Home Blog Page 11

Bloomberg: ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული

ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული, – წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე კონტინენტი ვერ უზრუნველყოფს ვერც უკრაინის უსაფრთხოებას და ვერც საკუთარ თავდაცვას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდულობას აღიარებენ, მოუწოდებენ აშშ-ს, დარჩეს თავდაცვის სფეროში საკვანძო პარტნიორად.

ყველაზე დიდი პრობლემებია კოსმოსური დაზვერვის, ასევე ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ნაკლებობა, – ნათქვამია სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშში.

ვაშინგტონი უზრუნველყოფს ნატოს სადაზვერვო და სათვალთვალო რესურსების, მათ შორის თანამგზავრების, დიდ ნაწილს. ამ შესაძლებლობების ჩანაცვლება ევროპას დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

„ეს შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, რადგან… თვალების გარეშე ბრმა ხარ“, – განაცხადა ვერონიკა სტრომსიკოვამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების საკითხებში დირექტორმა.

ევროპელებს ასევე არ აქვთ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ. თითქმის მთლიანად ამ ამოცანას ამერიკული „პატრიოტის“ კომპლექსები ასრულებენ.

პრაღის თავდაცვის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ხუთჯერ უნდა გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.

„მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები: რეალური ძალა, მძიმე შეიარაღება, ასევე ახალი ტექნოლოგიები“, – ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

თავდაცვის ხარჯების ზრდის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები აღიარებენ – კონტინენტი დამოუკიდებლად ვერ აიძულებს კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძლებთ საკმარისი ზეწოლა მოვახდინოთ პუტინზე, რომ მან ეს ომი შეაჩეროს. ჩვენ დამოკიდებული ვართ ამერიკულ დახმარებაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ცესკო – 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება.

„ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული  პირადობის მოწმობითაც.

ამასთან, შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა.  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

 

საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა

საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის წერილით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირ-ის მიმართ მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებისგან თავს არ შეიკავებს.

„გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.

როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირ-ის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.

ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.

სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირ-ის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირ-ს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო/ოდირ-ის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისთვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირ-ს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირ-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო-ოდირ-ის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას“, – განაცხადა კობახიძემ.

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ცხოვრების ახალი გვერდი გადაშალოთ. ხელსაყრელი დღეა დიდი წამოწყებისთვის, რასაც დიდი ხანია, ვერ ბედავთ. თქვენი მომავალი თქვენს ხელშია და ეცადეთ, ისე განაგოთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. შესაფერისი დროა ურთიერთობების დალაგებისა და განმტკიცებისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ მთავარი პირობა დაიცვათ და გულწრფელი იყოთ.

კურო

როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს, სახიფათო წინადადებებს ნუ დათანხმდებით და აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. სასურველია, ახალი პროექტის დაწყება სხვა დღისთვის გადადოთ და ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ. მარტოხელა კუროს ახალი ნაცნობობა ელის, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. 

ტყუპები

ერიდეთ სტრესულ გარემოს და კარგად გამოიძინეთ. ეს მარტივი ხერხები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მეგობრებთან შეხვედრას ნუ გააუქმებთ — თანამოაზრეებთან რამდენიმესაათიანი ურთიერთობა ენერგიას შემატებთ. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყაროსგან იღებთ — მათი დახმარებით თქვენი შანსები გაიზრდება. ეცადეთ, ახლობლებთან ურთიერთობაში სიფრთხილე და მზრუნველობა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

 ამ დღეს სასურველია, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ: კინოში წადით, ვახშამი მოამზადეთ ან საღამო სამაგიდო თამაშებში გაატარეთ. ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია სირთულეები. სერიოზულად ნუ მიუდგებით წინადადებას, რომელსაც ნაკლებად ნაცნობი გარემოცვიდან მიიღებთ. კარიერულ წინსვლას ან ფულადი პრემიის მიღებას ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.

ლომი

საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — დღევანდელი დღე თქვენთვის შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს. უმჯობესია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. თუ დიდი ხანია რემონტზე ფიქრობთ და ხელსაყრელ დროს ელით — შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. ამ დღეებში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მარტივად და მინიმალური დანახარჯით ჩაივლის.

ქალწული

ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს პრობლემების გადაჭრის საკუთარი გეგმა შესთავაზოთ. უარი თქვით უსარგებლო სატელეფონო საუბრებზე, რომლებიც დროს გართმევთ და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ. ამ დღეს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობები არ გააფუჭოთ. დროა პროფესიულ საქმიანობაში პაუზა აიღოთ და პირადი ცხოვრების მოწყობაზე იფიქროთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი წვრილმანი საქმე და რაც მთავარია, ახლობლებთან უსიამოვნო საუბარი გელოდებათ, რომლის გადადება შეუძლებელი იქნება. სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, რომელიც მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, რადიკალური ცვლილებები არ ჩანს. ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევანი თქვენს გარეშე გაკეთდება.

მორიელი

პროფესიულ საქმეებში აშკარა უპირატესობას მოიპოვებთ და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ბედნიერი ცვლილებები მაშინ მოვა, როცა ამისთვის მზად იქნებით. სწორ გზაზე ხართ, ამიტომ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ — ნუ მისცემთ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენი შეცდომაში შეყვანის საშუალებას.

მშვილდოსანი

მიეცით საკუთარ თავს დრო და მალე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ყველა ბუნდოვან საკითხს ნათელს მოჰფენს. ახლობელი ადამიანი თავის საიდუმლოს გაგანდობთ, მაგრამ ის საკუთარი მიზნებისთვის არასოდეს უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ საღამოს საკუთარ თავს სიმშვიდის რამდენიმე საათი აჩუქოთ და ნანატრი მარტოობით დატკბეთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის. 

თხის რქა

ნუ შეწყვეტთ ოცნებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას თქვენი იდეების განხორციელებისთვის. მალე თქვენს გვერდით გაჩნდება ადამიანი, რომელსაც ყველა საიდუმლოს გაუზიარებთ. თუ დიდი ხანია ნათელი ემოციების მოლოდინში ხართ, ცოტა მოთმინებაც უნდა გამოიჩინოთ — ძალიან მალე თქვენი ოცნება ახდება.

მერწყული

წარსულში ბევრ შეცდომას უშვებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. თქვენ ოცნებისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი და სწორი გზა აირჩიეთ. სასურველია, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და გვერდით მხოლოდ საიმედო ადამიანები დაიტოვოთ. წარსულში თუნდაც ფიქრებით დაბრუნება არ ღირს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, რომ ცხოვრების მიერ თქვენთვის მომზადებული საჩუქრები არ გამოგეპაროთ.

თევზები

ახალი ინფორმაციის შესწავლა დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ თქვენს საქმიანობას ბევრად ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თავაზიანი და თავშეკავებული იყოთ — ზედმეტი ემოციურობით ადამიანებს დააფრთხობთ. მალე ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს შეამჩნევს და სასიამოვნო ფინანსურ დანამატს მიიღებთ. 

ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ – დიმიტრი მედვედევი

ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი რუსეთის ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-ფინეთის საზღვართან ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ. თუ მათ ეს მოსწონთ, მაშინ გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები, კერძოდ, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი, ჩვენი ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან. ჩვენ სახელმწიფო საზღვრის საიმედოობა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება „მათი გადაწყვეტილებაა, მათი სუვერენული უფლებაა, თუმცა ამას შედეგი მოჰყვება“.

ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება რუსეთის პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„ეს სრული სისულელეა. ისინი [„მსურველთა კოალიცია“] იკრიბებიან და განიხილავენ, თუ რა გარანტიები შეიძლება მისცენ უკრაინას. ჩვენ გვკითხეს ეს? მაშინ, როცა კონფლიქტი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ნებისმიერი სახის წინადადების შემუშავებისას კონსულტაცია ჩვენთან უნდა გაიარონ. ისინი თავად იგონებენ რაღაცას და შემდეგ გარანტიად წარმოაჩენენ. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება“, – აღნიშნა მედვედევმა.

გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი – კახა კალაძე ახალგაზრდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ახალგაზრდობასთან და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის და მათ ინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

“ძალიან დიდი პატივია, რომ უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი და ზოგადად, რამხელა ტვირთია იყო ქალაქის თავი. 2017 წლიდან დღემდე იმდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის, ნამდვილად არ მეშინია, მესამედაც ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. არ მეშინია იმიტომ, რომ პირველ რიგში, ზურგს მიმაგრებს თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის როლს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან სწორედ თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს”, – მიმართა კახა კალაძემ ახალგაზრდებს.

თბილისის მერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავისუფლებას ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.

“ქართული ოცნება” ატარებდა, ატარებს და და მომავალშიც გაატარებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს ყველაზე ძვირფასი – დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი, სუვერენულია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება განმტკიცება, ბრძოლა. ბრძოლა, რომელშიც უნდა ვიყოთ შეუპოვრები, პრინციპულები, რათა არავის, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სათავისოდ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც შეგვიძლია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არავითარ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ამ ყველაფერში თქვენი, ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება.

“ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ბევრი პროგრამა განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ. ასევე, თქვენგანაც ველოდებით საინტერესო იდეებს, ხედვებს, რომელთაც პროექტებად ვაქცევთ და განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის.

მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. 4 ოქტომბერს ჩვენი ქალაქი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას და შეუქცევადი იქნება მისი აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რადგან მშვიდობას მოაქვს განვითრება, კეთილდღეობა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი დღეს ქვეყანაში, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგაზრდებთან თბილისის მერის შეხვედრა ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართა. შეხვედრა ჯგუფ “ურსას” კონცერტით გაგრძელდა.

აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მლრდ აშშ დოლარიდან და 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივლისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266 მლნ-ის, ხოლო ივლისში 416.9 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. წმინდა შესყიდვების აგვისტოს სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე – აგვისტოს მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება) და 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 619 აბი “სუბუტექსი” ამოიღო – შსს

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – “სუბუტექსის” 619 აბი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – “სუბუტექსის” 619 აბი.

ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სამალავიდან მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვის მცდელობას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ის სათავეში მოსვლა, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან – დავით ქართველიშვილი

მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სუს-მა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი, იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.


„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა. იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი გვქონდა ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე. სქემა აპრობირებული იყო – მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში.
ნუთუ მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს, 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი “გ.კ.” უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან მის სახელზე ორი ჰექტრის დაკანონების სანაცვლოდ – აქედან “ავანსად” ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული. მანამდე ჩვენ “გვეღირსა” უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმძღვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რით ვერ გაძეხით??? ამჟამად – მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ – მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!“ – წერს ქართველიშვილი.

თეონა აქუბარდია პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ტოვებს და აცხადებს, რომ კვლავ „დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“

თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გაწყვიტა და აცხადებს, რომ „ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს“.

აღნიშნულის შესახებ აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

„გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას, კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახლდით „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში უპარტიო წევრი და ვმუშაობდი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების ირგვლივ. მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა, არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია. ბუნებრივია, რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების, მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში. ოპოზიციის შეცდომები დღეს აქტუალური თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არშესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, მაშინ როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება. ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ მიზნისთვის ბრძოლაში. მჯერა, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს თეონა აქუბარდია.

სუს-მა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გ. კ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.

2025 წლის 5 სექტემბერს, გ.კ-ს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოთხსენებული თანხის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კორუფციული ფაქტების გამოვლენა და ჩვენი სახელმწიფოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.