Home Blog Page 12

“აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება”-Le Figaro

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგარო“-ში (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება” (ავტორი – სტანისლას პუაიე).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინა გაურკვევლობაში იძირება. კიევში, ისევე როგორც ფრონტზე, უკრაინელები დაუფარავად აღიარებენ თავიანთ შიშს იმ ფონზე, როცა ამერიკის სათავეში მმართველობის სადავეებს არაპროგნოზირებადი ადამიანი იღებს. „დონალდ ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაწევა ამერიკელებს ძალიან ძვირი უჯდებათ. და თუ ხვალ იგი დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ყველაფერი უბრალოდ დასრულდება – ჩვენ [რუსების შემოტევას] დიდხანს ვერ გავუძლებთ“, – ამბობს სატელეფონო საუბრის დროს კაპიტანი ვადიმი (გვარის დასახელების გარეშე), რომელიც ამჟამად პოკროვსკში, დონბასში იმყოფება.

„უკრაინელებს ეშინიათ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აიძულებს უკრაინას რუსეთთან შეთანხმება გააფორმოს და დათმობებზე დათანხმდეს, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ უკრაინელები მზად არ არიან ამგვარი პირობების მიღებაზე“, – განმარტავს ოქსანა კოვალენკო, პოლიტიკური ანალიტიკოსი.

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას განზრახული აქვს ამერიკის დახმარება დაუკავშიროს უკრაინის თანხმობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით.

„დონალდ ტრამპმა სამხედრო დახმარება რომც არ შეამციროს, მაინც ცუდია, როცა ასეთი არაპროგნოზირებადი მოკავშირე გყავს. საბრძოლო მოქმედებისათვის საკვანძო მომენტად დაგეგმვა ითვლება, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაგეგმვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, – ხაზს უსვამს კაპიტანი ვადიმი.

დადგა რა ამერიკის დახმარების შეწყვეტის რისკის წინაშე, უკრაინა აცნობიერებს, რომ მას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს ევროპელი მოკავშირეების დასარწმუნებლად – შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვებს.
„უახლოეს წლებში უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ევროპის იმედად ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, იგი ბრიუსელისაკენ უნდა შებრუნდეს. იმიტომ, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი რისკები გვაქვს, თანაც ევროპა უკრაინის უსაფრთხოებით მოგებული დარჩება“, – თვლის ანტონ გერაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი.

უკრაინელები დაიღალნენ ევროკავშირის უუნარობით რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლის საკითხში. დასამალი არაა, რომ უკრაინაში ამგვარი განწყობა ფართოდაა გავრცელებული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“კომუნისტები არ არიან- როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი”

რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „კომუნისტები არ არიან: როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი“, რომელშიც ავტორის, რუსი ჟურნალისტის იგორ ელკოვის საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში პოლიტიკური შემოდგომა რადიკალური ოპოზიციისათვის ყველაზე რთულ დროში შედის: ელექტორატი დაღლილია.

„უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“, – ამბობს თემური, რომელიც ჩქარი მატარებლის თბილისი-ზუგდიდის ვაგონში ჩემთან ერთად ზის, – „მეორე კვირა სულ ერთი და იგივე მესმის: ბიულეტენები, პროცენტები, მოპარული ხმები, გაყალბება… რაღაც ახალი მაინც თქვან! აი, შენ რომ ჩემი მეზობელი იყო და მე ყოველდღიურად სულ ბიულეტენებზე გიყვიროდე, რა მოხდება? – იგი ერთი წამით ჩაფიქრდა. ჰო, მართლაც რა მოხდება? ვკარნახობ: „შენ ხმას ჩაგიწყდება, მე კი ნერვიულობა დამჩემდება… და ეს ყველაფერი საარჩევნო ბიულეტენების გამო!“.
ვაგონში ბევრმა გაიცინა – როგორც ჩანს, ჩუმად გვისმენდნენ. საქართველოში ყველა ყველაფერზე იჩენს ინტერესს. შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ საუბარში და პირდაპირ „შენობით“ მოგმართონ.

ახლა კი პოლიტიკური ერთიანობის მოკლე მომენტს გაგაცნობთ: მთავრობამ და ოპოზიციამ – ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა – ორივემ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე მხარის მილოცვაში ძნელია რაღაც არასტანდარტულის მოძიება, თუმცა ერთმა მაინც მოახერხა მსგავსი რამ ეთქვა – პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა. პირდაპირ გისოსებიანი ფანჯრების მქონე საავადმყოფოს პალატიდან მან მორიგი „საინტერესო ისტორია“ გაამჟღავნა: თურმე მისთვის დონალდ ტრამპს დაურეკავს და უთქვამს – „მიშა, პრეზიდენტის არჩევნებში მინდა მონაწილეობა მივიღო და როგორ ფიქრობ, როგორი შანსები მაქვს, ამერიკაში რატომღაც არ მენდობიანო!“. და როგორ ფიქრობთ, რა უთხრა მიშამ? – „მე მხარს გიჭერ, მიდი, შენი მჯერაო“.
თუ გგონიათ, რომ მე სასაცილო პოლიტიკურ ანეკდოტს გიყვებით, ძალიან სცდებით. ნაავადმყოფარ მიხეილ სააკაშვილის მოგონებებს და განცხადებებს ბეჭდავენ სერიოზული გამოცემები და ქართული ტელევიზიის ეთერშიც გადაიცემა ხოლმე. გაინტერესებთ, როდის დაურეკა მას ტრამპმა? ახლა კი არა, ათი წლის წინათ!
„სულელია ეგ შენი მიშა სააკაშვილი“, – არაპოლიტკორექტულად მიხსნის გორელი გიორგი, – ჩვენთან, გორში, ქალაქის ცენტრში იოსებ სტალინის ძალიან გრანდიოზული, ლამაზი ძეგლი იდგა. იყო თავისთვის, არავის არაფერში ხელს არ უშლიდა. აი, შეხედე, ტელეფონით თავის დროზე სპეციალურად გადავუღე სურათი. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კი ძეგლი აიღეს და ახლა ამხანაგი სტალინის ქანდაკება გორის ერთ ქარხანაში მიწაზე დევს. სხვათა შორის, მე ეს ფაქტიც მაქვს დაფიქსირებული. აი, ნახე, თუ არ გჯერა. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ თავში აზრად მოუვიდეს?“.

მოკლედ, ამდენი ლაპარაკის შემდეგ ზუგდიდში აღარ წავედი და მატარებლიდან გორის სადგურზე ჩამოვედი. კაცმა რომ თქვას, ამდენი მიტინგები და აქციები მეც მომბეზრდა, ისინი რაღაც უინტერესო გახდნენ, რუტინულად გადაიქცნენ. მომინდა პროვინციაში გავლა, უბრალო ხალხთან ახლოს ყოფნა. კითხვა დამებადა – ყველა პოზიცია-ოპოზიციაზე ლაპარაკობს და სად არიან ამ დროს გამოცდილი ამხანაგები, კომუნისტები? რატომ არიან ჩუმად?

ყოველგვარი ირონიის გარეშე: ქართველ კომუნისტებზე ბევრი რამ კარგი მქონდა გაგებული – ისინი გამოდიან მოწოდებებით, რათა საქართველომ და რუსეთმა ერთად, მშვიდობიანად და თანხმობაში იცხოვრონ, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინონ…

სად მოვძებნო კომუნისტები? გორში წადიო, მირჩიეს თბილისელებმა. გორი თბილისიდან დასავლეთით, 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ, ქალაქის ცენტრში სტალინის პროსპექტი თურმე ჯერ კიდევ არსებობს. იქვეა მისი ბავშვობის სახლი და ბიუსტიც, სადაც, ალბათ, ყვავილებს მიიტანენ, იქ დგას მისი საყვარელი რკინიგზის ვაგონიც.

ოჰო, თუ ვაგონიც იქ არის, მაშინ წავედი და ეგაა.
და აი მე უკვე გორში, იოსებ სტალინის სახელობის პროსპექტზე მივაბიჯებ.. ალბათ, აუცილებელია გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვარ სტალინისტი, მაგრამ ვაღმერთებ ისტორიას. ძალიან მომწონს და მიყვარს, როცა მსოფლიო მოვლენებს ისტორიული საბედისწერო ლიდერების თვალით შევხედავ ხოლმე (თუნდაც ისინი ტირანები, ბელადები და კერპები იყვნენ). წარმოიდგინეთ: ქართულ მიყრუებულ პროვინციაში მცხოვრები ღარიბი ხარაზის ოჯახში დაბადებული ვაჟი ისეთი ადამიანი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევდა. ფენომენია, აბა რა არის? როგორ ცხოვრობდა იგი აქ, რას ხედავდა, რა პირობებში გაატარა თავისი ფეხშიშველი ბავშვობა?

მოკლედ მთავარზე: სტალინის მუზეუმმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა – შევედი და საათ ნახევარი შეუმჩნევლად გავიდა. სტალინის საყვარელი ვაგონიც ვნახე, ისევე როგორც მისი მამისეული სახლი.
კომუნისტებს კი არ შევხვედრივარ.

როგორც ამიხსნეს, საბჭოთა სიმბოლიკის გამო მხეცური ჯარიმებია დაწესებული, ხოლო თუ მეორედ შეგნიშნავენ, 15-დღიანი პატიმრობა. აბა, კომუნისტები ჩაქუჩ-ნამგლის გარეშე სადმე გინახავთ? ჰოდა, ვერც გორში ვერ ნახავთ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა: საქართველოში 7 ნოემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მხოლოდ ერთი თარიღია დღესასწაული – დიდმოწამე წმინდა გიორგის ხსენების დღე, 23 ნოემბერი, მაგრამ მანამდე გაძლება ხომ მინდა ქართული მიტინგომანიის ფონზე…

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რამაც შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები -ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც გიორგი სანტურიანმა აღნიშნა,  საჩივრების განხილვის პროცესი  საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა. 

„მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან  დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47.  ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151.

წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს 3 შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა  საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს. საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები.

მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა.

ასევე გაგაცნობთ შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად, შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველ ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

როცა ნახეს, რომ გახარია ბარიერს ვერ ლახავდა, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა გახარიას პარტიისთვის, მას ხელოვნურად გადაალახვინეს ბარიერი -პრემიერი

დავალების მიმცემებმა როცა დაინახეს, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ გახარიას პარტიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი.

„მტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საკმაოდ უცნაური ინფორმაცია მოდიოდა. მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მოვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, საათობრივად ხდება ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, სამი საათის მერე ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაცმოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და სამი საათის მერე მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებდნენ, ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიის ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და, საბოლოო ჯამში, გახარიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ბარიერი ხელოვნურად გადაალახინეს“, – განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი ევრო 9 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 2.9345 კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9389 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

2007 წლის 7 ნოემბერი იყო მაშინდელ საქართველოში დამყარებული ავტორიტარიზმის გამოვლენა, გვახსოვს, სააკაშვილის დამყარებულ რეჟიმს გარედან მხარს უჭერდნენ -შალვა პაპუაშვილი

2007 წლის 7 ნოემბერი იყო მაშინდელ საქართველოში დამყარებული ავტორიტარიზმის გამოვლენა. გვახსოვს, სააკაშვილის დამყარებულ რეჟიმს გარედან მხარს უჭერდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანს როდესაც ღირებულება არ აქვს, ვერ იაზრებს, რომ პასუხისმგებლობა ტვირთია.

„2007 წლის 7 ნოემბერი იყო გამოვლენა იმ ავტორიტარიზმისა, რომელიც მაშინ საქართველოში იყო დამყარებული, გვახსოვს ჩვენ, გარედან როგორი იყო მხარდაჭერა იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა დამყარებული. როცა ადამიანს არ აქვს არანაირი ღირებულება, ვერც იმას იაზრებს, რომ ეს პასუხისმგებლობა ტვირთია და ის უნდა ატაროს. მათთვის ეს ყველაფერი ნაწილია იმ ხელისუფლების ინსტრუმენტებისა, რომლებიც ბუნებრივია. ამიტომაც ვამბობდით, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ დაუბრუნონ, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რაც 7 ნოემბერს დაატრიალეს თბილისში და ბათუმში; ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, წამების სისტემები, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებისთვის ღირსების და უფლებების აყრა, აი, ზუსტად ეს რეჟიმი დამყარდებოდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო და კერძო სექტორი და გაუმჭვირვალობის, ბუნდოვანების ერთადერთი კუნძული იყოს NGO-ების სფერო, ეს უბრალოდ გაუგებარია -ირაკლი კობახიძე

არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, NGO-ები ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება.

„თქვენ იცით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონტექსტი როგორი იყო. NGO-ებს ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, სხვა მონაცემები და ამით საფუძველი დაუდეს პირველ რევოლუციურ ქმედებას ჩვენს ქვეყანაში. 2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მეორე მცდელობა. აქ უკვე უშუალოდ ავიდნენ ისინი პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, წარმოიდგინეთ, NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირებას, ეს იყო რევოლუციის მეორე მცდელობა. ეს მცდელობა წარმოებდა უცხოური ფულით, ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში. დღესაც ისინი ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არის, მართალია, სუსტი, მაგრამ უკვე მესამე მცდელობა. ასეთ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ NGO-ების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი -ირაკლი კობახიძე

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე „გამჭვირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის.

„ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე,  საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას გაითვალისწინოს.

თავის მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს  წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა, შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარ ანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებზე და მათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში.

ცესკოში გამრთულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ.

 შარლ მიშელთან ყველაფერზე ვისაუბრე, ალბათ გამოიტანს დასკვნას -ირაკლი კობახიძე

ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება.

„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებში მყოფი ისრაელელი გულშემატკივრების ჩამოსაყვანად სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედრო ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის საჭიროება არ იყო.

„ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა, რომლებიც ამსტერდამში მომხდარი საზიზღარი ანტისემიტური ინციდენტის მსხვერპლნი გახდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ნიდერლანდებში გადაუდებელი დიპლომატიური ვიზიტით გაემგზავრა ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. გიდეონ საარის თქმით, ებრაელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი განგაში ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი.

2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა -ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე, როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა, რათა არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე. სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.