Home Blog Page 13

ევროპის ქალაქებში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

ევროპის ქალაქებში დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს!“ „დემოკრატები საზღვარგარეთ“-ის მიერ იყო ორგანიზებული. აქცია გაიმართა ბერლინშიც, სადაც აქციის მონაწილეები Tesla-ს შოურუმთან მივიდნენ და გერმანიაში მცხოვრებ ამერიკელებს „ქაოსის დასრულებისკენ“ მოუწოდეს, ასევე საკუთარი ხელისუფლების მიმართ პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი, ძირითადად ამერიკელები, პლას დე ლა რესპუბლიკაზე შეიკრიბდნენ.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ პროტესტი გაიმართა სხვა ევროპულ ქალაქებშიც, მათ შორის ლონდონსა და ლისაბონში.

ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ადამიანი ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბა, ისინი სკანდირებდნენ „ხელები შორს კანადისგან“, „ხელები შორს გრენლანდიისგან“ და „ხელები შორს უკრაინისგან“.

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც იურისტმა თორნიკე ართქმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს დადგენილება, “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.

„2 დღის წინ, ცესკომ კანონსაწინააღმდეგო დადგენილება მიიღო, რითაც დამკვირვებლებს უკრძალავენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებს დააკვირდნენ და გადაუღონ ფოტო-ვიდეო, ასევე მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე მისულ პირებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ. ეს არის დასტური იმისა, თუ რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით სიმართლეა – როგორ გაყალბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ცესკოს ეს დადგენილება სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რის გამოც, დღეს, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ“, – განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.

ლაშა გოგნიაშვილი ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.

,,საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან – ვისაუბრებთ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევაზე ” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც რეგიონშია, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს. აქ, პარლამენტებიდან 130 ქვეყნის დელეგაცია არის წარმოდგენილი, 2000-მდე დელეგატია. ჩვენ ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებთ, რომ ერთ ადგილზე საშუალება გვქონდეს, ბევრ ჩვენს კოლეგას შევხვდეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავესაუბროთ. როგორც წესი, ჩვენს კოლეგა პარლამენტარებთან შეხვედრებისას ასეთ ფორმატებს, უპირველეს ყოვლისა, ვიყენებთ ხოლმე არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად. ამჯერად შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან გვექნება. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც რეგიონშია – იმ სამშვიდობო მიზნებზე, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დამთავრების მიმართულებით დასრულდეს. ასევე, იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რაც დღეს არსებობს, რათა ეკონომიკურ თანამშრომლობას სწორი მიმართულება მიეცეს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასამბლეა უზბეკეთში, ტაშკენტში ტარდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლის წინ წამოწევა თანამედროვე სამყაროში იმ ეკონომიკური, ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით ისახება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მექნება, უზბეკეთის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, ვისთანაც განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა გვაქვს. წინ საინტერესო ასამბლეა გველოდება. ასამბლეის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლა მექნება. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო შეხვედრა იქნება. თავისთავად, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სულ ახლახან აზიის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა. მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, არსებობდეს ის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და თანამედროვეობაში უკვე საერთო ეკონომიკური ინტერესებია, სწორად განხორციელდეს, როგორც ეკონომიკურ-თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა – მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა, – განაცხადა მარკ რუტემ The New Voice of Ukraine-is ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნატოსკენ უკრაინის სვლა შეუქცევადია, თუმცა ეს ფორმულირება გრძელვადიან პერსპექტივას ეხებოდა. ზუსტად რა ვადებში მოხდება ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რუტეს თქმით, არავინ იცის.

გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების – მეუფე შიო

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, ქორეპისკოპოსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო განცხადებით, წელს, საქართველოში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი აღინიშნება.

მისი განმარტებით, დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი გვავალდებულებს, განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე და მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან.

“წელს, საქართველოში აღინიშნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. მის მიერ აშენებული გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების. ეს მონასტერი ჩვენ გვავალდებულებს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე, მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან. შრომატევადი და ურთულესი საქმე, ღვთის შეწევნით დაგვირგვინდება დიდი წარმატებით და ყველანი ერად გავიხარებთ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში -ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის, გარკვეულწილად, საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც, ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები -ირაკლი კობახიძე

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება.

„ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დიფ სთეითი” დღემდე აქტიურად ცდილობს ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას, არც ვიქტორ ყიფიანი ყოფილა გამონაკლისი, რომელიც, როგორც ამბობენ საკმაოდ იაფად, სულ რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირეს -დავით ქართველიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის – ვიქტორ ყიფიანის გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუ არაერთი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო, რადგან კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა – ოპოზიცია იმდენად გაკოტრებული და განადგურებულია, რომ „დიფ სთეითი“ ციებ-ცხელებიანივით ეძებს საქართველოში კადრებს, რომელთა დახმარებითაც რადიკალური ოპოზიციის განახლებას და რებრენდინგს შეძლებს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “დიფ სთეითისთვის” სამწუხაროდ, სათადარიგო მოთამაშეებიც კი, რომლებიც ამ ეტაპამდე პოლიტიკაში პირდაპირ არ ჩართულან, სუსტები არიან.

ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ერთ-ერთ ახალ სახედ, “დიფ სთეითი” სწორედ ვიქტორ ყიფიანს მოიაზრებს, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ ყიფიანის ცნობადობა მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ საზოგადოებამ ის, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ისე გაიცნო, ამიტომაც, „დიფ სთეითს“ ხელში შერჩა გაცრეცილი სახე, რომელიც ვერც სალომე ზურაბიშვილთან და ვერც ვინმე სხვასთან ერთად, პოლიტიკაში ვერაფერს შეცვლის.

“ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის – ვიქტორ ყიფიანის გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუ არაერთი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო, რადგან კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა – ოპოზიცია იმდენად გაკოტრებული და განადგურებულია, რომ „დიფ სთეითი“ ციებ-ცხელებიანივით ეძებს საქართველოში კადრებს, რომელთა დახმარებითაც რადიკალური ოპოზიციის განახლებას და რებრენდინგს შეძლებს.
მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებიც კი, რომლებიც პოლიტიკაში ამ ეტაპამდე პირდაპირ არ ჩართულან, ასევე გაკოტრებული და სუსტები არიან.

როგორც უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, „დიფ სთეითი“ ერთ-ერთ ასეთ ფიგურად ვიქტორ ყიფიანს მოიაზრებს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს, რომელიც მხოლოდ იმით გადაურჩა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას, რომ ბიძინა ივანიშვილს მოპარული ფული უკან დაუბრუნა.
არახალია, რომ „დიფ სთეითი“ აქტიურად ცდილობდა და დღემდე ცდილობს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას. არც ვიქტორ ყიფიანი ყოფილა გამონაკლისი, რომელიც, როგორც ამბობენ საკმაოდ იაფად, სულ რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირეს და საკუთარ აგენტად აქციეს.
თუმცა, ის კი ვერ გათვალეს, რომ ყიფიანის ცნობადობა მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ საზოგადოებამ ის, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ისე გაიცნო, ამიტომაც, „დიფ სთეითს“ ხელში შერჩა გაცრეცილი სახე, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან კი არა, ვისთან ერთადაც არ უნდა შეიყვანონ ახალ სახედ პოლიტიკურ პლატფორმაში, ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან არანაირი პოლიტიკური ინტელექტი, მუხტი, ალღო და გამოცდილება არ აქვს.

ინტელექტი და გამოცდილება შემთხვევით არ გვიხსენებია, აკი თავად ვიქტორ ყიფიანმა დაუწუნა ინტელექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს – ანრი ოხანაშვილს, კაცს, რომელსაც დოქტორის ხარისხი გერმანიაში აქვს დაცული და არათუ „ქართული ოცნების“ რიგებში, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ მაღალი ინტელექტით გამოირჩევა.

ამასთანავე, ამავე ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანმა დაადასტურა ერთი მხრივ ის, რომ სახელმწიფოს მართვის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, მეორე მხრივ კი ის, რომ სწორედ „დიფ სთეითის“ ხაზს მიჰყვება. ყიფიანს მიაჩნია, რომ თითოეული სახელმწიფო სტრუქტურა მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ერთი ვერტიკალიდან არ უნდა იმართებოდეს.

ეს სწორედ „დიფ სთეითის“ ფორმულაა, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ იმართებოდეს. სწორედ ამიტომ ცდილობს „დიფ სთეითი“ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას სახელმწიფოებში, სადაც შედის, რათა ძალაუფლება ერთი ინსტიტუტის ხელში არ აღმოჩნდეს, შესაბამისად, მართვა ეფექტური არ იყოს.

ასევე, ამავე მიზნის მიღწევას ემსახურება ვითომდა ინკლუზიურობის მიზნით საარჩევნო ბარიერის გაუქმების მოთხოვნაც. რეალურად, საარჩევნო ბარიერის დაწევას ან გაუქმებას მხოლოდ იმიტომ მოითხოვენ, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი წვრილი პარტია მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია მოახერხებს დომინირებას და ვერც ერთი, ან ორი ძლიერი პარტია შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას, რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს ეფექტურ მართვას შეუძლებელს გახდის.

არადა, კარგად მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ეფექტური მართვისთვის დროული გადაწყვეტილებების მიღებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამიტომაცაა, რომ ერთი ცენტრიდან მართვა, ოღონდ იმ პირობებში, როცა ყველა სტრუქტურას დამოუკიდებელი შიდა ვერტიკალი აქვს და ყველა სტრუქტურა კოორდინაციაშია ერთმანეთთან, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მართვის ის მეთოდები, რომელთა დანერგვასაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა და ცდილობს, რომლის ფარგლებშიც მითითებების და დავალებების მისაღებად ხელისუფლება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლებთან, ან პირდაპირ ელჩთან უნდა გარბოდნენ, რათა არავის ჰქონდეს გადაწყვეტილებების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უფლება,” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

გაყალბებით ცნობილი ISFED-ი ფინანსდება არა USAID-ის, არამედ უკვე ბრიტანული ფონდის მიერ, „დიფ სთეითი“ კვლავ აქტიურობს, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე -ირაკლი კობახიძე

გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ ანუ „დიფ სთეითი“ კვლავაც აქტიურობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა, ამ ფონზე „დიფ სთეითი“ შეეცდება, ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, მაგალითად, რომ გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. ანუ „დიფ სთეითი“ კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებშიც ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად უცხოური დაფინანსების მანკიერი და გაუმჭვირვალე პრაქტიკისა და მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა, იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია, ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის“ ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკური ომი დაიწყო

2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ათობით ქვეყნისთვის ტარიფები გამოაცხადა. ტრამპის ტარიფების სამიზნეები არიან არა მხოლოდ შეერთებული შტატების  მოწინააღმდეგეები, არამედ მოკავშირეებიც – ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.

თეთრი სახლის ბაღში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ 2 აპრილი გახდება შეერთებული შტატების განთავისუფლების დღე. ტრამპის თქმით, ამერიკა გაძარცვეს სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს შეერთებულ შტატებში ვაჭრობის შეღავათიანი პირობებით და თავად დააწესეს გადასახადები ამერიკულ საქონელზე. ტრამპი ჰპირდება ამერიკული ინდუსტრიის აღორძინებას, ინვესტიციების შემოდინებას შეერთებულ შტატებში და საქონლის ფასების შემცირებას. ტრამპის თქმით, ამერიკა უფრო გამდიდრდება.

ტრამპის მიერ ტარიფების შესახებ განცხადებაზე რეაქცია იყო საფონდო ბირჟების ინდექსების დაცემა და რიგი ქვეყნების მთავრობების საპასუხო ზომების გამოცხადება. ჩინეთმა უკვე უპასუხა ამერიკულ საქონელზე 34%-იანი ტარიფებით. ევროკავშირი, სამხრეთ კორეა და იაპონია საპასუხო ზომებს ამზადებენ. იწყება გლობალური ეკონომიკური ომი.

წარსულში ამ მასშტაბის ეკონომიკურმა კონფლიქტებმა მსოფლიო ომები გამოიწვია. მაგალითად, იაპონიის თავდასხმა პერლ ჰარბორზე, რომელიც გახდა ომის დასაწყისი შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის, იყო იაპონიის რეაქცია იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა იაპონიაში ნავთობისა და ლითონების ექსპორტზე. ასევე ომები ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორც წესი, ეკონომიკური კონფლიქტების გამო იწყებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს კანადის წინააღმდეგ დამატებითი ტარიფები არ დაუწესებია. მან დატოვა მხოლოდ 25% ტარიფები კანადაში წარმოებული მანქანების შეერთებულ შტატებში იმპორტზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის ბოლო სატელეფონო საუბარი შედარებით წარმატებული გამოდგა. კანადა აწესებს სიმეტრიულ ტარიფებს აშშ-ს წარმოების მანქანებზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი სავაჭრო ომი აშშ-სა და კანადას შორის ჯერჯერობით თავიდან იქნა აცილებული.

ტრამპმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მხოლოდ 10%-იანი ტარიფი შემოიღო. ამ ამბავს ბრიტანელები თავშეკავებულად გამოეხმაურნენ. შეიძლება ითქვას, რომ ანგლო-საქსონურ ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა) შეუძლიათ შეთანხმდნენ და არ წამოიწყონ სრული სავაჭრო ომი.

რაც შეეხება ევროკავშირს, ტრამპის ანტიევროპული განწყობები საიდუმლო არ არის. ტრამპი მკაცრად მოიქცევა ევროკავშირთან, ამიტომ ევროპამ უნდა გადახედოს თავის ეკონომიკურ სტრატეგიას. უკრაინის ომის გამო ევროპამ დაიწყო მილიტარიზაციის პროცესი. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაიარაღების პროგრამა, რომლის ღირებულება 800 მილიარდი ევროა, მხოლოდ დასაწყისია ევროპელების მიერ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის პროცესისა.

ევროკავშირი ასევე დადგა დოლარის სისტემისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების აუცილებლობის წინაშე. ევროპა შეეცდება გაზარდოს ევროს წილი საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც შეამსუბუქებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ზეწოლას ევროკავშირზე.

ევროკავშირი ასევე გააფართოებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან, რადგან ჩინეთი ისარგებლებს ქვეყანაში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობით. სანამ შეერთებული შტატები ქმნის სავაჭრო ბარიერებს, ჩინეთი მზადაა დასავლელ ინვესტორებს უფრო მიმზიდველი ბიზნეს პირობები შეუქმნას.

ტრამპის მიერ დაწყებული ეკონომიკური ომის ერთ-ერთი შედეგი არის ნავთობის ფასების დაკლება. გლობალური სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტა აუცილებლად გამოიწვევს გლობალური წარმოების შემცირებას და, შესაბამისად, ნავთობის შესყიდვის შემცირებასაც. OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდა გადაწყვიტეს. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ცდილობენ დაიპყრონ ბაზრის რაც შეიძლება მეტი წილი, ვინაიდან ნავთობის ფასების კლების ტენდენცია გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ამერიკელებისთვის ბენზინზე ფასების შემცირება იყო.

ნავთობის დაბალი ფასების პირობებში სპარსეთის ყურის ქვეყნები აღმოჩნდებიან ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, ვინაიდან ამ ქვეყნებში ნავთობის წარმოების ღირებულება დაბალია.

ამავდროულად, რუსეთისთვის ნავთობის ფასების კლება ძლიერი ეკონომიკური დარტყმაა. რუსეთში ნავთობის წარმოების ღირებულება  საშუალოდ 45 დოლარს ბარელზე შეადგენს. Urals-ის ნავთობის ფასი უკვე დაეცა 57 დოლარამდე ბარელზე და კლებას მომავალშიც გააგრძელებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ, ამ ქვეყნებმა შესაძლოა მოითხოვონ დამატებითი ფასდაკლებები რუსულ ნავთობზე.

ამრიგად, რუსეთის ეკონომიკა, რომელიც 2 აპრილამდეც დიდ სირთულეებს აწყდებოდა, 80-90-იანი წლების პერიოდში საბჭოთა კავშირის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპმა გააუქმა ამერიკული სანქციები რუსეთზე, რუსეთის ეკონომიკა ვერ აანაზღაურებს ზარალს ნავთობის დაბალი ფასების გამო.

ნავთობის ფასების კლების ტენდენციამ შეიძლება აიძულოს პუტინი დაეთანხმოს ზავს უკრაინაში. პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრა გორბაჩოვისა და რეიგანის სამიტებს დაემსგავსება. გორბაჩოვი ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებული იყო შეერთებულ შტატებთან დათმობაზე წასულიყო. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა პუტინიც.

სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი რონალდ რეიგანის წარმატების გამეორებას აპირებს. დონალდ ტრამპის ოვალურ კაბინეტში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას რონალდ რეიგანის პორტრეტი ჰკიდია. როგორც ამბიციურ ადამიანს, ტრამპს სურს არა მხოლოდ გაიმეოროს რეიგანის წარმატებები, არამედ აჯობოს თავის წინამორბედს.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო გაჯანსაღებას, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გვყავს, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ -ირაკლი კობახიძე

სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის, ნებისმიერ გუნდში საჭიროა განახლება და ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას.

„საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში და ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასულ დღეებში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის, ვგულისხმობ ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი, სწრაფი განვითარება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.