Home Blog Page 1217

გაიაქტიურე ავტოპილოტით ინვესტირება თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე და დასაჩუქრდი

თუ ჯერ არ დაგიწყია თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე ავტოპილოტით ინვესტირება – გაიაქტიურე ფუნქციონალი, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Google-ის 5$-ის აქციით. შეთავაზება მხოლოდ ახალი ავტოპილოტის გააქტიურების შემთხვევაში მოქმედებს.

საჩუქარს, ავტოპილოტით ყოველთვიური ინვესტირების შემთხვევაში, თანხის ჩამოჭრის შემდეგ, ერთჯერადად მიიღებ.

პროცესი მარტივია: შეარჩიე მობაილბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; ყოველთვიური სიხშირე და თანხა.

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, თვეში ერთხელ წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.

ავტოპილოტით ინვესტირება 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.

გაეცანი დეტალებს და დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით თიბისის მობაილბანკში.

არ გადადო, დააბანდე.

(R)

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პაველი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნით დარჩება.

ბაიკერობა ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტის ერთ-ერთი ჰობია. შარშან მას ბოდიშის მოხდაც მოუხდა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 მაისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღეა. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

არ ვაღიარებთ ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას, არ ვფიქრობთ, რომ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და “ჰამასს”შორის-ჯო ბაიდენი

აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს მარტივია, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ იურისდიქციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ არსებობს ეკვივალენტობა იმას შორის, რაც გააკეთა ისრაელმა და რაც გააკეთა „ჰამასმა“,- განაცხადა ბაიდენმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.

ვარჰეიმ დაადასტურა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაიზიაროს ფიცოს ბედი – ედიშერ გვენეტაძე

მოკლედ, საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკომისრის კომენტარს, პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.

გვენეტაძის თქმით, ბევრი თავად ჩააბარებს საქართველოს მოსახლეობას აღიარებით ჩვენებებს და შეეხვეწება ქვეყნისა და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები შეუნდონ.

“აგერ, ბატონო, ამბობს ეს კაცი – ევროკომისარი, რომელიც ამბობს მე ვარ ის კაცი, რომელმაც ვუთხარი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მაგალითის შესახებ საქართველოს პრემიერსო!

მოკლედ, საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება! რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი!

ასეა, როდესაც მართალი ხარ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ!

ამიტომაც საქართველოს მოსახლეობავ! ცოტაც მოვიცადოთ, ცოტაც გავძლოთ და ბევრი თავად ჩაგვაბარებს აღიარებით ჩვენებებს და შეგვეხვეწება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები ნებსითი თუ უნებლიეთ შევუნდოთ!“ – წერს გვენეტაძე.

ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე-ენტონი ბლინკენი

სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც ჩაახშობს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, მოახდენს ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფაზე მუშაობენ.

რადგან საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა მინიშნებები და ძალადობის გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს – ასახულია მის კონსტიტუციაში – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის გრძელვადიანი და ფუნდამენტურია. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს – მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, შეეზღუდოს აშშ-ის ვიზის მიღების უფლება და შეეზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა. ეს შეზღუდვები, შესაძლოა, ასეთი ადამიანების უახლოეს ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.

ასევე დღეს ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. როგორც მანამდე, ახლაც იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვისას, საკუთარი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკელი სენატორები „ქართველი ხალხის აქტს“ წარადგენენ, რომელიც სანქციებს მოიცავს

შეერთებული შტატების სენატი, წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი” აქტის შესაძლო ინიცირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს. ინიციატორები სენატორები – ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან.

ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.

კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.

“მათ შორის, პირველი:

განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:

სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოთხრაში და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.

სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას.”,

ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმამ” იხილა.

სენატორების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას.

მეორე ნაწილი:

ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.

ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.

მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად”.

კანონპროექტის ინიცირება, სენატში ამ კვირაში მოხდება. მასზე საუბრისას, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი -ნინო წილოსანი

წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს, რითაც ეხმაურება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას.

წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.

“ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ.

წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი…” , – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე -რატი ბრეგაძე

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც გვაკრიტიკებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომ დღეს აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე; არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დღეს წერტილი დაესვა.

„ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.

არ მგონია, ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები -თეა წულუკიანი

ვიცნობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები, – განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე საპასუხო რეაქციაზე საუბრისას.

თეა წულუკიანის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სახეზეა ტოტალური შეტევა.

„ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინასე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში ეს კანონი რელობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.