Home Blog Page 12

უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან – ირაკლი კობახიძე

გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან.

„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას – ერთი, ეს იყო არჩევნები საქართველოში, მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოში მყოფი დელეგაციის წევრები არიან უსაქმური ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სიცრუით დაამახსოვრეს თავი -კახა კალაძე

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რითი დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და, როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არამხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა გაცხადებებს აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები – რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?- კახა კალაძე

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, კალაძე საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი სისულელეა“.

„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა? თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.

„კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. ეს ქალბატონი ძალიან საშიში იყო, ბეჭდებით ასხივებდა და თვალებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა ამომრჩეველს, რომელიც შემოდიოდა არჩევანის გასაკეთებლად. არასერიოზულია ეს ყველაფერი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები, მათი წამქეზებლები ითხოვენ, გამოიგონონ მექანიზმი, რომელიც „ოცნებას“ აიძულებს, ხელისუფლება აჩუქოს, მილიონზე მეტ მოქალაქეს კი „რუსის“ იარლიყს მიაკერებენ -მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები და მათი წამქეზებლები ითხოვენ, გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება, სანაცვლოდ მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს „რუსის“ იარლიყს მიაკერებენ, მერე სანიმუშოდ დასჯიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, „ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას“.

„ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში და მათი წამქეზებლები ითხოვენ, სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება, ისე რომ ამისთვის არც ხალხის მხარდაჭერა იყოს საჭირო, არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც არჩევნების სამართლიანობის მტკიცება. სანაცვლოდ ისეთ დემოკრატიას ჰპირდებიან სამყაროს, სადაც მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გაბედა და 41 გააფერადა, მიაკერებენ „რუსის“ იარლიყს და მერე სანიმუშოდ დასჯიან. ასე და ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას. სადმე common sense თუ არის შემორჩენილი, ამ ხალხს შველა სჭირდება“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ – დავით მათიკაშვილი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე

26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა – ამიტომ ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს, პარტნიორებს მოვუწოდებთ, შეეგუონ და მიიღონ ეს ფაქტი! – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის “მწარე მარცხის შემდეგ”, რეალობის გააზრების ნაცვლად, ოპოზიციას გამხნევება ხდება.

“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – როცა ეს პოლიტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანას არ მტრობენ, მათი საქმე საპირისპიროს ამტკიცებს.

ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტის წევრები არჩევნების წინ, აშკარად ანტიქართული განცხადებებით, აქციებზე დგომით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას არღვევდნენ, წინასაარჩევნო პროცესებში ერეოდნენ, ხოლო დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მწარე მარცხი იწვნია, ეს ადამიანები კვლავ ჩამოვიდნენ, რადიკალურ ოპოზიციას მაშველ რგოლად შეეგებნენ და მათ გამხნევებას ცდილობდნენ.

დიპლომატია საკმაოდ რთული და ფაქიზი საქმეა. ვიდრე ისეთ პროცესში ჩაერევი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიუღებელია, ნებისმიერ მხარეს ბევრი დაფიქრება მართებს.

არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა არის კონტრპროდუქტიული და ასევე კანონით აკრძალული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

ასეთია კახა კალაძის შეფასება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შეტანილ სარჩელებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.

„უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია – ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას -კახა კალაძე

იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება – მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნულის ფასი, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს არ შეხვდებოდნენ. ეს საბჭოური მიდგომაა, ეს დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოშია და ნაწილის განცხადებებს ვისმენდით გარედან. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება. მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნოლის ფასი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა და არა სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები.

„რაც შეეხება ლეგიტიმაციას, მას იძლევა ქართველი ხალხი. მე მესმის, რომ რადიკალებისთვის ქართველი ხალხი არაფერს წარმოადგენს, ისინი ყველა ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, იმართებიან გარედან. არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახს, არც ამ ქვეყანას, მათ სხვა ინტერესები აქვთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია-ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. შესაბამისად, მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც ღირსეულად დადგა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები ღიად ცდილობენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.

„ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში პირდაპირ ვისმენთ და ვხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ, თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მალე ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს, ყველას გარედან აუცილებლად ექნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ასევე შეეხო რვა პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეებთან საუბარი იყო წნეხის მექანიზმებზე, განხილული იყო მაგალითები, როცა სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა -ანა დოლიძე

სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეებთან საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. განხილული იყო მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა, – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, დარჩენილია შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ მექანიზმების გამოყენება დაიწყოს.

„ჩვენ წინაშე იყვნენ ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, მაგრამ, რეალურად, ესენი არიან, ვინც ქმნიან ევროკავშირის პოლიტიკას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები გაყალბდა.

საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. რა უნდა ქნან? სანქციები მაღალ დონეზე, სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც არჩევნები გააყალბა, შესაძლებლობა, რომ შეჩერდეს ვიზების თავისუფალი მიმოსვლის საკითხი. იყო განხილული მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა. ყველა მექანიზმი დევს მაგიდაზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები გაყალბდა, უბრალოდ დარჩა შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ საშუალებების გამოყენება დაიწყოს. დღეს საუბარი იყო წნეხის ყველა მექანიზმზე, რათა არაღიარებული იყოს არჩევნები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“ქართულ ოცნებას” მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას აუცილებლად დაინახავთ -გიორგი ვაშაძე

პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სანქციების საკითხზე.

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც ჯერ  საჯაროდ საუბარს არ ვაპირებთ. საზოგადოება დაინახავს, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა, საბოლოო ჯამში, როგორ მივაღწიოთ სამართლიანობას, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემა აღნიშნა, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.

„ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ. ხელისუფლება ამაზე უარს როცა ამბობს, კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, ცდილობენ, დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაული, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მათი ათკაციანი სეირნობები უშინაარსოა -რატი იონათამიშვილი

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია.

„მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია. მათი აქტივობა კარგია, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია. ისინი რაც უფრო დასუსტდებიან და გაქრებიან, მით მეტი სივრცე გაჩნდება რეალური ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რაც კარგი იქნება. ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ხელს უშლიდა. ჩვენ ოპოზიცია კი არა, უცხო ძალების აგენტები გვყავს, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება და ქართველ ხალხზე შურისძიება. ეს ვერ განახორციელეს და სასოწარკვეთას ვხედავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.