Home Blog Page 12

მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით – დავით მათიკაშვილი

მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით! – რაც მალე მით უკეთესი! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მან აქვე დასძინა, რომ „ეს შანტაჟისა და პედალირების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“.

„საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან – წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით – მზად ვართ მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით – ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – “გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს, ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას -რობერტა მეცოლა 

იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკაშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, ქართველებისადმი მათი მიმართვაა, არ მიატოვონ ევროპული გზა.

„თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ ძლიერ ფორმულირებას ევროპარლამენტიდან. თქვენ ნახეთ ჩვენ მიერ მიღებული რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს შედეგებთან დაკავშირებით და იმაზე, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის, არ მიატოვონ ევროპული გზა. მე წლებია, მოვდივარ ევროკავშირის საბჭოში და არის ერთი რაღაც, რაც დომინირებს ყველა საბჭოზე – ჩვენ გავეცით დაპირება იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, რომ ჩვენ არ დავუხურავთ კარს ამ ხალხს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკაშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ძალიან ცხადი პოზიცია ჩვენი მხრივ. როგორც სტრასბურგში ვთქვით, ეჭვი არ არის, რომ ეს იქნება ჩვენი პოზიცია 2025 წელს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.6 პროცენტით გაიზარდა-საქასტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მილლიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 010.9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.9 პროცენტითთ, ხოლო იმპორტი 15 101.7 მილიონი აშშ დოლარს, ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ – ნოემბერში, 9 090.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 939.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 2 269.4
მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 1 965.8 მილიონი აშშ დოლარით.

ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, გვჭირდება შემდგომი მუშაობა -კაია კალასი 

ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება.

„საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“, – აღნიშნა კაია კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

 “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას -გიტანას ნაუსედა 

ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

 თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის 

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე,  ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:

TBC x Mymarket.ge

TBC x Glovo

TBC x tkt.ge

TBC x Swoop

BOG x Extra.ge

BOG Ads Manager

BOG x Biletebi.ge

BOG Gift card

BOG x Wolt

თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი,  შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

  1. #ერთმანეთისთვის
  2. სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
  3. Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად 

(R)

 

 

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ -ელენე ხოშტარია

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ევროსაბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია.

„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

  1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.
  2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – წერს ელენე ხოშტარია.

ამასთან, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს“.

უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს -სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან.

„უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს. იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, მან დიდწილად დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ცუდ სიტუაციამდე მიყვანაში.

მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ-მამუკა ხაზარაძე

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.

„2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს,, ეს არ არის უბრალო გაერთიანება – ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა – თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!

აქვე, პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.

ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!

ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ, რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს.

მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან არსებული შეთანხმების გაუქმებას კონკრეტული პირობები აქვს, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას -მაკა ბოჭორიშვილი

გაუგონარი რამ არის, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, მის შეჩერებას კი კონკრეტული პირობები აქვს და ამიტომ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურად ეს ჟესტი ძალიან გაუგებარია.

„ჯერ არაფერი არ დაწესებულება, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლითაც წესრიგდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, როდესაც საქმე გვაქვს დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრინციპულად ამ საკითხს, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, ეს რაღაც გაუგონარი რამ არის.

ჩვენ არ ვაცალკევებთ არავის, ვსაუბრობთ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ადამიანებზე და ასეთი, პირველ რიგში არიან სწორედ დიპლომატები. ის ადამიანები, რომლებიც საგარეო უწყებაში მუშაობენ, ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასეთი არის დიპლომატიური პასპორტის მფლობელების 80-90%. დანარჩენი, ვისაც უწევს სამსახურებრივად დიპლომატიური პასპორტის ქონა, შეიძლება, წარმოადგენდეს ასეთი ადამიანების 10-15%-ს.

ეს ჟესტი პოლიტიკურად არის ძალიან გაუგებარი, ომში მყოფი ქვეყნები სცემენ ერთმანეთის დიპლომატებს პატივს და ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ფორმა, როდესაც პირველი იწყებ დიპლომატებზე ხელის მოკიდებას. დიპლომატები არიან განსაკუთრებული წრე ადამიანებისა, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტებითაც, სწორედ იმიტომ, რომ ამით არის გამოკვეთილი მათი განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მას შემდეგ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები უვიზოდ დადიან ევროკავშირის სივრცეში. ამ შეთანხმებას აქვს შეჩერების, გაუქმების, ძალიან კონკრეტული პირობები. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა სამართლებრივ საფუძველს და განმარტებას მისცემს ამ ყველაფერს ევროკომისია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ზომის ამოქმედება. ამას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლის მომზადება, სწორედ ეს დაევალება ევროკომისიას და ვნახოთ, როგორი იქნება სამართლებრივი საფუძველი. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია ჩაიხედო შეთანხმებაში და ნახო, რა პირობები არსებობს, რათა ეს შეთანხმება შეჩერდეს. იქ არსად არ წერია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ან ხელისუფლების დასასჯელად. ამისთვის არ ყოფილა ეს შეთანხმება გაფორმებული. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ განმარტებას, რასაც მივიღებთ ევროკომისიისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დასავლელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან.

„ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება. გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

“შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.

კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად – ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.