Home Blog Page 13

,,მათი უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა”- ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა მათი [ოპოზიციის] უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ გვახსოვს მოყოლებული 2008 წლის ომის შემდეგ ანტიქართული რეზოლუციებისა და განცხადებების კასკადი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება

,,აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება”- კიტ კელოგი 

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

კელოგის თქმით, უკრაინაში „უნდა ჩატარდეს“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს.

„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ომის დროს არჩევნები იმართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის ძლიერი დემოკრატიის სილამაზე, რომ გყავს ერთზე მეტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად კენჭისყრა”, – აღნიშნა კელოგმა.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.

უკრაინის მთავრობის ორი წყაროს თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინული მხარისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს საპრეზიდენტო არჩევნების 2025 წლის ბოლომდე ჩატარებასთან დაკავშირებით.

ევროპაში „თურქული ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდება რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

ევროპაში „თურქული ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდება რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია გაზის სატრანსპორტო სისტემების ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSOG) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ევროპისთვის გაზის მიწოდება გასული წლის იანვართან შედარებით 26.7 პროცენტით მეტი იყო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ლურჯი საწვავის ექსპორტი პუნქტით, რომელიც მდებარეობს ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან, პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეადგენდა 1.56 მილიარდ კუბურ მეტრს, ან საშუალოდ 50.3 მილიონ კუბურ მეტრს დღეში.

რუსული მედიის ცნობით, წინა მაქსიმუმი მიღწეულ იქნა ერთი თვით ადრე. მაშინ, რუსული ლურჯი საწვავის ექსპორტმა ევროპაში თურქული დერეფნის მეშვეობით შეადგინა თითქმის 1.53 მილიარდი კუბური მეტრი, ან საშუალოდ 49.35 მილიონი კუბური მეტრი დღეში.

შეთანხმება უკრაინის მეშვეობით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შესახებ 31 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინის ხელისუფლებამ უარყო ამ შეთანხმების გახანგრძლივების შესაძლებლობა. შედეგად, „გაზპრომმა” პირველ იანვარს შეწყვიტა მიწოდება. ახლა ევროპელებისთვის რუსული მილსადენის გაზის ერთადერთი წყაროა „ბალკანეთის ნაკადი”, რომელიც საწვავს იღებს „თურქული ნაკადიდან“. ამ მარშრუტით ყოველწლიურად ევროპას დაახლოებით 14-15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება რუსეთიდან.

,,ადმინისტრაციული წესით ერთი პირია დაკავებული”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი ისაკო დევაძეა, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც დღეს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

განყოფილებაშია გადაყვანილი ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი, რომლის ბინაშიც პოლიციამ დღეს ასევე ჩაატარა ჩხრეკა.

ამასთან, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთ დამფუძნებელ ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის სახლში, სადაც დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

,,პოლიციელზე თავდასხმა ყველა სახელმწიფოში ითვლება მძიმე დანაშაულად”- ირაკლი ქადაგიშვილი

ფაქტი არის სახეზე: მზია ამაღლობელმა პოლიციას ჯერ სტიკერი მიაკრა, რაც პოლიციის შეურაცხმყოფელი ქმედება იყო, ამის გამო იგი დაკავებული იქნა, მაგრამ ადმინისტრაციული გაფრთხილება მიიღო და ამის შემდეგ გათავისუფლებულ იქნა. გათავისუფლებიდან სულ ცოტა ხანში, როცა არანაირი პროვოცირება არაფრის არ ხდებოდა, მან პროვოკაციულად სილა გააწნა პოლიციელს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, მზია ამაღლობელის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელზე თავდასხმა ყველა სახელმწიფოში ითვლება მძიმე დანაშაულად, თუმცა, ამ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის ქმედება განპირობებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებით და შეურაცხყოფის მიყენებით, რასაც რადიკალური ოპოზიცია მთელი ეს პერიოდია სჩადის.

„აქ გადატანა უნდათ იმაზე, რომ ამ ქალბატონის სილა მტკივნეული იყო თუ არა ამ მამაკაცისათვის და ა.შ. აქ ამაში კი არ არის საქმე, საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, სახელმწიფოს გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში. ყველა სახელმწიფოში, უბრალოდ ყოფით ვითარებაშიც კი, პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად, მაგრამ ამავდროულად, ეს განპირობებული იყო სწორედ ამ მანკიერი მიზნით, რომლითაც ის არა მარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებდა შეტევას, არამედ, მთელი ეს პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი გამომხატველი იყო ეს ქალბატონი, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას, მათ დაკნინებას და ჩამოშლას ითვალისწინებდა ამ ქმედებით, რასაც მთელი ეს პერიოდი რადიკალური ოპოზიცია სჩადიოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის შიმშილობა წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტია. ქადაგიშვილი მოუწოდებს მასაც და მის მხარდამჭერებსაც, ეს თემა არ გამოიყენონ პოლიტიკურ ზვარაკად და შეწყვიტოს შიმშილობა.

„ზოგადად, პატიმრობაში მყოფი ადამიანის შიმშილობას აცხადებს ხოლმე, როდესაც მისი უფლებები ირღვევა, როგორც პატიმრის: ან არასათანადო მოქცევის ქვეშ არის, ან წამების ქვეშაა, ან არასათანადო კვება აქვს, ან პაემანი აქვს აკრძალული, ან ადვოკატი, ან სამართლიანი სასამართლოს მიმართ წვდომა აკრძალული აქვს და ა.შ. – არცერთი ეს პირობა, ამ შემთხვევაში, არ დგას, იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა სულ სხვა ჰუმანური პირობებით ეპყრობა ყველა პატიმარს. ანუ, მისი შიმშილობის აქტი წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტია, ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი და არა პატიმრობის დროს შელახული ამა თუ იმ უფლების გამო გამოწვეული პროტესტი. მე მოვუწოდებ ქალბატონ მზიასაც და მის მხარდამჭერებსაც, რომ ამ თემას პოლიტიკურ ზვარაკად ნუ გამოიყენებენ, რადგან ადამიანის ჯანმრთელობას აქვს ზღვარი, პენიტენციური და სამედიცინო სამსახური მუდმივი მონიტორინგს ქვეშ ამყოფებს მას, მაგრამ მასაც და მის მომხრეებსაც მოვიწოდებ, რომ მოუწოდონ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ, მან თავისი პოლიტიკური მესიჯი უკვე გააჟღერა, დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმე გახლავთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

,,მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, სისხლის სამართლის კოდექსით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ.

გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს.
აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ – იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

,, საქართველოში თავისუფალი ადამიანების დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი ვერ იმუშავებს”- მამუკა ხაზარაძე

ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია, ყველას, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი ადამიანების დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი ვერ იმუშავებს.

„ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!

მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ბრძოლა იქნება ბოლომდე!

ყველას, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება! მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!“, – წერს ხაზარაძე.

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა -დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი ერთი წლით გარიცხა საპარლამენტო ასამბლეიდან იმ მიზნით, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამ ფაქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და განაცხადა, რომ ორმაგი სტანდარტები შეიმჩნევა ბაქოს მიმართ დამოკიდებულებაში. ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ერთ-ერთმა უნგრელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვა შეცდომა იყო და ევროსაბჭოს უნდა გაეგრძელებინა თანამშრომლობა, თუმცა მისი პოზიცია არავის გაუზიარებია.

„2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება, რამაც საპარლამენტო ასამბლეიდან ერთწლიანი ვადით აზერბაიჯანული დელეგაციის გარიცხვა გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს ბრალი ედებოდა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის დელეგაციამ თავად შეაჩერა მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ბაქოს მიმართ მოქმედებს ორმაგი სტანდარტები.

2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, დელეგაციის უფლებამოსილების სრულად აღდგენისათვის აზერბაიჯანს უნდა შეესრულებინა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შიდა პოლიტიკა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა.

2025 წლის იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, უნგრელმა დეპუტატმა ჟოლტ ნემეტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ევროსაბჭომ დიალოგის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს მის წევრ სახელმწიფოებთან. უნგრელი დეპუტატის ხმა “უდაბნოსა შინა მღაღადებლად” დარჩა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა…“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით მუშაობაზე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება -ირაკლი ზარქუა

ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით მუშაობაზე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევნების საშუალებით მიანიჭა.

„ევროსაბჭომ აღიარა ლეგიტიმაცია და ბუნებრივია, ჩვენ არც გვჭირდებოდა ვინმეს აღიარება. მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ჩვენ ლეგიტიმაცია მოგვცა და ეს იყო ჩვენთვის უზენაესი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ცალკეული ქვეყნების აღიარებები მისასალმებელია. ნახეთ ადგილობრივი უსამშობლოები ვინც გვყავს, ე.წ. ოპოზიცია, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინელ გონჩარენკოებთან ერთად, როთებსა და გონჩარენკოებს ვეძახი ამათ. გონჩარენკო ხომ იცით ვინც არის, პარტია არ არის დარჩენილი, რომ გამოვლილი არ ჰქონდეს უკრაინის რადაში. დაწყებული ჯერ იანუკოვიჩთან იყო, შემდეგ პრეზიდენტთან, ახლა ამ პრეზიდენტთან, მერე გალახეს, მერე სცემეს, მერე გააპანღურეს, მერე ისევ უკან დაუბრუნდა. ასეთი ადამიანი ჰყავდათ ამათ სპიკერად და პარტნიორად.

გონჩარენკოები ხართ თქვენ, თავიდან ბოლომდე, რომელიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დღენიადაგ იბრძვით. თქვენ არ გაინტერესებთ ქართული ინტერესები, ქართველი ხალხის დაკვეთა. ხარობდით იქ, რომ თურმე როგორ აშანტაჟებენ ქართულ სახელმწიფოს, როგორ ემუქრებიან, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგეყარათ. გამორიცხულია, ამას არ გაგიტარებთ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყნის შვილები, ჩვენ ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, რადგან უფლებამოსილება ქართველმა ხალხმა მოგვცა არჩევნებზე მხარდაჭერით. მხოლოდ ღირსებით და სახელმწიფო ინტერესების დაცვით. როგორც კი გაიაზრებს ამას ევროსტრუქტურები, შემდეგ უკვე ჩვენ დავუბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას. იცით თქვენ, რომ საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება“, – განაცხადა ზარქუამ.

შსს-მ ლილოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, – აღნიშნულია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

 ილონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს -Reuters

ილონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში კარიერულ საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს, რომელიც შეიცავს მილიონობით ფედერალური თანამშრომლის პირად მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი  სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ილონ მასკმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა, შეამციროს 2.2-მილიონიანი სამოქალაქო სამთავრობო სამუშო ძალის ზომა, დაუყოვნებლივ განათავსა თანამოაზრეები „პერსონალის მართვის სამსახურში“.

„ჩვენ არ გვაქვს ხილვადობა, თუ რას აკეთებენ ისინი კომპიუტერსა და მონაცემთა სისტემებთან. ეს დიდ შეშფოთებას ქმნის. ზედამხედველობა არ არსებობს. ეს ქმნის რეალურ კიბერუსაფრთხოების და ჰაკერულ შედეგებს“, – აღნიშნა ერთ -ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სამი წლის წინ პარლამენტმა უკრაინაზე რეზოლუცია მიიღო, დრომ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი -შალვა პაპუაშვილი

ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა  „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცუიალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი.

„ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“. რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო. რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო. ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი. ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი. დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.