შეიძლება, წარმოადგენდეს ასეთი ადამიანების 10-15%-ს.

ეს ჟესტი პოლიტიკურად არის ძალიან გაუგებარი, ომში მყოფი ქვეყნები სცემენ ერთმანეთის დიპლომატებს პატივს და ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ფორმა, როდესაც პირველი იწყებ დიპლომატებზე ხელის მოკიდებას. დიპლომატები არიან განსაკუთრებული წრე ადამიანებისა, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტებითაც, სწორედ იმიტომ, რომ ამით არის გამოკვეთილი მათი განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მას შემდეგ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები უვიზოდ დადიან ევროკავშირის სივრცეში. ამ შეთანხმებას აქვს შეჩერების, გაუქმების, ძალიან კონკრეტული პირობები. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა სამართლებრივ საფუძველს და განმარტებას მისცემს ამ ყველაფერს ევროკომისია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ზომის ამოქმედება. ამას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლის მომზადება, სწორედ ეს დაევალება ევროკომისიას და ვნახოთ, როგორი იქნება სამართლებრივი საფუძველი. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია ჩაიხედო შეთანხმებაში და ნახო, რა პირობები არსებობს, რათა ეს შეთანხმება შეჩერდეს. იქ არსად არ წერია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ან ხელისუფლების დასასჯელად. ამისთვის არ ყოფილა ეს შეთანხმება გაფორმებული. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ განმარტებას, რასაც მივიღებთ ევროკომისიისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დასავლელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან.

„ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება. გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

“შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.

კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად – ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.

აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება. 

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ. 

 

გაუარესებული ურთიერთობები შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის, ამერიკისთვისაც -მაკა ბოჭორიშვილი

გაუარესებული ურთიერთობები იქნება შეცვლილი, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოსთან შეაჩეროს პარტნიორობა, რეგიონში არსებულ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან პარტნიორობა შინაარსით იყოს დატვირთული.

„ჩვენ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ვუკავშირებთ იმ ომს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში და ზოგადად, იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია რეგიონში. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ მოგვისმენია ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია, როგორ ხედავს ჩვენს რეგიონში ამ კონფლიქტის სასწრაფოდ დარეგულირების საჭიროებას. თეთრ სახლში ვიდრე დაიკავებს ადგილს, მანამდეც კი გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვხედავთ, რომ მუშაობა მიდის ამ საკითხზე უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რუსეთთანაც. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ძალიან მალე ეს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დადგება საერთაშორისო დღის წესრიგში. რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ, გარკვეულ შეთანხმებაზე და დიპლომატიური გზების ძიებაზე დაიწყონ ფიქრი. მეორე საკითხია, როგორი იქნება ეს გადაწყვეტა, იქნება თუა არა ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვნახოთ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იანვარზე, ეს არის თარიღი, როდესაც ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დაიკავებს ადგილს.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევა კაბინეტში და პირველი საქართველოზე ფიქრსა და ზრუნვას დაიწყებს. ურთიერთობები იქნება სხვაგვარი, ეს ეფუძნება იმ წინაპირობას, რაც დღეს არის. ეს გაუარესებული ურთიერთობები იქნება შეცვლილი და ეს ვითარება რამდენიმე თვეში სხვაგვარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვქონდა, არ იყო აბსტრაქტული რამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, რატომ უნდოდა ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, სწორედ მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეს მნიშვნელობა არსად წასულა, აქ არის საქართველოს მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან პარტნიორობა შინაარსით იყოს დატვირთული. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა ამ ადმინისტრაციის პირობებში. არაერთხელ გაგვიგზავნია გზავნილი, რომ გვსურს შინაარსით დავტვირთოთ ეს ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობა იყოს ნამდვილად სტრატეგიული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას აშორებს, მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას -ჰელსინკის კომისია

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას.

„„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება.

ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ ეცადა, გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

„ქართული ოცნება“ თუ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი პატრონებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებთანაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად დაახლოვდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.