Home Blog Page 1269

“დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს, უკრაინასთან მიმართებით, აშკარა უპირატესობა აქვს” – რას წერს „ვაშინგტონ თაიმსი“

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაზვერვის მონაცემებით, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, რუსეთს, უკრაინასთან მიმართებით, აშკარა უპირატესობა აქვს“ (ავტორი – მაიკ გლენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

როგორც ბრიტანული დაზვერვის მონაცემები მოწმობს, რუსეთს, დასავლური სანქციების მოქმედების მიუხედავად, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სამხედრო ტექნიკაში, საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფაში და ცოცხალ ძალაში. ბრიტანელი კომპეტენტური ჩინოვნიკების თქმით, მოსკოვი ყოველთვიურად ფრონტზე 30 ათას ჯარისკაცს გზავნის და მნიშვნელოვან სამხედრო ძლიერებას ფლობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ომისაგან დაიღალონ და გამოიფიტონ.

იმავდროულად ბრიტანული სპეცსამსახურები თვლიან, რომ სანქციები გარკვეულწილად მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით მრეწველობაზე, კერძოდ, მის მაღალტექნოლოგიურ სექტორზე – საავიაციო და სარაკეტო წარმოებაზე. რუსები სულ უფრო მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ, რომელსაც ინტეგრალური სქემები („ჩიპები“) არ ჭირდება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოშვებაზე., რომლებშიც ბევრ დასავლურ კომპონენტს შეიცავენ.

სანქციებმა და ომში იარაღის სწრაფმა ხარჯვამ რუსული თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის წილი იარაღით მსოფლიო ვაჭრობაში 2022-2023 წლებში 11%-მდე შემცირდა, 2014-2021 წლებთან შედარებით, როცა რუსეთის წილი 21%-ს აღემატებოდა.

წყარო

„რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ – Globe and Mail

კანადის გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ (Globe and Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ (ავტორი – ჯონ რეპლი, მწერალი, პროფესორი). „ხმები რუსეთის ეკონომიკის კრახზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დასავლურ სანქციებს მისი ქვეყანა გაუძლებდა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის იმედმა გაამართლა. მოსკოვისათვის, როგორც ჩანს, დასავლური სანქციები ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა. რუსეთმა დასავლეთთან ეკონომიკურ ომში გამარჯვა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ორი წლის წინათ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, დასავლეთი დაირაზმა, რომ კიევისათვის მხარი დაეჭირა და მოსკოვი იზოლაციაში მოექცია. დასავლეთმა არა მარტო დაიწყო უკრაინისათვის იარაღის მიწოდება და ლტოლვილების მიღება, არამედ სწრაფი და გაბედული ნაბიჯები გადადგა რუსეთის ეკონომიკისათვის „ჟანგბადის გადასაკეტად“: მოსთხოვა თავის კომპანიებს, რომ რუსეთში ოპერაციები შეეწყვიტა, აკრძალა რუსული პროდუქციის იმპორტი, გააუქმა რუსული გემებისათვის დასავლეთის ნავსადგურებში შესვლის ნებართვები, აუკრძალა სადაზღვევო კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბლოკა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია როგორც რუსეთის თავდაცვის სფეროსთვის, ასევე ენერგეტიკისათვის.

დასავლეთი იმედოვნებდა რუსეთისათვის ფინანსების დაბლოკვას, რათა კრემლს ომის გასაგრძელებლად თანხები არ ჰქონოდა, იმავდროულად კი უკრაინას ყველაფერს აწოდებდა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. და თავდაპირველად მართლაც ისე ჩანდა, რომ სანქციებმა გაამართლა, დასავლეთი ზეიმობდა. უფრო მეტიც – უკრაინამ მოახერხა და რუსეთის ჯარების კიევის მისადგომებიდან უკუაგდო… რუსულმა ეკონომიკამ შემცირება დაიწყო.

მაგრამ გავიდა ორი წელი და დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარად მოჩანს. 2022 წლის რეცესია რუსულ ეკონომიკაში უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, გასულ წელს კი ეკონომიკა მთლიანად აღდგა და მისი განვითარების ტემპები ომის წინა მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ დროს კი დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, გერმანიის მსგავსნი, რომლებიც ძალიან იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ნავთობსა და გაზზე, ძლივს ტივტივებენ იმ დროს, როცა რუსეთი ეკონომიკის ზრდის ტემპებით შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩება. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო მრეწველობა არამარტო არ დაზარალებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჟამად ქვეყანა წელიწადში სამ მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. ეს რაოდენობა თითქმის სამჯერ აჭარბებს აშშ-სა და ევროპას, ერთად აღებულს. ყოველდღიურად ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის არტილერისტები ხუთჯერ მეტ ჭურვს ისვრიან უკრაინელებთან შედარებით.

უკრაინა ისეა დაბომბილი, რომ მსხვილი ქარხნებიდან და ენერგეტიკული ობიექტებიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. უკრაინის ეკონომიკა უკიდურესად დაეცა – ქვეყანამ ომის პირველსავე წელს ეკონომიკის თითქმის მესამედი დაკარგა და მისი აღდგენა მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში თუ იქნება შესაძლებელი.

თავისთავად ნათელია, რომ ხმები რუსეთის ეკონომიკური სიკვდილის შესახებ ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა. ქვეყნის საოცარი გამძლეობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

პირველი – რუსეთის მთავრობამ ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად მთლიანი ეკონომიკის 7%-ს შეადგენს. რუსეთის ტერიტორია ომით, ანუ პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით, არ ზიანდება (მოკავშირეები უკრაინისაგან ითხოვენ, რომ დასავლური იარაღი უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული, რადგან ვაშინგტონს და ბრიუსელს მასშტაბური ომის დაწყება არ სურთ). უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რუსულმა კომპანიებმა ჩაანაცვლეს და ეკონომიკას სიცოცხლე დაუბრუნეს.

მეორე – რუსეთმა მარჯვედ მოძებნა დასავლურ სანქციებში არსებული „ხვრელები’ და ემბარგოს გვერდი აუარა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ინტეგრალური სქემების („ჩიპების“) ექსპორტი აკრძალეს, რომლებიც სამოქალაქო სფეროს პარალელურად, სამხედრო წარმოებაშიც გამოიყენება, რუსეთმა დაიწყო ნებადართული დასავლური პროდუქციის იმპორტის გაფართოება – მაგალითად, მაცივრების, სარეცხი მანქანების, მიკროტალღური ღუმელების შესყიდვა, მათგან „ჩიპების“ ამოღების მიზნით. რუსეთი ფართოდ სარგებლობს უცხოური გემებით ნავსადგურებში თავისი პროდუქციის შესატანად. გარდა ამისა, გაჩნდა უამრავი ქვეყანა-შუამავალი, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის ორმაგი სტანდარტების საპასუხოდ (განსაკუთრებით ღაზას სექტორში მიმდინარე ომთან მიმართებით), მორალურად ამართლებენ თავიანთ ნაბიჯებს და ანტირუსულ სანქციებს არღვევენ.

მესამე – რუსეთმა ახალი საექსპორტო ბაზრები მონახა. როცა დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი შეამცირეს, ჭარბი იაფფასიანი ნავთობი და გაზი სიამოვნებით შეისყიდეს ინდოეთმა და ჩინეთმა. რასაკვირველია, რუსეთისათვის ინდოეთთან და ჩინეთთან ნავთობითა და გაზით ვაჭრობა ისეთივე მაღალ მომგებიანი არ იყო, როგორც ევროპასთან, მაგრამ მაინც.

მეოთხე – თვითონ ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან „შავი ხვრელებით“ ვაჭრობა იმ მიზნით, რომ სანქციების ზემოქმედება საკუთარ ეკონომიკაზე როგორმე შეემცირებინათ. დასავლეთ ევროპის ვაჭრობა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაფართოვდა: გერმანული ავტომობილებით ვაჭრობამ ყირგიზეთში 2023 წელს უეცრად 5500%-ით მოიმატა, ხოლო იმავე პერიოდში ყაზახეთიდან რუსეთში ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ გაიზარდა. სიტუაცია ნათელია: ევროპის ქვეყნები რუსეთთან შუამავლების მეშვეობით ვაჭრობენ.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსეთმა დასავლეთთან მეტოქეობა მოიგო, მაგრამ კრემლის სამხედრო კამპანიის მომავალი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, მოსკოვმა კარგად მოძებნა თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრები, მაგრამ კრემლი იძულებულია შეღავათური ფასებით ივაჭროს, რაც მოგებას ამცირებს, ანუ სამხედრო სფეროს ფული აკლდება. გარდა ამისა, რუსეთი დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და ინდოეთზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემხვედრ შეღავათურ ნაბიჯებს არ დგამენ. თუ ასე გაგრძელდება, რუსეთის მრეწველობის მაღალტექნოლოგიური სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, საბოლოოდ კი რუსეთი „მესამე სამყაროს“ ქვეყნად გადაიქცევა.

უკრაინასთან ომის კიდევ უფრო გაჭიანურების შემთხვევაში რუსეთის რესურსებიც ამოიწურება, ქვეყანა გაღარიბდება და დასუსტდება – იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ადრე, 1990-იან წლებში იყო. ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ დასავლელი ამომრჩევლები, რომლებიც კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი, საკუთარ მთავრობებზე ზეწოლას მოახდენენ, ისინი კი უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ, კიევს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას მოსთხოვენ და შემდეგ რუსეთთან ურთიერთობას განაახლებენ.

თუ ვლადიმერ პუტინს გაუმართლებს, მაშინ მას წინ მართლაც გამარჯვება ელოდება, მაგრამ თუ იგი სცდება, თუ დასავლეთი კრემლს მკაცრ პასუხს გასცემს და უკრაინისათვის დახმარებას გააგრძელებს, მაშინ რუსეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“), 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“) და 1987 წელს დაბადებული ი.კ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს – 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.

თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ – ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს”

„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას განმარტებით, ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, “რომ ის მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ „რუსული კანონი“ და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი”.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს – უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და “ქართული ოცნების” კარნახით. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ გვებრძოლა ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და არა “გირჩმა” დააინიცირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას” და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული”, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – საპარლამენტო უმრავლესობა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

“შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, მათმა ლობისტებმა ჩაშალეს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ პროექტთან დაკავშირებით, წელს ყველას მოუწევს დისკუსიაში შემოსვლა”

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, მათმა ლობისტებმა ჩაშალეს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ პროექტთან დაკავშირებით, წელს ყველას მოუწევს დისკუსიაში შემოსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა „ქართული ოცნების“ უპირველესი პასუხისმგებლობაა.

„სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

“მარტში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა, ხილი კი 25.7 პროცენტით გაძვირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -19.4 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -15.3 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი – -8.9 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -3.9 პროცენტით დაიკლო. ამასთან, ფასები 25.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე; ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 2.8 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5.1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.1 პროცენტით, ხოლო თევზეულზე ფასებმა 1.3 პროცენტით მოიმატა.

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

“საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ.

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას.

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 აპრილს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

წვიმიანი დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში დარია. დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +25 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მსოფლიოში 2 781 მილიარდერია, რომელთა ქონება ჯამში $14.2 ტრილიონად ფასდება – Forbes

x

ჟურნალმა Forbes მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილს კი რეიტინგში ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იკავებს, რომლის ქონებაც 223 მილიარდ დოლარად ფასდება. არნოს და მის ოჯახს ეკუთვნის ჰოლდინგი LVMH, რომელშიც ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანიები არიან გაერთიანებულები.

მეორე ადგილზეა Tesla-სა და Space X-ს დამფუძნებელი და სოციალური ქსელის X მფლობელი ილონ მასკი ($195 მილიარდი), მესამეზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი).

სიაში პირველად მოხვდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი (1,1 მილიარდი), რეიტინგში ასევეა ChatGPT-ს შემქმნელი სემ ალტმანი (1 მილიარდი)

Forbes-ის მონაცემებით, 2024 წელს მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში რეკორდულ 2 781-ს აღწევს. ეს 141-ით მეტია, ვიდრე შარშან და 26-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს, როდესაც წინა რეკორდი დამყარდა.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ელიტა ისეთი მდიდარია, როგორც არასოდეს და მისი კოლექტიური ქონება 14,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. 48 წლის თენგიზ ჭანია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

თენგიზ ჭანიას ოჯახის წევრები და მეგობრები ყვებიან, რომ ის სკოლის დამთავრების დღიდანვე სამხედრო სამსახურში ჩაერთო, იბრძოდა საქართველოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში.

„სადაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იდგა – აფხაზეთში, სამაჩაბლოში და პირველივე დღიდან ჩაერთო უკრაინის ომში. თენგო თანამედროვე ისტორიის თანამედროვე გმირია. მეამაყება ჩემი ძმა. ჩემმა ძმამ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო. დიდი მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც ომობდნენ. ქედს ვიხრი გარდაცვლილების წინაშე“, – განაცხადა თენგიზ ჭანიას ძმამ, თემურ ჭანიამ.

თენგიზ ჭანიას ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში სამხედრო პატივით სამშაბათს, 9 აპრილს დაკრძალავენ.