Home Blog Page 1222

დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს – დიმიტრი ხუნდაძე

დღეს საქართველო ნამდვილად დგას გზაგასაყარზე, მაგრამ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ – დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.

„თუ დღეს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც რეალურ სუვერენიტეტს უზრუნველყოფს, ქვეყნის შიგნით ვერ მოვახერხეთ და მსგავსი საკითხები სადღაც, უჩვენოდ გადაწყვიტეს, ეს სულ ასე დარჩება და შესაბამისად, ვიქნებით არასრულფასოვანი, ცალ ფეხზე მდგარი საზოგადოებაც და სახელმწიფოც.

გამჭვირვალობა ჩვენ სრულფასოვანი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად გვჭირდება, გაუმჭვირვალობა კი, მათ – ჩვენი მორჩილებისთვის და რევოლუციის მოსაწყობად.

სამწუხაროა, რომ დღეს პოლიტიკური უმცირესობა, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მორჩილ დამოკიდებულებას ითხოვს. სწორედ იმ მოედანზე, სადაც საზოგადოება წარსულში ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის იკრიბებოდა.

დღეს საქართველო მყარად დგას ფეხზე და ყველაზე მეტად იგრძნობა მისი რეალური სუვერენიტეტი. ასევე მყარად დგას მმართველი გუნდი და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო გენერალური პროკურორის თანამდებობა – ირაკლი შოთაძე 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით.

მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი.

რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონებს აუცილებლად მივიღებთ – სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან Politico-ს იმ ინფორმაციაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ საქართველო შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, მაშინ ის აშშ-გან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც იქნება განხილული.

„აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან განცხადება არასერიოზული იყო გამომდინარე იქიდან, თუ ვინ გააკეთა ეს განცხადება. ამ განცხადების გამკეთებელი. ამ წინადადებებს ჯერ რეალური მსვლელობა არ მისცემია, მაგრამ თუკი მსგავსი საკითხები სერიოზულად განიხილება, ინიციატივა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტიდან უნდა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ პირველ ეტაპზე ეს წინადადებები ამ კონკრეტულ კონგრესმენს ათქმევინეს, ასე ვთქვათ, ნიადაგი მოსინჯეს, რეალურად კი ამ წინადადებების გაჟღერებით ჩვენს რეაქციას ელოდებიან, რათა შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ.

ჩვენი პასუხი მარტივია: ხსენებული კანონებიდან არც ერთს არ გავიწვევთ უკან და მათ მივიღებთ, რადგან ისინი ჩვენი სამშობლოს თვითმყოფადობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტიაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ კანონებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის და თვითმყოფადობის განმტკიცებისთვის,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული სერგო გორნაკაშვილია, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტების წარდგენის გზით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას – 12 368 ლარის ოდენობით.

„გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული ოთხი კომპანიის სახელით გაწერეს 1 303 593 ლარის ღირებულების, თითქოსდა მომსახურების გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც, შეიქმნეს 198 853 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 180-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9 წლამდე ვადით“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთში ეს კანონი უფრო მკაცრი სანქციებით განიხილება და მათ არავინ ეუბნება, რატომ იღებენ რუსულ კანონს, მაკრონის თქმით, ქვეყანა აშშ-ის ვასალი არ იქნება და არავინ ეკითხება, რატომ ამბობს ამას – გურამ მაჭარაშვილი

როდესაც საფრანგეთში ანალოგიური კანონი უფრო მკაცრი სანქციებით განიხილება და არავინ ეუბნება, თუ რატომ იღებენ რუსულ კანონს საფრანგეთში, მაშინ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა აშშ-ის ვასალი არ იქნება და კითხვას არავინ უსვამს, თუ რატომ ამბობს ამას, ეს არის რეალური ორმაგი სტანდარტი, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„სხვათა შორის, ხალხი ამას ხედავს არამარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც. ჩვენ არაერთ უცხოურ სააგენტოებზე შევხვდებით, რომ საქართველოს მიმართ არასწორი მიდგომებია“, – აღნიშნავს დეპუტატი.

მაშინ, როცა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა, მსგავს კანონს ევროკავშირის წევრ საფრანგეთში განიხილავენ. უცხოური გავლენის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტი დაინიცირდება ნატოს წევრ თურქეთშიც, რომელიც საქართველოსთან შედარებით გაცილებით მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანალოგიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს სერბეთი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით დანაშაული სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მაისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. 26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი დღე. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის – რუსეთის დუმის დეპუტატი

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებიით, საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო ლოალურია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“, – თქვა ლუგოვოიმ.

მისი მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ სიძულვილი არ არსებობს და რომ რუს ტურისტებს საქართველო იზიდავთ.

„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ იქცევა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ მიმართ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ლუგოვოიმ.

 ,,ერთ-ერთი მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება” – პრემიერი

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკამ და იდეოლოგიამ სამწუხაროდ, დიდწილად შედეგი მართლაც გამოიღო.

„შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები – გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან. შეგნებულად ანგრევდნენ, ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია – ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა.

კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი – მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ის პირდაპირ ამაზე საუბრობდა, რომ ღირებულებები არ უნდა გქონდეს, არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში პირველ რიგში არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი.

,,ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი”- ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას უნდა გამჭვირვალობა, ოპონენტებს კი არა, რაც კანონის შესახებ დისკუსიის ხელოვნურად დახურვის ერთადერთი მთავარი მიზეზია.

„ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საბოლოო ჯამში, არგუმენტი რომ არ ჰქონდათ და ვენეციის კომისიას ვერაფერი დააწერინეს, ბოლოს დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო, ანუ ასეთ აბსურდში შევიდა ვენეციის კომისია. მთავარი დასკვნა რაც დაწერა, ანუ რატომაც მოითხოვა კანონმდებლობის არმიღება, არის ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ გამოჩნდა სინამდვილეში, თუ რა არის დისკუსიის დახურვის მიზეზი – ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი და ეს თევზი რაში გამოიხატა უკრაინის მაგალითზე, ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა, დავტოვოთ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს „ქართულმა მაიდანმა“ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის „უკრაინიზაცია“. ამაზე ვერ ვთანხმდებით. ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, ჩვენ არ გვინდა, ვიღაცებს უნდათ აქ „მაიდანი“, ჩვენ არ გვინდა მაიდანი. ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი. ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი. ამიტომ არ არის აქ სივრცე დისკუსიისთვის, მთავარი საკითხია შეუთანხმებლობის საგანი. ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვენეციის კომისიას პირდაპირ ათქმევინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ დეტალებზე კი არ არის საუბარი, რომ ეს ასე დაგეწერათ და ა.შ. მთავარ თემაზეა საუბარი – მათი პოზიციაა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში, იმისათვის რომ ვიღაცამ მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ წყალი არ აიმღვრეს ამ ქვეყანაში, ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის „უკრაინიზაცია“ და NGO-ების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს უმარტივესი არგუმენტი და ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი. მეორე მხარეს კი არის „არგუმენტი“, თეზისი, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე. როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობისთვის მიიღება დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამჭვირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა”- პრემიერი

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში.

„ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის – არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევ სათანადო ცოდნას და ასევე ათვიცნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს, ახალგაზრდას. ეს არის მთავარი ამოცანა. არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი და არა იმ ადამიანების, ვისზეც გვქონდა ახლა საუბარი. ჩვენ გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ უნდა იყოს ბოლომდე დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან საერთოდ არაფერი დარჩება. ამიტომ, ამაზე მაქსიმალური ზრუნვა გვმართებს.

შეუძლებელია ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი ერთმანეთთან დააბალანსო. თუ სადმეა შეუძლებელია ბალანსი, სწორედ არის ეს ორი მოვლენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.