Home Blog Page 13

პრემიერ-მინისტრი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9292 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0337 ლარი შეადგინა.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

,,აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის”- ირაკლი ფავლენიშვილი

აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. მასთან თანამშრომლობა გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ნაწილისთვის გახლავთ ადამიანი, რომელსაც ესაუბრებიან, როგორც საქართველოს წარმომადგენელს. ამიტომაც გარდაუვალი გახლავთ ოპოზიციისთვის მასთან თანამშრომლობა და მასთან ერთად ყოფნა. მით უმეტეს, როცა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, ყველა ძალა, რომელიც ებრძვის ამ დიქტატურას, ფაქტობრივად, ვალდებულიც ხდება, ითანამშრომლონ, მინიმალურ დონეზე მაინც კოორდინაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან. ეს უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთაც არის. ამიტომ აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტს შორის. გეგმები გახლავთ ბრძოლა, რათა ეს რეჟიმი დასრულდეს, დაინიშნოს ახალი, თავისუფალი არჩევნები, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის პრიორიტეტული. თანამშრომლობას რაც შეეხება, მაგალითად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტივიბები, რადგან კარგად გვესმის, რომ საქართველოს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ოპოზიციას ხშირად დასავლელ პარტნიორებთან კონსოლიდირებული პოზიციები აქვს და წერილებსაც ვაგზავნით, შეხვედრებსაც ვმართავთ. მათ შორის, ამ კონტექსტშიც შეიძლება, თანამშრომლობა გაგრძელდეს. ქვეყნის შიგნით ჩვენი კაპიტალი, რესურსი რაც გვაქვს, რითაც შეგვიძლია, დიდ ეროვნულ წინააღმდეგობას დავეხმაროთ, ამ მხრივაც ვაქტიურობთ, თუმცა დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც მთავარი ორგანიზატორები არიან რიგითი მოქალაქეები. უბრალოდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მეტი რესურსი, გარკვეულ აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა, მათ შორის ვიყოთ რიგითი ორგანიზატორებიც. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მაინც არის ის პოლიტიკური აქტივობები, რომლებსაც საერთაშორისო ფრონტსა და ქვეყნის შიგნით ვახორციელებთ, რათა მოხდეს ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის ალიანში შედგეს, ფავლენიშვილმა აღნიშნა:

„ჯერჯერობით ქვეყანაში პარტიული და პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი, რადგან ქვეყანაში დიქტატურა როდესაც მყარდება, საჯარო სამსახურებში წმენდაა დაწყებული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, გადაკეტილია და არჩევნებს აზრი აღარ აქვს, ამ დროს რაიმე ალიანსსა და პოლიტიკურ ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არაადეკვატური იქნებოდა. ამიტომ ჯერ გვაქვს პროგრამა, მინიმუმი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ ამ რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს“.

,,პოდოლიაკის განცხადება ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება”- არჩილ გორდულაძე

ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, ვინ არის პოდოლიაკი და რა განცხადებებს აკეთებდა 2022 წლის განმავლობაში. მისი განცხადება ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“.

„მის განცხადებებში და, ზოგადად, უკრაინის ხელისუფლების ქმედებებში პირდაპირ იკითხებოდა ხოლმე არაკეთილსასურველი და არაკეთილსაიმედო ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნის საკითხს. შესაბამისად, პოდოლიაკის განცხადებები აღქმულია და ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება. მისი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვაც კი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ, რა გავლენები არსებობს უკრაინის ხელისუფლების შტოებში, რა გამოწვევები თუ დარღვევებია მათ ხელისუფლებაში. ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინელ ერს. ომის ქარცეცხლიდან გამომდინარე, რაც ტრიალებს უკრაინაში, გარკვეული განცხადებების გაკეთებისგან თავს ვიკავებთ ხოლმე. ამის მიუხედავად, ეს ბატონები პირდაპირ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამ დროს, როცა სცალიათ, საქართველოზე განცხადება გააკეთონ, სულ ორი ვარიანტია: ან არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და არ შეუძლიათ, იმუშაონ ისე, როგორც არის უკრაინელი ხალხის ინტერესებისთვის სასარგებლო, ან გარკვეული ძალების მხრიდან მითითებით პირდაპირ ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. ეს არის ორი მოცემულობა, რომელზეც ქართულ საზოგადოებას შეუძლია, კარგად იმსჯელოს, რომელია ამ დაშვებიდან სიმართლე და, შემთხვევით, ორივე ხომ არ არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას ულოცავს. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

„სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთისა და საქართველოს დღევანდელი სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ და მყარ დინამიკას ინარჩუნებს. ორივე მხარემ გააძლიერა პოლიტიკური ურთიერთნდობა, მიაღწია ნაყოფიერ შედეგებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის შექმნისას და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის ნაყოფიერ შედეგებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან [მიხეილ ყაველაშვილთან], რათა ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა, ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა გავაღრმაო, ხელი შევუწყო ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და ადამიანების უკეთესი კეთილდღეობის შექმნას“, – აღნიშნული სი ძინპინის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩინეთის ლიდერმა 31 დეკემბერს ყაველაშვილს ახალი წელი მიულოცა.

,,დონალდ ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდები, ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, მალე შეხვდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტი მისი საშინაო საკითხებია. ეს აშკარაა მისი საარჩევნო კამპანიიდან და მისი ყოველდღიური „მესიჯებიდან“. რაც შეეხება საერთაშორისო კურსს, ეს იქნება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. დიახ! მათი ცალკეული ურთიერთობები წყნარი ოკეანის რეგიონთან. უსაფრთხოება იქ. ჩინეთი, კორეა და მსგავსი. ესეც გასაგებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვის ვიზიტსაც ინაუგურაციის შემდეგ დაელოდება, ის იქნება.

„ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ ერთ-ერთ პირველ ვიზიტს სწორედ თქვენსას ველოდები“. მან მითხრა ეს. მან თქვა: „ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“. ამიტომ, ვფიქრობ, დიახ – ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურს, გეგმა და შესაბამისი ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი შესთავაზებს, უკრაინის ხედვას ემთხვეოდეს.

„სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ უკრაინა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ მას ექნება კონტაქტები რუსულ მხარესთან. ესეც გასაგებია. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეისწავლიან, ვინ რისთვის არის მზად. ვფიქრობ, ეს პირველი ტაიმი იქნება და აქედან ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“უკრაინის ენდშპილი -როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს” -BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინის ენდშპილი: როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს“ (ავტორი – პოლ ადამსი).

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

ორიოდე თვის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელი დასრულდება. დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობამ, მიახლოებითი შეფასებებით, ერთ მილიონს გადააჭარბა. ფრონტზე არსებულ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა ომს აგებს.

რუსეთის სამხედრო მანქანა ნელა, მაგრამ განუხრელად წინ მიდის – აღმოსავლეთ უკრაინის სტეპებში მდებარე სოფლებსა და ქალაქებს ზედიზედ იპყრობს.

ამასობაში კი შორეულ ვაშინგტონში, თეთრ სახლში შესასვლელად ემზადება დონალდ ტრამპი, რომლის ქცევა და გადაწყვეტილების მიღება უპროგნოზოა და რომლის მომავალ მოქმედებას წინასწარ ვერავინ გამოიცნობს. გარდა ამისა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტს  თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ მაინცდამაინც თბილი დამოკიდებულება არ აქვს.

შემობრუნებითი მომენტი, როგორც ჩანს, ახლოვდება. მაგრამ შეჩერდება თუ არა ომის ნამდვილად 2025 წელს? და თუ შეჩერდება, როგორი ენდშპილი ექნება საომარი მოქმედებების დასრულებას?

მოლაპარაკება – ილუზია თუ რეალობა?

დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებდა ინაუგურაციის შემდეგ. შესაძლოა იგი ტრადიციულად ტრაბახობდა, თუმცა ეს სიტყვები იმ კაცის ბაგეთაგან ისმის, რომელსაც აშკარად მობეზრდა ომში აშშ-ის მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები.

„საშინელებაა, რომ ომი უამრავ ახალგაზრდას სიცოცხლეს უსპობს. საშინელებაა, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

მაგრამ როგორც აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ამბობს, ომის დასრულების გზაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ორმაგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

“პირველი – დონალდ ტრამპს ომის მძიმე მემკვიდრეობის მიღება მოუწევს, რომელსაც ძალიან უარყოფითი ტრაექტორია ექნება. დონალდ ტრამპს დრო არ ეყოფა იმ ომისშემდგომი სტაბილიზაციისათვის. მეორე მომენტი – ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდება წარმატების მკაფიო სტრატეგიის შემუშავება“, – ამბობს მაიკლ კოფმანი.

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მიანიშნა სხვადასხვა ინტერვიუებში, თუ რას გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით: ჟურნალ „თაიმს“ (TIME) მან განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინას ნება მიეცა რუსეთის ზურგის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები ამერიკული რაკეტებით დაბომბოს; „ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ომის ესკალაციას და უარეს სიტუაციას მივიღებთ“, – თქვა არცეულმა პრეზიდენტმა ჟურნალის რედაქტორთან საუბრისას.

ტელეარხ  NBC-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში, როცა ჰკითხეს, მოემზადოს თუ არა უკრაინა ამერიკული დახმარების შემცირებისთვისო, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დახმარების შემცირება სრულიად შესაძლებელია.

იმავ დროულად, არჩეული პრეზიდენტი ისეთ განცხადებებსაც აკეთებს, რომლებიც უკრაინის ბევრ მხარდამჭერს დამაიმედებლად შეიძლება მოეჩვენოს, რომ აშშ უკრაინას არ მიატოვებს: „ჩემი აზრით, უკრაინის მთლიანად მიტოვება არ შეიძლება. სხვაგვარად ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ამას წინათ თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. მოკლედ, დონალდ ტრამპის განზრახვასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენები არ არის.

რაც შეეხება უკრაინის ხელმძღვანელობას, კიევი უარყოფს, რომ მასზე ტრამპი ზეწოლას ახორციელებს და რომ ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ზეწოლით ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.  „ბევრს ლაპარაკობენ მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ეს ილუზიებია. მოლაპარაკების პროცესის დაწყება შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი ამ ომისათვის საკმაო ფასს არ გადაიხდის და არ დაისჯება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი.

“ზელენსკის გონივრული სტრატეგიული ნაბიჯი?”

უკრაინის პრეზიდენტს აშკარად სურს თავი ისეთ ადამიანად წარმოაჩინოს, რომელსაც დონალდ ტრამპთან ლაპარაკი შეუძლია. მან არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და დრო არ დაკარგა – თავისი წარმომადგენელი ტრამპის გუნდთან მოსალაპარაკებლად დაუყოვნებლივ გაგზავნა.

შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ შეხვდა დონალდ ტრამპს – პარიზში. შეხვედრა განხორციელდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დახმარებით, რომელმაც ორივე ნოტრ-დამის ტაძრის გახსნაზე მიიწვია რესტავრაციის შემდეგ.

„ჩვენ მოწმენი ვართ ძალიან გონივრული სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგა“, – განაცხადა დეკემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა დიმიტრო კულებამ, როცა აშშ-ის საგარეო ურთიერთობების საბჭოში მოხსენებით გამოდიოდა.

იმის ნიშნები, რომ კრემლიც მზად არის მსგავსი ჟესტების გასაკეთებლად, ჯერ არ ჩანს, ამიტომ კიევი აშკარად ცდილობს მოსკოვს ყველაფერში დაასწროს.

„დონალდ ტრამპი არ განმარტავს, თუ როგორ იმოქმედებს ომის შესაწყვეტად. უკრაინელები ცდილობენ არჩეულ პრეზიდენტს თავიანთი იდეები მიაწოდონ, რომლებიც მას შეუძლია „თავისად გაასაღოს“. უკრაინელებმა იციან, თუ როგორ იმუშავებს ტრამპის ბაგეთაგან წარმოთქმული კიევური იდეები“მ – ვარაუდობს ორისია ლუცევიჩი, ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუზის“ უკრაინული ფორუმის ხელმძღვანელი.

„გამარჯვების გეგმა“ და ენდშპილის ვარიანტები

დონალდ ტრამპი ცნობილია საქმოსან-ბიზნესმენის მენტალიტეტით და სურვილით, რაც შეიძლება ცოტა გადაიხადოს აშშ-მა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს კარგად იცის ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ცდილობს მას უკრაინა შესთავაზოს, როგორც ამერიკისათვის პოტენციურ- პრიორიტეტული პარტნიორი.

თავის „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც მან ოქტომბერში გამოაქვეყნა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომის დროს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია ევროპაში სამომავლოდ აშშ-ის ჯარებს შეცვლის. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერი დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივ მოპოვებას სთავაზობს, მათ შორის ურანის, გრაფიტისა და ლითიუმის ამოღებას. „ეს სტრატეგიული რესურსები ან რუსეთის გაძლიერებას მოხმარდება (თუ კრემლი უკრაინის ოკუპირებას მოახდენს), ან უკრაინისა და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს გაძლიერებას (თუ უკრაინა ომში გაიმარჯვებს)“ – აცხადებს ზელენსკი.

„გამარჯვების გეგმის“ სხვა პუნქტები – უკრაინის მიღება ნატოში და მის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული შემკავებელი ძალების განლაგება – მოკავშირეებმა ცივად მიიღეს.

ყველაზე მეტი უთანხმოებაა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხში. კიევისათვის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს უსაფრთხოების ერთადერთ სრულ გარანტიას, რომლითაც იგი გადარჩება და რუსეთის „ლუკმა არ გახდება“. მაგრამ თვითონ ალიანსი, რომელიც, მართალია, დეკლარირებს, რომ „უკრაინის ნატოში ინტეგრაცია გარდაუვალია და მას უკუქცევითი ხასიათი არ აქვსო“, იმავდროულად ყოყმანობს და ერთიანი აზრი არ აქვს: აშშ და გერმანია (სხვებიც) შეთავაზებისაგან თავს იკავებენ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ნატო უკრაინას წევრად 1991 წლის საზღვრებით მიიღებს, იგი ვალდებულებას აიღებს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე გავრცელდება. „ეს საშუალებას მოგვცემს ომი დავასრულოთ და მოლაპარაკება დავიწყოთ, თან უკრაინის საზღვრების საკითხიც განვიხილოთ, თუ სად უნდა გადიოდეს გამმიჯნავი ხაზი“, – თქვა მან ნოემბერში ბრიტანული „სქაი ნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის მყიფე მდგომარეობა

თუ არა ნატო, მაშ რა? დონალდ ტრამპის ინიციატივით სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა სულ უფრო მკაფიო ხდება, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს. ახლა მთავარია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ომის სამართლიანად დასრულება, რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს ახალი თავდასხმა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი 12 დეკემბრის ტელეინტერვიუში.

როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის განმეორებული თავდასხმა რომ არ მოხდეს, აუცილებელია კონკრეტული მექანიზმები, ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი. „ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა დათანხმდეს მხოლოდ ცეცხლის უბრალო შეწყვეტაზე, რაც თვითმკვლელობა იქნებოდა. აუცილებელია „ომის შეწყვეტა პლუსებით“, ანუ მთავარია, რით იქნება უკრაინა დაცული“, – ამბობს ორისია ლუცევიჩი.

ექსპერტები ევროპულ ფორუმებზე მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ფორმით შეიძლება განხორციელდეს უკრაინის უსაფრთხოების დაცვა.

ვარიანტებს შორისაა ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განლაგება (ემანუელ მაკრონის ინიციატივით) ან საექსპედიციო კონტინგენტის შეყვანა ჩრდ. ევროპის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და ნიდერლანდების მონაწილეობით, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს.

მაიკლ კოფმანი თვლის, რომ ასეთი გარანტიები არასაკმარისი იქნება – მათგან ერთ-ერთი აშშ უნდა იყოს. მას ეთანხმება მიხეილ პოდოლიაკი. მისი თქმით, „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ როგორც აგრესიას გაიმეორებს, კრემლი მნიშვნელოვან დარტყმებს მიიღებს“.

დიდი ბრიტანეთი, ჯო ბაიდენი და დასავლეთის როლი

სანამ უკრაინის მომავალზე შეთანხმება არ არის, მისი მოკავშირეები რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის თავდაცვის გასამტკიცებლად.

ჯო ბაიდენი, სანამ საბოლოოდ წავიდოდეს თეთრი სახლიდან, ცდილობს უკრაინას მისცეს ის, რის მიცემაც შეუძლია და რაც კონგრესის მიერ არის გამოყოფილი – ფული, იარაღი, ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა ამბობენ, რომ მან შეიძლება ყველაფრის მიცემა ვერ მოასწროს.

უკრაინის მოკავშირეებს, აგრძელებენ რა კიევის დახმარებას, იმედი აქვთ, რომ რუსეთი საბოლოოდ ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მისი სამხედრო რელსებზე გადაყვანილი ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრევა. თუმცა ჯერ-ჯერობით ის დანგრევას არ აპირებს.

ამასთან, ბოლო დროს რუსულ ეკონომიკაში პრობლემები მომრავლდა. გაუძლებს თუ არა რუსეთის სანქციებს, ინფლაციას და მაღალ საკრედიტო განაკვეთებს?

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის. გასული წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ დასავლური სანქციები გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ არა გადამწყვეტს.

თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე: საშუალოდ, ყოველდღიურად ბრძოლებში 1,5 ათასი რუსი სამხედრო იღუპება და სახიჩრდება.

მთლიანობაში ომის სიმძიმემ შეიძლება ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე აიძულოს… მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რამდენ ტერიტორიას და რამდენ მებრძოლს დაკარგავს უკრაინა, სანამ კრემლი მოლაპარაკების დაწყების სურვილს გამოამჟღავნებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა”- გუგა ქაშიბაძე 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს კლინიკაში ათამდე დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც სამი ბავშვი იყო.

მისივე თქმით, წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა და არც ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო.

„ახალი წლის ღამეს ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, დანარჩენი მოზრდილი. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრი გაცილებით შემცირებულია. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა, უბრალოდ მარტო ჩვენ არ ვიღებთ ასეთ პაციენტებს, ქირურგიულ განყოფილებაშიც ხვდებიან ხოლმე გარკვეული წნევისგან გამოწვეული სერიოზული დაზიანებებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა – ეს არ არის სათამაშო პიროტექნიკა, რომელსაც ოჯახს მიუტან, მთავარია უსაფრთხოების წესების დაცვა, გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს. ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ სერიოზული დამწვრობა ყოფილიყო, ან ქირურგიული ჩარევა გამხდარიყო საჭირო. უბრალოდ, წლების გამოცდილებით, მხოლოდ ახალ წელს არ ხდება ხოლმე, გრძელდება ძველით ახალ წელსაც და შობასაც“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

,,საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შურთ”- გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა Caliber.az-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების „ვიღაცას შურს“.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აზერბაიჯანს სტუმრობდა, ხოლო თებერვალში აზერბაიჯანელ დეპუტატებს თბილისში ელოდებიან.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს ურთიერთობები 2024 წელს შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჰარმონიული. მათ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს მიაღწიეს, ისინი საერთო ინტერესებზე, ისტორიულ კავშირებსა და ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობაზეა დამყარებული. განსაკუთრებული როლი შეასრულეს პროექტებმა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, რაც ორმხრივი კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს“, – თქვა მიქანაძემ.

ქართველი დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ის გლობალური პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას უწყობს ხელს. საქართველო ყოველთვის არის მზად იყოს მშვიდობის დამყარების პროცესის მონაწილე, რათა ბაქოსა და ერევანს შორის რაც შეიძლება სწრაფად გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება, აღნიშნა მიქანაძემ.

„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებულია, ზოგი ჯერ კიდევ იხილება, დიდია ალბათობა იმისა, რომ 2025 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება მაინც გაფორმდება. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს თბილისში მოხდება“, – დასძინა მან.

მიქანაძემ ინტერვიუს დროს აგრეთვე საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ შეეხო და დასავლეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიუღებელია.

„ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალების შესრულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გავაგრძელებთ. და ჩვენ ვიქრობთ, რომ 2028 წლისთვის საქართველოს მხრიდან ვალდებულებათა 90%-ზე მეტი შესრულებული იქნება, და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობებიც იმ დროისთვის უკვე ნორმალიზებული იქნება, რაც უკვე აბსოლუტურად დაუბრკოლებელ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სადღაც 2023 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულულებიანი წევრი გახდეს“, – თქვა დეპუტატმა.

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის.

1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 – 1998 წლებში კი – საქართველოს 1-ლ სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწვევის წევრიც იყო.

2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა

2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, დეკემბრის ინფლაცია კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა ბოსტნეულზე თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე – 7 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე – 5 პროცენტით. თევზეული ასევე 5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცპროდუქტები – ერთი პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა ფასები ხილსა და რძის პროდუქტებზე. რაც შეეხება 2025 წლის პროგნოზს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ერთპროცენტიანი ინფლაციაა ჩადებული, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბალია.