Home Blog Page 11

12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს-ცესკო

12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა.

„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის. ცესკო-ს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკო-ს სახელით. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკო-ს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია. ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღეს არის დიდგორი, სცენიდან წავიკითხავთ დეკლარაციას და ხელისუფლება იმ წუთიდან ხალხის ხელში იქნება -პაატა ბურჭულაძე

დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, გარეთ გამოდით ყველანი, დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის მიმაფთვისას განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წაიკითხავენ დეკლარაციას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს და  ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება.

„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გარეთ გამოდით ყველანი, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი. ყველაფერი კარგად არის, უამრავი ხალხი გამოვა. ყველა დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავთავისუფლდებით ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რეჟიმისგან. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით,  აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებულო ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს,  ინანებს. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბათუმში, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, სადაც არიგებენ ფულს -თაზო დათუნაშვილი

გამოვლენილია ტენდენცია, რომ ადამიანებზე ორ-ორი ბიულეტენი გაიცემა და ორი ბიულეტენით აძლევენ ხმას, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სიმძიმის ფაქტზე უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი.

„10:00 საათისთვის მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით დამძიმებულია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს. ყველა საარჩევნო უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები, რაც ამ მომენტისთვის ფიქსირდება, თან სისტემატურად, არის თბილისის 51-ე უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი. ამის გამო დაიწერა საჩივარიც.

სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37-ე უბანზე, მერე კი 51-ე უბანზე. ვლინდება ტენდენცია, რომ ადამიანებზე 2-2 ბიულეტენი გაიცემა და 2-2 ბიულეტენით აძლევენ ხმას. ამ დარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია. აგრეთვე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33-ე უბანი, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს, ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც აბსოლუტურად ყველა დანაშაულისთვის იქნება პასუხისგებაში მიცემული. არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების, არ უნდათ, რომ იქ კამერა იდგეს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები კაბინაში შევიდნენ და იქიდან სახის დაფარვით გამოვიდნენ. ეს მიანიშნებს, რომ იქ „კარუსელი“ ტრიალებდა. აგრეთვე პრობლემური უბანია მთაწმინდაზე, 58-ე სკოლაში მდებარე უბანი, სადაც ჩვენი კამერა უბრალოდ გამორთეს.

მინდა საზოგადოებას მკვეთრად ვუთხრა, რომ ჩვენ ლაივსტრიმი გაშვებული გვაქვს ტრადიციულად თბილისის ძველი უბნებიდან. ყველაზე მძიმე 10-12 უბანი გვაქვს არჩეული, სადაც ტრადიციულად სულ გაყალბებაა და შემჩნეულია ამ უბნებზე დარღვევების ტენდენცია. თბილისის მასშტაბით, უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აგრეთვე საჩივრები იწერება რეგიონებში. საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა. კონკრეტული ფაქტები გვაქვს უკვე. მაგალითად, ბათუმში, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, სადაც არიგებენ ფულს, აგრეთვე მსგავსი შემთხვევა, ზუსტად იდენტური, არის დაფიქსირებული მუხიანში, 75-ე და 62-ე საარჩევნო უბნებზე. აქაც დავაფიქსირეთ ფულის დარიგების ფაქტი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

10:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება -ცესკო

10:00 საათისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ცეკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე  275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, – განაცხადეს ცესკო-ში.

ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება განაგრძოს, “ქართული ოცნება” -კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”.

„გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”; ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, პრობლემები.

საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება თუნდაც ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური მიმართულებით; გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები; განხორციელდება ახალი პროექტები ტრამვაის, მეტროს სახით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, დარწმუნებული ვარ, წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება -შალვა პაპუაშვილი 

დღეს შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები, ის ორგანოებია, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის. ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. ყველა კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტები არის ის ორგანოები, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან, იციან მათი წუხილი,  სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობა არის ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა მათი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე.

დღევანდელი დღით შეიკვრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ გასულ წელს ავირჩიეთ პარლამენტი, პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გზაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას -ცესკო

საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.

დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

ამასთან, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს.

ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

„აქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს 

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული.

კერძოდ, დედაქალის მერის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიან:

თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1) – „ენა მამული სარწმუნოება“;

ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3) – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7) – „თავისუფალი საქართველო“;

ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8) – „პატრიოტთა ალიანსი“;

ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9)  –„ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“;

გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11) – „საქართველო“;

გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12) – „მწვანეთა პარტია“;

იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36) – „გირჩი“;

კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41) – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

არჩევნებში გამარჯვებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს.

თბილისში არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 1 043 482 ამომრჩეველი, გახსნილია 582 უბანი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3 130 348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია, რომელთა რიგითობა საარჩევნო ბიულეტენში ასეთია:

1. „მამული, ენა, სარწმუნოება“; 3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“; 5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 7. „თავისუფალი საქართველო“; 8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 9. „ძლიერი საქართველო – ლელო“; 11. „საქართველო“; 12. „მწვანეთა პარტია“; 14. „სახალხო ხელისუფლება“;  25. „გახარია საქართველოსთვის“, 36. „გირჩი“; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ამასთან, თბილისში რეგისტრირებულია მერობის ცხრა კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია ოთხი კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი – 160 კანდიდატი.

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნების მიმდინარეობას გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

იგორ ნარმანია – ვაპირებთ, შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი

ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია. მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომელიც პარტიის ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მეტეხის წინ სტუდენტებზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ, მაგრამ ესენი არიან ჩმორები, „ქართული ოცნების” სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? ეგენი ვერავის დააშინებენ. გვერდიდან მომეპარა, ათასობით კამერაა აქ და პოლიცია დაინახავს როგორ გვერდიდან მომეპარა ეს ჩმორი, რა უნდა ვუწოდო ისიც არ ვიცი. ერთი-ერთზე მოვიდეს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გვერდიდან რომ მოდიხარ, ამ ნივთით, ხელით მოდი, პირისპირ მოდი, შენი არავის არ ეშინია ჩმორო, ქათამო, რადგან თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, რადგან თქვენი არასდროს არავის არ ეშინოდა, ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ და ექნება ლოგიკური დასასრული, ეს არ იქნება მოჯადოებული წრე. ყოველთვის, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვდიოდი, ეს გააზრებული მქონდა. გააზრებული მქონდა ისიც, რომ ზოგჯერ ციხეში შეიძლება, მოგვიწიოს ჯდომა, ზოგჯერ ვიღაცა აი, ასე მუხანათურად მოვიდეს და ჩაგარტყას, რადგან ეს არის რუსული სახის გამოვლინება, სად შეუძლია ქოცს, სად აქვს მაგის გამბედაობა, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან, ეს არ აქვს, ეს შნო რომ არ აქვს ქოცს, ამიტომ არიან მართალი ქართველები ჩვენს მხარეს, ამიტომ გავცემთ მაგ ძალადობას და უსამართლობას პასუხს, თორემ ამათი არავის არ ეშინია, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც „ქართულ ოცნებას” შეუშინებია. ძალიან მშვიდობიანად ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ახლა ვნერვიულობ დედაჩემი და მამაჩემია, დანარჩენი არ მადარდებს არაფერი, ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ. ჩემი თანატოლები ახლა, რომლებიც არიან პოლიტპატიმრები მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა გეძღვნებათ თქვენ, ჩემი მეგობრები ახლა პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ, გარეთ უნდა იყვნენ და არა ის, რომ „ოცნებამ” ჩვენი თანატოლები აქციოს ასეთ ჩმორებად და ტიტუშკებად, რომლებიც აქ მოაგზავნეს.

მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ არანაირ სპეცოპერაციაზე და რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში.

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად,

კურო

თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, რომლის მოგვარება ძალიან რთული იქნება.

ტყუპები

გრანდიოზული გეგმები კარგია, მაგრამ გირჩევთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმეები დაიწყოთ, როელთა ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. სავარაუდოდ, ოჯახის რომელიღაც წევრს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის თქმა ერიდება – თავად უნდა გამოიცნოთ.

კირჩხიბი

გარემოებები დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გაიძულებთ და წინააღმდეგობის სურვილიც არ გაქვთ. საბოლოოდ ეს მიგიყვანთ წარმატებამდე და თქვენი იმიჯი გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულად ამაღლდება.

ლომი

ეს დღე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადებით. თუ მარჯვენაზე – დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენაზე ყველაფერი არასწორად წავა. ამიტომ, დილით რომ გაიღვიძებთ, ფეხებს ყურადღებით დააკვირდით და რამე შეგეშალათ, საწოლში დაბრუნდით. იქნებ მეორედ გაგიმართლოთ?

ქალწული

ამ დღეს მთელი ნებისყოფის და თავშეკავების გამოჩენა დაგჭირდებათ. სამწუხაროდ, სიბრაზის მცირე აფეთქებაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხალში გადაიზარდოს, რომელიც თქვენს ყველა მიღწევას გაანადგურებს. ერთი სიტყვით, ამ დღეს სიმშვიდე ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოთ, თუნდაც ამისთვის რადიკალურ ზომებზე წასვლა დაგჭირდეთ.

სასწორი

ამ დღეს თავი ათასნაირი გეგმებითა გაქვთ სავსე და ეს მშვენიერია, რადგან ბედი მათი განხორციელების უნიკალურ შანსს მოგცემთ. უბრალოდ შეეცადეთ, ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები უბრალო საკითხებზე არ გაცვალოთ. სავარაუდოდ. დიდ და ხმაურიან წვეულებაზე წარმატება გელით.

მორიელი

მთელი დღე გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს ნერვებზე თამაშის გარდა, არაფერს აკეთებენ. სინამდვილეში ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს თამაშობენ. ესაა და ეს.

მშვილდოსანი

ცდილობთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. რაღაც მოვლენამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენს სულში ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს, თუმცა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ – სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შესაძლოა გარემოებები შეიცვალოს.

თხის რქა

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. მარტოხელა თხის რქებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მათ შორის პოტენციურ თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ – იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები

კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით – დაუფიქრებლად ნათქვამით შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, რაც შეიძლება ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა გახდეს. დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

,,ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა”-საერთაშორისო დამკვირვებელი, ესპანეთის სენატის წევრი

ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, ლუის ხესუს ურიბიე-ეჩებარია აპალატეგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და ხვალ მოსახლეობას ხმის მიცემა თავისუფლად , გამჭვირვალედ შეეძლება.

„მეორედ ჩამოვედი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების დასაკვირვებლად. გასულ წელს, ოქტომბერში ვიყავი აქ საპარლამენტო არჩევნებზე. ვფიქრობ, ის არჩევნები ძალიან სამართლიანი იყო. როგორც გასულ წელს ოქტომბერში ვთქვი, ჩემთვის საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული, გამჭვირვალე და უსაფრთხო გზით, ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენ რეალურ დემოკრატიებში. ანუ, შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ხვალ ხალხს შეეძლება თავისუფლად, გამჭვირვალედ და უნივერსალურად ხმის მიცემა. თუ არ ვცდები, კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა თავისი წინადადებები. ტელევიზიაში დებატები გაიმართა. ამიტომ, ჩვენ ველოდებით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. ვფიქრობ, ხვალ მხოლოდ თბილისში ვიქნები, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. დავადასტურე კომიტეტთან, რომ ხმის მიცემის მექანიზმი იგივეა – შესასვლელთან ხალხს ხელზე ნიშნავენ, პირადობას ამოწმებენ, საარჩევნო ბიულეტენს იღებენ და ამერიკული ტექნოლოგიით თვლიან ამომრჩეველს, რომ გაიგონ შედეგები“, – განაცხადა ლუის ხესუს ურიბიე-ეჩებარია აპალატეგმა.