Home Blog Page 11

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო – სალომე ზურაბიშვილი

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია”.

„საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო. ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა – 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ.

ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება.

თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტმა 2024 წლის ივლისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარია.

1-3 იანვრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

1-ელ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, შემდგომში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 31 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, 1-3 იანვარს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, შემდგომში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა, მჯერა, 2025 წელი გარდამტეხი წელი იქნება ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ, მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

„ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა, ვუსურვო ორი რამ – მშვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა, გლობალური პანდემია, დამანგრეველი ომები ჩვენ გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება.

განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის, სიმტკიცის, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია – ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. ერთად როდესაც ვართ, მაშინ ვართ მტკიცედ და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ. სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.

გილოცავთ ახალ წელს! ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები!“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, მშვიდობა თქვენ ყველას, ღმერთს მადლობა შევთხოვოთ -ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

ილია მეორეს თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერის მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი.

„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

მჯერა, 2025 წელი იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი -მიხეილ ყაველაშვილი

მჯერა, 2025 წელი იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანების წელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის საახალწლო მილოცვაში.

ყაველაშვილის თქმით, სწორედ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დაფუძნდეს მომავალი ერთობა.

„ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით  მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა, მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი.

მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და  ერთიანობის წელი.

დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

მოგესალმებით, როგორც თქვენი პრეზიდენტი, მინდა, მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, დადგება ის დრო, როცა დავუბრუნდებით ერთობას-სალომე ზურაბიშვილი

მოგესალმებით, როგორც თქვენი პრეზიდენტი, მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ეს 2024 წელი, რომელიც მთავრდება, იყო არაჩვეულებრივი წელი. შეიძლება, მხოლოდ კარგი არ გვახსოვდეს, მაგრამ კარგიც უნდა გავიხსენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბოლოს დადგება ის დრო, როცა დავუბრუნდებით ერთობას, რადგან სწორედ ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე.

„ეს იყო წელი დიდი ერთიანობის. ჩვენ, ყველანი ვიყავით ერთსულოვანი, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებული, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით, ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე, როცა ქართულ დროშას ვუყურებდით და ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ვიქნებით ყოველთვის ერთად, რადგან საქართველო არის ძალიან ძლიერი.

ამ წელმა სხვა რაღაცებიც მოგვიტანა. ეს წელი იყო „რუსული“ კანონების, რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების ჩვენი ხალხის, სულის, მომავლის წინააღმდეგ. ამდენად, არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში, შეიძლება, ერთი გავიხსენოთ, შეიძლება – მეორე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გავიარეთ ეს წელი, მოვედით ბოლომდე. დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს დღეს, გუშინ და გუშინწინ, 86 ადამიანი და ეს ალბათ გაგრძელდება. ესეც გამარჯვებაა. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომელთაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან გამარჯვებულნი, ძლიერნი და მომავალი მათია, რადგან სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე. ეს არის საყრდენი, მეხსიერება, ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე ძვირფასი არის სწორედ სახელმწიფო.

საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არიან, არის სწორედ ის, რაც მოგვდის საუკუნეების შემდეგ, ის, რაც შეიქმნა ძნელად, გაუთავებელი ბრძოლებით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ ჩვენ დღეს რუსებისგან გარეთ და შიდა რუსებისგან, ბევრი არიან თუ ცოტა, არ ვიცი, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე. ეს დაყოფაც არ გაძლებს. ბოლოს დადგება ის დრო, როცა დავუბრუნდებით ერთობას, ერთიანობას. ეს არის, რაც ვიცით, ამით გადავრჩებით, ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით. დღეს ის, რაც ხდება არის ნამდვილი სასწაული, როცა გაიშალა უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც ერთიანობის, სიყვარულის, მომავლის სუფრაა. ამით ყველგან გავალთ, ყველას და ჩვენ თავს გავაკვირვებთ. ეს არის ჩვენი სული, ძალა, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს. მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი. გამარჯვების წელი, რომ ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება, არ იყოს საკმარისი, შეიძლება, იყოს ცუდი და ვიქნებით ყველანი გამარჯვებული. გილოცავთ ახალ წელს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი-კახა კალაძე

გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

კახა კალაძემ ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა მთელ ქვეყანას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას.

„დასრულდა გამოწვევებით და პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე 2024 წელი. ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებებითა და წარმატებებით. ამიტომ, მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი. ახლა, როდესაც ძველის და ახლის გასაყართან ვდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში? მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და რაც მთავარია, ერთიანობა – გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე. ვისურვოთ, არა დაყოფა, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ყველაზე მთავარ მიზანს – ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ თბილისს, ვულოცავ მთელს საქართველოს! ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს! ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მადლობას მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის! ახალი წლის შემობრძანებას ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს – ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთარ მოვალეობას ასრულებს. ვულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება. მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში! ძალიან მიყვარხართ! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ – დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას

ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის მილოცვაშია აღნიშნული.

როგორც მილოცვაშია ნათქვამი, დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს.

შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით. დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.

ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე.
დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას!

საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს! გილოცავთ!“, – აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

 ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს -ირაკლი კობახიძე

ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს!

2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში.

ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება.

ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა სამშობლოს წინაშე თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის.

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.

2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა, ვისურვო, რომ 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.

გერმანიამ შესვლის აკრძალვა დააწესა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე-გერმანიის საგარეო უწყება

დღეს გერმანიამ დააწესა შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა.

„მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლება – მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, სიყვარული ჩვენს ოჯახებს, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს, ერთობა ჩვენს ერს -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მშვიდობას და ქართველ ერს ერთობას უსურვებს.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! სიყვარული ჩვენს ოჯახებს, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს, ერთობა ჩვენს ერს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.