Home Blog Page 1243

“საქართველო ისტორიაში შევიდა – ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ – რას წერს BBC

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს (BBC) სპორტული სამსახური (BBC sport) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ისტორიაში შევიდა – ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ (ავტორი – ჯონათან იურეიკო).

გთავაზობთ შემოკლებით:

„საქართველო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა – ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში გამარჯვებით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მოიპოვა. ქართველმა ნიკა კვეკვესკირმა ისეთი პენალტი დაარტყა, რომლის აღება სტუმრების მეკარემ ოდისევს ვლახიდიმესმა ვერ შეძლო. მატჩის დასრულებამ ანგარიშით 4:2-ზე თბილისში ქართველების უდიდესი სიხარული გამოიწვია.

ქართველი გულშემატკივრები მინდორზე გამოვიდნენ, რათა მისალმებოდნენ ნაკრების მოთამაშეებს – იმ ნაკრებისა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს ითამაშა, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე-15 მცდელობის შემდეგ საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა – ევროპის 2024 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის მიზნით. გულშემატკივრები ერთ-ერთი კარის უკან შეიკრიბნენ და, ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიხარულის გამოხატვით, მუხლები მოიყარეს გუნდის წინაშე“

წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28-29 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება.

„თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“ – ქართველი ფეხბურთელების თამაშს გერმანული მედია აკრიტიკებს

დასავლური პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში – განსაკუთრებით ბევრია მასალები გერმანულ მასმედიაში, რომლებშიც არაერთგვაროვნად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციებიდან:

„დრამა პენალტების სერიით: საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში“ – ამ სათაურით არის გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალა, რომელშიც საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში: „თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

და მაინც, კრიტიკის მიუხედავად, სტატიის ფინალური ნაწილი ქვესათაურით – „იზეიმეთ ისე, როგორც არასდროს“ – ოპტიმისტურია: „პენალტების სერიაში თავი გამოიჩინეს სტუმრებმა ანასტასიოს ბაკასეტასმა და გიორგიოს იაკუმაკისმა. მასპინძლებიდან გოლი გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. და როცა ნიკამ გადამწყვეტი პენალტის რეალიზება კარის მარცხენა კუთხეში მოახდინა, აღფრთოვანებულმა მაყურებლებმა სტადიონზე ყველა ბარიერი გადალახეს და სათამაშო მოედანზე გავიდნენ. სიხარულით აღსავსე მოთამაშეები, მაყურებლები და მწვრთნელები ყველა ერთმანეთს ეხვეოდნენ და ქართული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „იქს-ქსელში“ მოზეიმე ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ეს სურათები ლუვრში უნდა ჩამოიკიდოს“ და „გამოდით და ყველამ ისე იზეიმეთ, როგორც არასდროს“

წყარო

“საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი – როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიისა და ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ საერთოდ ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქართველების და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი.

„როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიის ქვეყანაში, ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს, საერთოდ, იმდენად არაბუნებრივი პროცესი, რომ მე ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში თუ არა ხელოვნურად გამოწვეული მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი. ერთი არის, რომ ქართველი ხალხის გადასახლება ხდება აქედან, შემდეგ ჩამოდიან მესამე მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, ერაყიდან, აფრიკული ქვეყნებიდან, აქ სწავლობენ და მერე აქედან მიდიან ევროპაში, ასევე საქართველოს იყენებენ იქ გადასასახლებლად. საქართველო უნდა იყოს ქართველების მოზიდვის ცენტრი და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი. ამისთვის საჭიროა, ასევე, დეცენტრალიზაცია,. შემდეგი კანონი იქნება, რომ შემოსავლის 80% დარჩება ადგილზე. ახლა მიდის გაურკვევლად ცენტრალურ ბიუჯეტში, ცენტრალური ბიუჯეტიდან იპარება სხვადასხვა „ატკატებით“, გაურკვეველი ტენდერებით. ადგილზე უკეთესად იცის ადამიანმა რა სჭირდება, მაგალითად ავიღოთ წალენჯიხის მაგალითი. ამიტომ ადგილზე უნდა რჩებოდეს ფული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება” -სააკაშვილი

მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება – გამარჯვებაში მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ის დაპირებები გააჟღერა, რასაც „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება.

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება.

რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბისნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია…,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ხალხთა გადასახლების პუნქტი გახდა.

„როგორ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში უმუშევრობა იყოს, ჩვენი გეოგრაფიის, ჩვენი რესურსების ქვეყანაში?! ეს საერთოდ იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ მე ამაში ლოგიკას ვერ ვპოულობ, თუ არა ხელოვნურად გამოწვეული ტექნოლოგიური მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.

„მინდა დავიწყო მოლოცვით. ჩემი პატიმრობის ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში, ბოლო წლების განმავლობაში. საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი. ჩვენმა გულშემატკივარმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

“ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს” – გია აბაშიძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო „ნაცების“ უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ანალიტიკოსის თქმით, გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვითარების შეცვლას შეძლებს, იაფფასიანი კლოუნადაა და მან მშვენივრად იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტიკური გავლენები არ მოქმედებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო “ნაცების” უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი. ორპროცენტიანი პოლიტიკანის, ნიკა გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეცვლის ვითარებას, ძალიან იაფფასიანი კლოუნადაა, რაც წლებია გვარამიას მახასიათებელია – პოლიტიკური შაპიტოს პერსონაჟი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.

თელავში ოთხი ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! – ევროკავშირის საელჩო

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში.

„საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

“რატომ არ ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრე არიან?” – მაჭარაშვილი

გვინდა, კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციიდან ვერავინ ამბობს ამაყად, რომ მომხრეა ლგბტ პროპაგანდის, რადგან ამას “მათი ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა”.

“პრობლემა, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის კაცობრიობის პრობლემა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება ის თავსმოხვეული იდეა, რასაც ჰქვია გაუკუღმართებული ცხოვრება. თურმე ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ ეს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ა.შ. ეს ვნახეთ, სამწუხაროდ, დიდი სახელმწიფოების დონეზე, მათ შორის ნორმატიული აქტის გამოცემით, კანონების მიღებით. ამიტომ კონსტიტუციურ დონეზე გვინდა, გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და როგორც დღესაა გარანტირებულად, ასე გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა. ისინი ვერაფერს ამბობენ ამ თემაზე. რატომ არ ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრე არიან. ამაყად დადგა ვინმე და თქვა, რომ მომხრე არიან ლგბტ პროპაგანდის? – ვერა. იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა ამას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

“ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს”

ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო ერთიანობით შეძლებს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ჩვენმა ბიჭებმა მართლა შეუძლებელი შეძლეს, ბევრი თაობის ოცნება და ნატვრა შეასრულეს. ეს დიდი წარმატებაა დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს, რომ ამ გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა. ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ერმა როგორც ეს გამარჯვება მოახერხა, ერთიანობით იმასაც შევძლებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. საქართველომ ევროპა დემოკრატიით გააოცა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს.

„2024 წლის 27 მარტის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან დრონების გამოყენებით შეტევა განახორციელა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.