Home Blog Page 13

თიბისი დაზღვევა – Fitch Ratings-ის ,,BB სტაბილური”- ს მფლობელია

„თიბისი დაზღვევა“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB სტაბილური პროგნოზით მიანიჭა.

„თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი განპირობებულია სტაბილურად ძლიერი და მზარდი   ფინანსური მაჩვენებლებით. კომპანიის კაპიტალი, დღეისთვის, 50 მილიონს აღემატება, 2024 წლის მეორე კვარტლის, გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი კი,  207%-ია , – წერია Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ რეიტინგის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დივერსიფიცირებული პორტფელია, Fitch-ი დადებითად აფასებს, რომ კომპანია მხოლოდ  “A” კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვეველებთან პარტნიორობს.

„თიბისი დაზღვევა“ ბაზარზე 7 წელია საქმიანობს და, დაარსების პირველივე წლებიდანვე, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დაზღვევის საცალო ბაზარზე, პირველ ადგილზე ვართ, როგორც ბაზრის წილით, ასევე, მომხმარებლის კმაყოფილებითა და ანაზღაურების ოდენობითაც. დაარსებიდან დღემდე, მომხმარებლებისთვის, 300 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული.


„თიბისი დაზღვევა“, ყოველთვის წარმოადგენდა ინოვატორ სადაზღევევო კომპანიას, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომებით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე. – დავით კიღურაძე – გენერალური დირექტორი

„თიბისი დაზღვევა“ თიბისი ჯგუფის წევრი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ 2024 წელს, მომხმარებლებზე 53 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა აანაზღაურა.

 სანამ მიხაილ როთი ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით – ნიკოლოზ სამხარაძე

მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი – როთს სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვხვდებით და სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ ამაყი, თავმოყვარე ხალხი ვართ და როცა ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი ჩამოდის, საკუთარ თავს შეურაცხყოფის უფლება არ უნდა მისცეს“.

„თავი დავანებოთ იმას, რომ ის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და იქ ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ძალიან მაინტერესებს, მას შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ, რომ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.

გაგახსენებთ, როთმა თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათ. ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლება. როთმა ასევე ქართველებზე ფეხბურთელებზე თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ მათ თანხა „ქართუ“ ფონდიდან აიღეს.

ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ – კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ, ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში?- უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ Middle East Eye-ში („ახლოაღმოსავლური ხედვა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში? პუტინი ითხოვს, რომ ანკარაში ვიზიტის დროს მას ესკორტად რუსული ავიაგამანადგურებლები ახლდნენ” (ავტორი – რაჰიფ სოილუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში ვიზიტი რამდენჯერმე გადადო. ოფიციალური პირები მიზეზად მრავალ გარემოებას ასახელებდნენ. ზოგიერთების თქმით, ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, თავს არიდებს ისეთ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებიც სსრკ-ის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, ან ახლა რუსეთის მხარდამჭერები არ არიან. უფრო ადრე ამბობდნენ იმასაც, რომ როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ისევ ვლადიმერ პუტინის ლიდერობა დადასტურდება, პრეზიდენტი ანკარას მაშინ ეწვევა და თურქ კოლეგას შეხვდებაო.

არჩევნებიც ჩატარდა, პუტინის პრეზიდენტობაც დადასტურდა, მაგრამ „ურემი ისევ იქ დგას“ – რუსეთის ლიდერი არა და არ ჩადის თურქეთში.

უჩვეულო პირობა: მხოლოდ სამხედრო ავია ესკორტით…

როგორც Middle East Eye-ს კრემლის ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომმა წყაროებმა შეატყობინეს, ვიზიტის მუდმივად გადადების ძირითად მიზეზად ის პირობები ითვლება, რომელთა საფუძველზეც ვლადიმერ პუტინი ანკარას უნდა ეწვიოს.

წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში რუსული ავიაგამანადგურებლების ესკორტით სურს ჩაფრენა: იმიტომ, რომ იგი შეშფოთებულია უკრაინის შესაძლებლობებით – კიევს საფრენ მარშრუტზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია.
მოსკოვის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტი რუსული ავიაგამანადგურებლების თანხლებით ჩაფრინდეს – მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაშვებით, საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს: ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო ერთიან სისტემას, რომელიც თურქეთსაც მოიცავს, შეუძლია რუსული სამხედრო თვითმფრინავები მტრულ სამიზნედ აღიქვას.
ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების მცოდნე ერთ-ერთი პიროვნების თქმით, საეჭვოა, რომ თურქეთმა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედება შეაჩეროს, კრემლის თხოვნის შესასრულებლად.

ბოლო სამუშაო შეხვედრაზე რუსი და თურქი ოფიციალური პირები ვლადიმერ პუტინის ვიზიტის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის პირველ კვირას ასახელებდნენ, მაგრამ რადგანაც მოსაგვარებელი დარჩა პრობლემა ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით, ვიზიტის რეალიზება ნაკლებად არის შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ სულ ბოლოს ვლადიმერ პუტინი თურქეთში 2014 წელს იმყოფებოდა.

რისი ეშინია ვლადიმერ პუტინს?

ორმა ყოფილმა თურქმა ელჩმა, რომლებიც ადრე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული დიპლომატიურ პროტოკოლთან უცხო სახელმწიფოების მეთაურთა ვიზიტების თაობაზე, Middle East Eye-ს უთხრეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ძალზე უჩვეულო იყო. „ანკარას თეორიულად შეუძლია „კეთილი ნების“ ჟესტის სახით ნება დართოს უცხო სახელმწიფოს მეთაურის ესკორტის თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე და დაშვებაზე, თუმცა მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ვიზიტს, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის ლიდერებს თავისი ქვეყნის ავიაგამანადგურებლების ესკორტით ჩამოსვლა სურდათ“, – აღნიშნეს ყოფილმა თურქმა დიპლომატებმა.
მესამე ელჩმა, რომელსაც Middle East Eye-მ კომენტარისთვის მიმართა, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით, არ არსებობს რაიმე სპეციალური პროტოკოლი, რომელიც მსგავს თხოვნას არეგულირებს, ამიტომ საკითხი განხილვის საგნად რჩება.
მაგრამ რუსეთის მოთხოვნა მხოლოდ ავიაგამანადგურებლებით არ შემოიფარგლება: რუსი ოფიციალური პირები ჩივიან, რომ სამი უდიდესი ზეთანამედროვე სასტუმრო ანკარაში – „ჰილტონი“, „შერატონი“ და „მარიოტი“ – აშშ-ის კომპანიებს ეკუთვნით, მოსკოვი კი ამერიკულ სასტუმროებს რუსეთის პრეზიდენტისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

დღის წესრიგში დგება საკითხი – უზრუნველყოფს თუ არა თურქეთის ხელისუფლება იმას, რომ ვლადიმერ პუტინს სამთავრობო სასტუმრო სახლი დაუთმოს? მსგავსი ფაქტი თურქეთის უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
ერთი შეხედვით, ღამისთევის საკითხი არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ვლადიმერ პუტინი ერთდღიანი ვიზიტით ჩაფრინდება თურქეთში, მაგრამ რადგანაც მოსკოვს და ანკარას ბევრი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი და პირადი „ტეტ-ა-ტეტ“ მოლაპარაკება აუცილებელია, ვიზიტი ორდღიანი იქნება. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრ ქვეყანას წარმოადგენს, რუსი ოფიციალური პირები კი, ომიანობის დროს, პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

მოსკოვი-ანკარა: აღმასვლები და დაღმასვლები

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ძირითადად სტაბილურია და ეკონომიკას – ენერგეტიკას, ვაჭრობას და ტურიზმს ემყარება, მათ პოლიტიკურ კავშირებში პერიოდულად აღმასვლებიც ხდება და დაღმასვლებიც.

რამდენიმე წლის წინათ მოსკოვ-ანკარის ურთიერთობა რუსი ელჩის მკვლელობამ და სირიის ამბებმა დაძაბა, როცა თურქეთის თვითმფრინავმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მორიგი კრიზისი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განვითარდა, როცა თურქეთმა კიევისათვის იარაღის მიწოდება დაიწყო, თან ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარა. მართალია, ამის მიუხედავად, მოსკოვ-ანკარის ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდებოდა, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა თურქეთიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა – ანკარა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია აშშ-ის გაფრთხილება-მუქარებისათვის… შესაბამისად, ორმხრივი ვაჭრობა გარკვეულად შემცირდა. და მაინც, ორივე მხარე აცხადებს, რომ აკუიას ატომური ელექტროსადგურის გარდა, გეგმებში აქვთ კიდევ ერთი აეს-ის მშენებლობა შავი ზღვის ნაპირზე, სინოპთან ახლოს, ასევე გაზის ჰაბის მოწყობა თურქეთის დასავლეთ ნაწილში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია”-Die Welt

გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) ბეჭდავს სტატიას სათაურით: “ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია” (ავტორი – უმა სოსტმანი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილი ქალების ბედი – მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ბორდელებშია დაკავებული და თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გერმანიაში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ქალებს უფლება აქვთ სოციალური დახმარება მიიღონ, მაგრამ ბევრი მათგანი საბოლოო ჯამში ბორდელებში „სამუშაოდ“ მიდის: ბერლინის მსგავსი დაწესებულებების პერსონალის 50%, შეიძლება ითქვას, უკრაინელი ქალბატონებისაგან შედგება. რასაკვირველია, ისინი თავდაპირველად იმედოვნებენ, რომ ბორდელებში მხოლოდ დროებით იქნებიან, მაგრამ „დროებითი“ თანდათან „ხანგრძლივად“ გადაიქცევა ხოლმე.

სოციალური სფეროს მუშაკები, რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მყოფ მიგრანტთა და ლტოლვილთა უზრუნველყოფით არიან დაკავებულები, ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა ბორდელებში მყოფ მოსამსახურეთა ეთნიკური შემადგენლობა:

„ადრე უკრაინელი ქალები პროსტიტუციით ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი. ქალთა უმრავლესობა წინა წლებში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო წარმოდგენილი – ბულგარელები, რუმინელები და უნგრელები, ახლა კი მათ უკრაინელებიც დაემატნენ.
ისინი უკვე თითქმის ყველგან დომინირებენ: მათი რაოდენობა 50%-ს აღწევს და ხშირად უფრო მეტიცაა. ძალიან ბევრია ახალგაზრდა ქალები – გოგონები, რომლებიც უკრაინიდან ომს გამოექცნენ“, – ამბობს „ველტთან“ საუბარში სოციალური მუშაკი მია.

„როგორც ჩანს, მათ არ იციან თავიანთი უფლებები გერმანიაში. ალბათ, გარკვეული შიში აქვთ დასაქმების ცენტრის მიერ წამოყენებული პირობების მიმართ და იქ არ მიდიან – ერიდებიან, რომ მათი პროსტიტუციური საქმიანობა ყველასათვის ცნობილი გახდება“, – ამბობს მია.

ლტოლვილებს არ ჰყოფნით საცხოვრებელი ფართობი, ეცოტავებათ სოციალურად გარანტირებული თანხა და ამიტომ ზოგიერთები თავშესაფრებში ცხოვრებასთან შედარებით უპირატესობას ბორდელებში მუშაობასა და იქ დღედაღამ ყოფნას ანიჭებენ.
არცთუ იშვიათად ქალებს სექსით დაკავებას მამაკაცები აიძულებენ, რომლებიც მათ უფასო საცხოვრებელს ჰპირდებიან და ამ მიზნით ბორდელებში სამუშაოდ მიჰყავთ. ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა გერმანული პრესა, რომ უსახლკაროდ და უფულოდ დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილ გოგონებს ჩეხი სუტენერები „მფარველობენ“ და პროსტიტუციაში ითრევენ.

გარდა ამისა, არის ცნობები, რომ უშუალოდ უკრაინაშიც მუშაობენ ქალების ე.წ. „დამქირავებლები“, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ჯერ კარგ პირობებს ჰპირდებიან, ხოლო შემდეგ, როცა ისინი გერმანიაში ჩადიან, იქ უკვე ბორდელებში მიჰყავთ სამუშაოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

“დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება”- The Washngton Post

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washngton Post) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ანალიტიკოსისა და პოლიტიკური მიმომხილველის ფარიდ ზაკარიას სტატია სათაურით: “დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება”.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩემს ჩასვლას კიევში, სადაც ყოველწლიურ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ერთგვარი გამამხნევებელი შთაბეჭდილებების მიღების მიზანიც ჰქონდა. რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკული პოლიტიკური დებატების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. დემოკრატები, კამალა ჰარისის სახით, აცხადებენ, რომ დახმარებას გააგრძელებენ, რესპუბლიკელები კი, დონალდ ტრამპის პირით, აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი დასრულება ერთ დღეში შეუძლიათ, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, ორივე მხარის მუდმივი დისკუსიები რეალური ცხოვრებისაგან საკმაოდ შორს დგანან.

რა ხდება უშუალოდ კიევში? რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები? დღეს ქალაქში შექმნილი სიტუაცია განსხვავდება 2022 და 2023 წლების მდგომარეობისაგან, როცა მე იქ ვიყავი დაახლოებით ამავე პერიოდში. ქვეყანაში ამჟამად კრიტიკული ვითარებაა, მომდევნო რამდენიმე თვეში, საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.

კიევს ყოველთვის ვთვლიდი გასაოცრად კომფორტულ ქალაქად, მათ შორის პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ახლა მდგომარეობა შეცვლილია: რუსეთის საჰაერო დარტყმების სიხშირე გაიზარდა. მართალია, ყველა რაკეტა და დრონი არ აღწევს მიზანში ამოღებულ ობიექტებამდე, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან დამთრგუნველია. ჩემი ჩასვლის დროს, ღამით, ქალაქის ცას აფეთქებების შუქი ანათებდა, ისმოდა გრიალი და საჰაერო განგაშის სირენების საზარელი ხმა, მუშაობდნენ რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეები…
მე არ მინდა გადავაჭარბო მძიმე სურათის აღწერაში, მაგრამ არც ის მსურს, რომ რაღაც არასრულად ვაჩვენო. კიევი კვლავ ხმაურიან, ცოცხალ, ლამაზ ქალაქად რჩება. ქუჩები და პარკები ხალხით არის სავსე, ისინი სამუშაოზე მიდიან, მაღაზიაში შედიან და ყიდულობენ და, უბრალოდ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები სეირნობენ. მაგრამ ომის ფონს და კვალს ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ: სარეკლამო ბილბორდები უკრაინელებს არმიაში სამსახურისაკენ მოუწოდებენ, სამშენებლო ბრიგადები დანგრეულის აღდგენას ცდილობენ, წმინდა მიხეილის მოედანზე და საამაყოდ არის გამოფენილი ტროფეის სახით ხელში ჩაგდებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გაბედულმა ოპერაციამ მსოფლიო გააკვირვა, როცა ისინი რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს.

უკრაინელთა მოლარული სულისკვეთება განუზომლად ამაღლდა – ჯარისკაცებისაც და მოქალაქეებისაც. ისინი ამგვარ ცნობას დიდი ხანია ელოდნენ, მაგრამ… ახლა მათ ისიც გააცნობიერეს, რომ კურსკის ოლქში შეჭრამ ომის ძირითადი დინამიკა კარდინალურად ვერ შეცვალა. ბევრ უკრაინელს კითხვა უჩნდება – იქნებ არმიის სარდლობამ და ქვეყნის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვეს? რამდენად სწორი იყო კურსკის ოლქში შეჭრისათვის არმიის საუკეთესო სამხედრო ნაწილების გამოყენება? ხომ არ მოხდა ამით თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გაშიშვლება?

კითხვები კითხვებად, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია: აშკარაა, რომ რუსეთის არმიას ბრძოლის ინტენსიურობა არ შეუსუსტებია და ძველებურად ნელ-ნელა წინ მიიწევს, ქალაქ პოკროვსკს – სამხედრო ლოჯისტიკურ ცენტრს – უახლოვდება. თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთი მიზნის განხორციელებას სწრაფად შეძლებს და მთელ დონბასს გააკონტროლებს, რითაც უკრაინელებს უმძიმეს მორალურ დარტყმას მიაყენებს. პოკროვსკის დაკავება რეალობას კარდინალურად შეცვლის: შეიძლება 2022 წლის თებერვალს-მარტის მდგომარეობა განმეორდეს, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ და ხერსონი ჰქონდათ დაკავებული.

ამას წინათ რუსეთმა პირველად დაარტყა შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში მცურავ სატვირთო გემს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული ეგვიპტეში მიჰქონდა. თუ სავაჭრო გემები უკრაინის ნავსადგურებში შესვლას შეწყვეტენ, ეს იქნება მძიმე ზიანის მიყენება კიევის დიდი მიღწევისადმი ომის განმავლობაში – მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის მიმართ. უკრაინას ახლა ფული ჰაერივით ესაჭიროება – ყველაფრისაგან, რისი საშუალებაც კი არსებობს. ფული ჭირდება ქვეყნის დანგრეულ ეკონომიკას, სამხედრო მრეწველობას, რათა გარკვეული კონკურენცია მაინც გაუწიოს რუსეთს, რომელიც იარაღს დღედაღამ შეუჩერებლად ამზადებს.
მაგრამ ყველაზე მეტად საგანგაშო განწყობად უკრაინაში მე ის მიმაჩნია, რაც ბევრი ადამიანისგან მოვისმინე – როგორც ჩინოვნიკებისაგან, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან: მათ ძალიან აწუხებთ დასავლეთისა და კერძოდ აშშ-ის რეაქცია. ერთ-ერთმა უკრაინელმა გულახდილად მითხრა: „ჩვენ არასოდეს არ გავხდებით რუსეთის კოლონია და ბრძოლას ყველა სიტუაციაში გავაგრძელებთ, მაგრამ ვშიშობთ, რომ ბრძოლა მარტოდმარტო მოგვიწევს“. ის, რომ ამერიკული დახმარების მიღება სწორედ რესპუბლიკელთა პოზიციის წყალობით გაჭიანურდა, ბევრს აშფოთებს და ახლა ფიქრობენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება.

„ეს ომი ნებისყოფათა ბრძოლაა“, – მითხრა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, – „ვლადიმერ პუტინს გამარჯვება სურს და ამიტომ მან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მანქანად გადააქცია.

კრემლი ომისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე ხარჯავს, დასავლეთი კი უკრაინის დასახმარებლად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,2%-ს. ჩვენ რომ ამ ციფრის გაორმაგება შევძლოთ, ვლადიმერ პუტინს გაკოტრება დაემუქრება“.

დასავლეთში მიმდინარე დისკუსია აბსტრაქტული აზროვნებიდან პრაქტიკულ, რეალურ ნაბიჯებში უნდა გადაიზარდოს. უკრაინას დახმარება ესაჭიროება ყველა სფეროში – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფრონტებზე. და რაც შეიძლება მეტად და სწრაფად.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ამერიკას უკრაინისათვის არსებითი დახმარების გაწევის შესაძლებლობა აღარ ექნება და ამიტომ თეთრმა სახლმა რეალობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, უკეთესია კარგის იმედი გქონდეს, მაგრამ იმავდროულად უარესისთვისაც უნდა მოემზადო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ეკლესიას, ქართულ დემოკრატიას და ჩვენი მხრიდან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის – შალვა პაპუაშვილი

როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ, ალბათ დადგება ოპოზიციის რიგი მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი საქართველოში მიხაილ როთის ჩამოსვლას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებების გამო ბოდიში ამ დრომდე არ მოიხადა.

„შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ დღემდე მისი მხრიდან ამ საკითხზე სინანული არ გვსმენია. ოპოზიციის მხარდასაჭერად როდესაც ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, რა ვიცი, ვხედავთ რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, იწონებს მის ამ პოზიციებს, იწონებს მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას. დღეს ალბათ კიდევ ერთხელ დადგება რიგი მასთან და შეხვდებიან. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს – უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ სურთ, იარონ საკუთარ ჭკუაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ამ ვიზიტს ასახავენ, როგორც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევას.

„გარწმუნებთ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო,როგორც იქცევა ახლა ბატონი როთი, ეს იქნებოდა დიდი სკანდალი იმ ქვეყანაში. საერთო ჯამში, პრობლემაა, რომ ზოგს ევროპელობა ჰგონია პატარა ქვეყნებისთვის ზემოდან ყურება. ჩვენ რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენს ხელშია – ამაზე საჯაროდ საუბარი და ჩვენ ამას ვიზამთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. გერმანელი დეპუტატი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის ბოდიშს არ იხდის. გაექცა ყველა კითხვას, მათ შორის კითხვას, მისი განცხადებები და ვიზიტი არის თუ არა ქვეყნის შინა საქმეებში ჩარევა.

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა.

დღესვე გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

“როგორ შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნებით სერიოზული დარტყმა მიადგეს პუტინს, ან ამერიკას”-The Hill

აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “როგორ შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნებით სერიოზული დარტყმა მიადგეს პუტინს, ან ამერიკას“ (ავტორი – კოლინ მეინი, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე).
მასალაში განხილულია საქართველოს დღევანდელი საშინაო მდგომარეობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – წინასაარჩევნო სიტუაციისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციის ჩათვლით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„ოქტომბრის ბოლოს საქართველოში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელსაც ამერიკული და ევროპული დემოკრატიული ძალები განიხილავენ როგორც ბოლო შანსს ავტოკრატიული ნიშნების მქონე ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის სულისჩამდგმელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. საქართველოში ბევრი თვლის, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი ფაქტობრივი ლიდერი, მილიარდერ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და ხელისუფლების კონსოლიდაციისათვის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიით სარგებლობს, ამით იგი ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებას.
არჩევნებამდე თვე ნახევრით ადრე მმართველი პარტია „შეთქმულების თეორიებს“ ავრცელებს და აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისაკენ უბიძგებს. ამ მოტივ-საბაბით „ქართული ოცნება“ ზღუდავს თავისუფალ პრესას, დასავლეთისაგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენლებს.

„საქართველოს მმართველი რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – აცხადებს თამარ ჩორგოლეიშვილი, ფედერალისტთა პარტიის თანადამფუძნებელი. ამჟამად საქართველოში ათზე მეტი ოპოზიციური პარტია მოქმედებს, ისინი უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხელისუფლების დამარცხების მეთოდებზე ვერ შეთანხმებულან. „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ოცნება“ ხელისუფლებაში იმყოფება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ის არის ხელისუფლების წყარო და არა ქართველი ხალხი. სწორედ მან მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში“, – ხაზს უსვამს თამარ ჩორგოლეიშვილი.

„ჩემი სიმპათია საქართველოს მიმართ გამომდინარეობს იქიდან, რომ (ამაში ევროპელებიც მეთანხმებიან) ჩვენ მოწმენი გავხდებით – საქართველო ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა იქნება და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს“, – ამბობს „ჰილ“-თან საუბარში მაიკ ტერნერი, ამერიკელი კონგრესმენი (რესპუბლიკელი ოჰაიოს შტატიდან), რომელიც აგვისტოში თბილისში იმყოფებოდა სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, რათა „ქართული ოცნებისათვის“ მიენიშნებინათ: ამერიკელები, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც, გაერთიანებულნი არიან იმ მიზნით, რომ საქართველოში დემოკრატიისადმი საფრთხე განეიტრალებული იქნას.

„საქართველოსთვის დემოკრატიული სისტემის შენარჩუნება აუცილებელია – ქართველები ევროპისაკენ ისწრაფვიან. თუ ასე არ მოხდება, მაშინ საფრთხე შეექმნება დიდი დემოკრატიული პროექტის განხორციელებას, რომელსაც საფუძველი ბერლინის კედლის დაცემამ შეუქმნა“, – ამბობს მაიკ ტერნერი. თავის მხრივ, ჯინ შაჰინი The Hill-თან საუბარში აცხადებს, რომ თბილისში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გატარებული სახიფათო ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგია ის, რომ პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, (ანუ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“), რომელიც რუსული მსგავსი სამართლებრივი აქტის ერთგვარ არეკვლას წარმოადგენს და ანტისამთავრობო განწყობების ჩასახშობად არის მიმართული. კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებით მთავრობა ცდილობს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ერთადერთი საყრდენიც დაიქვემდებაროს – სამოქალაქო საზოგადოება, დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი პრესის სახით.

„ჩვენ არ გვადარდებს, გაყინავს თუ არა ხელისუფლება ჩვენს საბანკო ანგარიშებს და დაგვაჯარიმებს“, – ამბობს ეკა გიგაური, Transparency International Georgia-ს ხელმძღვანელი, რომელიც 12 სექტემბერს აშშ-ის კონგრესში სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა, – „ჩვენ ყველაზე მეტად არჩევნების ბედი გვაღელვებს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ხელი შეგვეშლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი დაკვირვებაში… ახლავე უკვე შესამჩნევია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და თავს ესხმის ოპოზიციას. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარი რეფერენდუმის როლს შეასრულებს – საით უნდა წავიდეს ქვეყანა – დასავლეთისაკენ თუ რუსეთისაკენ“.

ამომრჩეველთა ხმების მისაღებად და 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ათზე მეტი პოლიტიკური პარტია იბრძვის, ზოგიერთები საარჩევნო ალიანსებს და ბლოკებს ქმნიან ცდილობენ პარლამენტში ადგილების მეტი რაოდენობა მიიღონ. მაგრამ რადგანაც საქართველოს პოლიტიკაში ტრადიციულად გავრცელებულია განხეთქილება, ეგოიზმი, პირადი უნდობლობა, ურთიერთქიშპობა და იმედგაცრუება, წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბულობა მწვავედ იგრძნობა.

მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ მსხვილ და კარგად ცნობილ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, „ნაციონალები“ ერთგვარ იზოლაციაში იმყოფებიან სხვა პარტიებს შორის. ამის მიზეზია პარტიის დამაარსებლის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის (უბრალოდ, „მიშა“) მდგომარეობა – იგი დაპატიმრებულია თანამდებობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით.

ოდესღაც 2000-იანების დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილი პროევროპულ, დემოკრატიულ რევოლუციონერად და „დემოკრატიის შუქურად“ იქნა შერაცხილი, მაგრამ ხელისუფლებაში თითქმის ათი წლით ყოფნამ მასში უარყოფითი ტენდენციები გააჩინა – პარანოიდალური სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. იგი მკაცრად ექცეოდა კრიტიკოსებს და დაუნდობლად უსწორდებოდა სავარაუდო პოლიტიკურ მტრებს, რის გამოც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა ხმა მის პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ მისცეს, არამედ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები თავიანთ ლიდერს „ქართულ ოცნებასთან“ მებრძოლ „წამებულ გმირად“ თვლიან, რომელიც ძალადობრივმა რეჟიმმა საპყრობილეში ჩაკეტა. როგორც ამბობენ, მას ჯანმრთელობა შერყეული აქვს.

„ოპოზიცია ამჟამად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ორი თვის წინათ. ყალიბდება საარჩევნო ალიანსები. ოპოზიციის ძირითადი სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა განხეთქილების ჩამოგდება ვერ შეძლოს და სიტუაციის პოლარიზება ვერ მოახერხოს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით“, – ამბობს თამარ ჩორგოლეიშვილი, რომლის მეუღლე გიგა ბოკერია ფედერალისტთა პარტიის თანადამფუძნებელია. იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა, [ახლა კი ყოფილ პრეზიდენტთან მკვეთრად გამიჯნულია – ესეც ქართული პოლიტიკის ტრადიციას წარმოადგენს.

ნათია მეზვრიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, აცხადებს, რომ მისი პარტია თანაბრად ცდილობს შორს იყოს როგორც „ქართული ოცნებიდან“, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამიტომაც თავს არიდებს მოლაპარაკებებს კოალიციის შექმნის მიზნით. პარტიის დამაარსებელი გიორგი კვირიკაშვილი 2015-2018 წლებში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. „ჩვენ ამ არჩევნებში დამოუკიდებლად ვმონაწილეობთ… მთავარია შედეგების გაყალბება არ მოხდეს“, – ხაზს უსვამს ნათია მეზვრიშვილი.

როგორც გასულ თვეში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა თავის ანგარიშში, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდება დაშინებებით და ძალადობის მუქარებით, რაც შეშფოთებას იწვევს საქართველოს საერთაშორისო მხარდამჭერებში – ისინი გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში კიევის მიმართ გაძლიერებული დახმარების ფონზე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს ნაკლები ყურადღება ექცევა.

„საფრთხე იმაში გამოიხატება, რომ თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოსახლეობის ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვისა და პროამერიკული განწყობის მიუხედავად, უკან დაიხევს, ეს მსოფლიოში დემოკრატიის დაცემის მაჩვენებელი იქნება“, – ამბობს დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, – „და ეს ასევე იქნება მოსკოვის გამარჯვება და ბრიუსელ-ვაშინგტონის დამარცხება. საქართველოს ევროპაში თავისი ადგილის დაკავება სურს, მაგრამ მისი სურვილის შესრულება საფრთხის ქვეშაა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი -გიორგი გამსახურდია

გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ყოფნით ნამუსი და კიდევ რამეს ლაპარაკობენ, აი ერთ-ერთი მოღალატეობრივი დოკუმენტი, სხვა მრავალთან ერთად რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა. აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინამ გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. გაგეცემათ თქვენ 26 ოქტომბერს პასუხი, ამ უტიფრობაზე და საქართველოს, თქვენ სამშობლოს, რუსეთზე ჩაბარებისთვის“, – წერს გიორგი გამსახურდია.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

ლიტერატურული პრემია “საბას” 2024წლისფინალისტებიცნობილია!

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

 

  1. აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
  2. გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოს ქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
  3. თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
  4. მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნატალი დარასელია, „სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი)
  6. რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
  7. სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  8. სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
  2. ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:

  1. გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
  2. დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
  3. დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

 

  1. არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
  3. ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
  5. მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე““ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ეკა ქავანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
  2. ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
  3. ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
  4. მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
  2. გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
  3. იაკი კაბე, “მოქალაქე” (ინტელექტი)
  4. მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
  5. ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)

 

წლის საუკეთესო რომანი:

 

  1. ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
  3. თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი)
  4. ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
  5. ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  6. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)

 (R)

 რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, ქართველ ხალხს, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, არ დავკარგავდით გმირ ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას-კახა კალაძე

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმ მოღალატე პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანას ვერ აარიდეს ომი, ხოლო დღეს დაღუპული გმირების სახელით სპეკულირებენ.

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, არცერთი დაღუპული ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს;  გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის.

„ჩამოთვლილია, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთ-ერთი მათგანი არის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახით გვევლინება, იმართება გარედან და ჰყავთ ერთი პატრონი, ყველაფერს გააკეთებს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესებს. ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ. შემდგარი ფაქტია ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის იმ მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას სჭირდება გამოძიება და სჭირდება პასუხები, რომ გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. დამნაშავე არის პირველ რიგში, მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.