Home Blog Page 11

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.

700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.

ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში.

ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.

„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი”- სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას და მოუწოდა ყველას, მოუსმინონ მას.

„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს. დღეს საღამოს, 21:00 საათზე იქნება ჩემი განცხადება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, რადგან ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

 სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს – შალვა პაპუაშვილი ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 მაისის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი), რომელშიც  ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საერთო ჯამში საკმაოდ სკეპტიკურად არის გადმოცემული, უკრაინელთა სამწუხაროდ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

უკრაინის არმია 3-წლიანი გამუდმებული ბრძოლებით დაღლილია, მაგრამ ჯარისკაცები პირობას დებენ მანამდე იბრძოლონ, სანამ „რუსების უკრაინელებზე გამარჯვების რწმენა არ გაქრება“. დონალდ ტრამპის მუქარებმა, რომ უკრაინას აღარ დაეხმარებოდა და სამშვიდობო პროცესიდან გავიდოდა, კიევი შეაშფოთა, ხოლო რუსეთი წააქეზა: კრემლი დიდ საზაფხულო კონტრშეტევისათვის ნიადაგს ამზადებს. უკრაინელი ჩინოვნიკები და ჯარისკაცები ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად სისხლისმღვრელი იქნება და შეიძლება მთელი ომის ტრაექტორია შეიცვალოს.

ქვეყნის ხელისუფლებას ძველებურად ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე აქვს აქცენტი, მაგრამ მისგან განსხვავებით, რიგით მოსახლეობას დაზავებისა და ომის დასრულებაზე ილუზიები არ აქვს. როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან მათი საუბარი ადასტურებს, მოქალაქეების თქმით, არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთი შეტევებს შეწყვეტს და რეალურ დათმობებზე დათანხმდება. მოსახლეობა ამაში დარწმუნდა, როცა უკრაინელი მომლაპარაკებლები თურქეთში ამას წინათ გამართული შეხვედრიდან კიევში, ფაქტიურად, ხელცარიელები დაბრუნდნენ.

ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, რუსი მთავარი მომლაპარაკებელი, კრემლის დელეგაციის მეთაური ვლადიმერ მედინსკი დაიმუქრა კიდეც, რომ მოსკოვის არმია დამატებით სუმისა და ხარკოვის ოლქებს დაიპყრობს. თვითონ ვლადიმერ პუტინსაც, როგორც ამბობენ, კურსკის ოლქში ყოფნისას თითქოსდა ნახევრად ხუმრობით უთქვამს – დადგა დრო მეზობელი სუმის ოლქიც ჩვენი იყოსო. მოგვიანებით კი მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი სუმის ოლქში „უსაფრთხოების ბუფერულ ზონას“ ქმნის.

კრემლის მიმართ აშშ-ის მოყოყმანე და ხშირად შემრიგებლური პოლიტიკური კურსის წყალობით, რუსეთის ლიდერს გამბედაობა მოემატა.  გასულ ორშაბათს, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ უკრაინას, ალბათ, თვითონ მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება, აშშ-ის შუამავლობის გარეშე.

არც ერვროპელები არ ჩქარობენ თავიანთი დაპირებების შესრულებას: მათი განცხადება უკრაინისათვის „უსაფრთხოების ძალების“ შექმნაზე, ალბათ, ქაღალდზე დარჩება

„დადგა დრო, რომ მკაცრ რეალობას თვალი გავუსწოროთ“, – ამბობს ეგორ ფირსოვი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, რომელიც იმავდროულად დრონების 109-ე ბრიგადის მეთაურიც არის, – „რუსეთის სიმტკიცემ შეიძლება დასავლურს გადააჭარბოს. პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დაჩოქებას შეძლებს. კრემლი თვლის, რომ ჩვენი კაპიტულაცია გარდაუვალია და მხოლოდ დროის საქმეა. ამერიკას ნებისმიერ დღეს შეუძლია დახმარების შეწყვეტა, ევროპას კი პუტინი სუსტად და გაუბედავად თვლის“.

ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ ომი მკაცრ სასიკვდილო რიტმში შევიდა: ანალიტიკოსები და უშუალოდ ჯარისკაცები ვარაუდობენ, რიომ რუსების მასშტაბური შეტევა უახლოეს თვეებში დაიწყება.

უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო მოსამსახურეების თქმით, რუსები სულ უფრო ფართოდ სარგებლობენ ბრძოლის ახალი მეთოდებით – ისინი აქტიურად სარგებლობენ მოტოციკლებით, „ბაგებით“ (მაღალი გამავლობის მქონე მცირე ავტომობილებით) და ელექტრო სკუტერებით. საიდ ისმაილოვი, რომელიც ადრე უკრაინელ მუსულმანთა მუფტია იყო, რუსების მოქმედებას „კალიების შემოსევას“ ადარებს, რომელიც ტალღისებური უსასრულო ნაკადით ესევიან ხოლმე უკრაინელთა პოზიციებს:  „დანაკარგები რუსებს არ ადარდებთ. ისინი წინსვლას აგრძელებენ და შეტევის შემდეგ დანგრეულ ინფრასტრუქტურას და დამწვარ სახლებს ტოვებენ“.

რუსებს დახმარებას უწევს მძიმე არტილერია და მაღალტექნოლოგიური არტილერია. უკრაინის ჯარების თავდაცვას დიდ ზიანს აყენებს „პლანერული“ ბომბები, ახალი რაკეტები და დრონები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მოქმედებს და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ რადიოელექტრონული მეთოდებით ბრძოლა უშედეგოა.

უკრაინის არმიამ ქალაქებიდან – ტორეცკიდან და ჩასოვ იარიდან უკან დაიხია – მათი შენარჩუნება უიმედო  და ძვირადღირებული გახდა. არადა, ამ ქალაქებისთვის დასაპყრობად რუსეთის ჯარები ბრძოლას უკვე ერთ წელზე მეტი ხანია აწარმოებდნენ. 

ევროპელი ექსპერტები თავიანთი კომენტარებით უკრაინელებს ამხნევებენ: „რუსები, მართალია, წინ მოიწევენ, მაგრამ თქვენც გმირულად უწევთ წინააღმდეგობას. ევროპის ქვეყნები არტილერიას მოგაწვდით და რუსებს უპირატესობა მალე შესამჩნევი აღარ იქნება“. მაგრამ ბრძოლის ველზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები სხვანაირად ფიქრობენ.

„მე ხშირად თავს ადამინად აღარ ვგრძნობ – უბრალოდ, ზომბი ვარ. ჩემი გონებრივი არეალი შეტევიდან შეტევამდე შემოიფარგლება. ახალ ამბები აღარ მაინტერესებს, მოვისმენ და ბრაზი კიდევ უფრო მემატება“, – ამბობს ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური.

უკრაინის არმიას იმედგაცრუება ეუფლება. ოპტიმიზმი სულ უფრო მცირდება, ჯარისკაცები ქანცგაწყვეტილები არიან. მორალური სულისკვეთების დაქვეითება გრძელდება. ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ საომარი მოქმედებების მკაფიო გეგმა არ არსებობს. ამ დროს კი სიკვდილი ზეიმობს: რისთვის სწირავენ ჯარისკაცები თავიანთ სიცოცხლეს, ბევრისთვის უკვე გაუგებარი ხდება.

უკრაინის არმიის ელიტური ქვედანაყოფის – 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე შირშინმა, რომელიც ამერიკული „აბრამსებით“ და გერმანული „ლეოპარდებით“ იბრძვის, ამას წინათ საყვედური გამოხატა სარდლობის მიმართ -სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველაზე საუკეთესო ტექნიკითაც კი შეუძლებელი ხდება დაგეგმვის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რომლის შედეგად პირადი შემადგენლობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. „ბოლო თვეებში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს გასრესვას ჩვენივე სარდლობა ცდილობს. ჯარისკაცების სიცოცხლე მათ არ აღელვებთ და ისე გვექცევიან, თითქოსდა ჩვენ ფულიანი ხალხი ვართ და აქ სასეირნოდ ვართ წამოსულნი“, – ამბობს შირშინი, რომლის საყვედური უკრაინის გენშტაბშიც გახდა ცნობილი – სარდლობა საკითხს სწავლობს.

ომმა უკრაინის არმიის სარდლობაში მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა: კაცმა რომ თქვას, შეცდომები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, ანუ ოფიცრებისა და ჯარისკაცების მომზადება ჯეროვნად არ ხდება. ბევრ შეცდომას სისტემური ხასიათი აქვს. ზოგიერთი რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა და გაჭიანურებულად.

უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ და უმწვავეს პრობლემას ცოცხალი ძალით შევსება წარმოადგენს. კიევმა ყურად არ იღო დასავლელი მოკავშირეების რჩევა და ჯარში გასაწვევი ასაკის მინიმალური დონე არ შეამცირა – 25 წლამდე დატოვა. მონილიზაციას ისევ თან სდევს კორუფცია და იძულება – კვლავ ხშირია ჩასაფრებები, ქუჩაში ახალგაზრდების დაჭერები და მათი შავ ავტოფურგონებით წაყვანის შემთხვევები. კამპანია ჯარში მოხალისეების ჩაწერის თაობაზე ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – მთელი უკრაინის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ განაცხადა თავისი სურვილი ომში წასვლაზე. ამ დროს კი რუსეთის არმია წარმატებით „მარაგდება“ ახალწვეულებითა და მოხალისეებით (კონტრაქტების საფუძველზე).

ერთადერთ იშვიათ ნათელი წერტილი უკრაინის თავდაცვაში ისაა, რომ სწრაფი ტემპით ვითარდება დრონების წარმოება, რომლებიც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

უკრაინის არმიაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას ადასტურებს გენერალი ვალერი ჟალუზნიც, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად მუშაობს. „სასწაულებს ნუ ელოდებით, რომლებიც უკრაინას მშვიდობას მოუტანს. ქვეყანას კოლოსალურად აკლია ადამიანური რესურსები, ასევე კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ბრძოლის იმედი უნდა გვქონდეს, ანუ უკრაინის პრიორიტეტი ასეთი უნდა იყოს: მინიმუმი ცოცხალი ძალა და ეკონომიკური ხარჯები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, – თქვა ელჩმა. უნდა ითქვას, რომ გენერალი ელჩის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სერიოზულ პრობლემად რჩება რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებზე და ღრმა ზურგში. ამჯამად რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მუდმივი სამხედრო რეჟიმით მუშაობს და რაკეტებს გაორმაგებული რაოდენობით უშვებს. იგივე ითქმის რუსული დრონების წარმოებაზეც. უკრაინელებს კი ჰაერსაწინააღმდეგო „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვები რაკეტები უმთავრდებათ.

„რუსებმა დრონების გაუმჯობესება სწრაფად განახორციელეს, მათი ჩამოგდება სულ უფრო რთულდება. ადრე ტყვიამფრქვევებით ვაგდებდით, ახლა კი მათი სიჩქარე მაღალია და ვერ ვასწრებთ. დეფიციტურია „პეტრიოტის“ რაკეტები და F-16 ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც თანდათან ვკარგავთ“, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ქვეყანა ხანგრძლივი, ასიმეტრიული ბრძოლისათვის უნდა მოემზადოს. ამასვე იმეორებენ ჩინოვნიკებიც. „კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?“, – ამ რიტორიკულ კითხვას უკრაინელები თვითონვე პასუხობენ: „მანამ, სანამ რუსებს იმის რწმენას არ გავუქრობთ, რომ ჩვენზე გამარჯვება შეუძლიათ“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა“ (ავტორი – სტივ როზენბერგი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფონი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ბოლო ხანებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად, დაზავება ჯერ კიდევ შორს არის და „ურმი ისევ იქ დგას“.

პუბლიკაციის დასწყისში ავტორი აღწერს კრემლში ყოფნის შთაბეჭდილებებს (იგი მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაში) და იხსენებს ბოლოდროინდელ გაცხადებებს, კომენტარებს, მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს…

„მოახლოვდა თუ არა მშვიდობა ოდნავ მაინც უკრაინისათვის? ისეთი სიტუაციაა დღეს, რომ მას მშვიდობას ვერ უწოდებ: საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი ისევ ძველებურად უარს აცხადებს დაზვებაზე და უფრო მეტიც – იგი უფრო შორს იყურება და მეტი სურს..

და მაინც, ბოლო კვირეებში რაღაც-რაღაცეებს ნათელი მოეფინა.

პირველ რიგში, გასაგები გახდა, რომ რუსეთი ახდენს პოტენციური საფრთხე-მუქარებისა და ზეწოლის წერტილების ნეიტრალიზებას. კრემლის კრიტიკოსები ამ სიტუაციას „რუსეთის მიერ დროის გაჭიანურებას“ უწოდებენ. ევროკავშირის ლიდერებმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენეს – თუ ორ დღეში ცეცხლს არ შეწყვეტ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე – უმკაცრეს სანქციებს გამოგიცხადებთო. მას შემდეგ ორი დღეც გავიდა და მეტიც – არავითარი კატასტროფული სანქციები და არავითარი სანქციები არ გამოცხადებულა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის შემდეგ დაწერა, რომ მოსკოვი დაკიევი დაუყონებლივ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყებენ საუბარს არამარტო ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ ომის დასრულებაზე“. არავითარი ამის მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ძველებურად დაიწყო: რა მოლაპარაკება, რის მოლაპარაკება… ვის უნდა მოველაპარაკოთ – უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს?.

რუსული მასმედია მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად განიმტკიცა.

„უეჭველია, რომ რუსეთმა ამ რთულ, დაძაბულ დიპლომატიურ პოკერში გაიმარჯვა – გაიმარჯვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით“, – დაწერა გაზეთმა „იზვესტიამ“.

„დონალდ ტრამპმა მაქსიმალურად პრორუსული პოზიცია დაიკავა: მან ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსეთის ფორმულას „ჯერ მოლაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა“ და უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე“, – დაწერა გაზეთმა „კომერსანტმა“, -„დონალდ ტრამპი ჩვნი იდეოლოგიური პარტნიორია თუ ყველა საკითხში არა, ზოგიერთში მაინც. მისი ხედვები უფრო ახლოს დგას რუსულთან, ვიდრე ევროპულთან“.

ულტრაკრემლურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ კი ევროპელ ლიდერებს ასე მიმართა: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით – ნუ იქნევთ მუშტებს, ნუ იმუქრებით და ნუ აყენებთ ულტიმატუმებს დათვის წინ. ნუ მიძვრებით სხვის მოლაპარაკებებში თქვენი რჩევებითა და რეკომენდაციებით. ხომ გითხარით – დაჯექით ტამბურში და ისუნთქეთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჰაერით-თქო. ვერ გაიგეთ ჩვენი გაფრთხილება? ჰოდა, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“.

მოსკოვი საკუთარ თავში დარწმუნებულია: საქმე ისე მიდის, როგორც მას სურს. უფრო მეტიც – ფრონტზე შექმნილი სიტუაციაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.

დონალდ ტრამპი სულ იმას გაიძახოდა – აი, ნახავთ, როგორც პრეზიდენტად ამირჩევთ, ამ საშინელ ომს 24 საათში (ერთ კვირაში, ერთ თვეში) დავამთავრებო. ერთი თვეც გავიდა და ნახევარი წელიც, „საშინელი ომი“ კი ისე გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი იშვიათად თუ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს.

იქნებ თეთრ სახლს ომის დამთავრება არ სურს? ეს საფუძვლიანი კითხვაა: არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს და ამ დროს მისთვის უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობა არ აქვს

მოსკოვში ამ ყველაფერს კარგად ხედავენ: „აშშ-ის პრეზიდენტი აღარ აკავშირებს ერთმანეთთან უკრაინის ომს და რუსეთთან ორმხრივი დიალოგის განვითარებას“ – ასეთი სათაური აქვს სტატიას რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს აბსოლუტურად არაფრის შიში აღარ აქვს. ჯერ-ჯერობით კიდევ არის შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები – მაგალითად, აშშ-ის სენატისაგან.

მაგრამ ასეა თუ ისე, დღემდე კრემლი ახერხებდა თავი დაეძვრინა ნებისმიერი ისეთი პრაქტიკული დასავლური ზეწოლებისაგან, რომელიც მას კომპრომისებზე წასვლას აიძულებდა უკრაინის მიმართ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ასე გაგრძელდება მომავლშიც.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია – რადის დეპუტატი

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება უმაღლესი რადას დეპუტატი დანილო გეტმანცევი.

აპრილის ბოლოს, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალმა მარტში 171,73 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„2025 წლის აპრილში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია“, – დაწერა გეტმანცევმა თავის Telegram არხზე. მან დააკონკრეტა, რომ გრივნაში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა, დოლარში კი – 4.8%-ით. იანვარ-აპრილში უკრაინის სახელმწიფო ვალი 8.4%-ით გაიზარდა. „სახელმწიფო ვალის სტრუქტურა: 74.5% საგარეო ვალია, 25.5% კი – შიდა“, – აღნიშნა გეტმანცევმა.

უკრაინა, რომელსაც 2024 წლისთვის ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი 43.9 მილიარდი დოლარის ოდენობით აქვს, ფინანსური საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფარად კვლავ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. ამასობაში, დასავლეთში ახალი დახმარების პაკეტების გამოყოფა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ხდება.

უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ, ადრე აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა შემცირდება და ქვეყნის ხელისუფლებას თვითდაფინანსებისთვის შიდა რესურსების შემუშავება დასჭირდება.

ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრედრიც მერცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრედრიც მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გარსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, საოკუპაციო ძალისთვის საქართველოს ტერიტორიის არც ერთი ინჩი არ შეუწირავს – შალვა პაპუაშვილი

საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყოდა მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველო რუსეთის ზეგავლენის სფეროში ექცევა.

„ვეტყოდი, რომ გამოვიდნენ აღქმებიდან და შეხედონ ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, მთავრობის, რომელიც 2012 წლამდე იყო, საოკუპაციო ძალისთვის საქართველოს ტერიტორიის არც ერთი ინჩი არ შეუწირავს. საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე. ასე რომ, თუკი ფაქტებით იმსჯელებთ, სწორედ წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შესწირა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს ბაძავთ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონის მიღებით, პაპუაშვილმა უპასუხა: „ჩვენ არ ვბაძავთ რუსეთს, ჩვენ ვბაძავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას“.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა უცხოელი ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვას, რომლის თანახმად, „ბევრი ევროპული ქვეყანა თვლის, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება“ და განაცხადა: „ვიცი აღქმების შესახებ, ვსაუბრობ ფაქტებზე“.

„ფაქტია, რომ საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. რაც შეეხება აღქმას, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, თუნდაც ზოგიერთი მთავრობა, ცდილობს შექმნას აღქმები, ცუდი აღქმები საქართველოს შესახებ. გავიხსენოთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი სწორი იყო, რომ ქართული სამართალი სწორი იყო და ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, უცხო ქვეყნების მთავრობები, ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცდებოდა. სამწუხაროდ, არცერთმა მათგანმა არ მოიხადა ბოდიში საქართველოს წინაშე საქართველოს შესახებ ამ მცდარი აღქმის შექმნისთვის. ასე რომ, საქმე იმაში არ არის, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ან ჯგუფი, საქმე ფაქტებშია და როდესაც ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტები უფრო ძლიერია, ვიდრე აღქმები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი

„ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა   საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.

„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე,  ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, თუ რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას  შესწირეს სიცოცხლე.

მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც  თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.

ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.

ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ -შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელიწადი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად, ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა – „ვფიცავ“. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ.

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სამი ცნების გარეშე საქართველოს არასოდეს უცხოვრია და ვერც მომავალში იცხოვრებს.

„ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო.

ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად.

დაბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად.

ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფელისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.