Home Blog Page 12

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს, მიხვდებიან, რომ ხალხის შეჩერება შეუძლებელია – არ მოქმედებს არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა და კანონის ცვლილებები – ზურაბ ჯაფარიძე

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „თბილის მოლთან“ განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებია.

როგორც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ აღნიშნა, არავინ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.

„სანამ არ გავიმარჯვებთ ეს ხალხი პროტესტს გააგრძელებს, ხალხს არაფერი გააჩერებს. რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია. არ მოქმედებს არაფერი, არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა, კანონის ცვლილებები.

სულ ღრღნით ვიღაცებს ეჭვი, რომ ხალხი დაიღლება, არავინ დაიღლება! პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიგებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

უნდა მოვემზადოთ ომისთვის, ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად – მარკ რუტე

ნატო-ს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან გარკვევით გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ სისუსტე არ უნდა გამოიჩინონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება რაღაც სცადოს, ისევე როგორც უკრაინაში“, – აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც და რომ ჩინელებმა უზომოდ გააფართოვეს თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები.

მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ, ნატო-სა და ევროკავშირის წამყვანმა წევრმა, თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და თანმიმდევრულად განაგრძოს მის მიერ არჩეული გზა როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში.

„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთონ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის გასასვლელთან დაგეგმილი საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია დღეს, თბილისის გასასვლელთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.

აქციის მონაწილეები იკრიბებიან რამდენიმე ლოკაციაზე და გეგმავენ შეკრებას თბილისის გასასვლელთან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისემიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს – ისინი დონალდ ტრამპს აქტიურად ებრძოდნენ და დაიბნენ, როდესაც გაიმარჯვა – პლადიმერ პუტინი

ევროპელი ლიდერები სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს – ისინი დონალდ ტრამპს აქტიურად ებრძოდნენ და დაიბნენ, როდესაც გაიმარჯვა – ვლადიმერ პუტინი

წარსულში ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ გამბედაობა, ებრძოლათ საკუთარი აზრისთვის, დღეს ასეთი ადამიანები პრაქტიკულად არ არსებობენ, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ევროპაში იყვნენ ისეთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიცაა დე გოლი, მიტერანი, ხოლო თანამედროვეობაში – შირაკი. გერმანიაში – ვილი ბრანდტი, კოლი, შრედერი – მე მათ იმავე რიგში დავაყენებდი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი აზრი და გამბედაობა, ებრძოლათ ამ აზრისთვის, გამოეთქვათ ეს აზრი, დღეს იქ ასეთი ხალხი, პრაქტიკულად, აღარ არ არის“, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს.

„ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავიდარაბა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით ევროპულ ელიტებს უფრო მეტად მოსწონდათ ჯო ბაიდენი, ხოლო ამერიკის ახალ ლიდერს, დონალდ ტრამპს განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.

„უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ტრამპი, აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ნამდვილად ერეოდნენ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში, შემდეგ კი დაიბნენ, როცა ტრამპმა მოულოდნელად გაიმარჯვა. მათ მენტალურად ბაიდენი უფრო მოსწონდათ. ტრამპს კი განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მათ შორის გენდერულ პოლიტიკაში და ზოგიერთ სხვა საკითხში. როგორც ჩანს, მათ ეს არ მოსწონთ”, – განაცხადა პუტინმა.

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე – ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ტაქტიკას სთავაზობს, რომ “კარგი იქნება ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ”.

„საერთოდ არ „ორკესტრირებენ“ გარედან და საერთოდ არ აქვს ადგილი უცხოური გავლენით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას.

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე. იქამდე კი, NDI საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მიკერძოებული წინასაარჩევნო კვლევებით, (რომლებიც სხვათა შორის არასდროს მართლდებოდა, რადგან სრული სიცრუე იყო) და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებით მძიმედ დააზიანა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა

შეგახსენებთ, ასევე ლორა თორნტონის ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მოძალადე და დამნაშავეა“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

კანადა და მექსიკა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფებს აწესებენ

კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„თეთრი სახლის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაგვაშორა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.

ტრუდოს თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.

ამასთან, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმაც.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვს“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მინისტრს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და სხვა ზომებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.

დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოცემა “პუბლიკას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

“1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,

2. “პუბლიკა” ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,

3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,

4. “პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,

5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე – უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება, – შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.

”ვფიქრობ, ეს არის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე და სჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება.

„ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე”, – დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება დონალდ ტრამპის კომენტარს მოჰყვა, რომლის თქმითაც, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ ომის დასრულების საკითხზე და რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ძალიან სერიოზული დისკუსიას აწარმოებს.

რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან – დონალდ ტრამპის შემდეგ, დროა, ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს – ნინო წილოსანი

ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი ეხმიანება ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებაზე ევროკავშირის დაფინანსების გამო. როგორც ის აღნიშნავს, რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით მმართველი გუნდი დიდი ხანია გარე ჩარევის შესახებ საუბრობს.

“ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები.

რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან.

წელიწადზე მეტია, საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით.

დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით.

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, – წერს ნინო წილოსანი.

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფილოსოფიური საუბრის მოთხოვნილება გაქვთ და ღირსეულ თანამოსაუბრეს ეძებთ. დააკვირდით მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნიან. გირჩევთ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ, რადგან შექმნილი ვითარება აზრის შეცვლას გაიძულებთ. ახალ პროექტზე მუშაობა თქვენს ფინანსურ ან თანამდებობრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს. გირჩევთ, საღამოს აურზაურს თავი დააღწიოთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ.

კურო

თუ პირადი სივრცის კეთილმოწყობას გეგმავთ, კარგი იქნება, რომ ახლობელ ადამიანებიც დაიხმაროთ. შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით, გახსოვდეთ, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. შესაძლოა, ისეთი რამ გაიგოთ, რასაც დიდი ხანია, გულმოდგინედ გიმალავენ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ კარგად ნაცნობი საქმის კეთება უნდა გააგრძელოთ.

ტყუპები

ამ დღეს ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროექტში წარმატება გელით. ეცადეთ, რთული და შრომატევადი საქმეების დაწყებისგან თავი შეიკავოთ და დასვენების დღე გართობისა და მხიარულებისთვის გამოიყენოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში უმიზეზო შფოთვა და ნერვიულობა იგრძნოთ, თუმცა მეგობრებთან საუბარი და სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

კარგად დაფიქრდით და აღიარეთ – ჩიხში ხომ არ ხართ? თავის მოტყუების დრო დასრულდა, ამიტომ დროა, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. დილიდან სიზარმაცის შეტევას ებრძვით, მაგრამ უშედეგოდ. ნუ ინერვიულებთ – რთული კვირის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, ეცადეთ, მარტივით დაიწყოთ და ნელ-ნელა გაართულოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ვითარება იძაბება. ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გვერდით მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ის შეიძლება ნაცნობი, კოლეგა, მეზობელი ან ნათესავიც კი იყოს. ამ დღეს გადაღლას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ მარტივი საქმეებით დაკავდეთ და ხშირად დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ახლად გაცნობილი ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მიიღებთ. მომავალში ეს ურთიერთობა ძალიან გამოგადგებათ. ძველ მეგობართან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და საქმეს ადვილად უმკლავდებით. მშვენიერი დღეა საქმეებისა და გეგმების გააზრებისა და დასკვნების გამოსატანად. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს, თუმცა მოულოდნელი სიახლე სიტუაციას განმუხტავს. გახსოვდეთ, წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება აუცილებელია. სახლის დალაგება სულიერ სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

სასწორი

ამ დღეს ერთადერთი სურვილი გამოძრავებთ – ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ მართალი ხართ. გარშემო მყოფებსაც ერთადერთი არჩევანი აქვთ – თქვენს არგუმენტებს უნდა დაეთანხმონ. კმაყოფილი და ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხართ, თუ თქვენს ინტელექტუალურ უპირატესობას აღიარებენ. ვარსკვლავები კი გირჩევენ, რომ ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და საქმე მარტომ აკეთოთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ – შედეგი მოლოდინს გაამართლებს და თქვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება. ეცადეთ, დასვენების დღე სრულყოფილად გამოიყენოთ, ამიტომ ტელეფონი გათიშეთ და ისიამოვნეთ. სასურველია, გაზაფხულის დადგომამდე ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

პიროვნული ხიბლისა და დახვეწილი იუმორის წყალობით ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. თუ მოინდომებთ, საკუთარი ერუდიციით ნებისმიერ თანამოსაუბრეს გააოცებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ, მოლაპარაკებაზე სასურველი შედეგი მიიღოთ, ახალი პროექტი წარმოადგინოთ და ა.შ. წინ რთული კვირა გელით, ამიტომ ძალების აღსადგენად გირჩევთ, საღამო მარტო გაატაროთ და კარგად გამოიძინოთ.

თხის რქა

განწყობა რომ არ გაიფუჭოთ, ამ დღეს ყველაზე მეტად აგრესიულ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან. ჯანმრთელობის მხრივ, გაციების რისკი იზრდება. ძალიან სასარგებლოა საუნა ან ცხელი აბაზანა სამკურნალო მცენარეებით.

მერწყული

როგორც ყოველთვის, გარშემო მყოფებს საკუთარი ბიზნესუნარებით გააოცებთ – რთულ საკითხებს მარტივად უმკლავდებით და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს წარმატებით ასრულებთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს პროექტებს უფრო ფრთხილად დამუშავება სჭირდება. ეცადეთ, დრო გამონახოთ, რომ ყველა წვრილმანი თავიდან შეამოწმოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თევზები

საქმემ, რომელიც უიმედო და განუხორციელებელი გეგონათ, შეიძლება მოგება მოგიტანოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შესაძლებლობას გამოიყენებთ თუ არა. მიწვევაზე უარს ნუ იტყვით – შესაძლოა ნაცნობი ადამიანისგან სამომავლო თანამშრომლობისთვის საინტერესო და ფინანსურად მოგებიანი წინადადება მიიღოთ.

,,მათი უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა”- ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა მათი [ოპოზიციის] უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ გვახსოვს მოყოლებული 2008 წლის ომის შემდეგ ანტიქართული რეზოლუციებისა და განცხადებების კასკადი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება

,,აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება”- კიტ კელოგი 

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

კელოგის თქმით, უკრაინაში „უნდა ჩატარდეს“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს.

„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ომის დროს არჩევნები იმართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის ძლიერი დემოკრატიის სილამაზე, რომ გყავს ერთზე მეტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად კენჭისყრა”, – აღნიშნა კელოგმა.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.

უკრაინის მთავრობის ორი წყაროს თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინული მხარისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს საპრეზიდენტო არჩევნების 2025 წლის ბოლომდე ჩატარებასთან დაკავშირებით.