Home Blog Page 13

“მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით და პუტინით მანიპულირებას ცდილობს”-Evrensel 

თურქული გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით და პუტინით მანიპულირებას ცდილობს” (ავტორი – იუჯელ ოზდემირი).

პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგობრივი და არასტაბილური დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც მისი პოზიციების ხშირ ცვლილებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპისათვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა ის, რომ იგი სასურველი შედეგების მიღწევას დიპლომატიური წესების გვერდის ავლით ცდილობს – ზოგიერთ ქვეყნებს და მათ ლიდერებს ემუქრება, ზოგს კი დასცინის და ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს. და როცა აშშ-ის პრეზიდენტი ატყობს, რომ თავისი მიზნების შესრულება არ შეუძლია, იგი სწრაფად ცვლის თავის მიმართულებას 180 გრადუსით. ასეთი მოქმედების მაგალითები უამრავია და საკმაოდ გრძელი სიით დასტურდება.
ამ პრაგმატულ, იმპერიალისტურ და მერკანტილურ მიდგომას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები და შედეგები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, სადაც სამწლინახევრის განმავლობაში სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებს. დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინს ჯერ ტელეფონით ესაუბრა, შემდეგ ხელი შეუწყო დელეგაციებს შორის პირდაპირი შეხვედრების გამართვას, ე.წ. „მშვიდობის ატმოსფეროს“ შექმნით კუთხეში მიიმწყვდია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ქვეყნის იშვიათი მიწა ლითონების საბადოთა 50% მიისაკუთრა.

წარმატებით მოთოკა რა „მშვიდობის დამყარების მუქარებით“ ვოლოდიმირ ზელენსკი, ახლა დონალდ ტრამპი ცდილობს „ომის მუქარით“ ვლადიმერ პუტინს უკან დაახევინოს. მიიღო რა თავისი კიევისაგან, აშშ-ის პრეზიდენტი 180 გრადუსით შებრუნდა და უკრაინისადმი სამხედრო დახმარება განაახლა, ხოლო გასულ კვირას, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი წერს, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის დასაბომბად წააქეზა. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია – „მოსკოვის დაბომბვისაკენ არ მომიწოდებიაო“, მაგრამ მისი პრაქტიკული მოქმედება რეალურად უბიძგებს უკრაინის ადმინისტრაციას საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს. სხვათა შორის, დონალდ ტრამპის უარყოფის მიუხედავად, დევიდ იგნატიუსმა სხვა მომენტებიც გაამხილა კომპეტენტური წყაროებიდან: ტრამპს უთქვამს, რომ არამარტო მოსკოვი, „სანქტ-პეტერბურგიც შეგიძლიათ დაბომბოთო“. ამ ინფორმაციის გაჟონვა, როგორც ჩანს, განგებ მოხდა, ვლადიმერ პუტინისათვის სიგნალის სახით.
დონალდ ტრამპის შებრუნებამ ომისაკენ ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები გაახარა, რომლებიც თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყვნენ მიწვეულნი. ახლა, კი, როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, ნატოს ევროპული წევრები და ევროკავშირის ქვეყნები აღტაცებულები არიან ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლით კიევის მიმართ.

პოლიტიკის ასეთი ცვლილება სუფტა მერკანტილური მოსაზრებით საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან იარაღი აშშ-სგან შეისყიდონ და შემდეგ უკრაინას აჩუქონ: გერმანია იყიდის ორ საზენიტო-სარაკეტი კომპლექსს „პეტრიოტს“, ხოლო ნორვეგია – ერთს და კიევს მისცემენ. თითოეულის ღირებულება ორიდან სამ მილიარდამდე დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, „პერტიოტების“ ფასს გერმანელი და ნორვეგიელი ხალხი საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის.

გერმანია, რომელიც ფრიდრიხ მერცის კანცლერობის დაწყებიდან სულ უფრო აქტიურად გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად და ომშიც ჩაბმასაც კი ცდილობს, ახლახან განაცხადა, რომ აშშ-საგან დამატებით შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტის „ტაიფუნის“ შესყიდვასაც აპირებს, რომლის ფრენის მანძილი 2 ათას კილომეტრს აღწევს.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს, რუსეთისადმი დარტყმის მისაყენებლად, არ მიჰყიდის, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთი უარის თქმას, თუ აშშ გერმანიას მისცემს და ბერლინი, თავის მხრივ, კიევს გაუგზავნის?

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ისევ კლავს ორ კურდღელს ერთი გასროლით: ერთი მხრივ, იგი აწოდებს იარაღს ევროპას უკრაინისათვის მისაცემად და რუსეთთან ომის გასაგრძელებლად და მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინს ემუქრება, მასზე ზეწოლას ახდენს ომის შესაწყვეტად. ანუ უკრაინამ და ევროპამ ომი უნდა გააგრძელონ, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს.

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: სინამდვილეში მართლაც სურს თუ არა დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტა? უკრაინის კონფლიქტის ხარჯები ფაქტიურად ევროპის სახელმწიფოების, ანუ ევროპელი ხალხების კისერზე და ჯიბეზე გადადის, „ნაღებს“ კი ამერიკელები „ხდიან“. ამიტომაც სინამდვილეში ომის შეწყვეტა აშშ-სა და მისი ლიდერისათვის გადაუდებელ ამოცანას არ წარმოადგენს.

იმ ვარაუდით, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია თავისი პოზიცია ნებისმიერ მომენტში შეცვალოს, ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან „სტრატეგიულ ურთიერთობებს“ აღრმავებენ. გასულ კვირას საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელშიც სამხედრო კომპონენტიც შედის. ცოტა ხნის წინათ ბრიტანეთთან მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერა გერმანიამაც.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი მოქმედება და მისი მერკანტილური ზრახვები ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აშშ-სგან დამოუკიდებლად მოქმედება აქვთ გადაწყვეტილი. მათ სჭირდებათ ამერიკა ისევე, როგორც ამერიკას სჭირდება ისინი – გლობალური კონკურენციის პირობებში (ერთი მხრივ, აშშ და ევროპა და მეორე მხრივ, ჩინეთი-რუსეთი).

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისათვის წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმი, რომლის უკან უკრაინისათვის იარაღის მიწოდება დგას და რომლითაც თეთრი სახლი კრემლზე ზეწოლას ცდილობს, შეიძლება უშედეგო გამოდგეს. ამ ვადის გასვლამდე – სექტემბრის დასაწყისამდე, კონკრეტულად კი აგვისტოში, როგორც ჩანს, ბევრი მოვლენა მოხდება და, ალბათ, არა უკრაინის სასიკეთოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ექვს თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა -ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას, თითქმის ორ მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.

„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლი სმეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ითდა 241.9 მლნ. აშშშეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტნეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ითდა 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ითდა 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ითდა 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ითდა 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა)“,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დაახლოებით რვა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს -რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს, – ამ სათაურით აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას.

როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა თბილისს გაფრთხილებით, რომ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა თუ არ შესრულდება, ქართველების უვიზო მგზავრობის პრივილეგიები, შეიძლება, შეჩერდეს.

„ახლა კითხვა ისაა, რამდენად სერიოზულია ეს ვადა, შეცვლის თუ არა საქართველოს მთავრობა პოზიციას და, საბოლოო ჯამში, შეძლებს თუ არა ბრიუსელი, რეალურად იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის. ერთი რამ დასაწყისიდანვე იყო ნათელი. სანქციები, ორი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აქტივების გაყინვისა და ვიზების აკრძალვის უახლესი წინადადების ჩათვლით, განსახილველი არ იყო.

როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა მომზადებით შეხვედრებზე ნათლად განაცხადეს, რომ ისინი ამას არ დაამტკიცებდნენ. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, რომლებსაც განხილვების შესახებ ინფორმაცია აქვთ, საკითხს მოკლედ შეეხნენ, მაგრამ რადგან ერთსულოვნება აუცილებელია და აშკარად მიღწევადი არ იყო, შეთანხმდნენ, რომ სანქციების მიმართ მუშაობა ბრიუსელში უფრო დაბალ დონეზე გაგრძელდებოდა. ეს ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ ამგვარი შემზღუდველი ზომები ახლო მომავალში არ მოხდება. და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ იმავე მინისტრებმა იმავე შეხვედრაზე ვერ მიიღეს სანქციები ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებებისა და რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის კონსენსუსის წესი კვლავ უშლის ხელს ბლოკს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

გასაკვირი იყო ისიც, რომ არ მომხდარა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების ინიციატივა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული დებულებების შეჩერება, განსაკუთრებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. საკითხი ისაა, რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამას, რადგან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან იმპორტი მხოლოდ, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ეს საკითხი დააყენა და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მინისტრები ამ საკითხს დაუბრუნდებიან, როდესაც ისინი ოქტომბერში ფორმალურად კვლავ შეიკრიბებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ, დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს.

„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაასკვნა, რომ გადახედვის მექანიზმის ამოქმედების ვარიანტის განხილვა სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაბიჯი ერთსულოვნებას არ მოითხოვს. ამგვარად, თბილისზე ზეწოლის ერთადერთ დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის განსახორციელებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო. დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება. კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის, თუ თბილისი ვერ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შემოთავაზებული უვიზო მიმოსვლის რვა კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმები მოიცავს საკამათო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას და ასევე საკამათო კანონმდებლობის პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. ახლა მთავარი განსახილველი საკითხია, მართლა გააკეთებს თუ არა ევროკავშირი რამეს და რა არის საბოლოო ვადა?

საქართველოს პარლამენტი მთელი აგვისტოს განმავლობაში ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია, საგანგებო სხდომა მოიწვიოს, ბრიუსელში ცოტას სჯერა, რომ ეს მოხდება. თუმცა, აგვისტოში ევროკავშირიც „შვებულებაშია“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 აგვისტოს დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, ხოლო სექტემბერში – ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეიაზე, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, 20 ოქტომბერს გაიმართება“, – ნათქვამია რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ მიწებება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს -შალვა პაპუაშვილი

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „დიფ სთეითის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ მხოლოდ USAID-ის, NED-ის, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციები სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, როგორ იგეგმება და ხორციელდება „რუსულის“ კონსპირაციით ალქაჯების დევნა.

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“, და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს.

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში არანაირი „ნაცური“ თუ „ენჯეოშნიკური“ პროპაგანდა არ არსებობს. ისინი მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან, რომლის ერთადერთი ფუნქცია ინსტრუქციით მიღებული ნარატივების გავრცელებაა. ამიტომ მათთვის გარედან დაკრულ ტაშს, ყიჟინს და თანხის ჩარიცხვას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არ შედრკნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. იდეალური მონობაც ასეთი უნდა.

როგორც ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა თქმა, ფაქტია, რომ, ტერმინების დონეზეც კი, „ერთი სახელმძღვანელოდან“ ამოკითხულივითაა პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებიც აშშ-ში და საქართველოში გამოიყენება. და რა ნიშანდობლივია, რომ სწორედ ის ყოფილი ელჩი იყო ტერმინის – „რუსული კანონი“ ავტორი. დღეს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხილების შემდეგ, უკვე ღიად შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რა განზრახვის ნაწილი იყო იმ ელჩის მხრიდან ამ ყალბი ტერმინის შემოგდება.

აქვე, არც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დაგვავიწყდეს, რომელშიც, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა, ჯერ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწოდა „რუსეთის ჩარევით“ გამარჯვება, შემდეგ კი 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც „რუსეთის ჩარევით“ ახსნა. და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამე ფაქტი თუ ჰქონდა ან ერთის, ან მეორეს დასადასტურებლად, ხელები გაშალა და თქვა, ფაქტი რად უნდა, ვიცი, რომ ასეაო. ის, რომ „დიფ სთეითის“ ამ ცრუ ნარატივის გამავრცელებელი სალომე ზურაბიშვილის მოკავშირე კონგრესმენი ჯო ვილსონია, ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს.

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ ამ გებელსისეული კონსპირაციის – „რუსული…“, „პრორუსული…“, „არა რუსულ…“ – ჩამოშლის შემდეგ? ამ, მართლაც საუკუნის, მხილების მთელი სიკეთეც იმაშია, რომ, ისევე როგორც უცხოური გრანტების მავნე მიზნების მხილებისას იყო, აქაც ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ. კოდური სიტყვებიც – „რუსული…“, „პრორუსული…“, „არა რუსულ…“ – ცნობილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავაკვირდეთ „დიფ სთეითის“ დაქირავებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების თვითლუსტრაციას.

დაბოლოს, ფაქტია, რომ, „დიფ სთეითის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც. ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მცდელობაა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს, სუვერენიტეტის, ქვეყნის ღირსების, მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოითხოვს ამას -არჩილ გორდულაძე

მცდელობაა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს. სუვერენიტეტის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოითხოვს ამას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ევროკავშირიდან იმუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია“.

„რბილი სახელი ჰქვია – რეკომენდაციები. რეალურად, ეს რეკომენდაციები კი არ არის, მოთხოვნებია, რასაც ბოლშევიკები მიმართავდნენ, როცა მოსკოვში რაღაცას მოიფიქრებდნენ, შემდეგ ეს მოთხოვნები თბილისში ჩამოდიოდა და კარგი დღე ექნებოდათ მათ, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა. ახლაც ზუსტად ეს ხდება. არავითარი ახსნა-განმარტება არ არის, ეს შანტაჟიც კი არ არის, პირდაპირ დასჯის მცდელობას ვხედავთ. საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც სხვის დაკრულზე არ ცეკვავს. სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რაშია პრობლემა. დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს. კეთილი ინებოს ყველამ და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან. „ქართულ ოცნება“ ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითიც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება მოხდება. კი ბატონო, დააფინანსონ რევოლუციები, მაგრამ საზოგადოებას ანახონ, რომ რევოლუცია ფინანსდება. ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება დააშინონ. ვიზალიბერალიზაცია მონაპოვარია და თან „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია. იმუქრებიან, ამ ყველაფერს გაგიუქმებთ, რადგან ოჯახურ ღირებულებებზე ხელს არ იღებთო. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ამას ვინ მოითხოვს და ვის მოუნდება, რომ დავალებები მოგვცეს. ისეთ მოთხოვნას როცა აყენებენ, რომელზეც პასუხი წინასწარ იციან, რომ „არა“ იქნება და შეუძლებელია, ბავშვების სქესის ცვლილება დავუშვათ, გვემუქრებიან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდებაო, და ამ ყველაფერს „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ. ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება ძალადობრივად თუ არაძალადობრივად „ქართულ ოცნებას“ უარს ეტყვის. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანა ორ ფეხზე მყარად იდგეს. მეორე მხარეს ვინ ჰყავთ? ვინც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც სხვის დაკრულზე მშვენივრად იცხოვრებს. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს. რაც მთავარია, ხელისუფლებაში აგენტურის მოსვლას თავისი მიზანი აქვს – ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის არც იმაზე დაიხევენ უკან, რომ დავალების შესაბამისად ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და კიდევ ერთი შესაძლებლობა იყოს, რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ თავისი ძალების დივერსიფიცირება მოახდინოს. არავის ადარდებს, თუ ამ ყველაფერს ომის უბედურება მოჰყვება, სადაც მომავალი არ იქნება, ადამიანები დაიღუპებიან, მათ შორის არ ადარდებთ იმ უსამშობლოებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაზე ამბობენ, უნდა დაისაჯოსო. ხელისუფლებაში სწორედ ამ უსამშობლოების მოყვანა უნდათ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დონალდ ტრამპს სჯერა Deep State-ის არსებობის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს სჯერა, რომ Deep State-ი არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველი პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება – ზაალ ანჯაფარიძე

“აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ზღვა ინფორმაციას ფლობს, სჯერა „Deep State” არსებობის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს, რომელსაც ასევე უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, სჯერა, რომ Deep State არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველ პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება“ -ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში, ცნობილ შემადგენლობაში, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყების ჩამორიგებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, რატომღაც არ სჯერათ “Deep State.” თუმცა, გჯერათ ვინმეს ამის? ძალიან კარგადაც სჯერათ. თავიანთ კურატორებს “Deep State”-დან გვარ-სახელებით იცნობენ და მუდმივ კავშირზე არიან. ეგაა რომ მასშტაბებია განსხვავებული – ჩვენ ჩვენი მიკრო “Deep State” გვყავს.

“აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ზღვა ინფორმაციას ფლობს, სჯერა „Deep State” არსებობის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს, რომელსაც ასევე უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, სჯერა, რომ Deep State არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველ პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება.

აი, საქართველოში, ცნობილ შემადგენლობაში, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყების ჩამორიგებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, რატომღაც არ სჯერათ “Deep State.” თუმცა, გჯერათ ვინმეს ამის? ძალიან კარგადაც სჯერათ. თავიანთ კურატორებს “Deep State”-დან გვარ-სახელებით იცნობენ და მუდმივ კავშირზე არიან. ეგაა რომ მასშტაბებია განსხვავებული – ჩვენ ჩვენი მიკრო “Deep State” გვყავს”,- წერს ანჯაფარიძე.

ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას -სოფო ჯაფარიძე

ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.

„ეს არის ივანიშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი. ამ შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა, ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილი მას ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს. ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა. დროშა, რომელსაც დღეს ივანიშვილი და მისი გუნდი ფეხქვეშ თელავს და ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქ მოვედი სოლიდარობისთვის, რადგან ამ შენობაში შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ მოსამართლეები გამოიტანენ ობიექტურ განაჩენს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შემდგომ აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს – 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა – ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ლ.კ. – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება -მამუკა მდინარაძე

პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდი განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.

„არა რუსულ …“ – სამი წერტილის ნაცვლად რას და ვისაც გინდა ჩასვამ და სულ ეს არის მდაბიო პიარი პრორუსულობის შესახებ, რომლითაც უნდათ მთელი მსოფლიო დაიმონონ, მათ შორის ქართველი ხალხი.

პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!“,- წერს მამუკა მდინარაძე.

https://www.facebook.com/GDMamukaMdinaradze/posts/pfbid0hEezjpSNNBtLx9QBXPgWYm5oikrbFDeRupXBiL11e8cfw1BPS7c3EPKtZhL1mW2El

ცესკოს ორგანიზებით საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა გახსნეს.

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა 4 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა.

მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა.

ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება კენჭისყრის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინოვაციური გზით წარმართვას. ასევე მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ.შეხვედრის ფარგლებში ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმამიმოიხილა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტები, რომლებიც ეხება ტექნოლოგიების რეგულაციას და მათი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას. მისი პრეზენტაცია დაეფუძნა პრაქტიკულ მაგალითებსა და აუდიტის შედეგებს, რაც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სასამართლოსთვის დავების განხილვისას.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „ძალიან კარგ ტრადიციად და პრაქტიკად ჩამოყალიბდა ყოველი არჩევნების წინ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან საინფორმაციო სამუშაო შეხვედრის გამართვა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა მოსამართლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია უკანასკნელი საკანონმდებლო თუ ცესკოს დონეზე მიღებული ნორმატიული ბაზის, ასევე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ, ამასთან ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკა.“

თავის მხრივ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი განცხადებით, „უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეხვედრები, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იმართება, არის ორმხრივად პროდუქტიული როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვის, მოსამართლეებისთვის, რათა სათანადოდ სწორად აღსრულდეს მართლმსაჯულების პროცესი.“

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკაც. აღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი ესაუბრა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა 19-20 ივლისს წინანდალში გაიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დემონსტრირებისას პრაქტიკაში ენახათ ის სიახლეები, რომელიც საარჩევნო აპარატებს უკავშირდება.

პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბათუმის პორტში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„სამართალდამცველებმა საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ე.პ.-ს პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის -ირაკლი კობახიძე

მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კობახიძე წერს, „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი“.

„ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. „დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“, – წერს ირაკლი კობახიძე.