Home Blog Page 12

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდების პოზიცია ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას – პატიმრობას მოითხოვს. უცნობია, რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს.

ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე ბრალს არ აღიარებს, რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

,,მთელი გუნდისთვის კახი კალაძე არის უალტერნატივო” – ლევან მაჭავარიანი

„კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პარტიას რომ ამხელა რეიტინგი აქვს რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორე მხრივ, კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები“, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას – „როგორ ფიქრობთ ამ არჩევნებზე კანდიდატს ექნება მთავარი გადამწყვეტი ფუნქცია, როლი თუ მმართველი პარტია იქნება მთავარი ფაქტორი, რამაც შეიძლება მოუტანოს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება?“

„პარტიაც განმსაზღვრელია ამის და მერობის კანდიდატიც და ვადასტურებ, მთელი გუნდისთვის ბატონი კახი კალაძე არის უალტერნატივო. რა თქმა უნდა ქალაქის მერი უნდა იყოს ის, ვინც ყველაზე კარგად გაართმევს თავს ქალაქის პრობლემებს, ვინაიდან ეს არის მუნიციპალური არჩევნები, აქ ნაკლებად არის პოლიტიკური თემები და უფრო არის საყოფაცხოვრებო თემები, რაც პირდაპირ კავშირში არის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან და ამ შემთხვევაში კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პარტიას ამხელა რეიტინგი აქვს და რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორეს მხრივ კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1783 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს –  საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და  წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, აშშ-ს  თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს –  იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის  „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი)   დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი)  და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“  (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია). 

სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე www.tbilisiinternatiional.com

სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მადლობის სიგელი გადაეცა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) 2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. ჯილდო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს პირადად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადასცა. სიგელი ადასტურებს ორ უწყებას შორის წარმატებულ პარტნიორობასა და კოორდინირებულ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანი იყო აღწერის პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.

ცესკოს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცათ, რომელიც საქსტატის 106 წლის იუბილესთან  დაკავშირებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თანამდებობის დაკავება ეს არის პასუხისმგებლობა და თუ ვინმე სხვა განწყობით იქნება, აუცილებლად ციხეში დაამთავრებს – თენგიზ შარმანაშვილი

ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა – ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა]არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს.

მისი თქმით, „უკანონო მოქმედებები არავის შერჩება.“

„ჩვენ არ ვართ 1937 წელში, რომ ვიღაცის განცხადების საფუძველზე ვიღაცების დაკავება დავიწყოთ. დაკავებები და გამოძიება დაიწყო, როცა მოგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელმაც შეიძლება დაადასტურონ ამა თუ იმ პიროვნების ბრალი. ამიტომ, ყველას მივმართავ: ვისაც თანამდებობის დაკავება უნდა, კარგა ხანს იფიქროს იმაზე, რომ ეს პრივილეგია არ არის. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა განწყობით თუ მივა თანამდებობაზე, ის აუცილებლად დაამთავრებს ციხეში. ეს იმათაც ეხება, ვისზეც ახლა მიდის გამოძიება და სამომავლოდაც, ვისაც გამრუდებული იდეები შეიძლება აწუხებდეს. ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, რადგან კორუფცია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი ელემენტია. ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა] არის არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთი. ვინც ამ ტვირთს ღირსეულად ვერ ზიდავს, მან ჯობია, ამ ტვირთის აცილების თაობაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღოს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო მოქმედებები არავის შერჩება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვლადიმერ მხეიძე. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე – ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს

სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე,- ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს და ერთობით მოხდეს ყოველივეს დასრულება.

„ბიძინა ივანიშვილს – გრიგორიჩ, გასაკოჭად ნუ გაუხდი ბიჭო ამათ საქმეს, საერთოდ რა ხალხია, გადახედე, რა ტიპები არიან, ვისთან გაქვს საქმე?! ჩემზე უკეთესად ხომ იცი არასერიოზული ხალხია, დაგღუპეს უკვე აქამდე მიგიყვანეს და უარესს გიზამენ. ცოტა აზრზე მოდი, სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, აი ამ სიგიჟიდან, რომ გამოძვრე. რაც შეეხება კობახიძე- მდინარაძეს, კიდევ გეუბნებით, მხოლოდ ერთიანობით არანაირი ხელების ჩამოშვება. 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შევიკრიბოთ. მანამდე მოხდება რამე, კიდევ რამე სისულელეს იზამენ? 10 სექტემბერს იქნება დასამთავრებელი? უნდა გავაკეთოთ! ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას – რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი

საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი სვიშჩევმა განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სამხედრო სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

რუსეთის დუმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დემონსტრაციით “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინოს ასეთ უპრეცედენტო პროვოკაციაზე არა მხოლოდ რუსი სპორტსმენების, არამედ მთელი სპორტული საზოგადოების, მათ შორის საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის მიმართ. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იღებს ვალდებულებებს ვიზების უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების მიმართ, მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მომხდარზე. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია და პროვოკაცია, არ ვიცით, ვინ შეუკვეთა, თუმცა წავიკითხე, რომ უკრაინელი სპორტსმენები პროტესტს, პროვოკაციას ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც მოხდა”, – განაცხადა მან.

„17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ – ამ ლოზუნგით ახალ სპორტის სასახლესთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით მარიამ სტურუა

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სტურუა.   

ახალი თაობა ქვეყნის განვითარების ძირითადი, შეუქცევადი ძალაა. ხარისხიანი განათლება კი როგორც ხშირად გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა, მარიამის ამბავშიც შეუცვლელ როლს ასრულებს. მისთვის განათლება არა მხოლოდ კარიერული წარმატების მიღწევის გარანტია, არამედ საკუთარი თავის ახლებურად, განსხვავებულ სიტუაციებში აღმოჩენის საშუალება. განათლებით იპოვა ისეთი შესაძლებლობები, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატების სხვადასხვა კარი გაუღო.

„ბავშვობიდანვე ვცდილობ, რომ ჩავერთო ბევრ საგანმანათლებლო აქტივობაში. შეიძლება უნივერსიტეტში ერთ მიმართულებას სწავლობდე, მაგრამ არაფორმალური განათლების სივრცეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. განსაკუთრებით, თუ უცხოეთში გინდა სწავლა ან გაცვლითი პროგრამებით წასვლა, იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, უნივერსიტეტის გარეთ რა გიკეთებია, რა პროგრამებში ჩართულხარ და ა.შ”

სწორედ ამ მიზნით – თავისი უნარების აღმოსაჩენად და შემდეგ რეალურ კონკურენტულ გარემოში მათი სწორი რეალიზებისთვის, ჩაერთო ვიზიონერის HR მენტორინგის პროგრამაში, რომელშიც, როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

„საკუთარი თავის რწმენა არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ოცნების მიღწევისთვის. როცა რაღაც ძალიან დიდი მიზანი გაქვს, წარმატებას ზოგჯერ მარცხიც მოჰყვება ხოლმე, რამაც არ უნდა ჩაგიკლას მოტივაცია, არ უნდა შეიტანო საკუთარ თავში ეჭვი. ამ დროს გეხმარება საკუთარი თავის რწმენა, რომ გააგრძელო შენი ამბის შექმნა.”

როდესაც განათლებით შენს ამბავს ქმნი, შეიძლება ზუსტად იმ დროს შენი დიდი მიზნისთვის საჭირო სათანადო გამოცდილება, მოტივაცია, მზაობა არ გქონდეს, მაგრამ სწორედ ამ ბუნდოვანებაში, მაშინ, როცა არაფერია, რაც ზუსტად იცი, უნდა დაიჯერო, რომ ახლა შეუძლებლად წარმოდგენილიც, შეგიძლია.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების!

R

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ა.გ., 2001 წელს დაბადებული ი.გ., 2004 წელს დაბადებული გ.ღ., 1987 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1995 წელს დაბადებული ი.ო., 2006 წელს დაბადებული ნ.ქ., 1974 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ., 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.კ., 1970 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.კ., 1987 წელს დაბადებული ი.პ., 1993 წელს დაბადებული ო.ბ., 1994 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ა.კ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა

კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, შუაღამის შემდეგ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან ოთხი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ გაფრთხილების გამო დედაქალაქი კიევი და უკრაინის დიდი ნაწილი ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები – გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნებაში” განმარტავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ობიექტურად აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა თუ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მათივე თქმით, კვლევაზე დაყრდნობით ნათლად გამოიკვეთა, თუ ვის ენდობა ამომრჩეველი.

„გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები და დარწმუნებულია, რომ ის ტენდენციები, რომლებიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და მაღალი რეიტინგები მისცა ჩვენს ქვეყანას, არის რეალური და ამას მოჰყვება ქვეყნის სტაბილურობა და განვითარების მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდა. პრობლემების მიუხედავად, რომლებიც საზოგადოებას აქვს – ფასებთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკური თემები, არის რეალური და ამ რეალობას რომ თვალს უსწორებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ესეც გამოვლინდა იმ მაღალ რეიტინგში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“, – მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.