Home Blog Page 12

ლოლის გაყინული იოგურტი – ბიზნესი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

Lolly-ს ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს გაყინული იოგურტის წარმოების იდეა გაუჩნდა. შთაგონება ევროპაში ცხოვრებისას მიიღო — თავად მოსწონდა გაყინული იოგურტი, როგორც გემრიელი ტკბილეული, ნაყინის უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა.

ტკბილეულის მოყვარულთათვის “ლოლის” იოგურტი გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. ის გაცილებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს; ასევე, სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით — მათ შორის პროტეინებითა და პრობიოტიკებით, ასევე, კალციუმითა და ვიტამინებით.

საწყის ეტაპზე ადვილი არ ყოფილა მომხმარებლებისთვის ასეთი განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. „საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ზუსტად მიგვეწოდებინა ხალხისთვის, რა განსხვავება იყო ტრადიციულ ნაყინსა და “ლოლის” შორის. გახსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ კი უკვე მივიღეთ შედეგი“, – ამბობს ბექა.

ამ დროისთვის Lolly მომხმარებლებს 30-მდე სახეობის ტოპინგს სთავაზობს – 6 სახეობის ხილს, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის სოუსებს, თხილეულს და ა. შ. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული, სასურველი ნაყინი შექმნას. “ლოლიში” დაგხვდებათ ბელგიურ ვაფლიც, რომელიც იოგურტის ნაყინთან კომბინაციაში ეწყობა.

ამჟამად Lolly თბილისში ხუთ ლოკაციაზე, ბათუმში კი – ცენტრალურ პარკშია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოებას გეგმავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

(R)

 პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია -ირაკლი კობახიძე

ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომლებიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.

„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია, გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამჭვირვალობის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტირებული დისკუსია, ჩვენ მზად ვართ -ირაკლი კობახიძე

სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.

„გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ “ენჯეოების“ ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ -ირაკლი კობახიძე

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული.

„კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ტარდება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს. ჩვენს კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაეროსთან და ევროკავშირთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასა დსა სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს -ირაკლი კობახიძე

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი.

„2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო – ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა პრემიერმა.

 კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს -ირაკლი კობახიძე

კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.

ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისა და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ.

სპარსელებმა და ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან – კალას, ისნისა და თბილისისგან შედგებოდა და მისი აღება არც თუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი – მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.

1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ხვარაზმელმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალ ად-დინს ჩაუვარდა ხელში. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ, ჭაბუკებს კოდავდნენ… ქუჩებში სისხლის მდინარე დიოდა… მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.

ხვარაზმელს თითქოს სისხლიც მობეზრდა, ბრძანა: სიცოცხლე აჩუქეთ, მხოლოდ მათ, ვინც ქრისტიანობას უარყოფს და მაჰმადის რჯულს შეუდგებაო. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია. ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი “ბილწი საჯდომი დაიდგა”, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებული “ხიდის” შესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ. ჯალალი სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მის მეომრებს ქართველები და სომხები, როგორ იბრძოდნენ, ჰკვეთდნენ თავებს და ისროდნენ მტკავში თავსა და ტანს ცალ-ცალკე. მხოლოდ მცირე სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.

“ალიბაბას” საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება – მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.

„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„ალიბაბა“ 1999 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად 6 ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს.

 თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ-გური სულთანიშვილი

ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით ლიბერალური საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს.

სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კლიპს მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან და მთავარი ფუნდამენტი, ანუ შინაარსი არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ.

“ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წინასაარჩევნოდ, გახსოვთ ალბათ, კლიპი გაკეთდა, სადაც ცოლ-ქმარი დაწოლას აპირებენ და არჩევნებზე არ წავიდეთო ამბობს ქმარი, მერე ესიზმრება ყველა ის საშინელება რაც შეიძლება მოჰყვეს არ წასვლას, ამ შემთხვევაში კოლექტიური ნაცების მობრუნება, რომელიც დგას, სისტემურ წამებასა და ტოტალურ რეპრესიებზე, მოკვლაზე და გაუპატიურებაზე, ბიზნეს რეკეტზე და გამოხატვის სრულად გაქრობაზე.

ამას მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან, რომ ჰოი და რუსული კალკი ყოფილაო, ატეხეს ერთი გნიასო და მთავარი, ფუნდამენტი, ანუ შინაარსი, ვაბშე არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ.

იმაზე რომ რა არის ცენტრალური საკითხი და ყურადღების გადატანა პერიფერიულ საკითხებზე, ერთი ანეკდოტი მახსენდება, ცოლი შეუსწრებს ქმარს საყვარელთან და ქმარი უწყებს ჩხუბს პარასკევს არ უნდა ჩამოსულიყავი ხუთშაბათის მაგივრადო?

პ.ს. არ იფიქროთ ჩემი რეკლამაა და მაგიტომ ვიცავ თავგამოდებით, უბრალოდ იმ დღეს ვსაუბრობდით და ვარჩევდით მეგობრები..”- წერს სულთანიშვილი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე „ფოქს ნიუსის“ წამყვანი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. თარიღი ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა.

მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, თუ პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს ფედერალურ კანცლერს, ის სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ყველა საპარლამენტო ჯგუფს, პასუხისმგებლობით და ერთობლივად განიხილონ, კიდევ რომელი საკანონმდებლო წინადადებების განხორციელებაა შესაძლებელი ამ საკანონმდებლო პერიოდში გერმანიის შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა.

ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

„ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. „როგორც მოისმინეთ, ჩვენ გავაგრძელებთ „ჰუსიტებისთვის“ იმის თქმას, რომ მათი უკანონო და გაუაზრებელი თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება“, – დასძინა რაიდერმა.