Home Blog Page 1266

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ს.მ., 1995 წელს დაბადებული რ.ი. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1987 წელს დაბადებული რ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ამხილეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1973 წელს დაბადებული გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს.ბრალდებულების ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 73 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული რ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ე.წ. აბრეზი და 19 ვაზნა ამოიღეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

“უკრაინის კრიზისი, შეიძლება მის გეოგრაფიულ საზღვრებს გასცდეს” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

უკრაინის კრიზისი, შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს ნატო-ს თუნდ ერთი-ორი ქვეყნის მხრიდან ავანტიურული ქმედებების შედეგად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს წევრი თუნდაც ერთი-ორი ქვეყნის ავანტიურული ქმედებების შედეგად უკრაინის კრიზისი შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს და სულ სხვა მასშტაბები შეიძინოს“, – განაცხადა მან.

ალექსანდრე გრუშკოს თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ „მიუთითებს ესკალაციის გზით სვლის მზადყოფნაზე იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთი ადგილზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის და ასეთი სიტყვები მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე უპასუხოდ არ დარჩება.

ისრაელს, დამასკოში განხორციელებული თავდასხმის გამო, სილას გააწნავენ -აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ღაზაში სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა.

“ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს” – აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქლაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას.

მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“,- აღნიშნულია მიმართვაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 აპრილს ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღეს დარია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომში დღისით +20, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც დარია. დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ნატო-ს ქვეყნები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ -Reuters

ნატო-ს ქვეყნები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, გადაწყვეტილების მიუხედავად, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდიანი, ხუთწლიანი ფონდი შეიქმნას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკვე განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს არცერთ წინადადებას, რამაც შესაძლოა ალიანსი ომთან დააახლოოს. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მისი მიზანია, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ივლისში დაგეგმილ სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება.

ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი – კვლავ ნანგრევებში რჩება.

ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი – თავშესაფრებში იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ, ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი

უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მაისი-ივნისის პერიოდი იქნება, როცა რუსეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

ზელენსკის განცხადებით, მან მოისმინა დეტალური მოხსენება შეიარაღებული ძალების მეთაურისგან პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები.

ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა „გაიღიმეს“ პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ

ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა „გაიღიმეს“ პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სიმღერის ავტორები ერთობლივად ავრცელებენ.

სიმღერის ავტორები ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს უპირისპირდებიან, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „აქციის საუნდრეკი გვაქვს – ზღაპრის ბოლო კთილია. ესეც საქმეა”.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.

ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“, – ნათქვამია სიმღერის ავტორების განცხადებაში.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ ანტუონოს უმასპინძლა

Instagram და WhatsApp ხარვეზებით მუშაობს

სოციალური ქსელები Instagram-ი და WhatsApp-ი ხარვეზებით მუშაობს.

Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 52%-ს აპლიკაციით სარგებლობა უჭირს. ხარვეზია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის კუთხითაც.

WhatsApp-ის მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ, რომ მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ეტაპზე უცნობია შეფერხების მიზეზები.

Meta-ს განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმამ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტზე კომენტარი გააკეთა

გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გამოეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარეყოთ ამ კანონის მიღება , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას.

“ვნახეთ ცნობები, რომ ისინი [“ქართული ოცნება”] პოტენციურ კანონპროექტს განიხილავენ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გამოეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარეყოთ ამ კანონის მიღება.

საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”, – განაცხადა მილერმა.