Home Blog Page 13

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ ნიკა გილაური პრემიერმინისტრობის კანდიდატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიკა გილაურს შეხვდა. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში არ ადასტურებენ, რომ გილაური პრემიერმინისტრობის კანდიდატია.

„კურიერმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გილაური სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ნიკა გილაურს 2009 წლიდან 2012 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2007-2009 წლებში გილაური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით -დმიტრი პესკოვი

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. ხალხი საქართველოსა და რუსეთში მოგზაურობას აგრძელებს“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს.

ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას სავარაუდოდ პირველი დეკემბრიდან დაიწყებს.

წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან ან ლიბიასთან მოქმედ შეთანხმებებზე, რომლებსაც ევროკავშირი თანხას უხდის საზღვრის უკანონო კვეთის შესაკავებლად. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა ეგვიპტე, მაროკო, ალჟირი, მავრიტანია, სენეგალი და მალი იმ ქვეყნებად, რომელთანაც ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ჰაბების იდეასთან დაკავშირებული შესაძლო გზები, განსაკუთრებით დაბრუნების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა უკვე მიღწეული შეთანხმება იტალიასა და ალბანეთს შორის, როგორც შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც, იტალიას შეუძლია, წელიწადში 36 ათასამდე მიგრანტი გაგზავნოს ალბანეთში მოწყობილ ორ ცენტრში, სადაც ისინი შემდგომ დეპორტაციას დაელოდებიან. პირველი ხომალდი, რომლითაც მიგრანტები ალბანეთში გაგზავნეს, იტალიიდან ორშაბათს გავიდა.

ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები ისეთი მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე – ირაკლი კობახიძე

თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია.

„როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის სწორედ მას და ის, რომ დღეს ეს რეგიონი არის აღჭურვილი თანამედროვე რესპუბლიკური საავადმყოფოთი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა – ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა არის ურთიერთშერიგება და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის.

ბუნებრივია, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგებისა და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე,”- განაცხადა პრემიერმა.

ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას – მეტი საქმე არ აქვთ – ირაკლი კობახიძე

ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.

„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა – „არა ომს”, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძროაბის” წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, პარტიის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

საქართველოსა და მოლდოვას შედარება, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი – პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ – დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ერთმანეთთან შედარება არის თვალებში ნაცრის შეყრა, რადგან, როგორც კობახიძემ განმარტა, მოლდოვაში არ არსებობს პოლიტიკური და მედია პლურალიზმი.

“ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ. დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. თქვენ იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით – იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა. ეკონომიკური კუთხით 9 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის, რაც არის, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.

რაც შეეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოლდოვაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და დარჩა რეალურად ორი მედიასაშუალება, რომელიც მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. აღარ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, აღარ არსებობს მედია პლურალიზმი. როცა გადარებენ ასეთ ქვეყანას და თან გადარებენ ნეგატიურ კონტექსტში, ეს, ბუნებრივია, არის თვალებში ნაცრის შეყრა, თუმცა, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ – დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და აქედან აუცილებლად გადაიტვირთება ევროკავშირთან ურთიერთობები, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის დროებითი მოვლენა.

საქართველოში ავტორიტარიზმი იყო 2012 წლამდე და თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს, საბედნიეროდ, ვერ ექნება ფასი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არის აბსოლუტურად მცდარი და დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

დეკანოიძემ და უგულავამ ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს დანაშაული – მამუკა მდინარაძე 

ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დეკანოიძემ და უგულავამ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე დროს, ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა “არა ომს”, რითაც, როგორც ომის პარტიის წარმომადგენლებმა, პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს.

“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

1.მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

2.როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

პ.ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.

ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ჩვენ და ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის დასჯისგან და გასამართლებისგან დამერწმუნეთ, რომ ძალიან შორს ვართ -ირაკლი კირცხალია

ჩვენ და ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის დასჯისგან და გასამართლებისგან დამერწმუნეთ, რომ ძალიან შორს ვართ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, მათ ამომრჩევლებსაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და იქნება საჯარო, მათი თითოეული ამომრჩეველი დაინახავს, თუ რა ძალასთან აქვს საქმე. ეს იქნება „ლელო“, „გახარია“, „ნაცმოძრაობა“ თუ „ახალი“, არ აქვს მნიშვნელობა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი.

ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას პირიქით ობიექტურად დავანახოთ რასთან აქვთ საქმე, როგორ ძალებთან აქვთ საქმე და რა წარსულის იყვნენ ეს ძალები“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Iran Air-ი სანქციების შემოღების გამო ევროპაში ყველა ფრენას აუქმებს

ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ევროპაში ყველა ფრენას აუქმებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ავიაკომპანიის მგზავრებს ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობეს, რომ მათი რეისები ევროპის მიმართულებით გადაიდო.

მგზავრებმა სიტუაციაში გარკვევის მიზნით თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტსაც მიმართეს, სადაც აგრეთვე დაუდასტურეს, რომ Iran Air-მა ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა. ოფიციალურ მიზეზად ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები სახელდება.

აღსანიშნავია, რომ Iran Air-ი იყო ერთადერთი ირანული ავიაკომპანია, რომელიც ევროპაში რეგულარულ რეისებს ასრულებდა.

ევროკავშირმა 14 ოქტომბერს ირანული ავიაკომპანიების Iran Air, Mahan და Saha წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. სანქციების დაწესების ოფიციალურ მიზეზად ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა სახელდება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7274 ლარი ეღირება, ევრო – 2.9742 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5688 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7263 ლარი ღირდა, ევრო – 2.9804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5600 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ოქტომბერს ამოქმედდება.

ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი მარაზმია, ტრაგიკომედიაში ვართ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაკონსტიტუციურია, მისი ქმედებები შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტის ინსტიტუტს -ირაკლი კირცხალია

x

ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უკვე მარაზმია, ტრაგიკომედიაში ვართ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაკონსტიტუციურია და მისი ქმედებები პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმომწერთა 99 პროცენტი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

„სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო პრეზიდენტად წოდებულ ადამიანზე, რომელმაც 26 ოქტომბრისთვის დააანონსა, პრეზიდენტის სასახლეში „ნაცმოძრაობის“ შტაბი უნდა გავხსნაო. ასეთ განცხადებას რომ მოისმენ, რომელ ადეკვატურობაზე უნდა ისაუბრო? ესენი სადღაც სხედან, ერთმანეთს ატყუებენ, ალბათ, ჩაი-ყავას სვამენ და ტექნიკურ მთავრობას ინაწილებენ. რომელ ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, კვლევებს გადახედონ. ქარტიაზე ხელმომწერთა 99 პროცენტი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. „ნაცმოძრაობის“ შტაბში, პრეზიდენტის სასახლეში სხედან და ტექნიკურ მთავრობას ინაწილებენ. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდის თეატრია და ამომრჩეველს როგორ შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.