Home Blog Page 11

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.

პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან უკრაინის კონსტიტუციით საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.

„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.

უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.

„რუსეთს არ დაუწყია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, არამედ მის დასრულებას ცდილობს. კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი, ძალის გამოყენებით დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ. სწორედ ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა ამჟამინდელ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რუსეთი არტყამს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და არა საცხოვრებელ უბნებს, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰქონდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთისა და მისი ხალხისთვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პუტინმა.

ნაჩო სანჩესი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

„ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით.

ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება აკრძალულია იმ ქვეყანაში“,- განაცხადა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას.

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე დაგანახვებთ, რამდენად გულწრფელები და პატიოსნები არიან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანთან დამშვიდობებაც მოგიწიოთ, მაგრამ ამის გამო არ ინერვიულოთ – თქვენ უბრალოდ ნამდვილი მეგობრისა და მოკავშირესთვის ადგილს ათავისუფლებთ. მოერიდეთ ჩხუბს და საჯარო დაპირისპირებას, რაც თქვენს რეპუტაციაზე აისახება.

კურო

ყველა თვალსაზრისით რთული დღეა. დილიდან ჩართული ხართ მოვლენებში, რომლებსაც მხოლოდ ქაოსი და გაურკვევლობა მოაქვთ. შეწყვიტეთ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და თვალი ადევნეთ, რა მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ, ახლა კი დაისვენოთ და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ.

ტყუპები

საეჭვო ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თქვენი ხალისი და დიპლომატიური თვისებები ნებისმიერ კარს გააღებს და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. დღის მეორე ნახევარში ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სასურველია, რომ ამ დროს ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას და თქვენი ნაკლის წარმოჩენას ცდილობს. გირჩევთ ცოტა იეშმაკოთ და ნამდვილი ემოციები არ გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის – ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ლომი

შემოქმედებითი საქმიანობისა და გონებრივი მუშაობის ერთობლიობა ამ დღეს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და უახლოეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, დაასრულოთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და დასვენებისთვის. გაატარეთ ეს დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებს საერთო ენის პოვნა უახლოეს მეგობართანაც კი გაუჭირდებათ. ვარსკვლავები შეეცდებიან, ყველანაირად ხელი შეუშალონ მეგობრობას, მშვიდობის დამყარებას ან სიმართლის პოვნას. თქვენი შიში უსაფუძვლოა – სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით – მხოლოდ სიმშვიდე და საღი აზრი დაგეხმარებათ, რომ ეს დღე კონფლიქტის გარეშე დაასრულოთ.

სასწორი

სასწორის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. შეიძლება დაღლილობამ და ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ შეგაწუხოთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. დაისვენეთ და, თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩით.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ. ამ დღეს მთელი ყურადღება ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე უნდა გადაიტანოთ. შესაძლოა, პრობლემას, რომელიც თქვენს ახლობელს აწუხებს, სათანადოდ არ აფასებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე გაურკვევლობას მოგიტანთ. მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ამის მიზეზებს ვერ ხედავთ. ეცადეთ რჩევა სანდო და ობიექტურ ადამიანს სთხოვოთ. გარემოების სწორად აღქმაში მხოლოდ გულწრფელი სიმართლე დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს მიზნის მისაღწევად ყველაზე უსაფრთხო გზა უნდა შეარჩიოთ. თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება გარშემო მყოფები თქვენ საწინააღმდეგოდ განაწყოს. მოერიდეთ ფაქტების დამახინჯებას. მოსალოდნელია საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა.

მერწყული

შესანიშნავი დროა მოგზაურობისა ან დასვენებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში განმარტოების შესაძლებლობა. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს და ეცადეთ, ნანახიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

თევზები

დილას სამსახურთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. ფინანსური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები იმედებს გაგიცრუებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ინიციატივა არ გამოიჩინოთ, დღეს ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს.

  ,,მოქალაქეებზე ზრუნვა და  სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”- ირაკლი კობახიძე

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მოქალაქეებზე ზრუნვა და  სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში. 

საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში  15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.

“ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.  ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა

ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა.

როგორც ხოჯევანიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამომწურავად უპასუხა.

„საუბარი შეეხო ძირითადად ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს, ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი ძალიან მძიმე პროცესები იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა, საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის ის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც ჩვენი რეგიონისთვისაც და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ასევე იყო სხვადასხვა საკითხი და სხვადასხვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. ჩემი შემხებლობა ამ პროცესთან იყო მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის განმარტებით, არ ჰქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეს არც უნდა სცოდნოდა.

„ჩემთვის უცნობია, ვის ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

,,შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ”- დონალდ ტრამპი

შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, – ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.

“შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ.

შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ,” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”.

“გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.

“40 წელია ისინი ამბობენ “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონს. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

,,ვწუხვარ, რომ ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს”- შალვა პაპუაშვილი

2024 წელს მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა გადამწყვეტი. როგორც კი ჩახედეს, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, ფარისევლობაა საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.

„ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე განცხადებებით, ისევ საკუთარ თავს იზიანებენ. როგორც წინა ჯერზე იყო ეს საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი – თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ თანხმობების პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას, ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და ისევ საკუთარი თავი დაიზიანეს. ახლა ამ განცხადებასაც ორი ნაწილი აქვს. პირველი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და დამკვირვებლებს. ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით 2024 წელს ბევრი, მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩახედეს და შედეგი, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გვახსოვს პრესრელიზი, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი ეუთო/ოდირის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ ფარისევლობა, არასერიოზულია სერიოზული სახით საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებების სახით ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს.

აქაც კიდევ ერთი მცდელობაა, თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან. აქაც ფეხში ისროლა. ბრიტანეთის საელჩოს სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი თუ უნდა, არ მგონია, ეს არის სფერო, რომელიც მათთვის მომგებიანია. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა ადამიანებს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა.

ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გადავიდა. მათ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, ბრიტანეთის საელჩოს დარღვეული აქვს პრეამბულა, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას. ბრიტანეთის ელჩი როდესაც ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია ჩადებული. ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის, სტაბილურობის გაძლიერებისკენ. როდესაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, ბრიტანეთმა დაარღვია ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 მუხლები, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულების.

იცით, რომ დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ვხედავთ მის ფოტოებს. ზუსტად ეს გახლავთ, რომ კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა ეს გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16, მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ, თუ ბრიტანეთის საელჩოს სურს, ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, მათთვის საზიანო არის ეს დიალოგი, თუ პლატფორმა, ვინაიდან აუარება არის მუხლებისა, თუ კონვენციებისა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე, როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი”- შალვა პაპუაშვილი

დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი“, – განაცხადა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საუბრის თემა სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.

„უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ვხედავთ, რომ ის სტრატეგიული პროექტები, რომელსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და როგორც იდეა გაჟღერდა თუ რა შედეგები მოაქვს ამ პროექტებს ჩვენი ქვეყნებისთვის.

მაშინ ზოგიერთი ეს პროექტი იქნებოდა ეს „აბრეშუმის გზის“, როგორც იდეის ხელახლა წამოწევა თავის დროზე, იქნება ეს „შუა დერეფანი“, მილსადენები, მათ შორის კაბელები და შავი ზღვის გამოყენება ელექტრო ენერგიის გადასაცემად თუ ინტერნეტის კაბელებისთვის, ბევრი ეს იდეა მაშინ სერიოზულად არ განიხილებოდა, როგორც ალტერნატივა სხვა მარშრუტებისა.

დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი“, როდესაც მათ შორის საჰაერო ტრანსპორტირებაც კი და ვნახეთ ჩვენ თვითმფრინავების მიმოსვლა, როგორ მოხდა მისი გადაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც კონფლიქტები არის სხვა რეგიონში. ეს არის ის საკითხები, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესის ნაწილია და გვაქვს სრული თანხვედრა ჩვენი ინტერესებისა და აქედან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ახდენს ვითარების მუდმივ მონიტორინგს.

„საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს საქართველოს 200-ზე მეტ მოქალაქეს. საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი.

განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7 – +972 3 609 3206“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7276 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1373 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0180 ლარი შეადგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პლაკატის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეორედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მოსამართლე მარიანა ფომაევამ პლაკატის გაკვრისთვის ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. ფომაევამ გადაწყვეტილება ორი მოწმე სამართალდამცველისა და ერთ-ერთი აქციის მონაწილის მოსმენის შემდეგ მიიღო.

დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს.

„დიახ ორი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, მზია იმყოფებოდა აქციაზე, გააკრა სტიკერი და რამდენიმე წუთში დააკავეს, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ქმედება, ამასთან არ არის და ვერ მოვიპოვეთ განმარტება კანონში სად შეიძლება დამახინჯდეს იერსახე ქალაქის და სად არა. ამაზე სასამართლოსაც მივმართეთ განემარტა, თუმცა თავი არ შეუწუხებია“ აღნიშნა ამაღლობელის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ერთხელ პასუხისმგებლობა ამაღლობელს სამართალდამცველების შეურაცხყოფის, მეორედ კი პლაკატის გაკვრის გამო დაეკისრა და არც საქმე იყო ხანდაზმული და ვადაგადაცილებული.

ცნობისთვის, რომ პირველ ადმინისტრაციულ ბრალდებაზე მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს. დღევანდელ სხდომას იგი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო და ამის შესახებ სასამართლოს წერილობით მიმართა.

პარალელურად გრძელდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, რომლის მორიგი პროცესი 23 ივნისს არის ჩანიშნული.

უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროკავშირში ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ-კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს , რომ რუსეთი უკვე ევროკავშირის პირდაპირი საფრთხეა.

კალასმა რუსეთის ის ჰიბრიდული ქმედებები ჩამოთვლა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფიქსირდება, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა, სამხედრო წვრთნების ჩატარება ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს.

კალასის თქმით, ევროკავშირი თუ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ევროკავშირში ყველამ უნდა დაიწყოს რუსულის სწავლა.

„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე. ეს გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმაა“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა უკრაინას ასევე „ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი“ უწოდა და აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინისთვის შემდგომი დახმარების მნიშვნელობა. მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი ბოლოს და ბოლოს მზად იქნება საუბრისთვის“.