Home Blog Page 12

უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროკავშირში ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ-კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს , რომ რუსეთი უკვე ევროკავშირის პირდაპირი საფრთხეა.

კალასმა რუსეთის ის ჰიბრიდული ქმედებები ჩამოთვლა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფიქსირდება, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა, სამხედრო წვრთნების ჩატარება ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს.

კალასის თქმით, ევროკავშირი თუ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ევროკავშირში ყველამ უნდა დაიწყოს რუსულის სწავლა.

„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე. ეს გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმაა“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა უკრაინას ასევე „ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი“ უწოდა და აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინისთვის შემდგომი დახმარების მნიშვნელობა. მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი ბოლოს და ბოლოს მზად იქნება საუბრისთვის“.

“დასავლეთს არ შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომში გაამარჯვებინოს, მაგრამ შეუძლია ომის შეწყვეტაში დაეხმაროს”-Politico

აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico – ევროპული ვერსია, იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დასავლეთს არ შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომში გაამარჯვებინოს, მაგრამ შეუძლია ომის შეწყვეტაში დაეხმაროს“ (ავტორ – ელხან ნურიევი, ალ.ჰუმბოლდტის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: რამდენად რეალურია უკრაინის გამარჯვება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მძაფრი მოვლენების ფონზე?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ომი ჭიანურდება და, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით დასრულებას არ აპირებს და, ალბათ, მომავალს წელსაც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, მკაცრი სიმართლის იგნორირება უკვე რთული ხდება: აშკარაა, სამხედრო გამარჯვება კიევის რეალური მიზანი აღარ არის – იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ მილიარდს მისცემს დასავლეთი და რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება.

ბუნებრივია, ასეთი თვალსაზრისი არცთუ პოპულარულია ვაშინგტონში და ბრიუსელში, სადაც ძველებურად ვარაუდობენ, რომ დასავლეთის საკმარისი დახმარება და უკრაინელთა გაბედული მოქმედება მოსკოვს საბოლოოდ წელში გატეხავს. მაგრამ უკრაინის მართლაც შეუპოვარი წინააღმდეგობისა და დასავლეთის ფართო ჯიბის მიუხედავად, კრემლის მარცხის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც მოვლენების ანალიზით ჩანს, ომი შევა ისეთ ჩიხში, ისეთ პატურ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინას კომპლექსური გამოფიტვა ელოდება – პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად… დასავლეთის ერთიანობა, რომელსაც უკვე ბზარები აქვს შეპარული, ჩამოიშლება და ამით განმტკიცდება რეჟიმი, რომლის დანგრევასაც დასავლეთი ცდილობს – კრემლის მმართველობა.

საკითხი, რომელიც დღეს დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა ადარდებდეთ, გამოიხატება არა იმაში, იმსახურებს თუ არა უკრაინა მხარდაჭერას, არამედ იმაში – ეხმარება თუ არა კიევს  დასავლეთის ამჟამინდელი სტრატეგია გამარჯვებაში ან უბრალოდ, თავის გადარჩენაში მაინც, გარკვეული ვადით, რომ ომი ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგოს.

ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა მტერს უნდა ჩაბარდეს, ან სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და დასავლეთის დახმარებაზე უარი თქვას. მაგრამ იმავდროულად ყველაფერი პატიოსნად უნდა იქნას გათვლილი და გააზრებული: უკრაინას გამარჯვების გზა მოჭრილი აქვს, თვალთმაქცობა და თავის მოკატუნება კი სტრატეგიას ვერ ჩაანაცვლებს.

იმ მდგომარეობაში, როგორიც დღეს მსოფლიოშია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ევროპის სტაბილიზაციის შენარჩუნება შეიძლება იმდენად იარაღზე არ იყოს დამოკიდებული, რამდენიც დიპლომატიურ ძალისხმევაზე.

ქაღალდზე დასავლეთი ძველებურად მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეფერხებით, მაგრამ მაინც აგრძელებს დახმარებას ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის დროს მიღებული 61-მილიარდიანი პაკეტის საფუძველზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნელ-ნელა აფართოებენ სამხედრო-თავდაცვით წარმოებას, ნატოც ძველებურად აფიქსირებს თავისი სოლიდარობის დემონსტრაციას, მაგრამ… მაგრამ მწარე რეალობა უფრო გამომაფხიზლებელია, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსების დაპირებები…

პირველ რიგში შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ უკრაინაში დემოგრაფიულ კრიზისი ძლიერდება: თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასაწვევი ასაკის მქონე ახალგაზრდების 30% თავს არიდებს ტერიტორიულ გასაწვევ პუნქტებში გამოცხადებას, ანუ ჯარში გაწვევას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამობილიზაციო კანონით ჯარში გაწვევის ასაკი 25 წლამდეა შემცირებული, ახალწვეულთა დეფიციტი მაინც მწვავედ იგრძნობა. გარდა ამისა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მცირდება მიგრაციისა და სამხედრო დანაკარგების გამო.

მეორე – ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის მდგომარეობა გაუარესდა: შემცირდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, კატასტროფულად დაეცა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მატულობს ინფლაცია, კორუფცია, მოსახლეობა იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა, იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა.

მესამე – დასავლელი ექსპერტების პროგნოზები, რომ რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო სწრაფად ჩამოიშლებოდა, არ გამართლდა:  რუსეთმა ადაპტაცია მოახერხა. მისი ეკონომიკა ამჟამად სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი. წარმატებით მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი – რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, დასავლეთთან შედარებით, ბევრად მეტ საარტილერიო ჭურვს ამზადებს. რუსეთის არმია, რომელიც, მართალია, ხშირად არაეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და ქვეყნის ორ ნაწილად გამყოფი მდ.დნეპრის მთელი მარცხენა ნაპირის დაკავებას ცდილობს. რუსული ჯარი ინარჩუნებს უპირატესობას როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის მხრივ. კრემლმა გაკვეთილები გამოიტანა წინა წლების საომარი მოქმედებებიდან და ახლა უფრო ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.

მეოთხე – სტამბოლის მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მხარეები ძალიან შორს დგანან ერთმანეთისაგან და მზად არ არიან ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს 30-დღიანი ზავი, რუსეთმა კი ორ-სამდღიანი, რომ ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები აკრეფილიყო.. პოზიტიურად გამოიყურება მხოლოდ ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების გაცვლაზე და დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაზე.

ამრიგად, რადგან დასავლელი ლიდერები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ისინი უკრაინას „იმდენით დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა“, საკითხი ახლა ასე დგას: რა შედეგებამდე მიიყვანს კიევს ასეთი დახმარება?

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისათვის, ძალის გამოყენებით, უფრო ბევრად ფართო დახმარებაა აუცილებელი და, სავარაუდოდ, საჭირო გახდება დასავლეთის ქვეყნების არმიების პირდაპირი ჩარევა, ან ნატოს სამხედრო კონტინგენტის გამოყენება. ამჟამად დემოკრატიული მთავრობები ასეთ პერსპექტივაზე ფიქრს გაურბიან. ამ ფონზე ჩნდება რთული, მაგრამ სულ უფრო აუცილებელი წინადადება – უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება გადაიქცეს დახმარებად არა გამარჯვების მისაღწევად, არამედ ომის შესაწყვეტად.

ასეთი კომპრომისი, რომელიც, ზოგიერთების აზრით, კაპიტულაციის ტოლფასია, დასავლეთის დედაქალაქებში, ალბათ, პოლიტიკური დინამიტის როლს შეასრულებს, მაგრამ ისტორია პირიქით გვარწმუნებს: 1940 წელს ფინეთმა თავისი სუვერენიტეტი შეინარჩუნა მტკივნეული, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზავით საბჭოთა კავშირთან. 1950-იანი წლების დასაწყისში კორეის ნახევარკუნძულზე ქვეყნის გამაპარტახებელი ომი მოხდა. სამხრეთი ნაწილის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ხელი მოეწერა „დამამცირებელი“ ზავისათვის, მაგრამ თავიდან აიცილა ეროვნული კრახი. ანუ ეს იყო მორალური გამარჯვება, რომლის წყალობით ქვეყანამ და მოსახლეობამ წელში გამართვა მოახერხა და ამჟამად სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს.

ამ ლოგიკას ვაშინგტონსა და ბრიუსელში სულ უფრო მეტი აღიარებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ლიდერები მშვიდად იხილავენ კონფლიქტის გაყინვის გეგმას და მას აუცილებლობად თვლიან. იმავდროულად ევროპელი ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ 2025 წელი შეიძლება უკრაინისათვის „ყველაზე სახიფათო გახდეს“ – არა იმდენად რუსეთის არმიის წარმატების გამო, არამედ ქვეყნის შინაგანი  დაძაბულობისა და ევროპის დაღლილობის გამო.

ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ომის დიპლომატიური დარეგულირება მოსკოვის წაქეზება იქნება, მაგრამ პირიქით – ეს იქნება აღიარება, რომ უკრაინის გადარჩენა ბევრად არის დამოკიდებული იმის შენარჩუნებაზე, რასაც მთავრობა ჯერ კიდევ აკონტროლებს და არა იმის დაბრუნების მცდელობაზე, რასაც ვერ დაიბრუნებს.

ასეთი კომპრომისი შეიძლება ითვალისწინებდეს საომარი მოქმედებების გაყინვას ფრონტის ხაზის გასწვრივ, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის სამომავლო-სავარაუდო აგრესიის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკების ეტაპობრივ პროცესს ჰუმანიტარული ელემენტებით და ეკონომიკის აღდგენის მიზნით, კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმების განხორციელებას და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იოლი არ იქნება. რუსეთს შეუძლია კომპრომისი უარყოს, უკრაინა კი არაფერზე არ დათანხმდეს – რაც მას არ აწყობს და უსამართლოდ თვლის, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს დასავლეთს ამ საკითხში ლიდერობის პასუხისმგებლობისაგან.

სტრატეგია გამოიხატება არა იმაში, რომ უკეთესი ისურვო, არამედ იმაში, რომ იმოქმედო უკეთესისა და სასურველის მისაღწევად.

საბოლოო ჯამში, საკითხი იმის გარკვევა კი არაა, რომ იმსახურებს თუ არა უკრაინა დამატებით დახმარებას – დიახ, იმსახურებს – არამედ იმისა, შეუძლია თუ არა დახმარების ამჟამინდელ მოდელს ქვეყნისათვის მდგრადი შედეგების მოტანა. დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს აშშ-ის როლის გადახედვა უკრაინის კონფლიქტში: მართლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრმა სახლმა მხარი დაუჭიროს გაურკვეველი ვადით დახმარებას, რომელიც იაფი არ არის, ძვირადღირებულია და ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მხრებზე გადადის.

ეს ნიშნავს, რომ დასავლელი ლიდერები არჩევანის წინაშე დგანან: დარჩნენ იმ გზაზე, რომელიც უკრაინისადმი უსასრულო დახმარებას, ანუ ომის გაგრძელებას გულისხმობს თუ დაიწყონ მზადება სამშვიდობო პროცესისათვის, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს დაიცავს და ევროპას თავიდან ააცილებს ფართო კრიზისს.

უკრაინისათვის ყველაზე ეფექტური დახმარების გაწევა იმით უნდა გამოიხატოს, რომ კიევს ომის გაგრძელებაში კი არ უნდა დაეხმარნონ, არამედ ომის შეწყვეტაში, ქვეყნის მომავლის შესანარჩუნებლად.

წყარო: 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ირანთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსეთი თავს იკავებს, როცა ისრაელი თეირანს უტევს – The New York Times

„ირანთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსეთი თავს იკავებს, როცა ისრაელი თეირანს უტევს. კრემლისთვის პრიორიტეტს უკრაინასთან ომი წარმოადგენს“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი, ბერლინელი კორესპონდენტი პოლ სონე განიხილავს და აანალიზებს მოსკოვის დამოკიდებულებას ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანმა რუსეთს უკიდურესად აუცილებელი დრონები მიაწოდა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, დაეხმარა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა აეშენებინა თავის ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, მიმდინარე წელს ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა  ხელი მოაწერა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ერთად ახალ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს თავდაცვის სფეროშიც ფართო კავშირები აქვთ.

ხუთი თვეც არ გასულა ხელშეკრულების გაფორმებიდან, როცა ირანის მთავრობა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ისრაელის თავდასხმის გამო. და რას შვრება კრემლი? მოსკოვიდან, სატელეფონო ზარისა და ისრაელის აგრესიის დაგმობის გარდა, თეირანში სხვა არაფერი ისმის.

ირანის ბირთვული და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ან სრულიად განადგურდა, ბევრი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლულია, ირანის არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სარდლების გარეშეა დარჩენილი, ამ დროს კი არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ მოსკოვი თეირანს რაიმეში დაეხმარება.

„რუსეთმა, როცა საქმე ირანს ეხება, უნდა აწონ-დაწონოს ისრაელთან და აშშ-სთან თავისი შეჯახების შესაძლებლობის რისკები. ამიტომაც ირანის დახმარება/გადარჩენა საიმისოდ არ ღირს“, – ამბობს ნიკიტა სმაგინი, რუსეთ-ირანის ურთიერთობების ექსპერტი, – „რუსეთისათვის ირან-ისრაელის ომი მხოლოდ ფაქტს წარმოადგენს“.

ანალიტიკოსების აზრით, შექმნილი სიტუაცია აჩვენებს მოსკოვის მიუკერძოებელ და პრაგმატულ პოლიტიკურ გათვლას, რომლის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება საკუთარ ომს უკრაინასთან და იმას, რომ აუცილებელია თბილი ურთიერთობების შენარჩუნება სხვა ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთანაც, რომლებიც მოსკოვს დასავლური ეკონომიკური სანქციების გადატანაში ეხმარებიან.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ვლადიმერ პუტინს არ სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. კრემლს უნდა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა გააუმჯობესოს – იმ ტრამპთან, რომელიც ირანს ბირთვული გარიგების დადებისაკენ მოუწოდებს, ისრაელის შეტევის შეწყვეტის მიზნით. რუსეთი ომის საწინააღმდეგო მკვეთრი პრაქტიკული მოქმედებისაგან თავს იკავებს, რადგან მას აწყობს ნავთობის ფასის ზრდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინი საეჭვოა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და არც იმას არ შეეცდება, რომ თეირანი აქტიურად შეაიარაღოს. ეს სიფრთხილე ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ვაითუ არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი დააფრთხოს (ისინი მოსკოვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან), რომლებიც ირანის გავლენის გაძლიერებას არ მიესალმებიან. გარდა ამისა, კრემლი კიდევ იმის გამო ფრთხილობს, რომ მისი ძალები უკრაინასთან ომით არიან შებოჭილნი.

სწორედ ამიტომ მოსკოვი მშვიდობის მსურველი სახელმწიფოს პოზიციას იკავებს (!) და ისრაელს და ირანს მოლაპარაკებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ რუსეთი თავის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას ცვლის? გავიხსენოთ, თუ როგორი აქტიური რეაგირება მოახდინა კრემლმა ათი წლის წინათ, როცა მისი პარტნიორი სირიის რეჟიმი საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსკოვის მიერ შეტანილი წვლილი წყალში ჩაიყარა და კრემლი რეგიონში გავლენის შესუსტების წინაშე დადგა.

„მოსკოვისათვის რეალური პრობლემა ასეთნაირად გამოიხატება: რამდენად შეუძლია კრემლს  ამჟამად ირანელებს სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს, როცა მას ომი აქვს უკრაინასთან?“, – ამბობს თომას გრემი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა დახმარება შესთავაზა ამერიკელ კოლეგას ირანთან მოლაპარაკებაში – ალბათ, შეიძლება იმ მიზნით, რომ დაარწმუნოს თეთრი სახლი – აშშ-სათვის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მომგებიანი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ვთქვათ, მოსკოვი ვაშინგტონის მოთხოვნას არ შეასრულებს და უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ომის დაწყების დღესვე ესაუბრა ისრაელისა და ირანის ლიდერებს და ამ საუბრის შინაარსი დონალდ ტრამპსაც გაუზიარა.

ალბათ, ამიტომ ბოლო დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა, რომ აშშ მზადაა ირანთან მოლაპარაკება გააგრძელოს და, შესაბამისად, მოსკოვისათვის სასურველი იქნება, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. რუსეთმა ისიც კი ივალდებულა, რომ ირანს გამდიდრებულ ირანს გამოართმევს და თავისთან შეინახავს.

„არის სურვილი გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობა და რუსები ამერიკელებს ყველა გლობალურ საკითხზე სერიოზული მოსაუბრეების სახით წარუდგნენ, ირანის ბირთვული დოსიეს ჩათვლით – ისე, რომ უკრაინის საკითხს არ შეეხონ“, – ამბობს ჰანა ნოტე, ჯეიმს მარტინის სახელობის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ორგანიზაციის (კალიფორნიაში) ევრაზიული პროგრამების დირექტორი.

„მაგრამ ასეთი მოქმედებით ვლადიმერ პუტინი რისკავს, რომ ირანელები გაინაწყენოს – ისინი თითქმის აღარ ენდობიან მოსკოვს და შიშობენ, რომ კრემლი თეთრ სახლთან ანტიირანულ გარიგებას დადებს და თეირანს „სარმას გამოსდებს“, – აღნიშნავს ჰანა ნოტე.

ასეა თუ ისე, მოლაპარაკებამდე, როგორც ჩანს,  ჯერ კიდევ შორსაა – მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მისი ხელშეწყობისათვის მზადყოფნას გამოხატავს.

ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ირანი დააჩოქოს იმ დონემდე, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს.

რუსეთმა ბოლო ათეული წლების განმავლობაში ირანთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა (მილიარდობით ინვესტიციები, ვაჭრობა, იარაღის მიწოდება…), რომ მოსკოვისათვის ძნელი იქნება კავშირების შესუსტება ან მით უმეტეს, მათი გაწყვეტა.

ბოლო დრომდე ვლადიმერ პუტინი ისრაელთანაც მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, რაც ართულებდა ირანისათვის თანამედროვე მოწინავე იარაღის მიწოდებას. კრემლი ასევე აღრმავებდა თავის ურთიერთობას სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც ირანის სამხედრო ძლიერების ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ.

„ირანი რუსეთს ბოლო დროს, უკრაინასთან ომში დახმარების სანაცვლოდ, აქტიურად თხოვდა თანამედროვე თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიეწოდებინა, მაგრამ კრემლი თეირანის თხოვნას არ ასრულებდა“, – განმარტავს ნიკიტა სმაგინი.

ამჟამად ირანი მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს ისრაელის შეტევებისგან თავი როგორმე დაიცვას. „მთლიანობაში, რასაკვირველია, რუსეთი, რომელიც ირანის დახმარებაზე თავს იკავებს, ძალიან რისკავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში პოზიციები შეისუსტოს და რეპუტაცია შეილახოს“, – ამბობს ნიკიტა სმაგინი, – „ეს უეჭველია“.

წყარო

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე – პრემიერი

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, ეს არის ფაქტი და მოცემულობა.

„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

უზბეკური სუმი – რამდენად მიმზიდველია ინვესტირება?

გასული წლის ოქტომბერში, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების ახალი სერიის ფარგლებში, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა, უზბეკურ სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე ვისაუბრეთ. გამოვყავით ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტების მიმზიდველობა, თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით. ამჯერად, გვსურს დავუბრუნდეთ აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და შევაფასოთ, რამდენად მართებული გამოდგა პროგნოზები, რომელთაც ჩვენი დასკვნა ეყრდნობოდა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული მაკროეკონომიკური ფაქტორები მოიცავდა  საგარეო სექტორს, დაკრედიტებას, ოქროსა და სხვა სასაქონლო პროდუქტების საერთაშორისო ფასების დინამიკას, ინფლაციას, აშშ დოლარისა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ანალიტიკას. პუბლიკაციის თარიღთან შედარებით:

  • უზბეკური სუმი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა;
  • ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდა;
  • კრედიტის ზრდა ნორმალიზდა, ხოლო დეპოზიტების ზრდის ჩამორჩენა აღმოიფხვრა;
  • საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა;
  • საგარეო სექტორის ბალანსი გაუმჯობესდა.

საილუსტრაციოდ, ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება – გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება. ამ მოსაზრებას, პროგნოზებთან ერთად, ამჯერად მოვლენების ფაქტობრივი განვითარებაც ამყარებს. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე

R

პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად  დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.

2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში  პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების  მხრიდან გააქტიურდა  კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.  უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.

ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად  ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი,  რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო,  რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული  ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან, რომელთა მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და დისკრედიტაცია, შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა  დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და  უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა  უპასუხოდ, რადგან დეზინფორმაცია და მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.

სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ  უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის  პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად.

უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო – მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„თვითონ იზოლატორში არავის ვუცემივარ, ახლა სასამართლოში უნდა გადაგიყვანოთო, ბევრნი ვიყავით დაკავებულები და მახსოვს, პირველი ვიყავი რიგში. ჩაგვამწკრივეს და უკანა მხრიდან სპეცრაზმის რობოკოპები იდგნენ და გვაფურთხებდნენ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ზოგს ეკეთა (ნიღაბი), ზოგს – არა, მაშინ ლურჯი ფორმები ეცვათ. გვაფურთხებდნენ, ათას შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როცა გავედით, მანქანებში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს სასამართლოში. თვითონ სასამართლოზე რომ მივედი, პოლიციელებით იყო სავსე და მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო. ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? მაშინ რა ვქნათ, ჩვენ ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო, 5 ადამიანს მოგვცეს 30-დღიანი (სასჯელები).“ – განაცხადა მესხმა.

ხაშურში მამაკაცი მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მამაკაცი მხედველობადაქვეითებული იყო.

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.

ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში.

საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.

ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა ირანში ცენტრიფუგები და იარაღის საწარმო დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 50 თვითმფრინავის მეშვეობით თეირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

კერძოდ, როგორც „ცაჰალი“ იტყობინება, თეირანში დაიბომბა ცენტრიფუგები, რომელსაც ირანი ურანის გასამდიდრებლად იყენებდა, რაც მას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა.

ამასთან ერთად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თეირანში ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტების ამწყობი ქარხანაც დაბომბა. აღნიშნულ რაკეტებს ირანი ისრაელის მიმართულებით ისროდა.

ისრაელის თვითმფრინავებმა აგრეთვე იერიში მიიტანეს „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტების საწარმოზე. აღნიშნულ იარაღს ირანი ისრაეული თვითმფრინავების წინააღმდეგ იყენებდა.

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად. თამამად განახორციელეთ ყველაფერი, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ — ნებისმიერი ცვლილება ადვილად და სირთულეების გარეშე ჩაივლის. პირად საკითხებში სიფრთხილე და გონიერება გმართებთ — თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ოჯახში არეულობასა და განხეთქილებას შემოიტანს. ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ.

კურო

ღირებულებების გადაფასების და ინტერესების ცვლილების დროა. გირჩევთ უსარგებლო ნივთებსა და კავშირებზე უარი თქვათ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. ზოგ კუროს ახლობელ ადამიანთან დაშორება მოუწევს. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გასარკვევად.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს გზაზე საფრთხის შესახებ აფრთხილებენ — ყურადღებით იყავით როგორც საჭესთან, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გადადეთ ყველა მგზავრობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე. სამსახურში კოლეგის უარყოფითი გავლენისგან თავის დაღწევას მხოლოდ იუმორის დახმარებით შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ნუ შეშინდებით – სერიოზული არაფერია.

კირჩხიბი

სასურველია, რომ ეს დღე განათლებასა და განვითარებას მიუძღვნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კურსებზე ჩაეწეროთ და კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. მაღალია მოგების ან წარმატების შანსი. ამ დღეს იღბალი რისკის მოყვარული კირჩხიბების მხარესაა. არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა ადამიანისთვის, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ლომი

ამ დღეს თითქმის ყველაფერში გიმართლებთ. ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. პრობლემები თავისთავად მოგვარდება, სარისკო პროექტები კი მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ უთანხმოებებსაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

ქალწული

მთელი ყურადღება გადაიტანეთ საქმეზე, რომელიც თავიდან უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ. კოლეგისთვის გაწეული დახმარება თქვენს ავტორიტეტზე დადებითად აისახება. საღამოსკენ შეიძლება ოჯახის წევრი ან ახლობელი გამოგეხმაუროთ — მზად იყავით სტუმრად წასასვლელად. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ ხარჯოთ.

სასწორი

დღევანდელი დღის წარმატება მთლიანად თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. საოჯახო საკითხები ბევრად უფრო ადვილად მოგვარდება, თუ ახლობლის რჩევას მოუსმენთ. სასარგებლო ნაცნობობა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა მგზავრობისთვის —უკეთესი იქნება, თუ მთელ ოჯახთან ერთად იმოგზაურებთ.

მორიელი

მეგობრის რჩევა მორიელებს რთულ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ, განსაკუთრებით თუ სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ან საბუთებთანაა დაკავშირებული. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ საოჯახო საქმეებს დაუთმოთ — დროა რემონტი დაიწყოთ ან ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჯანმრთელობასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად დიდი დრო დაგჭირდებათ. მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

თხის რქა

ამ დღეს კითხვებზე პასუხები საკუთარ თავში უნდა იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვის რჩევებს ნაკლებად და საკუთარ ინტუიციას მეტად უსმინოთ. გირჩევთ დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. შესაძლოა შორიდან მიიღოთ სიახლე, რომელიც ფინანსური საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. კოლეგებთან ურთიერთობაში ფრთხილად იყავით — მოსალოდნელია თქვენ შესახებ ჭორების გავრცელება.

მერწყული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, რასაც შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები მოჰყვეს. ახლო მეგობარი თქვენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, რომელიც შემოსავალს უკავშირდება. თუ საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის ავტორიტეტულ ადამიანს უნდა მიმართოთ. საღამოს მოვლენები უფრო აქტიურად განვითარდება — ამ სისწრაფეში იმაზე მეტი სარგებელი იმალება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

თევზები

ბევრ თევზს მიეცემა შანსი, რომ დიდი ხნით გადადებული საქმეები საბოლოოდ მოაგვაროს. ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე ძლიერი მფარველები იპოვოთ. დიდი ალბათობით, სამსახურში საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწევთ — მთავარია, რომ საჯარო კონფლიქტებს და დაპირისპირებას მოერიდოთ.