Home Blog Page 13

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ -ელენე ხოშტარია

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ევროსაბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია.

„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

  1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.
  2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – წერს ელენე ხოშტარია.

ამასთან, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს“.

უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს -სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან.

„უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს. იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, მან დიდწილად დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ცუდ სიტუაციამდე მიყვანაში.

მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ-მამუკა ხაზარაძე

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.

„2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს,, ეს არ არის უბრალო გაერთიანება – ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა – თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!

აქვე, პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.

ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!

ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ, რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს.

მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან არსებული შეთანხმების გაუქმებას კონკრეტული პირობები აქვს, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას -მაკა ბოჭორიშვილი

გაუგონარი რამ არის, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, მის შეჩერებას კი კონკრეტული პირობები აქვს და ამიტომ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურად ეს ჟესტი ძალიან გაუგებარია.

„ჯერ არაფერი არ დაწესებულება, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლითაც წესრიგდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, როდესაც საქმე გვაქვს დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრინციპულად ამ საკითხს, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, ეს რაღაც გაუგონარი რამ არის.

ჩვენ არ ვაცალკევებთ არავის, ვსაუბრობთ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ადამიანებზე და ასეთი, პირველ რიგში არიან სწორედ დიპლომატები. ის ადამიანები, რომლებიც საგარეო უწყებაში მუშაობენ, ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასეთი არის დიპლომატიური პასპორტის მფლობელების 80-90%. დანარჩენი, ვისაც უწევს სამსახურებრივად დიპლომატიური პასპორტის ქონა, შეიძლება, წარმოადგენდეს ასეთი ადამიანების 10-15%-ს.

ეს ჟესტი პოლიტიკურად არის ძალიან გაუგებარი, ომში მყოფი ქვეყნები სცემენ ერთმანეთის დიპლომატებს პატივს და ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ფორმა, როდესაც პირველი იწყებ დიპლომატებზე ხელის მოკიდებას. დიპლომატები არიან განსაკუთრებული წრე ადამიანებისა, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტებითაც, სწორედ იმიტომ, რომ ამით არის გამოკვეთილი მათი განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მას შემდეგ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები უვიზოდ დადიან ევროკავშირის სივრცეში. ამ შეთანხმებას აქვს შეჩერების, გაუქმების, ძალიან კონკრეტული პირობები. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა სამართლებრივ საფუძველს და განმარტებას მისცემს ამ ყველაფერს ევროკომისია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ზომის ამოქმედება. ამას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლის მომზადება, სწორედ ეს დაევალება ევროკომისიას და ვნახოთ, როგორი იქნება სამართლებრივი საფუძველი. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია ჩაიხედო შეთანხმებაში და ნახო, რა პირობები არსებობს, რათა ეს შეთანხმება შეჩერდეს. იქ არსად არ წერია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ან ხელისუფლების დასასჯელად. ამისთვის არ ყოფილა ეს შეთანხმება გაფორმებული. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ განმარტებას, რასაც მივიღებთ ევროკომისიისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დასავლელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან.

„ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება. გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

“შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.

კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად – ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.

აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება. 

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ. 

 

გაუარესებული ურთიერთობები შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის, ამერიკისთვისაც -მაკა ბოჭორიშვილი

გაუარესებული ურთიერთობები იქნება შეცვლილი, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოსთან შეაჩეროს პარტნიორობა, რეგიონში არსებულ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან პარტნიორობა შინაარსით იყოს დატვირთული.

„ჩვენ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ვუკავშირებთ იმ ომს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში და ზოგადად, იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია რეგიონში. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ მოგვისმენია ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია, როგორ ხედავს ჩვენს რეგიონში ამ კონფლიქტის სასწრაფოდ დარეგულირების საჭიროებას. თეთრ სახლში ვიდრე დაიკავებს ადგილს, მანამდეც კი გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვხედავთ, რომ მუშაობა მიდის ამ საკითხზე უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რუსეთთანაც. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ძალიან მალე ეს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დადგება საერთაშორისო დღის წესრიგში. რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ, გარკვეულ შეთანხმებაზე და დიპლომატიური გზების ძიებაზე დაიწყონ ფიქრი. მეორე საკითხია, როგორი იქნება ეს გადაწყვეტა, იქნება თუა არა ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვნახოთ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იანვარზე, ეს არის თარიღი, როდესაც ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დაიკავებს ადგილს.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევა კაბინეტში და პირველი საქართველოზე ფიქრსა და ზრუნვას დაიწყებს. ურთიერთობები იქნება სხვაგვარი, ეს ეფუძნება იმ წინაპირობას, რაც დღეს არის. ეს გაუარესებული ურთიერთობები იქნება შეცვლილი და ეს ვითარება რამდენიმე თვეში სხვაგვარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვქონდა, არ იყო აბსტრაქტული რამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, რატომ უნდოდა ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, სწორედ მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეს მნიშვნელობა არსად წასულა, აქ არის საქართველოს მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან პარტნიორობა შინაარსით იყოს დატვირთული. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა ამ ადმინისტრაციის პირობებში. არაერთხელ გაგვიგზავნია გზავნილი, რომ გვსურს შინაარსით დავტვირთოთ ეს ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობა იყოს ნამდვილად სტრატეგიული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას აშორებს, მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას -ჰელსინკის კომისია

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას.

„„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება.

ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ ეცადა, გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

„ქართული ოცნება“ თუ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი პატრონებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებთანაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად დაახლოვდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.

„კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ.

შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება.

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ – ეს მათთან კავშირს გააძლიერებს. შესაძლებლობა გექნებათ მოაგვაროთ ძველი დავა, რომელმაც დიდი ხანია, მოსვენება დაგიკარგათ. ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ნუ მოდუნდებით – შესაძლოა, სამსახურში საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ.

კურო

სამსახურში უფროსი თავისი კრიტიკული შენიშვნებით გაღიზიანებთ. შეიძლება ხვდებით კიდეც, რომ ეს პიროვნული დაპირისპირებაა, რადგან იცის, რომ მასზე ძლიერი ხართ და შეიძლება ოდესმე ჩაანაცვლოთ. კამათი და დაპირისპირება გამოსავალი არ არის. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, დარჩეთ და მოითმინოთ თუ სხვა სამსახური მოძებნოთ. საახალწლოდ არ გაგიტაცოთ ფულის ხარჯვამ და ეცადეთ, მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

შესაძლოა, პირად და პროფესიულ ცხოვრებაში დაბრკოლებებს შეეჯახოთ. ეს დღე შესაფერისია ხელოვნებასთან დაკავშირებული იდეების განხორციელებისთვის. გამორიცხული არ არის, ისეთმა რამემ გაგიტაცოთ, რისი არსებობის შესახებ არც კი იცოდით. თუ რაიმე საქმე წამოიწყეთ, ეცადეთ, დროულად დაასრულოთ და თაროზე არ შემოდოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უსიამოვნებების მთელი წყება აიცილოთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ხშირად საკუთარ თავს ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებთ და იმაზე მეტს მუშაობთ, ვიდრე გევალებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამან, დამატებითი შემოსავლის გარდა, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიტანოთ.

ლომი

შესაძლოა, მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება და თქვენი წარსულიდან მოდის. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და საკუთარ თავს ფიქრის დრო მიეცით. ამ დღეს ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სიტუაციას მალე მოაგვარებთ. იაქტიურეთ, რომ სასურველს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში ბედნიერი ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატებული ურთიერთობისთვის მხოლოდ მიღება საკმარისი არაა და უნდა გასცეთ კიდეც. მშვიდად იმოქმედეთ და ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. მიზნის მიღწევაში საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, თუმცა თავადაც შეგიძლიათ კოლეგებს საჭირო რჩევებით და მხარდაჭერით დაეხმაროთ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი პასიური იქნება, ამიტომ საქმეზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმეთ, როდესაც სასიცოცხლო ენერგიით სავსე იქნებით. სასიყვარულო ურთიერთობებში თავდაჯერება გაკლიათ და არ იცით, ეს კავშირი გააგრძელოთ თუ დაასრულოთ. თუ საყვარელი ადამიანი ჯერ არ გყავთ, ეს გაურკვევლობა შეიძლება მეგობრობას შეეხოს. გირჩევთ, ახალი პროექტის დაწყებისგან თავი შეიკავოთ, სანამ ძველ პროექტებს არ დაასრულებთ.

მორიელი

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. სავარაუდოდ, საღამოს უცნაურ ამბავს გაიგებთ და ეცადეთ ეს ინფორმაცია უფრო სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოთ. თუ მცირე გაუგებრობებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დაგირეკოთ ადამიანმა, რომელთანაც წარსულში სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ. თქვენზეა გადასაწყვეტია, შეხვდებით თუ არა მას. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, არ დაივიწყოთ და ეცადეთ უახლოეს ხანებში განახორციელოთ. კარგი დღეა საახალწლო არდადეგების დაგეგმვისა და ბიუჯეტის გამოსათვლელად. გვერდს ნუ აუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.

თხის რქა

ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით. შეეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მერწყული

ეს დღე აღმოჩენებით იქნება სავსე და გარემოებები ამ თუ იმ ადამიანს სრულიად სხვა კუთხიდან დაგანახვებთ. გაუზიარეთ თქვენი აზრები მეგობრებს და საყვარელ ადამიანს და დაინახავთ, რამხელა შვებას იგრძნობთ. შეიძლება რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. სამსახურში მცირე გაუგებრობა სწრაფად მოგვარდება.

თევზები

თევზები შრომისმოყვარეები არიან და ხშირად ზედმეტად ბევრს მუშაობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა შეძლოთ. კარგი იქნება თუ საღამოსთვის მხიარულ ღონისძიებას დაგეგმავთ, სადაც მეგობრებს მოიწვევთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ტიერი მარიანი: ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე

როდესაც პორტუგალიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში ცხოვრობ, ძალიან მარტივია ილაპარაკო – საზღვრები დავბლოკოთ, ვაჭრობა შევწყვიტოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. როდესაც რუსეთის საზღვართან იმყოფები, ეს იგივე არ არის, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ვფიქრობ, მთავრობის ფუნქციაა იფიქრო ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და მე სრულად მესმის რატომ არ შემოიღეთ სანქციები. სერბეთმაც უარი განაცხადა სანქციებზე და ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღი აქვთ, უნგრეთმაც უარი განაცხადა, რადგან იაფი ენერგომატარებლები გვაქვს და რას მივიღებთ ინდუსტრიისთვის, რომ სანქციები დავაწესოთ? შეხედეთ ქვეყნებში სიტუაციას, რომლებმაც სანქციები შემოიღო, დავაკვირდეთ გერმანიას და საფრანგეთს – ძალიან ცუდია მდგომარეობა რადგან ენერგომატარებლების ფასი ურტყამს კომპანიებს. მე დიდი ხანია ვმოღვაწეობ პოლიტიკაში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ამ მომენტში არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავეს გავაკეთებდი, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა ქალბატონი ფონ დერ ლაიენის ინტერესებით“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.