საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის მნიშვნელობას დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, როდესაც მას ჰქონდა პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიქანაძის თქმით, ერთობლივ განცხადებებში პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გადის საქართველოზე და ეს ყველამ უნდა იცოდეს მსოფლიოში.
„ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მხარდამჭერი გზავნილი იმისა, რაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევისგან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წლებია, უკვე ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. დღევანდელმა შეხვედრებმა კიდევ უფრო განამტკიცა ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო შინაარსობრივი დატვირთვის კუთხითაც, რადგან პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოს პოლიტიკური ნება, გააგრძელოს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე.
„მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის კუთხით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა აზერბაიჯანის ყველა პირველ პირს, როგორც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ უკვე კონტექსტუალური, შინაარსობლივი დატვირთვით კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოს პოლიტიკური ნება, რომ გააგრძელოს მუშაობა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არსებითად განმსაზღვრელია სამომავლო წინსვლისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.