Home Blog Page 1241

“ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს”

ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო ერთიანობით შეძლებს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ჩვენმა ბიჭებმა მართლა შეუძლებელი შეძლეს, ბევრი თაობის ოცნება და ნატვრა შეასრულეს. ეს დიდი წარმატებაა დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს, რომ ამ გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა. ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ერმა როგორც ეს გამარჯვება მოახერხა, ერთიანობით იმასაც შევძლებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. საქართველომ ევროპა დემოკრატიით გააოცა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს.

„2024 წლის 27 მარტის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან დრონების გამოყენებით შეტევა განახორციელა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

“Moody’s-ის მხრიდან საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე ზრდა ასახავს იმ გარემოებას, რომ საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეინარჩუნა”

სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პერიოდში რისკები დაბალანსებულია და საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა. მისი შეფასებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეკონომიკური ინსტიტუტების სიძლიერემ განაპირობა, რაზეც ხაზგასმულია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.
„სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5,5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პოტენციურ დონესთან ახლოს იქნება და დაახლოებით 5-5,5 პროცენტს გაუტოლდება” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება ასახავს საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიძლიერესა და ეკონომიკური ინსტიტუტების მიერ ამ პოლიტიკისადმი ერთგულებას. ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნულმა და გლობალური ინფლაციის შოკის ეფექტურმა მართვამ განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ზრდა 2022 და 2023 წლებში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საინვესტიციო სარეიტინგო დონის მიღწევა, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს ეკონომიკას. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხელფასების მატებასა და სხვა მაკროეკონომიკურ და სოციალურ პარამეტრებზე.

“უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ საკუთარი მომავალი” – ენტონი ბლინკენი

უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში ბალტიისპირეთის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბლინკენი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

„ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავდაცვის ბიუჯეტში, იყვნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის კუთხით იმ დროს, როდესაც ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხალხი და ქვეყნები მთელ მსოფლიოში იმსახურებენ საკუთარი მომავლის განსაზღვრას და არა იმას, რომ მისცენ სხვა ძალას უფლება, ეს მათ მაგივრად გააკეთოს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, როგორც უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის, ასევე ალიანსის მომავლის დაგეგმვის კუთხით.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა, საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევით წინააღმდეგობა გაეწიოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.
„შეკავება, გრძელვადიანი სტრატეგია, მათ შორის, აგრესიულ რუსეთთან გამკლავება, არის ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. მხოლოდ დემოკრატიების, თანამოაზრე ქვეყნების, საზოგადოებების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშიმ.

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, – წერს მაია სანდუ X-ზე.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

“ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ” – თამთა მეგრელიშვილი

როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რომ დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები, – ამით ხსნის „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორია მმართველი გუნდი.

როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია ამ ინიციატივის კანონად ქცევა, რადგან როცა ქვეყანას უპირისპირდებიან, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები.

„ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ეს არის ჩვენკენ მომართული იარაღი, ჩვენს რელიგიაზე, კულტურულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ზოგადად მორალურ ასპექტებზე მომართული იარაღია, რომლის მთავარი სამიზნეა არასრულწლოვანი ბავშვები. ეს არის იარაღი, რომელსაც იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტსაც ვიტყვი, ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ. რეალურად ესაა პრობლემა. ამიტომ, მე ვუერთდები ჩემი გუნდის – „ხალხის ძალის“ პოზიციას და როგორც „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც რიგითი მოქალაქე, თამთა მეგრელიშვილი აუცილებლად მივიჩნევ იმ ინიციატივის კანონად, სამართლებრივ მექანიზმად ქცევას, რა ინიციატივაც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. ეს საჭიროა იმიტომ, რომ როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რათა დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები. ამიტომ, ეს არის ეროვნული ღირსების, თვითმყოფადობის, კულტურის გადარჩენის მთავარი გზა. ეს არის კანონპროექტი, რომელმაც ხორცი უნდა შეისხას და ეს არის ქართველი ხალხის, მოქალაქეების უმრავლესობის პირდაპირი დავალება და ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ხალხის ძალა“ ამ ბრძოლის ავანგარდში დგება და ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ინიციატივად არ დარჩეს და ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ამ აღვირახსნილობის, უკანონობის სამართლებრივი შეზღუდვა,” – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

“რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს” – გაერო

ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში.

„საანგარიშო პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები სულ მცირე 32 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ 12 ცალკეული ინციდენტის დროს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოჰკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და კასტრირების მუქარას, ცემას ან მათ მიმართ ელექტროშოკის გამოყენებას.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული თასის საგზური მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მოხარული ვარ ქართველი მეგობრებისთვის. გილოცავ, საქართველო“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

„ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა.

„ისტორიული გამარჯვება! გილოცავ, საქართველო. ვულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას. დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის! „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე BBC წერს

საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა, – ამ სათაურით სტატიას თბილისში გუშინ გამართულ ისტორიულ საფეხბურთო მატჩს BBC-ი უძღვნის და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი 11-მეტრიანი ბერძნების კარში ცვლილებაზე შესულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

„პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა“, – აღნიშნავს გამოცემის სპორტული განყოფილება და იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველო თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა,

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველანი ღირსეული ადამიანები არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. მინდა, დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

კარგ ხალხში, ქვეყანასა და პროფესიონალებში მოვხვდი, აქ მუშაობა მიხარია – ვილი სანიოლი

ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო.

მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს. პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.