Home Blog Page 12

,,სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.

გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს – ამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.

„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზისი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

ამასთან, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?”- ილონ მასკი

როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში? – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობის აკრძალვას.

მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?“

შეგახსენებთ, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი – ათი.

ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან შეკრიბნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ჯორჯესკუს მხარდამჭერები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგ საკოორდინაციო შეხვედრას მართავს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საგარეო ვიზიტებზე, პოლიტპატიმრებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

შეხვედრაზე მივიდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს”, „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიის “ფედერალისტები”, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები.

რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო  ფონდმა  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო  ფონდმა  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ  იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

https://shorturl.at/16GZF

ტრამპი არ განაახლებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, ვიდრე ზელენსკი თანამდებობას არ დატოვებს

ტრამპი არ განაახლებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, ვიდრე ზელენსკი თანამდებობას არ დატოვებს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.

„დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელენსკის იარაღის მიწოდებით, მოითხოვს მის გადადგომას პრეზიდენტის თანამდებობიდან და უკრაინაში არჩევნების ჩატარებას“, – წერს „ბილდი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ადრე გამოცემა „პოლიტიკო“ წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, შემდეგ კი ამერიკელი მაღალჩინოსნები იულია ტიმოშენკოსა და პეტრო პოროშენკოს შეხვდნენ, რათა განეხილათ შესაძლო არჩევნები.

„მე ვფიქრობ, რომ სამი კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრისას თქვა: „ზელენსკისთან არაფრის გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი თომას იეგერი „ბილდთან“ ინტერვიუში.

ამავე დროს, იეგერის თქმით, უკრაინაში შესაძლო ახალი არჩევნების ორგანიზება რთული იქნება, „და ეს იქნება იდეალური შესაძლებლობა პუტინისთვის, რომ მანიპულირება მოახდინოს მის შედეგებზე“.

სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს -ნათია თურნავა

ეროვნულ ბანკში, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში, მომხმარებელთა უფლებების უკეთ და მეტად დაცვის მიზნით, მუდმივად ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას. სწორედ ამას ემსახურება სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონკურენციისთვის და მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს, რაც ნაკლებ თანხებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა, ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა, 0.5%-მდე მცირდება. აღნიშნული ცვლილების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის პირველი მაისიდან მოუწევთ.

„ამ ცვლილებით, პრაქტიკულად, ოთხჯერ შევამცირეთ წინმსწრების საკომისიოს მოცულობა.  ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და რეგულაციებით ხელმძღვანელობს. კომისია 2024 წელს ავამოქმედეთ, ამ პერიოდში 90 დავა იქნა განხილული მომხმარებელთა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც ეხება არაავტორიზებულ გადახდებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილბანკით“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დავების 85% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და 300 000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, სებ-მა ასევე დაიწყო ახალი პროგრამა, ახალი სტრატეგიის შემუშავება.

„ეს პროგრამა მიზნად ისახავს არსებული რეგულაციის მეტად დახვეწას, თუ რა უნდა გაკეთდეს საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისებისთვის ისე, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

 იურიდიულად ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა -ბექა ძამაშვილი

იურიდიულად უკვე შეიძლება ითქვას, ხაზარაძე და ჯაფარიძე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის საქმის ფარგლებში, მომჩივნები სახელმწიფოს აბრალებდნენ, თითქოს ანაკლიის პორტი ვერ აშენდა სახელმწიფოს ბრალეულობით და ამისთვის კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან დაახლოებით, ოთხი მილიარდი ლარის თანხის გადახდას ითხოვდნენ.

„თუმცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციები, არგუმენტები, მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალეულობით. მათ ვერ მოიძიეს სათანადო ფინანსური რესურსი და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუწია ვადა პროექტის განხორციელებისთვის და საბოლოოდ, მათივე ბრალეულობით ეს ვერ განხორციელდა. რაც შეეხება უკვე ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მომჩივნების პოზიციას, აქ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ ისინი ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობის გამო ვერ აშენდა პორტი, რადგან მათ ჰქონდათ სამართლებრივი საშუალება, ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. არსებობს ასეთი, ერთგვარი ანულირების პროცედურა, რაც მათ არ გამოიყენეს. შესაბამისად, დაკისრებული, დაახლოებით ორი მილიონი ლარის ოდენობის თანხაც მათ გადაიხადეს. შესაბამისად, უკვე იურიდიულად უკვე შეიძლება, ითქვას, რომ ისინი დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა“,- განაცხადა ძამაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა, რადგან, როგორც ძამაშვილი აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დავაში პოლიტიკის შეტანა სცადეს.

ძამაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ამ დავის სრული მოგებით სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები აიცილა.

„რაც შეეხება საქმის მნიშვნელობას, ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა, რადგან თვითონ მომჩივნებმა სცადეს ამ დავაში პოლიტიკის შემოტანა. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლა პოლიტიკური მოტივებით ხორციელდებოდა. გარდა სამართლებრივისა, ამ საქმეს ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარეც, რადგან გადაწყვეტილება გამოვიდა არჩევნების წინ სულ რამდენიმე თვით ადრე. თუნდაც ერთ პატარა ნაწილში ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო, ამას მოჰყვებოდა, დიდი ალბათობით, გარკვეული პოლიტიკური რყევები და ოთხი მილიარდის კომპენსაციის გადახდა. ყველასთვის ბუნებრივია, რამხელა ფინანსურ-ეკონომიკური ტვირთი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ამ საქმეს, გარდა სამართლებრივისა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მდგენელი ჰქონდა და სახელმწიფომ ამ დავის სრული მოგებით, სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები ერთიანად აიცილა“,- განაცხადა ძამაშვილმა.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და, როგორც 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7766 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0162 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0181 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდა. პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ხუთ წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიის ევროპის თასზე ცხრა მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოში ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ნანა გულბიანმა (-63 კგ), რომელმაც თურქი მოწინააღმდეგე ჰატიჯე რუმეისა დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონები ალექსი გულუა (-50 კგ), სოფიო თათრიშვილი (-57კგ), გიორგი ბაბუციძე (-66 კგ), ელენე კურდღელია (-70 კგ) და იოანე აბალაკი (+90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ), ქეთი რობაქიძე (-70 კგ) და ნონა კვარაცხელია (+70 კგ) დასჯერდნენ.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

“რენიუ” — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული პროცედურების ცენტრი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„რენიუ“ – ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ პაციენტებს. ამ ყველაფრისთვის კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრია წარმოდგენილი, პროფესიონალთა გუნდი კი, სხვადასხვა პროცედურას უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს.

„ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციულიპროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს”, —ამბობს “რენიუს” დამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი.

იმისათვის, რომ „რენიუს” დამფუძნებლებს, ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალის საჭიროება დადგა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერა საწყისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ კაპიტალის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ ეტაპამდე მოსვლას”, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.

“რენიუს” დამფუძნებლებს წინ დიდი გეგმები აქვთ. მოწინავე იდეებითა და ხედვებით, პლასტიკური ქირურგიის და რეკონსტრუქციის ცენტრის მუდმივ ზრდასა და განვითარებას აანონსებენ.

(R)