Home Blog Page 12

დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ვისაუბრებ „ჰამასზე“ გამარჯვებასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპთან შეხვედრაზე „ჰამასზე“ გამარჯვების, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისა და არაბულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოების საკითხებს განიხილავს.

„ვისაუბრებთ „ჰამასზე“ გამარჯვებაზე, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლების მიღწევასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

Associated Press-ი წერს, რომ სამშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის პირველი შეხვედრა იქნება უცხოელ ლიდერთან თანამდებობაზე მისი დაბრუნების შემდეგ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკელი და არაბი შუამავლები იწყებენ შეთანხმების მომდევნო ფაზაზე მუშაობას ღაზას სექტორში ომის შეწყვეტისა და ათობით მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, დავეხმარებით – თუ არ დაგვემორჩილებიან კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ – გოგა მემანიშვილი

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსვლელობის მონაწილეებს განემარტებათ კანონი, რომლის თანახმად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

„საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია, რადგან საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ. როგორც იცით მათ დაანონსეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული უკვე შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით. ამ ყველაფერს ავუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მემანიშვილმა.

შსს-ს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ხალხი არ მოსულიყო, ხალხი აქ არის – ჩვენ ერთიანები ვართ და სამშობლოს ვიცავთ, რაც უფრო მეტია პროტესტი, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ რეჟიმს – გიორგი ვაშაძე 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

მისი თქმით, „რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა მით უფრო სწრაფად დასრულდება რეჟიმი.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის. მთავარია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ რეჟიმს და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა გააგრძელოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დღევანდელ აქციაზე აქციის მონაწილეების დაკავებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ „რეჟიმისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საპოლიციო ძალებზე დგას, ყველაფერი მოსალოდნელია“.

„მეტი რა აქვთ დარჩენილი – ქუჩაში ვერ დგანან, ხალხში ვერ გამოდიან, ვერსად ვერ დადიან, კაბინეტებში არიან გამოკეტილი და საპოლიციო ძალების ძალადობის ზურგს უკან არიან ამოფარებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს – Reuters

შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელზე უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.

“დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს, მიხვდებიან, რომ ხალხის შეჩერება შეუძლებელია – არ მოქმედებს არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა და კანონის ცვლილებები – ზურაბ ჯაფარიძე

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „თბილის მოლთან“ განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებია.

როგორც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ აღნიშნა, არავინ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.

„სანამ არ გავიმარჯვებთ ეს ხალხი პროტესტს გააგრძელებს, ხალხს არაფერი გააჩერებს. რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია. არ მოქმედებს არაფერი, არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა, კანონის ცვლილებები.

სულ ღრღნით ვიღაცებს ეჭვი, რომ ხალხი დაიღლება, არავინ დაიღლება! პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიგებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

უნდა მოვემზადოთ ომისთვის, ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად – მარკ რუტე

ნატო-ს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან გარკვევით გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ სისუსტე არ უნდა გამოიჩინონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება რაღაც სცადოს, ისევე როგორც უკრაინაში“, – აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც და რომ ჩინელებმა უზომოდ გააფართოვეს თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები.

მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ, ნატო-სა და ევროკავშირის წამყვანმა წევრმა, თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და თანმიმდევრულად განაგრძოს მის მიერ არჩეული გზა როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში.

„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთონ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის გასასვლელთან დაგეგმილი საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია დღეს, თბილისის გასასვლელთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.

აქციის მონაწილეები იკრიბებიან რამდენიმე ლოკაციაზე და გეგმავენ შეკრებას თბილისის გასასვლელთან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისემიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს – ისინი დონალდ ტრამპს აქტიურად ებრძოდნენ და დაიბნენ, როდესაც გაიმარჯვა – პლადიმერ პუტინი

ევროპელი ლიდერები სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს – ისინი დონალდ ტრამპს აქტიურად ებრძოდნენ და დაიბნენ, როდესაც გაიმარჯვა – ვლადიმერ პუტინი

წარსულში ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ გამბედაობა, ებრძოლათ საკუთარი აზრისთვის, დღეს ასეთი ადამიანები პრაქტიკულად არ არსებობენ, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ევროპაში იყვნენ ისეთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიცაა დე გოლი, მიტერანი, ხოლო თანამედროვეობაში – შირაკი. გერმანიაში – ვილი ბრანდტი, კოლი, შრედერი – მე მათ იმავე რიგში დავაყენებდი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი აზრი და გამბედაობა, ებრძოლათ ამ აზრისთვის, გამოეთქვათ ეს აზრი, დღეს იქ ასეთი ხალხი, პრაქტიკულად, აღარ არ არის“, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს.

„ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავიდარაბა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით ევროპულ ელიტებს უფრო მეტად მოსწონდათ ჯო ბაიდენი, ხოლო ამერიკის ახალ ლიდერს, დონალდ ტრამპს განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.

„უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ტრამპი, აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ნამდვილად ერეოდნენ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში, შემდეგ კი დაიბნენ, როცა ტრამპმა მოულოდნელად გაიმარჯვა. მათ მენტალურად ბაიდენი უფრო მოსწონდათ. ტრამპს კი განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მათ შორის გენდერულ პოლიტიკაში და ზოგიერთ სხვა საკითხში. როგორც ჩანს, მათ ეს არ მოსწონთ”, – განაცხადა პუტინმა.

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე – ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ტაქტიკას სთავაზობს, რომ “კარგი იქნება ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ”.

„საერთოდ არ „ორკესტრირებენ“ გარედან და საერთოდ არ აქვს ადგილი უცხოური გავლენით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას.

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე. იქამდე კი, NDI საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მიკერძოებული წინასაარჩევნო კვლევებით, (რომლებიც სხვათა შორის არასდროს მართლდებოდა, რადგან სრული სიცრუე იყო) და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებით მძიმედ დააზიანა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა

შეგახსენებთ, ასევე ლორა თორნტონის ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მოძალადე და დამნაშავეა“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

კანადა და მექსიკა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფებს აწესებენ

კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„თეთრი სახლის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაგვაშორა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.

ტრუდოს თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.

ამასთან, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმაც.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვს“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მინისტრს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და სხვა ზომებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.

დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოცემა “პუბლიკას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

“1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,

2. “პუბლიკა” ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,

3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,

4. “პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,

5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე – უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება, – შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.

”ვფიქრობ, ეს არის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე და სჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება.

„ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე”, – დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება დონალდ ტრამპის კომენტარს მოჰყვა, რომლის თქმითაც, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ ომის დასრულების საკითხზე და რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ძალიან სერიოზული დისკუსიას აწარმოებს.