Home Blog Page 11

კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით – აუცილებელია დიალოგი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

,,[2003 წელს] არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ დაკვეთებით მართული ხელისუფლება, ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ბოლო წლებია”- მიხეილ ყაველაშვილი

[2003წელს]არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებს გარე აქტორების მხრიდან ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს სიახლე არ არის და ორმაგ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არ არის. უკვე წლებია მათ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტს , თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები . როცა პოლიტიკოსი გქვია სხვა ქვეყნის [საქმეებში]არ უნდა ჩაერიო, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ,მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ, ეს ადამიანები პირდაპირ დაქვემდებარებულები არიან და მე როცა პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრი ვიყავი ხშირად ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ჩვენ ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების [თაობაზე] . წინასწარ ვსაუბრობდით იგივე ჩემს წინამორბედზე სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციის დარღვევით, იგივეს ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ , მაგრამ იყო ეს დაკვეთა გარედან, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ მშვიდობიან რევოლუციას არქმევს და ვარდების რევოლუციას, მაშინაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა , გარედან მართული პროცესი იყო. ეროვნულ გმირად გამოცხადებული ეს „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს [ყოფილი] პრეზიდენტი სწორედ გარე ძალების მიერ დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლა ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ. არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარეთ დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ჩვენ აგენტურა ჩვენდა სამწუხაროდ და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მით უმეტეს.

არსებობს არქივი, ჩემი და ჩემი კოლეგების საუბრები, წინასწარ ვსაუბრობდით მათ ქმედებებზე რა უნდა გაეკეთებინათ , აქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. ჯერ ერთი ეს სიტყვათა წყობა მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს ? ხომ გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ როცა ეს დაკვეთა არის და დამხობაზეა საუბარი, [გადაწყვიტეს]მშვიდობიანი დაურთონ თითქოს წინ, როგორც ვარდები რევოლუცია იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, რა იყო მათი მიზანი, რომ ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რათა გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავისი მომხრეებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლექსო ბურჭულაძე – შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით, როცა ათონელისკენ დავიძარით

შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. კადრები როცა ვნახე, რაც მოხდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას სიტყვებმა უკვე დაადასტურა, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი.

„4 ოქტომბერს გვქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, ყველა ჩვენგანში იყო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი და ბევრმა ჩვენგანმა დავიჯერეთ, რომ 4 ოქტომბერს შეგვეძლო მართლაც ცვლილების შეტანა ჩვენს რეალობაში. 4 ოქტომბერს თუ არა, 4 ოქტომბერი უნდა ყოფილიყო საწყისი, რომელიც აუცილებლად შეცვლიდა. ძალიან დიდი პოზიტივი ის იყო, რომ დავინახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ ერთხელ და რამხელა ძალა გვაქვს.

გეგმას რაც შეეხება, არსად არ ამბობდა, რა იყო გეგმა, ერთადერთი, რასაც პაატა ბურჭულაძე მეუბნებოდა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანად. სულ ამას ამბობდა, რომ ეს არის მშვიდობიანი და ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად. ვნახეთ, რომ მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო გუშინ. შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება ყოფილიყო გაწერილი.

უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. ამას გეგმავს ვერ დავარქმევთ. შეიძლება, გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა ბ არ იყო ან განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ვერავინ დავიჯერებთ,  ეს იყო ღალატი. სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო სავარაუდოდ. მე კიდევ იქით მივდივარ, რომ პაატა ბურჭულაძე რადგან სულ იძახდა, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია „ღია კარების“ ვარიანტი. რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა“, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

ლექსო ბურჭულაძე ამბობს, რომ უნდა გახდეს ცნობილი, რა იყო 4 ოქტომბრის აქციის გეგმა.

„რაც დრო გადის და ვიაზრებთ, რა მოხდა, კითხვის ნიშნები უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პასუხები. თუ არის ვინმე დღეს იმ ხუთი ადამიანისგან, ორგანიზატორებისგან, ვინც იცის, რა იყო გეგმა, ან, თუნდაც სასამართლო სხდომაზე, აუცილებელია, გვითხრან, რა იყო გეგმა. ყველას აინტერესებს, რა იყო, თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე, რა გააკეთა, რომ სამომავლოდ არ დავიჭიროთ იმ ადამიანთან საქმე. აუცილებელია, საზოგადოებას გაეცეს პასუხი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იყო გეგმა. არ შედგა ხომ 4 ოქტომბერი?“, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 ,,ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი”- ირაკლი კირცხალია

როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, რომ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი.

„ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა მცდელობა ჰქონდათ გუშინ გარკვეულ ჯგუფებს. ვნახეთ ეკიპირებული, კარგად გაწვრთნილი ჯგუფები თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს არის სწორედ იმ ტრენინგების დამსახურება, რომელი ტრენინგებიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი ხელწერა იმ უცხო სპეცსამსახურების, რომლებიც ღიად, თავხედურად და ჩამოხსნილი ნიღბით მოქმედებენ ქვეყნის გარედან. და ასე ღიად, თავხედურად აგზავნიან აქ დესტრუქციულ და გადატრიალების სცენარებს.

გამოძიება მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, ნურც გაიფიქრებს, რომ რაიმე სახით წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს. მუშაობს შესაბამისი სამსახურები, საგამოძიებო უწყებები და ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება ორგანიზატორი თუ უშუალოდ მონაწილე, რომელიც გამოვლინდება და რომელიც ჯერ არ ვიცით და არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ყველა, როგორც ვაანონსებდით კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით” – პაატა ბურჭულაძის ადვოკატი

სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორგანიზატორებს.

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოდელავა და ნადირაძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა. კლინიკა “ჰელსიკორში” მოხდა კიდევ ერთი ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის დაკავება. ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. სწორედ ის და ზოდელავა იყვნენ პირველები, რომლებმაც, აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, ვესაუბრეთ. თავს გრძნობს მხნედ, ოფიციალური ბრალდების დადგენილებასაც ველოდებით. ბრალის წარდგენის შემდეგ მეტი დეტალი გვეცოდინება და მეტ დეტალზეც შევძლებთ საუბარს. არ გვქონია ამაზე საუბარი. ჯერჯერობით, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი.

მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას – შალვა პაპუაშვილი

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„გუშინ საქართველოში შედგა არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი.

ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევაა.

გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს.

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ კანდიდატს, საარჩევნო შტაბების წევრებს, რომლებმაც ჩვენი მთავარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანეს.

ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა.

ამავე დროს, გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.

შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.

გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც.

დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ.

დღეს გუშინდელი დღის ყველაზე სამარცხვინო, ლაჩარ და უსინდისო მონაწილეებს უნდა მიეზღოს, რაც დათესეს და რის მომკასაც გუშინ ცდილობდნენ. საუბარი მაქვს რადიკალების იმ ლიდერებზე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის დაგეგმვაში, ადამიანების მობილიზებაში, ზიზღით დამუხტვაში და როდესაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, გაიპარნენ და ახლა ცდილობენ ხელი შეაწმინდონ იმ დამნაშავეებს, რომლებიც პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე.

ჩვენ ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს. არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა კარგად იცოდა, თუ სად მივიდა და რას აკეთებდა.

ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში, იმავე ადგილიდან, უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, ვინც 2022 წლის ივნისში, იმავე ადგილიდან, ხელისუფლების უცხოური „ენჯეოებისთვის“ გადაცემას ცდილობდა, ვინც 2023 წლის მარტში, იმავე ადგილზე, პირველი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის, სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის.

სიმბოლურია, რომ გუშინ, სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა.

სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.

დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად, მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის.

უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას.

4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა, შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა, 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენს შვილებს – მომავალი.

სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა სძლია ბოროტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.

ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, მუნიციპალური ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.

ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.

როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო  მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.

რაც შეეხება „კონკას“, რომელიც გამორჩეულად უყვართ თბილისელებს და ქალაქის ვიზიტორებს, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ მუშაობა დაიწყო მყისიერად, როგორც კი ადგილზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. შედეგად, გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ ადგილზე, რომ ყველაფერი აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს.

საერთაშორისო დამკვირვებელი: გუშინდელმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება

გუშინდელმა ადგილობრივმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვით, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ლუის ხესუს ურიბე-ეჩიბარია აპალატეგუისმა.

როგორც მან განმარტა, 4 ოქტომბერი მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული დღე იყო.

„როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, გასული წლის ოქტომბერშიც ვიმყოფებოდი საქართველოში, რათა საპარლამენტო არჩევნებს დავკვირვებოდი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, ისევე, როგორც გუშინდელი ადგილობრივი არჩევნები.

გუშინდელი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ნორმალურ გარემოში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ თავიანთი დემოკრატიული უფლებებით და აერჩიათ მათი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

პარასკევს ჩვენ შევხვდით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. მათ ჩვენ დეტალურად აგვიხსნეს საარჩევნო მექანიზმი. ეს არის დაცული ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს და იყენებენ.

გუშინ 12 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს იყო მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული დღე, რამაც უზრუნველყო მოქალაქეების დემოკრატიული მონაწილეობა არჩევნებში. საარჩევნო უბნები ნორმალურად გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობდა.

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ გუშინდელმა ადგილობრივმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვით“, – აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო!- გიორგი ბოტკოველი

ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს.

„მინდა დავიწყო იმით, რომ არავისგან არავისზე თითის გაშვერის დრო არ არის. ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს. თუ გვინდა, ერთმა, ათმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი, ეს გარემოება გვაქვს უკვე ქვეყანაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ, არასაკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, რომ უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ხალხი ითხოვდა და ითხოვს უკვე სამას დღეზე მეტია. ამიტომ, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მთავარი არის ერთი რამ – ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფასს – დროს. ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი, ამაზე უარესი გაუვლია, მაგრამ ახლა ვკარგავთ დროს, კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაში არიან. ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩემი იქ ყოფნის მოტივი იყო ის, რაც 13 წლის განმავლობაში იყო, ვმდგარიყავი იმ აქციებზე, რომელი აქციებიც აპროტესტებდა იმ მმართველობას, რომელიც მმართველობაც დღეს ქვეყანას აქვს“,- განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია.

„არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან. თითოეული ქართველის პოზიცია უნდა იყოს პატრიოტული სული, რომ მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან, ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული ეს ყველაფერი, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. მთავარია, ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი დაიზღვიოს იმით, რომ შინაგანად ჰქონდეთ რწმენა – მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, თუ გვინდა ერთმა ადამიანმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ ეს რეალობა უკვე გვაქვს ქვეყანაში“,-განაცხადა ბოტკოველმა.

ბიულეტენების დათვლა დასრულდა – ცესკოს პრესსპიკერის ბრიფინგი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge

როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება:  ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.

წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს.

თბილისი პროპორციული

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1„მამული, ენა, სარწმუნოება“30811.019
3„კონსერვატორები საქართველოსთვის“130254.308
5„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“17700.585
7„თავისუფალი საქართველო“  27110.897
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“32551.077
9ძლიერი საქართველო-ლელო  300509.938
11„საქართველო“  9770.323
12მწვანეთა პარტია  19320.639
14„სახალხო ხელისუფლება“  8030.266
25„გახარია საქართველოსთვის“  96733.199
36გირჩი  232757.698
41ქართული ოცნება21181470.052

თბილისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თეიმურაზ ბოკელავაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“23640.787
3ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“123114.099
7კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“44011.465
8ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“26780.892
9ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო3686312.274
11გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“13570.452
12გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია23530.783
36იაგო ხვიჩია გირჩი229357.636
41კახა კალაძე ქართული ოცნება21508371.612

რუსთავი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
25თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“27308.028
41ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება3127691.972

ქუთაისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
11გიორგი ამაღლობელი „საქართველო“27676.276
25პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“35448.038
41დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება3777985.686

ფოთი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
41ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება14545100

ბათუმი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თამარ მიქელაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“12462.343
5ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“22514.234
25გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“550510.353
41გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება4287680.638
42კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი12932.432

ირაკლი კობახიძე: ვინც მივიდა აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ

ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ 4 ოქტომბრის 16:00 საათისთვის დაანონსებული აქცია ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.

„ვინმეს რამე ხომ არ მოგვეჩვენა? ანუ ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელიც სამარცხვინოა – ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, დაიწყო ბურჭულაძემ დამხობა, ჩაუვარდა და ამის მერე გაემიჯნნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და ბურჭულაძეს მცირე ნაწილი გაჰყვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იყო ტაქტიკური ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი ნაბიჯები.

„ანუ ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე დაიწყეს გამიჯვნა მთლიანად დამხობის აქციისგან, როცა საკუთარი ფეხით, თვითონ მივიდნენ დამხობის აქციაზე, ეს არავის მოგვჩვენებია. ოთხ საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი?”, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რატომ არ გაჰყვნენ აქციის მონაწილეები პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედათ.

„მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბატონ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს „ნაცის“ სახეს”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.