Home Blog Page 12

SAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ -დონალდ ტრამპი

USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

„USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ. შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბოროტებაა. მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გუშინ გაითიშა. „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე ხორციელდება”-გურამ გურამიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტირება-მშენებლობის ეტაპი. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით მიმდინარეობს. ტესტირებები შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია JV Jan De Nul – Prime concrete) ქვეკონტრაქტორის საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომპანია Jan De Nul პარტნიორებმა და კონტრაქტორებმა.

გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო. ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მსოფლიოში მოწინავე კომპანია წარმართავს, რომელსაც 60-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.

„აღნიშნული პროცესი ხორციელდება მოწინავე ჰიდრო-ტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგვცემს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში  მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა მივიღოთ. ეს უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში გემების შემოსვლა-გასვლას და ოპერირებას“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

კომპანია DHI-ის მიერ ფიზიკური მოდელის 3D ტალღის ტესტირების გარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ტალღმტეხელის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები იქნა შეთანხმებული. ვიზიტის ფარგლებში ასევე  სხვადასხვა სახის თემატური და ტექნიკური ხასიათის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს თავისი ქვეყნიდან არჩევნებზე დახარჯული თითოეული ცენტი-შალვა პაპუაშვილი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ. ყველაზე დიდი დონორი როცა აღიარებს ამას, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა, მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული.

„ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ. მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყო ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.

ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური ენჯეობის უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პრიცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება -დონალდ ტრამპი

ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩინეთი მართავს პანამის არხს, რომელიც არ მიეცა ჩინეთს, რომელიც პანამას გადაეცა სულელურად, მაგრამ მათ დაარღვიეს შეთანხმება და ჩვენ ვაპირებთ, უკან დავიბრუნოთ, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება“,-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ მარტინეს-აჩასთან შეხვედრა გამართა. რუბიომ აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა მიუღებელია და თუ დაუყოვნებლივი ცვლილებები არ განხორციელდება, აშშ იძულებული იქნება, მიიღოს საჭირო ზომები ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად.

შეხვედრის შემდეგ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება.

მრავალრიცხოვანი რადიკალური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს-შალვა პაპუაშვილი

მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მას შემდეგ, რაც, როგორც იქნა, NED-ის საკითხი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, უნდა გავიხსენოთ, NED-იდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას.

2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, თითქოსდა „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „პირველის“ დაფინანსებით, თითქოსდა მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის. თუმცა, ამ კომპანიას ფლობდნენ და მართავდნენ რადიკალური პოლიტიკური პარტია „ლელო“ და ოლიგარქი ხაზარაძე და მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას.

2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე, NED-ის დაფინანსებით, ტელეკომპანია „პირველმა“ გაუშვა პანიკის დამთესავი (ახლა უკვე დადასტურებულად) ყალბი გამოძიებების სერია ორი ახალგაზრდის, ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ, მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება, ამ გარდაცვალებებს აკავშირებდა მთავრობის ქმედებებთან ან სავარაუდო გამოძიების ნაკლებობასთან.

უფრო მეტიც, NED-მა უარი განაცხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნებაზე, რომლებმაც 2021 წლის შემდეგ, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული მიიღეს NED-ის მეშვეობით. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა და მათი დაპირებებისა, NED-ის ხელმძღვანელობამ, მათ შორის NED-ის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კენ ვოლაკმა და რეგიონულმა დირექტორმა მირიამ ლანსკოიმ, არასდროს მოგვაწოდეს თუნდაც მიახლოებითი ინფორმაცია NED-ის ოპერაციების მასშტაბისა და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ.

რადიკალური ოპოზიციის მიერ გასულ წელს მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს, NED-ის პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა პირადად მიმართა ქუჩაში შეკრებილ ხალხს სიტყვით, რომელიც სერიალ „სამშობლოს“ ესთეტიკას მოგვაგონებდა, სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები ძალადობრივ ხასიათს იღებდა.

ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რაც ჩვენთვის ცნობილია. მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ თაღლითობაა, კორუფციითაა გაჟღენთილი და სოცქსელის მომხმარებლებს მოუწოდა, ჩამოთვალონ „ყველა ბოროტება“, რაც NED-მა ჩაიდინა.

 USAID-მა, საქართველო-აშშ-ს მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა სამწუხარო შეცდომები, როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც -შალვა პაპუაშვილი

როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ის კონგრესს, რომ გამოეძიებინა ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, თუმცა უშედეგოდ.

„2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გაავრცელა ყალბი PVT-ის შედეგები, რომელიც NDI-ის პროგრამული უზრუნველყოფით იყო ჩატარებული და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის დოკუმენტირების შემდეგ, გამოააშკარავა ეს თაღლითობა, ISFED-მა აღიარა „შეცდომა“ და გამოტყდა, რომ USAID-ის ადგილობრივმა განყოფილებამ იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ აირჩია დუმილი. ამან გამოავლინა, რომ USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი ადამ შმიდტი, რომელმაც შეხვედრაზე დაგვარწმუნა, რომ ISFED-ის მონაცემებზე ჩატარდა აუდიტი და შეცდომა არ იყო, სინამდვილეში ატყუებდა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ხალხს.

ცალკე საკითხია საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის კეთილსინდისიერება, რომელმაც აიღო შუამავლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაშინ, როცა, დიდი ალბათობით, იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ მაინც დუმდა.

ISFED-ი დღემდე აგრძელებს საქმიანობას საქართველოში უცხოური დაფინანსებით და ახლა კვლავ ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნებიც გაყალბდა, თავიანთი PVT-ის შედეგების გამოქვეყნების გარეშე, რადგან ისინი რეალურად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს. გვაქვს ინფორმირებული ეჭვი, რომ არგამოქვეყნება მოხდა USAID-ის ზეწოლით.

როდესაც შარშან თბილისში შევხვდი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, შენონ გრინს და მის მოადგილეს, ალექსანდრ სოკოლოვსკის და 2020 წლის სკანდალზე ნათელის მოფენა ვთხოვე, მირჩიეს, დამევიწყებინა წარსული და მომავლისკენ გამეხედა.

როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც​​​​​​​​​​​​​​“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა და გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები.

USAID-ის ვებგვერდი გაითიშა

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების გაყინვის ფონზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გაითიშა. როგორც CNN-ი წერს, მომხდარს, ამ ეტაპზე, ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია.

“ვებგვერდი მიუწვდომელია” – ვკითხულობთ ორგანიზაციის გვერდზე გამოტანილ ერთადერთ შეტყობინებაში.

ცოტა ხნის წინ, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, X-ზე დაწერა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. იქამდე, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა “დემოკრატიის ეროვნულ ფონდი” (NED) თაღლითობასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

ბოლო დროს დემოკრატები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მათი თქმით, ტრამპს არ აქვს უფლებამოსილება, გააუქმოს კონგრესის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი სააგენტო და ხაზს უსვამენ, რომ USAID-ის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვიღაცისთვის ორშაბათი მძიმე დღეა, თქვენთვის კი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც, რადგან პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ბევრი ვერძი სამსახურში საინტერესო შეთავაზებას მიიღებს. თუ მათ რიცხვში ხართ, შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

კურო

ეცადეთ, სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ და სახლში და სამსახურში დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები დაასრულოთ. უარი თქვით ახალი პროექტის დაწყებაზე, სანამ ყურადღება ძველი საქმეების დასრულებაზე გაქვთ გადატანილი. დროა, გათავისუფლდეთ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ პრობლემებს გიქმნიან და თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შეიძლება სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ტყუპები

სიახლეები, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ. შრომისმოყვარეობა და მონდომება მიზნის მიღწევაში და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. იაქტიურეთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით, თორემ შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ეცდება, მაგრამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეთ.

კირჩხიბი

ორი კურდღლის დაჭერას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება ორივე დაკარგოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები დაისახოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განახორციელოთ. მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას – თქვენს შენიშვნას შეიძლება დაპირისპირება და ურთიერთობის გარკვევა მოჰყვეს.

ლომი

გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ხელსაყრელი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი მოგიტანონ. გულწრფელი საუბრით შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანი თქვენს საუკეთესო მეგობრად აქციოთ. ნუ ეცდებით ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ. გახსოვდეთ, რომ წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ.

ქალწული

თუ არ იზარმაცებთ და დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის ხელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. ეცადეთ ოთხ კედელში არ ჩაიკეტოთ და სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ძველი მეგობრებს და გამოცდილ ადამიანებს უნდა მიმართოთ.

სასწორი

ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან, ამასთან, თქვენი შრომისმოყვარეობა ღირსეულად დაფასდება და ფინანსურ სარგებელს მიიღებთ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, რათა უსარგებლო კამათსა და დაპირისპირებაში დრო არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით.

მორიელი

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ, თუმცა დაგეგმილი მოლაპარაკებები შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ჩაიშალოს. სავარაუდოდ, შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ამ დღეს პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება, ამიტომ საკუთარი საქმეების გარდა, გარშემო მყოფთა პრობლემების მოგვარებას, მათთვის რჩევების მიცემას და გამოცდილების გაზიარებას შეძლებთ. სხვისი საიდუმლო გაგება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ რაც უფრო სწრაფად დაივიწყებთ, მით უკეთესია. დროა სახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაზე იზრუნოთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ.

თხის რქა

მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო მოვლენები ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. ამასთან, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომა ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, რომ ამ პრობლემისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებაზე პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

თევზები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ დღეს შეუმცდარად მუშაობს. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი პრობლემები გუშინდელი შეცდომების შედეგია და ეცადეთ, შექმნილი ვითარების გამოსწორება შეძლოთ. ფრთხილად იყავით – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დღეს მომხდარ ფაქტებზე და მისცეს შესაბამისი პირები პასუხისგებაში

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დღეს მომხდარ ფაქტებზე და მისცეს შესაბამისი პირები პასუხისგებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას.

„შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება. სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 1481 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 ,,არაბული ინვესტიციით თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცე განვითარდება”- პრემიერი

სერბეთში, Emaar ჯგუფმა დაიწყო მსხვილი პროექტის განხორციელება და მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო,  თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ  Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, არაბული ინვესტიციით თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცე განვითარდება, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე.

„Emaar ჯგუფის წარმომადგენლები გვესაუბრებოდნენ სერბეთის მაგალითზე. სერბეთში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო Emaar ჯგუფმა ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება და ასეთი რაღაც გვითხრეს, რომ მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, არ მოსწონდათ ის სიკეთე, რომელიც სერბეთმა მიიღო ამ მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზე, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ  Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს არაბული ინვესტიციით ჩვენს ქვეყანაში. საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის განვითარებაზე, მთლიანობაში, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ, განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო, სპორტული, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები, შოპინგ მოლები, იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე, თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34% დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

,,აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან”- ირაკლი კობახიძე

მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გენერალურ მდივანთან კონკრეტულ საკითხებზეც შედგა შეთანხმება.

„საპარლამენტო ასამბლეას მაინც და მაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და მასთან კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას განვაგრძობთ ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე”- ირაკლი კობახიძე

მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა  გადაცემა „იმედის კვირაში“.