Home Blog Page 13

ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

„საქართველოს ტერიტორიაზე პირველ რიგში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა”- გიორგი გამსახურდია

როდესაც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური რესურსი ამოწურული აქვს, გადადიან დაბეზღების რეჟიმში და გარბიან ზოგიერთ უცხოელ დამკვეთთან და დახმარებას სთხოვენ, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ „დღის ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, ევროკავშირის ეგიდით არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას.

„საქართველოს ტერიტორიაზე პირველ რიგში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა და მერე, რა თქმა უნდა ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს დამკვირვებლად მივესალმებით. მენტორული ტონით, ჩვენ ვინმემ რამე გვიკარნახოს და ჩვენს შიდა პროცესებში ჩარევები იყოს, ეს შედეგს არ გამოიღებს. მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები იმგვარად ვითარდება, რომ ბევრ რაღაცას სხვანაირად გადაეხედება და ყველა სახელმწიფოს თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში სრული მოქმედების უფლება ექნება.

დღეს ამერიკის სათავეში მოვიდა ღირსეული ადამიანი, კონსერვატიული შეხედულების კაცი და მთელს მსოფლიოში კონსერვატიული ძალები ამოისუნთქებენ. ჩვენი სუვერენიტეტი იქნება ხელშეუხებელი ყველანაირი გარე ჩარევისგან“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

,,დემონსტრაციები აუცილებლად გადაიზრდება მშვიდობიან ჯანყში, ჩვენთან დგანან ევროპელი მეგობრები”- იგორ ნარმანია

ბაბუაჩემმა იგორ ნარმანიამ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა 1991 წლის 9 აპრილს და მინდა, რომ ზეციურ საქართველოში მას პირობა მივცე, რომ არ გავატან მის სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, იგორ ნარმანიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება გამოვიდა ნიჰილიზმიდან.

„თბილისის ქუჩებში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები და ეს დემონსტრაციები, რომელიც მიმდინარეობს ახლა თბილისის ქუჩებში, აუცილებლად გადაიზრდება მშვიდობიან ჯანყში, ამ ჯანყს მიიღებს რუსული ოცნება. მინდა, ვუთხრა რუსულ ოცნებაში ჩაბუდებულ რუსულ ნაგავს, რომ თუ ისინი არ შეისმენენ ქართველი ხალხის ნებას და არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, დიახ, აქვე და გაბედულად უნდა ვთქვათ, რომ ისინი მიიღებენ მშვიდობიან რევოლუციას ქართველი ხალხისგან. არანაირად არ უნდა მოვერიდოთ სიტყვებს, უნდა მიიღონ ჯანყი. არ დაგვავიწყდეს, ჩვენთან დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები. შეგვიძლია, გავეცნოთ გერმანიის საელჩოს დღევანდელ განცხადებას, რომ ჩვენი ხმა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლა განგრძობადია და ჩვენი მიზანია, რომ არ შედგეს ეს ვირთხებისგან შემდგარი რუსული პარლამენტი“, – განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.

,,35 წლის წინათ მშვიდობიანმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს რაღაც დიდს, ერთიან, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას”- ოლაფ შოლცი

გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემის 35 წლისთავს აღნიშნავენ. გერმანიის დედაქალაქში ამ დღეს „თავისუფლების ფესტივალი“ იმართება. იმ ადგილას, სადაც ერთ დროს კედელი იდგა გამოფენა ეწყობა, სადაც წარმოდგენილია პლაკატები, რომლებზეც 1989 წლის დემონსტრაციის მოთხოვნებია ასახული.

ბერლინის კედლის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, „35 წლის წინათ მშვიდობიანმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს რაღაც დიდს: ერთიან, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას“.

„ბერლინის კედლის დანგრევა 35 წლის წინ იყო ზოგადევროპული განვითარების ბედნიერი კულმინაცია. იღბლიანი დღე, რომლისთვისაც ჩვენ, გერმანელები დღესაც მადლობელი ვართ. 35 წლის წინათ რევოლუციით მშვიდობიანმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს რაღაც დიდს: ერთიან, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას. განსაკუთრებით ახლა, როცა გლობალური პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია – იქნება ეს უკრაინაში თუ ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს კლიმატის დაცვის კუთხით თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, სწორედ ახლა ჩვენ, ევროპელები ერთად უნდა ვიყოთ“ , – განაცხადა შოლცმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, 1989 წლის თავისუფლების რევოლუციის გზავნილი დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს.

„1989 წლის შემოდგომის ჩვენი საერთო ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს: ერთად დგომით – მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ, ევროპელებს შეგვიძლია, ჩვენი თავი იღბლიანებად ჩავთვალოთ, რადგან დღეს ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ. ჩვენი ისტორია და მსოფლიო ჩვენს გარშემო აჩვენებს, რომ ეს არ შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც რამე თავის თავად არსებული. სწორედ ამიტომ 1989 წლის თავისუფლების რევოლუციის გზავნილი დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს – გამბედაობას, თავდაჯერებულობას და ერთიანობას შედეგი მოაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია რამის მიღწევა ერთმანეთის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

,,გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართელოს შიდა საქმეებში ”- სოზარ სუბარი

გერმანიის საელჩოს განცხადება შეფასებების საგანი ხდება.

“მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ” – წერია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის თარიღს მიეძღვნა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გერმანიის მხრიდან მათი განცხადება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

“გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართელოს შიდა საქმეებში და არამეგობრული განწყობა. შეფარულად ეს უკვე დაუკავშირეს ბერლინის კედლის დაცემას, მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს მოლდოვაშიც, თუმცა იქ რევოლუზიცაზე არ არის საუბარი, საიდანაც ჩანს რომ ისინი პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდებენ საქართველოს,” – აცხადებს სოზარ სუბარი. 

,,ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა”-მეუფე იაკობი

ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგებისას მეუფემ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

„არჩევნები ჩატარდა. ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში, ავირჩეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?! ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა, მათ საზღვარგარეთის დახმარების გარდა არაფერი ჰქონდათ. ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც. როგორ შეიძლებოდა, გაემარჯვა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის და გოგო გოგო რომ არ არის, როგორ შეიძლებოდა, მეტი ხალხი ჰყოლოდათ. მე ისედაც მიკვირს, ხალხმა ეტყობა ვერ გააცნობიერა, იმიტომ მისცა მაგათ ხმა. ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ბატონი შოლცი, ​ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – მაკრონი. კანონიც გაიწვიეთ და მერე დაგელაპარაკებითო. რისთვის იკლავენ თავს ჩვენთვის? – იმიტომ, რომ აქ ცოტა ხანში ძალიან დიდი ფულის შოვნა იქნება შესაძლებელი და თავიანთთვის უნდათ და არა ქართველებისთვის. იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ხალხთან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებენ. „როიტერის“ ცნობით, ამჟამად გრძელდება ბოლო ხმების დათვლა, რომელთა შედეგები გადაწყვეტს წარმომადგენელთა პალატის კონტროლს.

Edison Research-ის პროგნოზით, რესპუბლიკელებს 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში ამ დროისთვის გარანტირებული აქვთ სულ მცირე 211 ადგილი. მათ უმრავლესობამდე 7 მანდატი აშორებთ. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილის 24 ადგილის ბედი.

ამასთან, უკვე ცნობილა, რომ რესპუბლიკელებს 100-წევრიან სენატში 53-მანდატიანი უმრავლესობა ექნებათ.

როგორც „როიტერი“ წერს, რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუმარტივებს პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას, მათ შორის გადასახადების შემცირებას, ენერგეტიკული რეგულაციების დამტკიცებასა და საზღვრის კონტროლის უზრუნველყოფას.

ცნობისთვის, დემოკრატებმა წარმადგენელთა პალატაში უმრავლესობა რომ მოიპოვონ, ამ დროისთვის გადაუწყვეტელი 24 ადგილიდან 18 უნდა მიიღონ.

 ,,ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! – საქართველო ჩვენია” – ნიკა გვარამია 

საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ, მსვლელობის დროს სუს-თან გააკეთა, რითაც სუს-ის თანამშრომლებს მიმართა.

მისი თქმით, გამარჯვება ახლოსაა.

“გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-თან.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურს “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან” დაიძრნენ, საიდანაც ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების გავლით მსვლელობით მიდიან. თუ სად დასრულდება მსვლელობა, საბოლოო ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის. აქციის მონაწილეები26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.

დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განთავსებას ითვალისწინებს – „ტელეგრაფი“

დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განთავსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმა მოიცავს ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინის თანხმობას ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია 20 წლით შეაჩეროს. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს მიაწოდებს, რათა რუსეთის მხრიდან ომის თავიდან დაწყება შეაჩეროს. გეგმის თანახმად, აშშ არც ჯარებს შეიყვანს ბუფერული ზონის პატრულირებაში და არც ამ მისიას დააფინანსებს.

როგორც „ტელეგრაფი“ წერს, გეგმის დეტალები გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დამშვიდებით მშვიდობის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ევროპისთვის „თვითმკვლელობას“ ნიშნავს.

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია -მამუკა ხაზარაძე

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, იმ წუთას პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია – თუ დავდგებით ერთად და კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც საპროტესტო მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წარმატება ახლა ხალხის ხელშია.

„როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ (ახლა კარგად გრძნობენ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება), იმ წუთას პანიკაში ვარდებიან. ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია, რადგან დარჩა რის ამარა – მთავრობის, რომელიც ტერორისტების გვერდით მდგომია – „ჰამასის“, „ჰეზბოლას“; ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ (მინდა, მათ ანაკლიის ჩაგდებული პროექტი გავახსენო). შეერთებულ შტატებში ის პრეზიდენტი მოვიდა, რომლის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ანაკლიის პროექტის მშენებლობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩინეთი და რუსეთი საქართველოს მეგობრები არ არიან. უნდა გავიხსენოთ, სად ვდგავართ. ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. წარმატება მხოლოდ ჩვენს ხელშია. თუ დავდგებით ერთად (კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ), ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს. ამ ისტორიულ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, სტაბილურ, მშვიდობიან გარემოში, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს-გერმანიის საელჩო

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადებით, დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას, რომ თავისუფლება თავისთავადად არ მოდის.

„ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეკორდულ ვადებში მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე -ირაკლი კობახიძე

ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება.

„ამ მიზნით, 2022 წლიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმა. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაცია. რეფორმა გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწის უფასოდ აზომვას, ყველა საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემების არქივში მოძიებას, უწყებათაშორის კოორდინაციას და საბოლოო ჯამში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დასკვნით ფაზაშია და ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრების უფლება მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.

„შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე. რეგისტრირებული მიწის ჯამური ფართობი არის 784 000 ჰა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მონაცემია. ასევე, გასული წლის პირველი ოქტომბრიდან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასთან, რომლის ფარგლებშიც სისტემური რეგისტრაცია დედაქალაქშიც დაიწყო. რეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციებიც”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, პროექტის მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.

„ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ მიწის ნაკვეთები. ასეთია ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთი მთლიანობაში და 2025 წლის ბოლომდე ამ მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. რეფორმის დასრულების შედეგად, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს ქვეყანაში, შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა, საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისგან კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა და გაირკვევა მესაკუთრის ვინაობა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სრულად იქნება უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების დაცვა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სამინისტროს თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.