Home Blog Page 1248

“ვაშაძე იტყუებოდა, რომ ემიგრანტებს საარჩევნოდ საკონსულოებში არ არეგისტრირებენ”-მამუკა მდინარაძე

ამ წუთის მონაცემებით, საკონსულოების რაოდენობა დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების შესატყვისია. დარბაზში იმ დღეს რა მოხდა – ვაშაძემ მოიტანა 52 ადამიანის სია, 800 ათასით დაიწყეს და საბოლოო ჯამში 52 ადამიანის პრობლემაზე ალაპარაკდნენ, მერე ერთი აღარ აღმოჩნდა პრობლემური იქიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს იმ ემიგრანტების სია წარუდგინა, რომლებსაც, ოპოზიციონერის თქმით, საზღვარგარეთ საკონსულოებში საარჩევნოდ არ არეგისტრირებენ.

„ემიგრაციაში რომ უამრავი ადამიანია, ამას ლაპარაკი რად უნდა. ზოგი გაჭირვების გამო მიდის და ზოგი სხვადასხვა მიზეზების გამო. აქ პროგრესი გვაქვს თუ რეგრესი გვაქვს, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩემი ძალიან ახლობლებიც არიან ემიგრაციაში და ბუნებრივი ამბავია ეს. გასაგებია, ცუდია ძალიან, მაგრამ შედარებითია ყველაფერი. მიგრაციული სალდო გვაქვს, როგორც იქნა, დადებითი. ადამიანი, რომელიც მივიდა, საბუთები წესრიგში ჰქონდა და შეიტანა ეს საბუთები, ყველამ შესაბამისი რეგისტრაცია მიიღო. ვისაც არ ჰქონდა წესრიგში, ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს. ათასში ერთი შემთხვევა შეიძლება იყო, გამონაკლისზე გამონაკლისი, სხვა არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, როცა ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, საქართველოს მოქალაქე იყო და საელჩოში არ დაარეგისტრირეს. რამდენი დღეა გასული მას შემდეგ, რაც მე ვაშაძეს ფურცლები გამოვართვი და ვუთხარი, რომ ერთი დაესახელებინა. 52-კაციანი სია ჰქონდა და ერთი ვერ დამისახელა, ანუ იტყუებოდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი.

„მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ. აპლიკაციის ახალი ვერსია მოქალაქეებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი.

განახლებული დიზაინისა და ფუნქციონალის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქალაქის მასშტაბით გადაადგილების დაგეგმვა მგზავრობის დაწყებისა და დასრულების ადგილების მიხედვით. ვებგვერდზე, ასევე, მოცემულია გრაფიკების, მარშრუტებისა და გაჩერებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

დეტალური ინფორმაციის მიღებასა და აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში, სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა -მდინარაძე

არის კოორდინირებული ქცევა, რომ უფლებები და ლგბტ პროპაგანდა გააიგივონ ანუ დააახლოონ. ჩვენი მიზანია, რომ ისინი ერთმანეთს დავაშოროთ და უფლებებს არავინ შეეხოს და მაინც იბრაზებენ თავს. ვეუბნებით, უფლებების დაცვის ხარისხი გავზარდოთ და ამაზე ბრაზდებიან?! პროპაგანდა ავკრძალოთ – ამაზე ბრაზდებიან?! გვითხრან, ან ერთზე ბრაზდებიან ან მეორეზე. ორივეს ერთად თუ ილაპარაკებენ, მაშინ ძალით იბრაზებენ თავს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ საკითხის ირგვლივ ცისარტყელამ გააერთიანა.

„სხვათა შორის, გუშინ ცისარტყელამ გააერთიანა, რაც ჩვენ ვერ ვქენით, გუშინ ცისარტყელამ ქნა. გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში. სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ გახარებულები, აჟიტირებულები და მთაგავდნენ თურმე ამ რაღაცებზე. იყო ერთი ამბავი. ცისარტყელამ გააერთიანა ბოლოს და მართლა პროპაგანდისტები არიან, ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარეს ძალიან დიდი ფინანსები დგას და „თბილისი პრაიდს“ და სხვა „ენჯეოებს“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

„მე ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება მათი ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი. თავის დამფინანსებლებსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრან, რომ ეს არის ან მართალი ან ტყუილი. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს ხელმოწერებით” – არჩილ თალაკვაძე

როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა ისე, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება, ალბათ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ჩანს, როგორი უთავმოყვარეოა ოპოზიცია, ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები მიუთითებს, როგორი არათანმიმდევრული და უთავმოყვარეო ლიდერები ჰყავს ოპოზიციას.

„შეწყალების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ის აკრიტიკებს უკვე ხელისუფლებას, რეალურად იგივე დღის წესრიგის მხარდამჭერია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ატარებს. შესაბამისად, შეწყალების გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება შიდა კვლევებზე, რასაც ისინი ატარებენ და რის შესახებაც არ იცის საზოგადოებამ. როგორც კი საბოლოო დასკვნას გამოიტანენ, რა სჯობს მათთვის, შეწყალება თუ ამისგან თავის შეკავება, შემდეგ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

„მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის. როგორც ამბობენ, ალბათ ეს ხელმოწერებიც. მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და რეიტინგი მკვეთრად არის შემცირებული. ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს, შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გუშინ გამართა. ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო მატჩის ბილეთების ყიდვა, ჩვენ დღეს უნდა გავიმარჯვოთ -მდინარაძე

ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ ახალი ისტორია დაიწეროს.

„დღეს მე ვიქნები რესპუბლიკის მოედანზე. გავიყავით, უმრავლესობის წევრების ნახევარი რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით, ხოლო დანარჩენები, რომლებსაც ბილეთი შეხვდათ, იქნებიან მოედანზე. ლევან კობიაშვილს ველაპარაკე და მითხრა, რომ ბილეთები როცა გაიყიდა, იმ წუთის მდგომარეობით, ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა რიგში. წარმოიდგინეთ, რამდენმაც ყიდვა შეძლო, ალბათ ოცი იმდენი დარჩა ბილეთების გარეშე. ამ ხალხს გავუწევთ ანგარიშს და ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა. მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს და მაგარ ნაკრებს. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მაგარი დღე. დღეს უნდა მოვახერხოთ და გავიმარჯვოთ. ეს იქნება ახალი ისტორია, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ქვეყნის ახალი ისტორია. მათ შეუძლიათ, ეს ისტორიული ფურცელი გადაფურცლონ. ამაზე უფრო პოზიტიური არაფერი შეიძლება მოხდეს დღეს ამ ქვეყანაში. ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს ეროვნული საქმის გაკეთებაში. ჩვენ დღეს უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში – ფონდისგან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის.

“დარწმუნებული ვარ, დავდებთ იმ შედეგს, რომელსაც გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება”- კახა კალაძე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ, მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე, დარწმუნებული ვარ, დავდებთ იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება. მისივე განცხადებით, ადგილზე სამზადისი მიმდინარეობს და 19:00 საათიდან ყველას ექნება საშუალება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს.

„იცით, ამის შესახებ რამდენჯერმე დავაანონსეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლუქსემბურგთან იმართებოდა შეხვედრა და ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, სტადიონზე მოხვედრა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ბევრს აქვს სურვილი, დაესწროს ამ ტიპის შეხვედრებს. დღესაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში, რათა ეყიდა ბილეთები, თუმცა ყველამ ვერ მოახერხა, რადგან „დინამო არენას“ გარკვეული რაოდენობის ტევადობა აქვს.

შესაბამისად, როგორც ლუქსემბურგთან მატჩის წინ, ახლაც გადავწყვიტეთ, რესპუბლიკის მოედანზე შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება, მოვიდეს, უგულშემატკივროს თავის ეროვნულ ნაკრებს. ადგილზე განთავსებულია ეკრანები და 19:00 საათიდან შეგეძლებათ, მობრძანდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგელობაა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო. როგორც ყოფილი ფეხბურთელი, დღეს კი, დედაქალაქის მერი გეტყვით – ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ, წარმატებებსა და წინსვლას. მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე. ყველა სანტიმეტრი, მეტრი და მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ და წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს.

აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, – აცხადებს რობინ დანიგანი.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ და ჩვენს იდენტობას შეუტიონ -ირაკლი ზარქუა

ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რათა ჩვენს იდენტობას შეუტიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხთან ერთად დაიცავს ქართულ იდენტობას.

„ჩვენ დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ოჯახური ღირებულებებისა და მომავალი თაობის დაცვას. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც ითქვა და მათ შორის, გაიწერა პუნქტებად: ეს არის ქორწინება და ოჯახის შექმნა, მათ შორის არის შვილად აყვანის თემების დარეგულირება, სქესის შეცვლა და ასე შემდეგ. მთელი რიგი ნიუანსებია, რომლებიც მსოფლიო გამოწვევაა. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რათა ჩვენს იდენტობას, მართლმადიდებლობას, ეკლესიას, კულტურას, მენტალობას შეუტიონ. თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, შვილს დაუძახო ქალიშვილი, ვაჟიშვილი, დედას – დედა, მამას – მამა, რა გვინდა მაშინ ევროკავშირში და სხვა გაერთიანებებში? ამათ ეს არ აინტერესებთ, მთავარია, უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ფული აიღონ. ჩვენ ამას წინ აღვუდგებით. ქართველ ხალხთან ერთად როგორც აქამდე მოვიგერიეთ არაერთი შემოტევა, ამ ხელმოცარულების და უცხოური დაფინანსების მქონე პირების, მათ შორის მდიდარი „ენჯეოების“, ახლაც გავუძლებთ და გავიტანთ ჩვენს გასატანს, დავიცავთ ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხვინებდნენ.

ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დანაშაულში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ალექსანდრე ლუკაშენკომ „საზღვრის ყველა დამრღვევის განადგურების“ ბრძანება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს.

„საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი – განადგურება,” – განაცხადა ლუკაშენკომ ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

„დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“ – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) მუდმივად თვალს ადევნებს და აქვეყნებს აშშ-ში მიმდინარე იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც შიდაპარტიულ პრაიმერიზებს და საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობას ეხება. ერთ-ერთ ასეთ მასალას წარმოადგენს სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“ (ავტორები – ჯერ ქუინი და ლიუკ ქოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

25 მარტს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია სასამართლოში და მას მხოლოდ 175 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის ან ამ ღირებულების ობლიგაციების წარდგენა მოუწევს 10 დღის განმავლობაში. თავდაპირველად, ჯარიმის ოდენობა 454 მილიონი დოლარი იყო.

სასამართლოს დადგენილება არ მისცემს ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დონალდ ტრამპს აქტივები ჩამოართვას. თავის მხრივ, დონალდ ტრამპს აღნიშნული ჯარიმის წარდგენა მოუწევს, რათა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივროს.

ნიუ-იორკის სამოქალაქო საქმეზე დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა მილიარდობით დოლარის თაღლითურად გაბერვისთვის დადგა, რათა მიეღო უკეთესი სესხი და სადაზღვევო პირობები. ტრამპის თქმით, საქმე პოლიტიკური ვენდეტაა.

დონალდ ტრამპს დაეკისრა ზარალის და დამატებით მიღებული შემოსავლის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას ამ საქმეზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს მისი გასაჩივრების შანსს აძლევს.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლატიშა ჯეიმსის ოფისმა, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეა, თქვა, რომ დონალდ ტრამპს “ჯერ კიდევ ემუქრება პასუხისმგებლობა მისი განსაცვიფრებელი თაღლითობისთვის”.~
„მე დიდ პატივს ვცემ სააპელაციო განყოფილების გადაწყვეტილებას და ძალიან სწრაფად წარვადგენ 175 მილიონ აშშ დოლარს ნაღდ ფულში, ობლიგაციებით ან ფასიანი ქაღალდებით ან რაც საჭიროა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის სასამართლოში.

დონალდ ტრამპმის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სულ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 91 ბრალდებას მოიცავს და ის მრავალმილიონიან სამოქალაქო დავების განაჩენებს უმკლავდება.
დონალდ ტრამპის გუნდის იურიდიული მანევრირების შედეგად სამი სისხლის სამართლის პროცესი გადაიდო, თუმცა ნიუ-იორკის მოსამართლემ 25 მარტს დაადგინა, რომ მეოთხე საქმეზე, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის გადახდილ ფულს ეხება, სასამართლო 15 აპრილს დაიწყება.

ამ შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება პორნოვარსკვლავისთვის 130,000 დოლარის გადახდა დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის წინ, რათა მას არ ესაუბრა საჯაროდ დონალდ ტრამპთან 10 წლის წინანდელ კავშირზე.

პაუზის მინიჭებამდე, დონალდ ტრამპს ორშაბათს უნდა წარედგინა 454 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია, რათა საქმე გაესაჩივრებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორ ლატიშა ჯეიმსს შეეძლო სასამართლოსთვის მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აქტივების ჩამორთმევა, მათ შორის, ძვირფასი უძრავი ქონების, როგორიცაა “40 უოლ სტრიტის” შენობა, მანჰეტენზე.

ცალკე სამოქალაქო საქმეში, დონალდ ტრამპმა 91,6 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია წარადგინა. ამით მან დაფარა მწერალ ეუჯინ კეროლის ცილისწამების საქმეზე განაჩენით გათვალისწინებული ჯარიმა. ეუჯინ კეროლი მას მატყუარად მოხსენიების გამო უჩიოდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, მან ათწლეულების წინ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს.

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც დონალდ ტრამპი უმკლავდება, უკავშირდება 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას, საიდუმლო დოკუმენტების შენახვას თანამდებობის დატოვების შემდეგ და პორნოვარსკვლავის საქმეს.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკად მოტივირებულად აფასებს.

წყარო