Home Blog Page 12

მელიას საქმეზე ევროპული სასამართლოს შეფასება პრეცედენტულია და ვრცელდება ნებისმიერ პოლიტიკოსზე, რომელიც გადაწყვეტს, პოლიტიკური მოტივების გამო, არ დაემორჩილოს კანონს -ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს შეფასება არის პრეცედენტული და ვრცელდება ნებისმიერ პოლიტიკოსზე, ვინც გადაწყვეტს, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად დაარღვიოს კანონი.

ძამაშვილის თქმით, 2023 წელს ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი და არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2021 წლის თებერვალში რა ვითარებაში მოხდა ნიკა მელიას დაკავება. არაერთი აქტორის მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოში შექმნილიყო პოლიტიკური დაძაბულობა. როდესაც მოხდა ნიკა მელიას დაკავება და მისი შემდგომი პატიმრობა, ჟღერდებოდა არაერთი ბრალდება, თითქოს დაკავება და პატიმრობაც იყო უკანონო, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო და ა.შ. თუმცა ორი წლის თავზე, 2023 წელს, სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს ვითარება და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი, უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში არ ჰქონია ადგილი. ამ გადაწყვეტილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის პასაჟი, რომელიც ძალიან ცალსახად არის გაკეთებული ევროპული სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელიასთვის იყო ცნობილი, გირაოს პირობების დარღვევა გამოიწვევდა მის პატიმრობას და ევროპული სასამართლო ამბობს, რომ დაუშვებელია, რომელიმე პოლიტიკოსს ნებისმიერ ქვეყანაში მიეცეს უფლება, შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური მოტივებით უარი განაცხადოს ხოლმე კანონიერ აღსრულებაზე, დაარღვიოს კანონი, რადგან ამგვარი დაშვება თავდაყირა დააყენებს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ მართლწესრიგს, უფრო მეტიც, ეს შეუსაბამობაში იქნება თავად ევროპული კონვენციის სულისკვეთებასა და სამართლის უზენაესობასთან, რომელსაც ევროსაბჭო ეფუძნება და რომელსაც ევროკონვენცია ეფუძნება. ევროპული სასამართლოს ეს შეფასება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მელიას საქმესთან დაკავშირებით, არამედ როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი გადაწყვეტს, არ დაემორჩილოს კანონს, მიზანმიმართულად დაარღვიოს კანონი, რადგან აქვს რაღაც პოლიტიკური მოტივები, მომავალშიც ეს შეფასება იქნება რელევანტური, ვინაიდან ევროპულ სასამართლოს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ დაუშვებელია კანონის დარღვევა, თუნდაც პოლიტიკური მოტივებით და ასეთ შემთხვევაში, კანონის დარღვევა შეუსაბამო არის ევროპული კონვენციის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ეს არის პრეცედენტული შეფასება და ვრცელდება ყველა მომავალ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსზე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამერიკასთან ურთიერთობა არ დამძიმებულა, ვფიქრობ, გარკვეულწილად ამერიკა ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში -ირაკლი ქადაგიშვილი

x

ამერიკასთან ურთიერთობა ჯერ არ დამძიმებულა. დამძიმება შეიძლება, უფრო სხვანაირად, სხვა კონტექსტში გამოხატულიყო. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამერიკა ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც მოქმედებს.

„ჩვენს რეგიონზე ამერიკა-ირანის ურთიერთობების ფაქტორიც მოქმედებს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ამ ფაქტორთა ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუმცა ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენი მყარი პოლიტიკა და მყარი შეხედულებები გვაქვს. არასდროს არ მოვინდომებთ და არ გვენდომება, რომ ჩვენ, რომ იტყვიან, ერთგვარი გეოპოლიტიკური გარიგებების მიმყოლად ვიქნათ მოაზრებული. გეოპოლიტიკური კონტექსტების მიუხედავად, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ყოველთვის გვექნება მყარი პოზიციები. სწორედ ამ სინთეზში, ერთობლიობაში უნდა დავინახოთ საქართველო-აშშ-ის მომავალი ურთიერთობები“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, მაგრამ მოახდინო ადრესატის განზრახ იგნორირება, ან მინიშნება გააკეთო, ამას პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია – გიორგი ვოლსკი

ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, მაშია არაფერი უცხო არ არის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის ადრესატის გარეშე მილოცვაზე საუბრისას.

„განზრახ იგნორირება მოახდინო, ან მინიშნება გააკეთო, რომ მილიონ ორასი ათასი ადამიანი ხალხი არ არის და ხალხი მხოლოდ ის არის, რომელიც Tbilisi open air-ზე გამოდის, პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. მე ვფიქრობ, რომ ამით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებაც არ იქნება ამით კმაყოფილი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არასწორი მიდგომაა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაყოფა კი არის არა მხოლოდ ხელოვნური და უსამართლო, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მსგავსი შინაარსის მილოცვის წერილებით, ხალხი და ხელისუფლება გამიჯნეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ვულოცავ ანრი ოხანაშვილსა და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას – მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე

ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მოპარული, მითვისებული, ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ასევე, გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ, შესაძლებელია გარიგების შედეგად მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება, მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“.

„როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ, ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის, დაგეგმილი, დასაგეგმი თუ მიმდინარე აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო და საბოლოო ჯამში ისიც ასრულებდა დავალებებს. სხვანაირად მისი ქმედება, მას რომ ის გაებედა, რაც გაბედა, წარმოუდგენელია. დავალების შემსრულებელი, ადამიანი, რომელმაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამხელა ორგანიზების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს და სალომე ზურაბიშვილმა ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ვაანონსებდით – თვითონაც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები – ირაკლი კობახიძე

გუშინ, ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გუშინ „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს „რადიკალური ოპოზიციას“ არც რადიკალიზაციის და არც არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვს.

„გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ, ამხელა ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით. ეს არის ოპოზიციაში დღევანდელი რეალობა. ამიტომ როდესაც საუბარი აქვთ მათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში, თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპულები. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მოვიდოდა. თუმცა 3 ათასი კაცის ფონზე, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არაფრის რესურსი არ აქვთ. არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის, არაფრის რესურსი არ აქვთ. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის – დიმიტრი სანაკოევი ოქრუაშვილის განცხადებაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში დიმიტრი სანაკოევი საუბრობს.

თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ როგორ იქნა აღქმული მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები „2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით“ დიმიტრი სანაკოევმა უპასუხა, რომ „დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით“.

„ძალია ცუდად, დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით. მანამდეც 2004 წლის ღონისძიებები რაც იყო 2 თვის ომი, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ხალხს, დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის. ძალიან ცუდი განცხადება იყო.

სანამ ოქრუაშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებს აკეთებდა იმ რეგიონის მიმართ და შემდეგ თავდაცვის მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს – პრემიერი

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ქვეყნის მიერ 26 მაისს გავრცელებული განცხადებით პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“.

„ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის დასანანი და სამწუხარო. მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ახლა თავად მიდის რუსთავში, რომ შეხვდეს ბაჩიაშვილს და დაელაპარაკოს.

„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მიმდინარე წლის 22-26 მაისს,ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ( IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.

საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ ომის ვეტერანი, ასევე, ვეტერანი სპორტსმენი, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც, ამჯერად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 4 ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში.

აღსანიშნავია,რომ ზვიად ხაჩიძე, პიარნუში, ორ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდა-ვეტერან და შშმ სპორტსმენებს შორის და ფინალში, შვედ მეტოქესთან, მეორე ადგილს დასჯერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში.

საქართველოს ნაკრებმა, ასპარეზობა, 2 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ზვიად ხაჩიძეს, ესტონეთში გამგზავრებაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, კომპანია არემჯი გოლდმაც გაუწია თანადგომა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მიღწეულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ჩემი ინფორმაციით, აქ, გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ შემოსახლებული არ არის – გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ არის, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა.

„მე შემატყობინა ოჯახის წევრმა. გამთენიისას გავიგე მე ეს ინფორმაცია, დედამ მითხრა თუ მამამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები მერე გავარკვევ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს-The Wall Street Journal

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბალი ტემპის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც წყარო გამოცემას უყვება, ამერიკის ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ რუსეთის საბანკო სისტემას არ შეეხება. თეთრი სახლი მოსკოვზე ზეწოლის სხვა ვარიანტებს განიხილავს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, შესაძლოა, ტრამპმა საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან დაიღალა უკრაინაში ომის გაჩერების უშედეგო მცდელობებით. ის მზადაა დატოვოს მოლაპარაკებები, თუ „ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპი ტრამპი არ იზიარებდა მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ. თეთრი სახლის ლიდერი ამბობდა, რომ ის კარგად იცნობს პუტინს, კრემლის ლიდერი დათმობებზე წავა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასულ კვირას პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც კრემლის ლიდერმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა -ნიკა მელია

სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, – დაწერა „ახალის“ წევრმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„დღეს, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული“, – წერს მელია.