Home Blog Page 1231

„ქართულ ოცნებას“ არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო – „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა”

„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.

“მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, – წერს როთი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.

ოპოზიცია საზოგადოებას მეორედ ვეღარ მოატყუებს, 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ, ქუჩაში ვერავის გამოიყვანენ -სოზარ სუბარი

ოპოზიცია საზოგადოებას მეორედ ვეღარ მოატყუებს, 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ, ქუჩაში ვერავის ვეღარ გამოიყვანენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთის სახელმწიფო მოსამსახურე იყო, ჩინოვნიკი და დღესაც არ ვიცით, რა კავშირი აქვს, თუმცა მას წავუკითხავ, რა წერია, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ კანონში. პირდაპირ წერია, რომ სპეციალური რეესტრი შეიქმნება, სადაც აღირიცხება ყველა უცხოური ინვესტიცია, ვინც აფინანსებს საფრანგეთში არასამთავრობო ან პოლიტიკურ სტრუქტურას. ეს სტრუქტურები ასამბლეის წინაშე ანგარიშს თუ არ წარადგენენ, სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან. ქართულ კანონში მსგავსი არაფერი წერია, ჩვენთან ვალდებულებაა გამოქვეყნების ან ჯარიმაა გათვალისწინებული. ოპოზიციამ საზოგადოება ერთხელ უკვე მოატყუა და მეორედ ვეღარ მოატყუებს. მათ თუ სურთ, გააპროტესტონ, აგერ არის ქუჩა და ვნახავთ, რომ 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ. რამდენიც უნდათ, იყვირონ, რამდენიც უნდათ, იხმაურონ. ქუჩაში ვერავის ვეღარ გამოიყვანენ, რადგან მათი მოსატყუებელი კბილი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოიცვალა. რისი ძალა აქვთ – აგერ ბურთი და მოედანი. ბურთი მათ მოედანზეა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული” – თეა წულუკიანი

x

ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ განაცხადა.

„ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. ჩვენ – საზოგადოებას გვაქვს უფლება, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ქვეყნისთვის დამატებითი უსაფრთხოების ღვედის ფუნქციას შეასრულებს.

“საქართველო ისეთ მდგომარეობაშია უკვე რამდენიმე წელია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი. კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა მიღებული გარედან”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა

ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ, აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს  ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა.

მადლობა რობინ დანიგანს, შარშანდელისგან განსხვავებით, გამჭვირვალობის კანონპროექტზე მოზომილი განცხადება გაკეთდა აშშ-დან, ევროპული განცხადებებიც გაცილებით მოზომილია -მამუკა მდინარაძე

შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა, რამდენად მართლები ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პერსონალურად მადლობას უხდის საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს, ვინაიდან, შარშანდელისგან განსხვავებით, აშშ-დან მოზომილი განცხადება გაკეთდა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, შარშანდელთან შედარებით, ვროპული განცხადებებიც გაცილებით მოზომილია.

„ევროკავშირში გვინდა კი არა, უზრუნველვყოფთ. ევროპარლამენტის მიმართ მათი რეკომენდაცია არის უცხოური გავლენის ინტერესების წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა, რამდენად მართლები ვართ ჩვენ, ყველანი, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები. მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, რადგან, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-დან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, დიახ, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა. შარშანდელთან შედარებითია ყველაფერი. ევროპული განცხადებები, ოფიციალური წარმომადგენლობების განცხადებები შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მოზომილლია. გვახსოვს, შარშან პირდაპირ ამბობდნენ, ეს არის რუსული კანონიო. ქალბატონ დანიგანს მადლობას ვუხდი, რადგან პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს. არა მხოლოდ პერსონალური, ჩანს, რომ ის წარმოადგენს აშშ-ს, დიდი ბოდიში, ამის თქმა რომ მიწევს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენდა არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ძალის ინტერესებს. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებებია. უფრო მოზომილ და რბილს განცხადებებს მგონი, ვერც გააკეთებდნენ, რადგან ძალიან აცდებოდა. შესაბამისად, მინდა, მადლობაც კი გადავუხადო, რომ შარშანდელთან შედარებით იყო აბსოლუტურად მოზომილი განცხადებები. აშშ-ის შემთხვევაში, დანიგანის პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მეგობრული, თუ არამეგობრული სახელმწიფოსგან შემოსული თანხა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

არაა გასაკვირი, სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, თქვენი წარსული ხომ ამას აჩვენებს? -შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს

სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „არსებად“ მოიხსენია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამადაშვილის განცხადებაში შეურაცხმყოფელიც ბევრი რამ იყო, თუმცა ის, რაც ადამიანის ღირსებას ეხება, უმთავრესია.

„თქვენ თქვენს სიტყვაში ადამიანი მოიხსენიეთ არსებად. თქვენი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე გასაგებია, რომ თქვენთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, სხვები არსებებად მიგაჩნიათ. სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა. თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! აბა, იმ წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ. ეს მომენტი მინდოდა შემეხსენებინა, ვინაიდან ეს არის ღირსების შემლახველი. შეურაცხმყოფელიც ბევრი იყო, მაგრამ ადამიანის ღირსება უმთავრესია, როდესაც ადამიანს გონებაში აღიქვამთ არა ადამიანად, თავისი ადამიანური ღირსებებით, არამედ უწოდებთ ბიომასებს და ა.შ. გვახსოვს თქვენი ჯგუფიდან ასეთი სიტყვები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე -მდინარაძე

ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსულ ფულთან დაკავშირებით სიტუაცია ნათელია, რადგან საქმე გვაქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან.

“ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე. რუსეთთან დაკავშრებით გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყანა. რუსულ ფულთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა და არანაირი კითხვა არ იქნება. იყო რაღაც ფონდი, რომელიც არ მინდა, დავასახელო და იქაც გადაკეტილია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე გაიხსენა, რომ რუსული ფულის უკონტროლო შემოსვლა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, როდესაც ის დაფინანსებას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებდა.

“რუსეთის შემთხვევაში ნებისმიერ პატარა ინფორმაციაზეც გადავკეტავთ ყველაფერს და თქვენ ამაში მხარს დაგვიჭერთ, რადგან დეკლარირებულად ანტირუსები ხართ, ოღონდ საქმით რუსულ საქმეს აკეთებთ. მაგრამ როგორც კი მეგობრული ქვეყნიდან შემოვა გაუმჭვირვალე თანხა, თქვენ ამას არა უბრალოდ მხარს უჭერთ, არამედ იქედან იმართებით და ამიტომ არის პრობლემა. ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე, თორემ რუსულ ფულთან დაკავშირებით შეთანხმებულები ვართ. ერთადერთი, ვერ გადავუკეტეთ ლაკა ხოშტარიას, რადგან თქვენ დაუჭირეთ მხარი. სადაც იყო თქვენი მხარდაჭერა, იქ რუსულ ფულსაც პრობლემა არ შეექმნა” – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ მედიას.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

“თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი, თქვენ გაგზომათ თქვენმა ტექსტებმა” – ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას “

მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად – ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, დეპუტატმა პარტია „გირჩის“ წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი „ბოლომდე ლუსტრირდნენ და შეუძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელონ“.

„რასაც ეს ორი დღეა ამ დარბაზში ვუყურებთ, თითქოს კვოტებზე დავას, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს და კვოტებს გასცდა. მაგრამ კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია მოხდა ყველასი სათითაოდ და ჯგუფურად. აქ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აღარა არის საუბარი და 4-ში ერთ ქალზე, რომელზეც ყველამ არასწორად გაიგეთ. კანონში 4-ში ერთი არ წერია. აქ გამოჩნდა საერთოდ, როგორ უყურებთ და საერთოდ როგორ აღიქვამთ საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს, პარლამენტის თანამშრომელ ქალებს და ზოგადად, ქალებს ამ საზოგადოებაში. როგორ აღიქვამთ, რად მიგაჩნიათ [ქალები]. მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი. ნუ „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ. გასაგებია უკვე სად არის თქვენი ადგილი. ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. გავიგეთ, როგორც ვუყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში. სად დაიმალა, რომელ სოროშია? რატომ ვერ გამოგყავთ თქვენი ფალავანი? არა უშავს, ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს, ვერც გაგვაჩუმებს, ვერც შეგვაჩერებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ყველას მოვუწოდებ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში -მამუკა მდინარაძე

ყველას მოვუწოდებ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გუშინ შეგნებულად გავრცელდა ტყუილები ფეხბურთთან დაკავშირებით.

„ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს და მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენც ასე მოვიქცევით და ყველას მოვუწოდებ, იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს თავი დაანებონ, თავი დაანებონ ფეხბურთის თემის გამოყენებას. ის ადამიანები, გმირი ბიჭები, რომლებმაც უდიდესი წარმატება მოუტანეს მსოფლიოს ევროპის ასპარეზზე ქართულ სახელმწიფოს, თავის გუნდს, ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება, ზოგს რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს, ზოგს რაღაც და ნუ გავხდით ერთ პროცენტს რისკადაც კი, რაღაც დაპირისპირების და რაღაცის საფუძვლად ნუ შევაგდებთ ამ თემას. სპორტსმენებს დავანებოთ მოკლედ თავი.

ფეხბურთთან დაკავშირებით გავრცელებულ ტყუილებს რაც შეეხება, გუშინ რომ არ დაგვეინიცირებინა, ეს კანონი თავის ვეტოიანად გადავიდოდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთები მიდის ევროპის ჩემპიონატზე. ერთადერთი გზა იყო გუშინ დაინიცირება, რომ ფეხბურთის პერიოდს არ დაწეოდა ამ კანონის განხილვა მოჰყოლოდა გარკვეული ვნებათაღელვა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი საფუძველი, გულწრფელად ვაღიარებ, იყო ის, რომ ფეხბურთის პერიოდში ამაზე საუბარი არ ყოფილიყო. დამთავრებული იქნება ყველაფერი.

მეორე დიდი ტყუილი, რომ იმიტომ განიხილავენ, არადაჩქარებული წესით, რომ დაამთხვიონ ფეხბურთს. ჯერ ერთი, არ ემთხვვეა, მეორეც – წაიკითხონ რეგლამენტი, ახალი კანონი დაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად, ეს კანონი დაჩქარებული წესით ვერ განიხილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით” – ანა ფოტიგა

ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას და ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.

“ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!” – დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!- ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დასვით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

უსუფაშვილმა პარლამენტის სპიკერს ურჩია, სხდომის გუშინდელი ჩანაწერი გადაახვიოს და მომხდარ არეულობაზე საკუთარი წვლილი შეაფასოს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგმართავთ, გთხოვთ, გირჩევთ, გადაახვიეთ გუშინდელი სხდომა და ნახეთ, პერსონალურად თქვენი წვლილი რამხელა იყო იმ არეულობაში. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყოველ ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ და დაადგინოთ: „თქვენთვის ეს შეიძლება, თქვენთვის არა, ის თუ გამოვა და ილაპარაკებს სამი წუთი სხვა თემაზე, არა უშავს, თქვენ ხმას არ ამოგაღებინებთ, მიკროფონს გაგითიშავთ!“ გუშინ ჩვენი ერთი კოლეგა აქედან გააძევებინეთ და მანამდე თქვენი სხვა კოლეგები რას შვრებოდნენ, სადამდე იყვნენ შესული აგრესიული რიტორიკით და ხელების ქნევით, ეს ვერ შენიშნეთ. გადაახვიეთ და ნახავთ თქვენი წვლილი რამხელაა ამაში!“- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის მიმართვას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარის ხვედრი რთულია“.

„რთულია, ბატონო დავით, თავმჯდომარის ხვედრი. რა ვქნათ, ჩვენც ხანდახან გვჭირდება მეტი ძალისხმევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება” – იაგო ხვიჩია

აქამდეც კი ჰგავდნენ მუშაობის სტილით [„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“], მაგრამ ახლა აყოლილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცების” ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ე.წ რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი თუ თავისით გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიციას სრული უფლება აქვს შეუერთდეს.

“ჩემი აზრით, საჭიროება [ე.წ რუსული კანონის დაინიცირების] განაპირობა “ნაცების” ტაქტიკის ცვლილებამ. “ქოცები” ახლა “ნაცებს” არიან აყოლილები. აქამდეც კი ჰგავდნენ მუშაობის სტილით, მაგრამ ახლა აყოლილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ “ნაცების” ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა “ქოცების” ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება. ეს საჩხუბარი მიზეზი აქამდე იყო ლგბტ კამპანიის ფარგლებში, მაგრამ “ნაცები” არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნეს, “ქოცებს” იქით დაგბრალდათ ლგბტ პროპაგანდისტობა და ახლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოიწვიონ გაღიზიანება და ჩხუბში გადაიყვანონ წინასაარჩევნო კამპანია და ოღონდ საქმეზე ლაპარაკი არ მოუწიოთ, ამისთვის შემოიტანეს ეს კანონი და იმედი აქვთ, ახლა ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას დაიწყებს. ეს პროცესი ჩაფლავდება და შემდეგ თვითონ გამარჯვებულები ეცდებიან, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდნენ არჩევნებზე.

ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი თუ თავისით გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიციას სრული უფლება აქვს შეუერთდეს, მაგრამ მგონი, რომან გოცირიძე ხალხს რომ ეპატიჟება, გარეთ გამოდითო, ეგ არის ხალხის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური “ქოცური” გზა. როდის უთქვამს რომანს სიმართლე, რომ ახლა მის ნათქვამზე გამოვიდნენ?

ხალხი თავისით გამოვა, თუ მიახვედრებ, რომ გამოსასვლელია. ჩემი აზრით, ხალხს უნდა ველაპარაკოთ, რომ გამოსასვლელია არჩევნებზე – 26 ოქტომბერს. ხალხს მანამდეც თუ მოუნდებათ გამოსვლა, მერე შეგიძლია შეუერთდე, მაგრამ არ უნდა შეაშინო” , – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამ კანონს “რუსულ კანონს” მოფერებით ეძახიან. ამასთან, მისი აზრით,საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონების 80% რუსულია.

“იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, არსებობს ლობიზმის თავისუფლება და ლობიზმის ლეგალურობა, მაგრამ ლობიზმის რეგულირების გარეშე, ამ კანონმდებლობის შემოღების პირველი ეტაპი, სიტყვა-სიტყვით, ტერმინების დონეზე ხდებოდა რუსეთში და თვითონ პუტინი ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს გაშვებულიც იყო სხვადასხვა ტელეეთერში, საზოგადოებას აქვს საშუალება, რომ ეს ყველაფერი ნახოს და სწორედ ამიტომ ეძახიან მოფერებით ამ კანონს “რუსულ კანონს”, თორემ მე თუ მკითხავ, ამ პარლამენტში მიღებული კანონების 80%, ჩემი აზრით, რუსულია. იმიტომ რომ აუარესებს ამ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლების მდგომარეობას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.