Home Blog Page 12

რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“ – კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“: კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს“ (ავტორი – ვერითი ბოუმანი, საკუთარი კორეპონდენტი კიევში). როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა დაეცა და, შესაბამისად, კრემლის გეგმები უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ვერ განხორციელდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ უკრაინა რუსეთის მორიგი შეტევის მოსაგერიელებლად ემზადება. მოსკოვის ჯარებმა უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააქტიურეს, რაც, დიდი ალბათობით, მაისი ბოლოს, ზაფხულის დასაწყისისათვის მასშტაბური იერიშის წინაპირობას წარმოადგენს.

მაგრამ, როგორც ექსპერტები თვლიან, ვლადიმერ პუტინის იმედები – სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინის მეტი ტერიტორია დაიპყროს – ჩაშლისთვისაა განწირული: იმიტომ, რომ რუსულ არმიას ისევ ძველი პრობლემები აქვს – არაკომპეტენტურობა და დისფუნქცია.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ პუტინის ჯარებს არ ჰყოფნით ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა. მათ არ შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი შესაძლო წარმატებით.

გარდა ამისა, უკრაინას აქვს იმის უნარი, რომ რუსეთს საგრძნობლად დაარტყას დრონების მეშვეობით. კიევის უპილოტო თვითმფრინავები ასევე კარგად ზვერავენ რუსეთის არმიის ნაწილების დისლოკაციას და სანამ ისინი კონტრშეტევისათვის შესაფერის პოზიციებს დაიკავებენ, მანამ მათ უკრაინის არტილერია ზიანს მიაყენებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მასშტაბური შეტევისათვის ჯარებს კიევის შეუმჩნევლად თავს მოუყრის და გარღვევას განახორციელებს.

დიმიტრი ჟმაილო, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, რომ „დღევანდელ მომენტში რუსეთის ნებისმიერი შეტევა ფრონტის ხაზზე შეუძლებელია. რუსეთს ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებები აქვს. კრემლს სურს, რომ ილუზიური შთაბეჭდილება შექმნას – თითქოსდა მას უდიდესი რეზერვები აქვს და უპირატესობა უკრაინასთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ამას ადგილებზე ვერ ვხედავთ“.

გასულ თვეში, მარტის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი და „დიდი შვიდიანის“ ოფიციალური პირები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთი მორიგი საგაზაფხულო შეტევისათვის ემზადება და შეშფოთება გამოხატეს – ვაითუ ვლადიმერ პუტინის არმია რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსაზღვრე უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქებში შეიჭრას და თუ კრემლი მეტ ტერიტორიებს დაიკავებს, მაშინ  მოსკოვს უპირატესობა ექნება სავარაუდო-სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.

გასულ კვირაში, ოთხშაბათს, უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ჯარებმა შეტევა ფაქტიურად უკვე დაიწყეს“ და აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ქვედანაყოფების იერიშები უკრაინის ჯარების პოზიციებზე ბოლო დღეების განმავლობაში გაორმაგდა. რა თქმა უნდა, გასაგებია გენერლის განცხადების მიზანი: დღეს კიევი ცდილობს მსოფლიოს ყურადღება კრემლის ექსპანსიას მიაპყროს, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შესაბამისი ხელშეკრულების დადების იმედები თანდათან ქრება.

მაგრამ როგორც ჯონ ჰარდი – „დემოკრატიის დაცვის“ ფონდის რუსული პროგრამების დირექტორი – ამბობს, შეტევა-იერიშების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის არმია რაიმე მნიშვნელოვან ოპერაციას ამზადებს მტკიცე წარმატების მისაღწევად: „იმას, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, შეტევების უბრალო ზრდას წარმოადგენს, თანაც მასშტაბები მცირეა. დიახ, შესაძლოა უკრაინის თავდაცვაში რუსებმა რაღაც ბზარი შეიტანონ, მაგრამ მას ვერ გააფართოვებენ და სწრაფ გარღვევას ვერ განახორციელებენ“.

ექსპერტების აზრით, რუსებს ფრონტის გარღვევის ყველაზე დიდი შანსი შეიძლება სუმის ოლქში ჰქონდეთ იმდენად, რამდენადაც უკრაინის ჯარები ამ რეგიონში უკან იხევენ – მოსაზღვრე კურსკის ოლქიდან რუსული ნაწილების სწრაფი კონტრშეტევის გამო – მათ საომარი მოქმედებები სუჯას რაიონიდან სუმის ოლქის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

„კურსკის რკალზე“ ნაომარმა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა „დეილი ტელეგრაფს“ უამბო, თუ როგორ მძიმე ვითარებაში იხევდნენ უკან კურსკის ოლქის სუჯას რაიონიდან: „გამოვდიოდით მხოლოდ ღამით, სამ-ოთხკაციანი ჯგუფებით… იქ უამრავი სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. რუსები ისე სწრაფად მოდიოდნენ, რომ ტექნიკის განადგურება ვერ მოვახერხეთ“.

ჯონ ჰარდის აზრით, რუსების სწრაფი კონტრშეტევა ამჟამად, როგორც კი ისინი უკრაინის საზღვარს მიადგნენ, შენელებულია: „მათი აქტიურობა ჩანს მხოლოდ ასეულის მოქმედების დონეზე, ანუ შეტევა ხდება ასკაციანი ქვედანაყოფებით, რაც მსხვილმასშტაბიანი ოპერაციას არ წარმოადგენს, თანაც ჯავშანტექნიკის გარეშე“.

ზოგიერთი მონაცემით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ 3 ათასამდე ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა დაკარგა, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის 13 ათასამდე ქვემეხი და საარტილერიო-სარაკეტო კომპლექსი.

„რუსეთის არმიის საწყობები სულ უფრო ცარიელდება, რეზერვები მცირდება… ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსების მარაგები მთლიანად ამოიწურება. სამხედრო მრეწველობა მათ შევსებას ვერ მოასწრებს“, – ამბობს ჯონ ჰარდი.

უკრაინელი ექსპერტი დიმიტრი ჟმაილო აღნიშნავს, რომ რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში – მით უმეტეს, რომ გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჯარში კიდევ 160 ათას მოქალაქეს გაიწვევენ. თუმცა ჯონ ჰარდს ამაზეც აქვს პასუხი: „ახალი სამხედრო ნაწილები თითქმის სრულიად მოუმზადებელი იქნება, მათი წრთვნა მხოლოდ ერთი თვე გრძელდება და ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღეს: „კრემლი ამას შეგნებულად აკეთებს, რომ უკრაინას აჩვენოს და მასზე ზეწოლა მოახდინოს – თითქოსდა რუსეთს ცოცხალი ძალის უსაზღვრო რესურსი აქვს. სინამდვილეში პუტინი თავის მოქალაქეებს ხორცსაკეპში ერეკება, მისთვის მთავარია ომი გაგრძელდეს“.

ჯონ ჰარდი თვლის, რომ უკრაინამ თავისი დრონების მოქმედება უნდა გააქტიუროს, რათა არ დაუშვას რუსი ქვედანაყოფების თავმოყრა რომელიმე წერტილში რაიმე მასშტაბური ოპერაციის განსახორციელებლად. უკრაინელები უნდა შეეცადნონ მოხერხებულად გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა დრონების მართვაში, რათა რუსეთის არმიის სატრანსპორტო საშუალებები გაანადგურონ, არ მისცენ კრემლს ჯარების გადაყვანისა და მათი ფრონტის ხაზზე კონცენტრაციის შესაძლებლობა.

„კარგია, რომ უკრაინა დრონების წარმოებას ზრდის და მათ წარმატებით იყენებს. ამით კიევი სხვა სამხედრო მიმართულებებში არსებული ნაკლოვანების კომპენსაციას ცდილობს. უკრაინელები უკვე კარგად არიან ადაპტირებულები რუსების ბრძოლის მეთოდების მიმართ“, – ასკვნის ჯონ ჰარდი.

წყარო

როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული – გახარია

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული – არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! – ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.

„ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე, ჯებირი ნამდვილად, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანაც გემახსოვრებათ. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები! ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი, ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ?!“- განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ გავრილოვი რომ არ ჩამოეყვანათ, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.

„არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი. არაფერს გავურბივარ. აბსურდულ საკითხებს ეხებით, ეს აბსურდია“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, წულუკიანმა მიმართა გახარიას და დაინტერესდა, თუ რატომ იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპერაციის შესახებ აზრი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს კითხა.

„რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გაწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან, არცერთს შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. კითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? რომ ამბობთ, რომ კითხეთ, ეს არის მტკნარი ტყუილი!“ – განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ თავად ის იტყუება.

„დიახ, ვკითხე! თქვენ ახლა იტყუებით. წარმოდგენა არ გაქვთ ორ ადამიანს შორის რა საუბარი იყო და რა კითხვებს ვუსვამდით. ის საკითხიც, რომელიც თქვენ დააყენეთ, იქ ღობე არსებობდაო, ფოტოებს გამოგიგზავნით, როგორი ღობე არსებობდა. იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“, – განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ნაცებთან“ დგას თავად ის.

„ნაცებთან“ თქვენ დგახართ. „ნაცების“ კომისიაში როცა იყავით მოსული, ხორავას საქმეზე, ნაკლებად ყინჩად გამოიყურებოდით“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი – Le Figaro

„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის გაჭიანურების მიზეზთა ძიებაში ყურადღება უნდა მიექცეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლებიც პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარები, მათი სპეციალური წარმომადგენლების აქეთ-იქით სიარული და საუდის არაბეთის ქალაქებში გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებები სასურველ ეფექტს და შედეგებს არ იძლევა, მაგრამ სამომავლო იმედს ნამდვილად აქვს საფუძველი“ – წერს ფრანგული გაზეთ „ფიგარო“ (Le Figaro) სტატიაში, რომლის სათაურია „ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი“ (ავტორი – რენო ჟირარი, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთი სატელეფონო ზარის შედეგად ომი დაუყონებლივ შეწყდებოდა. მისი შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანია თითქმის მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე იყო აგებული – „აი, ნახავთ, მე ომს 24 საათში დავასრულებ… მე პუტინს კარგად ვიცნობ…“ და ა.შ. დონალდ ტრამპი ოცნებობს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღოს, თანაც დამსახურებულად, თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით, რომელმაც პრემიის მიღება მშვიდობის დამყარებით ვერ დაადასტურა.

დიახ, დონალდ ტრამპს სურს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის მზად თავის ამერიკელ კოლეგას ასეთი საჩუქარი გაუკეთოს. იგი გრძნობს, რომ ომის გასაგრძელებლად ძალები შესწევს: მისი არმია წინ მიდის, უკრაინის სიღრმეში; კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილი უკვე გათავისუფლებულია (ანუ კიევს ხელში კოზირი აღარ აქვს) – შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი არ ჩქარობს დათანხმდეს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე და მოლაპარაკების დაწყებაზე. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთი ან ორი თვის შემდეგ მისი სამხედრო პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს ვერ შეედავები მშვიდობის დამყარების სურვილში – მას ნამდვილად უნდა, რომ სლავ „ძმებს“ – რუსებსა და უკრაინელებს – შორის უაზრო სისხლისღვრა დასრულდეს, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ასევე მართალია იმ მხრივაც, რომ იგი უკრაინის იმედებს დონბასისა და ყირიმის დაბრუნების თაობაზე ილუზიურად და არარეალისტურად თვლის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მან დღემდე ვერ შეძლო იმის ახსნა-განმარტება, თუ რა ზომებს მიიღებს რუსეთის შესაკავებლად კრემლის ახალი აგრესიის შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ. უკრაინის დემილიტარიზაციაზე ვლადიმერ პუტინის პრეტენზიებს და მოთხოვნებს თეთრი სახლი მკაცრი რეაქციით არ პასუხობს, დონალდ ტრამპი საეჭვო დუმილს ინარჩუნებს, რაც მისი რუსი კოლეგის მადას უფრო აფართოებს. ამერიკის პრეზიდენტი თავის მრისხანებას მხოლოდ სუსტი უკრაინის ლიდერის – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იჩენს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი დამცინავად ეკიდება და აბუჩად იგდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს. თუ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი ფიქრობენ, რომ ამით ვლადიმერ პუტინს გულს მოულბობენ და ის, თავის მხრივ, მათ საჩუქრად „მშვიდობას“ მიუძღვნის, ორივე ძალიან სცდება.

გავლენის სფეროების პოლიტიკა

ბრიუსელში 4 აპრილს, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირის  და არა თვის განმავლობაში“ გახდება ნათელი – სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მშვიდობის დამყარება.

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურება – ეს იმ დიდი „ხის ნაწილია, რომლის უკან რუსეთ-აშშ-ის მასშტაბურ გარიგება-ვაჭრობების მთელი ტყე იმალება“. ყველაფერი მხოლოდ იწყება, წინ ბევრი მოვლენა გველოდება. 

უარყო რა ის ნეოლიბერალური მულტილატერალიზმის წესრიგი, რომელსაც აშშ 1945 წლიდან ახორციელებდა, დონალდ ტრამპი ღიად უბრუნდება გავლენის სფეროების პოლიტიკის გატარებას, რომელსაც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტები თეოდორ რუზველტი და უილიამ მაკ-კინლი (სხვათა შორის, საიუნაგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა მხოლოდ ისინი მოიხსენია და სხვა არცერთი თავისი წინამორბედი), მაგრამ ევროპელმა და აზიელმა მოკავშირეებმა XIX საუკუნის დიპლომატიისაკენ აშშ-ის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირეს.

რაც შეეხება პანამას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ასევე მე-19 საუკუნის დროინდელი დოქტრინის აღორძინებას – პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ გატარებულ პოლიტიკას („ამერიკა ამერიკელებისათვის“). ამერიკის კონტინენტზე სხვა კონტინენტების წარმომადგენლების (ევროპელების, აზიელების, აფრიკელების) ადგილი აღარ არის – არც ჩრდილოეთში და არც სამხრეთში. არანორმალურია, რომ ჩინეთმა პანამის არხის ზონაში დამკვიდრება მოახერხა. კარგია, რომ პეკინი პანამიდან უკვე მიდის: მარტის დასაწყისში ამერიკულმა ფონდმა BlackRock-მა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან – Hutchinson-ისგან არხის ორი საკვანძო სანავსადგურო კონცესია  შეიძინა.

როცა დონალდ ტრამპი მეზობელ კანადას „ხუმრობით“ აშშ-ის 51-ე შტატს უწოდებს, ამაშიც იგივე გავლენის სფეროების იდეოლოგია არის გამოკვეთილი.

პრაგმატული პრეზიდენტი

დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, არაფერი არანორმალური და ცუდი არ არის იმაში, რომ რუსეთი უკრაინის დაბრუნებას ცდილობს – იმ ტერიტორიისა, რომელიც ჯერ მოსკოვის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა (1654 წელს პერეიასლავლის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან), შემდეგ კი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლოს კი, 2014 წლის მაიდნამდე, კვლავ მოსკოვის გავლენის მქონე ტერიტორიად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ამერიკაც ცდილობს თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და ახლების მოპოვებას. აქედან გამომდინარეობს კონგრესში 2025 წლის 4 მარტს დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს გაჟღერებული სურვილი დანიის კუთვნილი კუნძულის – გრენლანდიის დაუფლების შესახებ, რაც, ობიექტურად თუ ვიტყვით, გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება.

რუსეთ-აშშ-ის დიდი გარიგება სამომავლოდ უსათოოდ შეეხება არქტიკასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან „ჩრდილოეთის საზღვაო გზას“, რომელიც ატლანტის, ჩრდილოეთ ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. ამჟამად „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს როგორც ატომური წყალქვეშა ნავებით, ასევე ატომური ყინულმჭრელებით, შედარებით მოკლე მონაკვეთით კი კანადა სარგებლობს.

დონალდ ტრამპისათვის აშშ-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება გულისხმობს ამერიკული კომპანიების დაშვებას რუსულ ტერიტორიაზე – ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკიდურეს ჩრდილოეთში, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული და სადაც, გეოლოგთა შეფასებით, პლანეტის უდიდესი სიმდიდრე იმალება – ოქრო, იშვიათმიწა ლითონები, ენერგომატარებლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, ამერიკის პრაგმატული პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთთან გარიგების საფუძველზე ამერიკული პროდუქციისათვის უდიდესი ბაზრის კარი გაიღება.

აშშ-ის პრეზიდენტის სწრაფვა კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ ეფუძნება აგრეთვე დონალდ ტრამპის პიროვნულ პოზიციას – ომის მიუღებლობას. საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ იგი შეწყვეტს ყველა ომს და ახალს არ დაიწყებს. ტრამპისათვის ყოველთვის საძულველი იყო ომი და იგი არ იზიარებდა ნეოკონსერვატორების იდეოლოგიას, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებს დემოკრატიის მიმართ მშვიდობაზე უფრო მაღლა აყენებდნენ. დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა თანაპარტიელ ჯორჯ ბუშ-უმცროსის გადაწყვეტილებას ერაყში შეჭრაზე (2003 წლის მარტში), რომელიც ახლო აღმოსავლეთის მთლიან „დემოკრატიზაციას“ ითვალისწინებდა.

მოუტანს რუსეთ-აშშ-ის დიდი სამომავლო გარიგებები მსოფლიოს სტაბილურობას თუ პირიქით – ახალ ქაოსს შექმნის? ჯერ სიტუაცია არაერთგვაროვნად გამოიყურება და ამიტომ რაიმეს მტკიცედ თქმა ნაადრევია. საგარეო პოლიტიკა არამარტო გაზრახვების გაცხადებით ფასდება, არამედ პრაქტიკული საქმეებით და რეალური შედეგებით.

წყარო

„ვბუქსაობთ“ თუ არ „ვბუქსაობთ“, ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“, – ამ სიტყვებით მიმართა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, ალუდა ღუდუშაურს დასმული კითხვის საპასუხოდ.

გახარიას ამ რეპლიკას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა უპასუხა.

„ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“…., – მიმართა მას წულუკიანმა, რასთან დაკავშირებითაც, გახარიამ განაცხადა, რომ, აღნიშნულზე პრეტენზია არც აქვს.

„არ მაქვს პრეტენზია ქალბატონო თავმჯდომარე“, – განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა, რასაც კვლავ წულუკიანმა უპასუხა და შეახსენა, რომ სხდომა მას მიჰყავს.

„სხდომა აქ მიმყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პასუხებს იძლევა კითხვებზე, „ვბუქსაობთ“ თუ არ „ვბუქსაობთ“, ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება და თქვენ მითუმეტეს სად უნდა გეჩქარებოდეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გახარიას შეახსენა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

„ის, რომ თქვენ გამოძიებაში მიცემული გაქვთ ჩვენება, რაც თქვენი ვალდებულებაა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აქ ჩვენებების მოცემას თავი აარიდოთ, კითხვა როცა დაისმება, პასუხი უნდა გასცეთ, ისიც გამოძიებაა, ესეც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაა და ვალდებული ხართ, ზუსტად ისე გასცეთ პასუხი, როგორც პროკურატურაში გაეცით, სადღაც, ოდესღაც პასუხი მივეცი, ორჯერ, თუ სამჯერ, ეს აქ პასუხი არ არის“, – განაცხადა სუბარმა, რის შემდეგაც, ღუდუშაურმა მის ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდა, „ხაბეიშვილს არ დამსგავსებოდა“.

„ჩვენ საქმიანად და აკადემიურად ვუდგებით, „ნაცები“ ახსენეთ და შოუს მოწყობები ხომ კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ ვაშაძეები და სხვები, ნუ დაემსგავსებით, მთლად ხაბეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ – გახარია

სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.

გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.

„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.

„მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი,“ – განაცხადა გახარიამ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ რა თანმიმდევრობით გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, რომელზეც მან გასცა ბრძანება, გახარია პასუხობს, რომ ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ კი ჭავლი.

„ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი,“ – განაცხადა გახარიამ.

წულუკიანის კითხვაზე, თუ რა მომენტში იქნა გამოყენებული ტყვიები, გახარია პასუხობს, რომ „სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის“.

„როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. [ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის?] დიახ,“ – განაცხადა გახარიამ.წულუკიანმა გახარიას ასევე ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა ოპერაციის მართვის პერიოდში, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა. ამასთან, გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაცლილი იყო.

„ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდეგ პარლამენტში, რომელიც დაცლილი იყო, სხვათა შორის. გატენილი იყო „ნაცებით“ და „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი აქ არ იყო. შემდეგ ძლივს ვეძებეთ და ესე ცალ-ცალკე ვეცადეთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები შენობაში დაგვებრუნებინა. ესეც სიმართლეა,“ – განაცხადა გახარიამ.

დააგროვე შენი მიზნებისთვის – თიბისის ანაბრების კამპანია

თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ.

ანაბარი „ჩემი მიზანი“-ის დახმარებით, შესაძლებელია დაისახო კონკრეტული მიზანი და დაზოგო თანხა ეტაპობრივად. ის მარტივად მართვადია მობაილბანკით და მიზნის მიღწევაში მცირე, რეგულარული შენატანებით გეხმარება.

კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სპეციალურად მომზადებულ ტურისტულ პაკეტებზე*, რომლებიც მოიცავს რბოლაზე დასწრების ყველა არსებულ პირობას. ასევე, კამპანიის მიზანია წაახალისოს დაზოგვის კულტურა და ამასთან ერთად, მისცეს მომხმარებელს კონკრეტული, შთამაგონებელი მიზანიდაესწროს  საყვარელ სპორტულ მოვლენას.

*მომხმარებელი არ არის შეზღუდული თავად შეარჩიოს სასურველი ტურისტული სააგენტო.

დაიწყე თანხის დაგროვება, გახსენი თიბისის ანაბარი და დაესწარი სასურველ რბოლას.

  • აირჩიე შენთვის სასურველი ქვეყანა;
  • გაიგე, რამდენი უნდა დაზოგო;
  • გახსენი თიბისის ანაბარი მარტივად, მობაილბანკიდან და მიიღე მაღალი სარგებელი.

გაიგე მეტი და აღმოაჩინე, რა თანხა უნდა დაზოგო, რომ დაესწრო სასურველ რბოლას ნებისმიერ ქვეყანაში: https://tbcbank.ge/ka/my-goal-f1

r

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

აპრილის თვის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 14 და 16 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – „რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა“. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე გაუძღვება.
  • მეორე ტრენინგის თემა მარკეტინგის და ფასწარმოქმნის სტრატეგიას შეეხება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. ტრენინგი ონლაინ ფორმატში, 22 აპრილს ჩატარდება.
  • მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  25 აპრილს გაიმართება და ის ESG თემატიკას  – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას  საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • აპრილის თვის მეოთხე ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური ანალიზის თემატიკაზე იქნება. 29 აპრილს, ბიზნესკონსულტანტი შალვა ახრახაძე მარტივ და ეფექტურ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს განიხილავს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის მდგომარეობის სწრაფი შეფასება და ანალიზი.
  • მეხუთე ტრენინგი 30 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება – შალვა პაპუაშვილი

ახალი ჩანაწერის დამატება

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე“.

„ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.

მანამდე, ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით.

ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს”, ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, 30 წლის წინ, რუანდაში დატრიალებულ გენოციდში.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა.

შესაძლოა, ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა თავად არ გამოჰკრან ჩახმახს თითი, თუმცა ისინი არიან, ვინც ქმნიან ისტერიულ გარემოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობები. აშკარაა, რომ ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა. მხოლოდ იღბალმა და რამდენიმე მილიმეტრმა გადაარჩინა ტრამპი და ფიცო, თუმცა, იღბალმა, შესაძლოა, არ გაამართლოს ყველა საჭირო სიტუაციაში.

ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში, გულუხვი დაფინანსებით, მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და, რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. ამავდროულად, გრანტების მათი საყვარელი მიმღებები, მოქმედებენ, როგორც სოციალური ერთიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის მთავარი დამრღვევები.

შეუძლებელია, დააფინანსო ტერორი და, ამავდროულად, უარი თქვა პასუხისმგებლობაზე. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია, მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართული არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ უფრო მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას.

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც

სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას. როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე.

სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა“, – წერს პაპუაშვილი.

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას – მიხეილ ყაველაშვილი

ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება.

„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.

ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ დიდი ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილის მიმართ.

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვაზე და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – წერს ყაველაშვილი.

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო – რა უნდა ვიცოდეთ შვიდეულის დღეებზე?

ვნების შვიდეული აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმას და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება.

ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა:

I პერიოდი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება.

II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება.

III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების კვირეული: ორშაბათი – უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა, სამშაბათი – იგავი ათ ქალწულზე,ოთხშაბათი – მაცხოვრის გაცემა, ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა, პარასკევი – ჯვარცმა, შაბათი – მართალთა აღმოყვანება, კვირა – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ვნების შვიდეულში იკითხება: დილა – საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურისა. მუხლდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

აღდგომის მარხვა  3 მარტს დაიწყო  და დასრულდება 20 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით!

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მუშაობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რუტინული მოვალეობების შესრულებას. სანამ ბიზნესწინადადებას დათანხმდებით, გირჩევთ ყველა წვრილმანი განიხილოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წინადადებას დათანხმდეთ.

კურო

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და რთული საკითხების გადაჭრა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობის ძველ გზაზე უარი თქვათ და ინოვაციური მეთოდები გამოიყენოთ. ეს საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და, შესაბამისად, საქმიანი აქტივობა მოიკლებს. ახალი ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მოგივათ იდეა, რომელსაც მალე მოგებიანად გამოიყენებთ. პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. სავარაუდოდ, უცნობ გარემოში აღმოჩნდებით, რომელთანაც სწრაფი ადაპტაცია უნდა შეძლოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარი პასუხისმგებლობას სხვებს არ გადააბაროთ – სავარაუდოდ, კოლეგები ან ახლობლები თქვენს იმედს არ გაამართლებენ და მათი საქმის თავიდან კეთება მოგიწევთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

ქალწული

პრობლემები უკან დარჩა, ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და მივიწყებული საქმე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი

მთლიანობაში, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა სამსახურში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაძლევა და უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცოთ. სასურველია, საღამოს საყვარელ ადამიანებს სამომავლო გეგმები შეუთანხმოთ.

მორიელი

ამჟამად ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დროა. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა მოგიწიათ – ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სიახლეებში ადვილად გაერკვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაძაბულმა მუშაობამ დიდი ძალა წაგართვათ, ამიტომ იმუნიტეტის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ და არ ინერვიულოთ, თუ მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ამ დღეს ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კოლეგებთან და ხელქვეითებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანები მზად არიან გულწრფელად და უანგაროდ დაგეხმარონ, მთავარია, სიამაყე დაძლიოთ და დახმარება სთხოვოთ.