Home Blog Page 1242

„ცაიტნოტში მყოფი უკრაინა ფრონტის ხაზს ამაგრებს“ – The Economis

უკრაინის არმიას დიდი პრობლემები აქვს – აკლია საბრძოლო მასალები და ვერ ახერხებს ცოცხალი ძალით შევსებას. რასაკვირველია, საბრძოლო მასალების საკითხში კიევი მთლიანად არის დამოკიდებული მოკავშირეებზე, მაგრამ რაც შეეხება ცოცხალი ძალით შევსებაში შექმნილ რთულ სიტუაციას, ეს უკვე უკრაინამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economis) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ცაიტნოტში მყოფი უკრაინა ფრონტის ხაზს ამაგრებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, დღეს კი ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ომის „ჩიხური ვერსიაც“ კი ოპტიმისტურ სცენარად მოჩანს. ჰორიზონტზე საგანგაშო ვითარების ნიშნები გამოიკვეთა და, დიდი ალბათობით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი: რუსეთის არმია უკრაინის თავდაცვას გაარღვევს და ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო ღრმად შეაღწევს.

(…)
კაცმა რომ თქვას, უკრაინის არმიამ უკვე მოახდინა სასწაული – რუსეთის სანაქებო შავი ზღვის ფლოტი ძალიან დააზარალა, მას უკან დაახევინა და ოდესის ნავსადგურიდან ხორბლის ექსპორტი აღადგინა. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო სტრუქტურები ისეთ შორეულ საავიაციო და სარაკეტო რეიდებს ახორციელებენ დრონებითა და რეაქტიული არტილერიით, რომ ადრე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა: უკრაინელები ბომბავენ რუსეთის საომარ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. დარტყმები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი შეშფოთდა – ვაითუ ნავთობზე მსოფლიო ფასებმა მოიმატოსო და უკრაინას კონფიდენციალურად ურჩია, რომ ნავთობის გადამუშავების ობიექტების დაბომბვისაგან თავი შეეკავებინა.

მაგრამ საბრძოლო მოქმედებები უმთავრესად ხმელეთზე მიმდინარეობს, რომლის დროსაც თავს უამრავი პრობლემა იჩენს, მათ შორის საბრძოლო მასალების დეფიციტი. სწორედ ჭურვების უკმარისობამ აიძულა უკრაინელები ავდეევკიდან უკან დაეხიათ. მართალია, დრონები ჭურვების უკმარისობის ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენენ, მაგრამ უპილოტო საფრენი აპარატები, თავიანთი გარკვეული უპირატესობის მიუხედავად, არტილერისაგან განსხვავებით, საბრძოლო პოზიციების მასირებული დაბომბვისათვის არ გამოდგებიან.

(…)
რუსეთის არმია ფრონტზე უკრაინის ქვემეხების თითოეულ ბათქს ერთბაშად ხუთი ზალპით პასუხობს. რატომ იგვიანებს მოკავშირეების დახმარება? თავი რომ დავანებოთ ამერიკელი ტრამპისტი კონგრესმენების მიერ „დამარხულ“ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მსხვერპლი აღმოჩნდა, რას აკეთებს ევროპა? რატომ არ მუშაობენ სამხედრო ქარხნების სრული დატვირთვით? რუსეთი წელიწადში დაახლოებით სამ მილიონ ჭურვს ამზადებს და დამატებით კიდევ ირანისაგან და სამხრეთ კორეისაგან იღებს, ამ დროს კი ევროპა წლის ბოლოსათვის მხოლოდ 1,4 მილიონი ჭურვის გამოშვებას გეგმავს. ორი მილიონი ჭურვის დამზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ 2025 წლის ბოლოსათვის თუ მოხდება.

უკრაინის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის ყველაზე საუკეთესო იქნება ჩეხეთის იმ ინიციატივის რეალიზება, რომლის მიზანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სათანადო კალიბრის ჭურვების ძიება და მათი მოგროვება წარმოადგენს. ჩეხებმა უკვე დაიწყეს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს საწყობებში სიარული და ამ დროისათვის თითქმის 800 ათასამდე ჭურვი მოიძიეს, რომელთა საყიდლად ფულს გერმანია, ნიდერლანდები, დანია და კანადა დადებენ.

(…)
თუ საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის საკითხში უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული მოკავშირეებზე, ამას ვერ ვიტყვით არმიის ჯარისკაცებით შევსებაზე. კიევი ვერავის ვერ გადააბრალებს იმას, რომ დღემდე ვერ მოაგვარა ჯარში გაწვევა-მობილიზაციის პრობლემა. უკრაინული არმიის პირადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენს. მართალია, ჯარისკაცთა საბრძოლო სული შენარჩუნებულია, მაგრამ ორწლიანი განუწყვეტელი ბრძოლებისაგან დაღლილი სამხედრო მოსამსახურეების როტაცია აუცილებელია.

რუსეთის მთავრობა თავის არმიის ცოცხალი ძალით შესავსებად ასეთ ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს: კრემლი ღარიბი ოჯახების წევრ ახალგაზრდა მამაკაცებს ისეთი რაოდენობის ფულს სთავაზობს, რომლის გაფიქრება მათ არასოდეს არ შეეძლოთ, ამიტომაც კონტრაქტის დადების მსურველები საკმაოდ არიან. როგორც ექსპერტი კონრად მუზიკა თვლის, ყოველთვიურად ფრონტზე მყოფი რუსული არმიის ქვედანაყოფები 30 ათასამდე ახალ, ძალ-ღონით სავსე ახალწვეულებით შევსებას იღებენ. ეს ძალა საკმარისია იმისათვის, რომ ახლო მომავალში ე.წ. „სახორცე შეტევები“ გაგრძელდეს – ისე როგორც ეს ავდეევკის შტურმის დროს ხდებოდა.

(…)
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე თავს ვერანაირად ვერ გაიმართლებს თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის გაჭიანურების გამოც. ჯერ კიდევ გასული ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლამ ცხადჰყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე აგებულ თავდაცვის კომპლექსურ სისტემას: უკრაინის ჯარმა, დიდი ბრძოლების მიუხედავად, რუსულ გამაგრებულ ხაზს ვერაფერი დააკლო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ეს გაკვეთილი ვერ აითვისა – მან საინჟინრო ჯარებს და სამოქალაქო მოიჯარეებს დავალება გამაგრებული ხაზის შესაქმნელად მხოლოდ ნოემბერში მისცა. ეშელონისებური თავდაცვა, რომელიც გულისხმობს ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაკეთებას, „დრაკონის კბილების“ დადგმა-მოწყობას, ადგილების დანაღმვას, საცეცხლე წერტილების განლაგებას და მიწაყრილების მოწყობას ქვეითების დასაცავად, ჯერ მხოლოდ გრძელდება და მათი დასრულება შორს არის. „ამიტომაც, როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩიხური სიტუაციის გაგრძელება ამ ეტაპზე უკრაინისათვის ყველაზე საუკეთესო სცენარად რჩება“, – ასკვნის კონრად მუზიკა.

წყარო

“გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშში ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით”

სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა, ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში, ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.

„ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ, გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს” – იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

მისივე თქმით, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, უკან უნდა დაბრუნდეს, ასევე, ვინც “ქართულ ოცნებაში” იყო, ისინიც, დანარჩენი კი მათთან.

“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ “ნაცური” პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს “ნაცებში” და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული “ნაცმოძრაობიდან”, მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ვინც “ნაცებში” ყოფილა – “ნაცებში”, ვინც “ქოცებში” – “ქოცებში” და დანარჩენი ჩვენთან”, – განახადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს დანარჩენ შიდა “ნაცურ” პარტიებთან “შუტკა” აქვს გახსნილი და შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, რადგან მაინც მისი წიაღიდან მოდიან და მაინც მარტო მას ართმევენ ხმებს.”

“მაგრამ ასეთი სიხისტე, თუნდაც ამ პარტიებთან, ჩემი აზრით, არ იქნება მისთვის მომგებიანი. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას და შემოკრებას ძველი “ნაცების” და არა მათ დაბულინგებას და მუქარას. ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი რომ გაბრაზდეს და “ლელოში” შევიდეს, “ნაცმოძრაობა” ამით ვერ მოიგებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება.

სააკაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ “ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმა” გაიმარჯვებს.

“26 მარტს „დინამო არენაზე“ ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერს, ახდა თაობების ოცნება და გრძელდება საქართველოს გამარჯვებათა ისტორია.

„არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს.

26 მარტს „დინამო არენაზე“ დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!

საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

“საქართველო ისტორიაში შევიდა – ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ – რას წერს BBC

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს (BBC) სპორტული სამსახური (BBC sport) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ისტორიაში შევიდა – ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ (ავტორი – ჯონათან იურეიკო).

გთავაზობთ შემოკლებით:

„საქართველო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა – ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში გამარჯვებით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მოიპოვა. ქართველმა ნიკა კვეკვესკირმა ისეთი პენალტი დაარტყა, რომლის აღება სტუმრების მეკარემ ოდისევს ვლახიდიმესმა ვერ შეძლო. მატჩის დასრულებამ ანგარიშით 4:2-ზე თბილისში ქართველების უდიდესი სიხარული გამოიწვია.

ქართველი გულშემატკივრები მინდორზე გამოვიდნენ, რათა მისალმებოდნენ ნაკრების მოთამაშეებს – იმ ნაკრებისა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს ითამაშა, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე-15 მცდელობის შემდეგ საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა – ევროპის 2024 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის მიზნით. გულშემატკივრები ერთ-ერთი კარის უკან შეიკრიბნენ და, ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიხარულის გამოხატვით, მუხლები მოიყარეს გუნდის წინაშე“

წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28-29 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება.

„თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“ – ქართველი ფეხბურთელების თამაშს გერმანული მედია აკრიტიკებს

დასავლური პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში – განსაკუთრებით ბევრია მასალები გერმანულ მასმედიაში, რომლებშიც არაერთგვაროვნად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციებიდან:

„დრამა პენალტების სერიით: საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში“ – ამ სათაურით არის გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალა, რომელშიც საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში: „თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

და მაინც, კრიტიკის მიუხედავად, სტატიის ფინალური ნაწილი ქვესათაურით – „იზეიმეთ ისე, როგორც არასდროს“ – ოპტიმისტურია: „პენალტების სერიაში თავი გამოიჩინეს სტუმრებმა ანასტასიოს ბაკასეტასმა და გიორგიოს იაკუმაკისმა. მასპინძლებიდან გოლი გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. და როცა ნიკამ გადამწყვეტი პენალტის რეალიზება კარის მარცხენა კუთხეში მოახდინა, აღფრთოვანებულმა მაყურებლებმა სტადიონზე ყველა ბარიერი გადალახეს და სათამაშო მოედანზე გავიდნენ. სიხარულით აღსავსე მოთამაშეები, მაყურებლები და მწვრთნელები ყველა ერთმანეთს ეხვეოდნენ და ქართული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „იქს-ქსელში“ მოზეიმე ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ეს სურათები ლუვრში უნდა ჩამოიკიდოს“ და „გამოდით და ყველამ ისე იზეიმეთ, როგორც არასდროს“

წყარო

“საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი – როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიისა და ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ საერთოდ ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქართველების და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი.

„როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიის ქვეყანაში, ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს, საერთოდ, იმდენად არაბუნებრივი პროცესი, რომ მე ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში თუ არა ხელოვნურად გამოწვეული მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი. ერთი არის, რომ ქართველი ხალხის გადასახლება ხდება აქედან, შემდეგ ჩამოდიან მესამე მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, ერაყიდან, აფრიკული ქვეყნებიდან, აქ სწავლობენ და მერე აქედან მიდიან ევროპაში, ასევე საქართველოს იყენებენ იქ გადასასახლებლად. საქართველო უნდა იყოს ქართველების მოზიდვის ცენტრი და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი. ამისთვის საჭიროა, ასევე, დეცენტრალიზაცია,. შემდეგი კანონი იქნება, რომ შემოსავლის 80% დარჩება ადგილზე. ახლა მიდის გაურკვევლად ცენტრალურ ბიუჯეტში, ცენტრალური ბიუჯეტიდან იპარება სხვადასხვა „ატკატებით“, გაურკვეველი ტენდერებით. ადგილზე უკეთესად იცის ადამიანმა რა სჭირდება, მაგალითად ავიღოთ წალენჯიხის მაგალითი. ამიტომ ადგილზე უნდა რჩებოდეს ფული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება” -სააკაშვილი

მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება – გამარჯვებაში მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ის დაპირებები გააჟღერა, რასაც „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება.

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება.

რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბისნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია…,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ხალხთა გადასახლების პუნქტი გახდა.

„როგორ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში უმუშევრობა იყოს, ჩვენი გეოგრაფიის, ჩვენი რესურსების ქვეყანაში?! ეს საერთოდ იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ მე ამაში ლოგიკას ვერ ვპოულობ, თუ არა ხელოვნურად გამოწვეული ტექნოლოგიური მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.

„მინდა დავიწყო მოლოცვით. ჩემი პატიმრობის ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში, ბოლო წლების განმავლობაში. საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი. ჩვენმა გულშემატკივარმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

“ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს” – გია აბაშიძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო „ნაცების“ უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ანალიტიკოსის თქმით, გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვითარების შეცვლას შეძლებს, იაფფასიანი კლოუნადაა და მან მშვენივრად იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტიკური გავლენები არ მოქმედებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო “ნაცების” უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი. ორპროცენტიანი პოლიტიკანის, ნიკა გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეცვლის ვითარებას, ძალიან იაფფასიანი კლოუნადაა, რაც წლებია გვარამიას მახასიათებელია – პოლიტიკური შაპიტოს პერსონაჟი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.

თელავში ოთხი ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.