Home Blog Page 1214

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს იმსჯელებს

x

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს.

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ერთ პუნქტს სთავაზობს – კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე.

თავად კანონით კი წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პროექტით უცხოური ძალა არის:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული.

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები

26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება“.

ეს არ ნიშნავს იძულებას, მაგრამ იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა – ჯიმ ო’ბრაიენი

ვფიქრობთ, ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ეს იყო გასულ კვირას ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ცვლის თუ აშშ საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა, რომ საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კონკრეტული კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წინსვლის არჩევანს. მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, რაც, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავისთვის დასახა. ვენეციის კომისია, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრი გამოთქვა. საკითხი ეხება, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იძულებას, რადგან იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა. მისივე თქმით, განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც წევრობისკენ სწრაფვასთან, ისე, რეალურად, წევრობამდე მისვლასთან.

სანქციებზე საუბრისას ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ პერსონალურ სიას არ აქვეყნებენ, რის უფლებასაც კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება არ იძლევა.

„თუმცა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულად გვაწუხებს და ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. Ხოლო თუ როგორ მუშაობს ეს კანონი, ეს ეხება არა მხოლოდ ოფიციალურ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულების ტაქტიკა. ეს არის განცხადება, რომ ჩვენს საზოგადოებაში თუ გსურთ, იყოთ, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამით, როგორიც არის, თუ სად დადიან თქვენი ბავშვები სკოლაში, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა. სულ ეს არის, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

xr:d:DAFcbxjke2c:2,j:48210970975,t:23030615

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.

ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.

არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.

ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;

ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;

ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;

რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტი ჰააგაში 2025 წლის 24-26 ივნისს გაიმართება.

„მადლობელნი ვართ ნიდერლანდების, რომ დათანხმდა ამ შეხვედრის მასპინძლობაზე პირველად“, – დასძინა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის უსაფრთხოების გარემოს შემდგომი ადაპტაციისა და გაძლიერების შესახებ.

კობა კობალაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის ღონისძიებას დაესწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა, პერსონალურად გადაუხადა მადლობა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და საქართველოს დელეგაციას თანამშრომლობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

დამსწრეებს სიტყვით, ასევე, მიმართეს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის 21-ე თავმჯდომარემ, უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერმა, პრეზიდენტის თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა, ჩარლზ ბრაუნმა, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა და სხვა უმაღლესი რანგის პირებმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ი 1994 წელს, გარდაცვლილი ამერიკელი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია “TAPS“-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, 8 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

მაკრონი თავის იდეას ომში ზავის შესახებ პარიზის ოლიმპიადის დროს კარგ შესაძლებლობად ხედავს, თუმცა, მთავარი შედეგი არ უნდა იყოს დროებითი, არამედ მუდმივი მშვიდობა, რისთვისაც პუტინი მზად არ არის.

„ზავი ჩემთვის არ არის საბოლოო შედეგი. მდგრადი მშვიდობა არის საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საშუალება არ მისცეთ მოზღვავებულ ემოციებს, არასწორი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა თუ რაიმე სასიკეთოს გააკეთებთ, არამედ, შესაძლოა ისიც დაკარგოთ, რასაც უფრთხილდებით.

კურო

შესაძლოა, დღეს სიტუაცია ისე არ წარიმართოს, როგორც ვარაუდობდით, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მომავალში ყველაფერი კარგად შეიძლება შემოტრიალდეს. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

ტყუპები

ნუ წახვალთ თქვენი სურვილების წინააღმდეგ და უარი თქვით იმ საქმეზე, რომელიც არ მოგწონთ. ასე თავს დაიცავთ ნერვული დაძაბულობისგან და სამომავლოდაც კარგ სამსახურს გაუწევთ საკუთარ თავს.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა და პატივისცემა მოიპოვოთ. ეს გამოწვეული იქნება ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, გაატარეთ დრო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

ლომი

იმოქმედეთ ჩანაფიქრის მიხედვით და თქვენს მტკიცე ნაბიჯებს ყოველთვის მოჰყვება წარმატება და წინსვლა. გადაწყვეტილებების მიღებისას, არ დაუშვათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში – თქვენ კარგად იცით, რა გინდათ და როგორ მიაღწიოთ!

ქალწული

მოულოდნელობების დღეა. შესაძლოა, ფრთები შეესხას თქვენს ოცნებას, ეს იმდენად უცნაური და საოცარი იქნება, რომ შეიძლება შეშინდეთ კიდეც. დამშვიდდით და ჩუმად მიიღეთ ბედის საჩუქარი.

სასწორი

იმისათვის, რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ და სიტყვა მხოლოდ სიტყვად არ დარჩეს, იმოქმედეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და რეალობად აქციეთ თქვენი ოცნებები. კარგი დღეა პირადი შეხვედრებისთვის.

მორიელი

ნუ აჰყვებით ამბიციებს და დატკბით მიღწეულით. დაზოგეთ თქვენი სულიერი და ფიზიკური რესურსები და ერთბაშად ნუ შეეჭიდებით ბევრ საქმეს. ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობა და ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან გატარებული დროა.

მშვილდოსანი

ერიდეთ სულსწრაფობას და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, გააანალიზეთ დეტალები და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება, რათა შედეგები ღირდეს გაწეულ შრომად და დახარჯულ ენერგიად.

თხის რქა

თავი შეიკავეთ ზედმეტი კონტაქტებისა და ურთიერთობებისგან. შეეცადეთ, უფრო გონივრულად და პრაქტიკულად გამოიყენოთ თქვენი ფინანსური რესურსები.

მერწყული

ახალი იდეები, მოზღვავებული შემოქმედებითი მუხტი და ენერგია სასურველია, ხელოვნების სფეროს – მხატვრობას, დიზაინს, არქიტექტურას მიუძღვნათ, დარწმუნებული იყავით, საოცრებებს მოახდენთ ამ სფეროებში.

თევზები

ნუ გაექცევით რეალობას ფანტაზიების სამყაროში. ზომიერად აწმყოს შელამაზება არ მოგიტანთ ზიანს, თუმცა, ბავშვობის დროინდელ ზღაპრებთან დაბრუნება, შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენზე.

საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც – აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!- სავალან მირზოევი

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არის. მირზოევი აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა ურჩევნია, ვინაიდან მისთვის თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა.

„მოგესალმებით მეგობრებო!

საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდა, რომ არანორმალური ზეწოლა იქნებოდა, რომ იქნებოდა მუქარა, იქნებოდა აქციები, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ის, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, იქიდანაც ჩანს, რომ არცერთ ჩვენგანს უკან არ დაუხევია, გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს ყველა ზეწოლას, თუმცა…

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ღიად აანონსებენ, რომ პიროვნულ სანქციებს დაგვიწესებენ, რომ აგვეკრძალება ამერიკაში წასვლა როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა,მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, ნიუ იორკში, ლიბერტი აილენდზე, ანუ თავისუფლების კუნძულზე მდგარი თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ოკეანისთვის თვალის შევლებას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა მირჩევნია, ჩემთვის თავისუფლების კუნძული და თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა.

დამისახელეთ ამერიკაში ადგილი, რომელიც რიწას შეედრება, მანახეთ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშაზე უფრო თბილი და რბილი მიწა… ვერ ნახავთ, არ არსებობს.

მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომ საოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს.
ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც… აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!” – წერს სავალან მირზოევი.

ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ – ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაინმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“.

ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან.

„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან”, – აცხადებს ო’ბრაიანი.

შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება.

„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაინმა.

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რათა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ალი ალტაის განცხადებით, ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს ასობით მილიონი ტონა ტვირთი საზღვაო გზით 52 დღის, ხოლო მცირე მოცულობის ტვირთი რკინიგზით 22 დღის განმავლობაში მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტს, ალტაის შეფასებით, შუა დერეფნის გამოყენებით ავტო ტრანსპორტირება დროს 12 დღემდე ამცირებს, რომლის დროსაც ტვირთის მიწოდება „კარდაკარ,” შუალედური დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე ხდება.

შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია – რატი ბრეგაძე

საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ცილისწამება მძლავრი და ვერაგი იარაღია ადამიანის შეცდომაში შესაყვანად“.

„მახსოვს 2021 წლიდან როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით, არაადამიანურად ვეპყრობოდით, ვაწამებდით და უსამართლოდ გვყავდა პატიმრობაში.

სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე პროფესიონალურმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა იმოქმედა, ზოგმა ეს ტყუილი დაიჯერა და უნებურად ჩაერთო იმ მრავალი მილიონით დაფინანსებულ კამპანიაში, რომელიც კანონიერი პატიმრობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.

იყო ბევრი შეურაცხყოფა, დევნა და ბევრი სხვა ბინძური მეთოდი გამოყენებული ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად.

საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს!

მჯერა, რომ ბევრს აეხილა თვალი და მიხვდა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებსაც გვიცნობდნენ ადრე და რასაც ვაკეთებდით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებდით. შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში. მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა“, – წერს რატი ბრეგაძე.