Home Blog Page 11

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა”- ხარაგაულის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

მერიის ინფორმაციით, სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი გაიყვანეს ალტერნატიულ საცხოვრებლებში, ნაწილი კი გაყვანაზე უარს აცხარებს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.

მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ალფაპევეპეს“ (α-PVP).

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

,,ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს”- ვიქტორ ორბანი

ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ გაჩნდა ტრანსატლანტიკური განხეთქილება.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ამერიკელებმა „მშვიდობის“ პოზიცია დაიკავეს, ამავდროულად, ევროპელ ლიდერებს სურთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება და ტრამპმა ამ პოზიციის შეცვლა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

„მეგონა, ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ ევროპელი ლიდერები მიემხრო, მოეწონებოდათ თუ – არა. შემდეგ ყველას ერთი და იმავე გზის გავლა მოუწევდა, მაგრამ ის საკმარისად ძლიერი არ იყო. ასე რომ, პრობლემას რუსებსა და უკრაინელებში ვერ ვხედავ, არამედ იმაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს. შეგიძლიათ, ამ მარშრუტით კიდევ რამდენიმე თვე იაროთ, მაგრამ ეს გზა გაუვალია ან გზა გავლილია და ბოლოს ნაპრალია. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დაფინანსება. ჩვენ არ გვაქვს ფული, განსაკუთრებით არ გვაქვს ფული იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ნაცვლად, ამერიკული იარაღის ყიდვაზე დავხარჯოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განხორციელება დაიწყო, რაც ტრენერთა კორპუსის გადამზადებას ითვალისწინებს.

პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.

ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში  განხორციელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლებისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო სერვისის უზრუნველყოფას. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს გააცნო არჩევნებისთვის შემუშავებული  ტრენინგების კონცეფცია, რომელიც, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, საარჩევნო ადმინისტრატორთა კვალიფიკაციის ზრდას ემსახურება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით, ტრენერები გადამზადებას გაივლიან ორი პროფილური მიმართულებით:

  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: 2 284 კომისიის წევრები);
  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: 767 კომისიის წევრები).

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების განხორციელების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:

  • ხუთ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა – დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით;
  • ოთხ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა – დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.

ამასთან, ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების დამატებითი ეტაპის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.

გადამზადების პროგრამის გავლის შემდგომ, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2025 წლის 21 აგვისტოდან – 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6993 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6993 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7013 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1184 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა. 

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში.

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოუწოდებენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ყადაღა ვრცელდება “ლელოს” ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება -აღსრულების ეროვნული ბიურო

ყადაღა ვრცელდება „ლელო – საქართველოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება, – ამის შესახებ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „ლელო – საქართველოს“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად,

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს.  შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა – კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.

მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე – https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036599-konkursebi-saolko-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrebis-vakantur-tanamdebobebze

(R)

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად? – South China Morning Post

ჩინეთის გაზეთ South China Morning Post-ის (იბეჭდება ჰონკონგში) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად?“ (ავტორი – საგინა ვალიათი). „ახალი რეალიზმი სამი ქვეყნის ურთიერთობებში შეიძლება გასაღები გახდეს აზიაში რეალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იმ დროს, როცა მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლუსიანი ხდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომელმაც ძალის გლობალური ცენტრების გადანაცვლება გამოიწვია, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის (RIC – Russia, India, China) სამმხრივი ფორუმის კონცეფცია დიპლომატების ყურადღებას ისევ იპყრობს. იმ დროს, როცა მოსკოვი ოპტიმიზმს გამოხატავს ამ ფორმატის ასაღორძინებლად, ხოლო პეკინი, როგორც ჩანს, ამ იდეას მხარს უჭერს, დელი ფრთხილ და თავშეკავებულ პოზიციას ამჟღავნებს – ერთგვარ ბალანსს იცავს მის მხარდაჭერასა და საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის კურსის შენარჩუნებას შორის.

მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის სულ უფრო შესამჩნევი ტენდენციის პირობებში იბადება კითხვა: შეუძლიათ თუ არა ერთად ცეკვა დათვს, დრაკონს და სპილოს? და თუ შეუძლიათ, ეს იქნება მხოლოდ სტრატეგიული ქორეოგრაფია, აუცილებლობით ნაკარნახევი?

მოსკოვისათვის RIC-ის ფორმატის აღორძინების სურვილი ორ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება: პირველი – უკრაინასთან ომის გამო დასავლეთისაგან იზოლირებული და ფართომასშტაბიანი სახით სანქცირებული რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული აზიელ პარტნიორებზე, რომ ეკონომიკის გარკვეული დონე შეინარჩუნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო იზოლაციას. კრემლი ამ „ტრიუმვირატს“ განიხილავს როგორც შესაძლებლობას – აჩვენოს დასავლეთს, რომ მას ჰყავს ძლიერი პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აზიაში სტაბილიზაციით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწოდება RIC-ის ასაღორძინებლად, რომელიც მან ივლისში გააჟღერა, ასახავს მოსკოვის დიპლომატიურ მოთხოვნილებას და სწრაფვას რეგიონული მოთამაშის როლში გამოვიდეს.

რუსეთისათვის ჯერ კიდევ 1998 წელს გაჟღერებული RIC-ის იდეა წარმოადგენს არადასავლური სახელმწიფოების სოლიდარობის დემონსტრაციას, მრავალმხრივ ფორუმს და, აქედან გამომდინარე, კრემლი თვლის, რომ მისი აღორძინება „ბრიკს“-ის (BRICS) ბლოკის განმტკიცებასაც გამოიწვევს, რომელსაც რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლურ ინსტიტუტებთან, მაგალითად, „დიდ შვიდეულთან“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაპირისპირების თვალსაზრისით. შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ RIC-ის აღორძინებით ყველაზე მეტად მოიგებს მოსკოვი, რომელსაც შეუძლია ამ პლატფორმით სარგებლობა როგორც თავისი გავლენის დასადასტურებლად ევრაზიაში, ასევე იმავდროულად ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების დელიკატურად დასაბალანსებლად. RIC-ის აღორძინებით მოკოვს შესაძლებლობა ექნება დელისთან და პეკინთან თანასწორი უფლებებით იყოს, განიმტკიცოს თავისი დამოუკიდებლობის იმიჯი, შეინარჩუნოს სტრატეგიული მოქნილობა და შეამციროს იმის რისკი, რომ ჩინეთის ჩრდილში აღმოჩნდება.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია ჩინეთისა და ინდოეთის ერთმანეთისადმი სოლიდარობა იმ პირობებში, როცა ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს ჰიმალაებში ტერიტორიული დავა აქვთ?

ჰიმალაები – „განხეთქილების ვაშლი“?

ის მხარდაჭერა, რომელსაც პეკინი აფიქსირებს RIC-ის აღორძინების მიმართ, არც სენტიმენტალურ და არც სიმბოლურ ხასიათს არ ატარებს. როგორც ამასწინანდელ ბრიფინგზე განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ციანმა, ჩინეთს, რუსეთს და ინდოეთს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული სტაბილურობისათვის. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ნიუანსაც: ჩინეთი ამჟამად დაკავებულია საკუთარი არმიის მოდერნიზებით, რომ მზად დახვდეს ტაივანთან დაკავშირებულ პოტენციურ მოულოდნელ გარემოებებს. იმის კვალობაზე, რომ პეკინი დღეს მეტ ყურადღებას უთმობს თავის საზღვაო პრიორიტეტებს, ის ასევე დაინტერესებულია თავისი სახმელეთო (კონტინენტური) საზღვრების სტაბილიზაციით, ინდოეთთან მიმართებით, რომელთანაც ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება 2020 წლის შემდეგ, როცა მდ. გალვანის ხეობაში სამხედრო შეტაკება მოხდა. პეკინისათვის მისასალმებელია სასაზღვრო პრობლემის RIC-ის ჩარჩოებში მოგვარება (ისევე როგორც ინდოეთისათვის).

ჩინეთი სავარაუდოდ, RIC-ის აღორძინებას ერთგვარ დიპლომატიურ ბერკეტად განიხილავს, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური გართულებები სავაჭრო ომოს რამდენიმე ფრონტზე – აშშ-სთან და ევროკავშირთან. გარდა ამისა, RIC-ის აღორძინებაში პეკინის აქტიური როლი ერთგვარი სიგნალი იქნება გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისთვისაც – იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩინეთი ტრადიციულად გამოდის ინკლუზიური და მრავალმხრივი ინსტიტუტების მხარდასაჭერად.

ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთდამოკიდებულება მრავალფენიანი რჩება – მასში შეიმჩნევა როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მხარი დაუჭირა დელის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ და ირიბად მოახდინა ზეწოლა პაკისტანზე, სი ძინ პინმა იმავდროულად ნარენდრა მოდის ისიც მიანიშნა, რომ მზად არის ინდოეთის იძულების ზომაც გამოიყენოს: ამას წინათ ჩინეთმა ჩინეთმა შეამცირა იშვიათმიწა ელემენტების ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ძალიან ჭირდება ინდოეთის საავტომობილო მრეწველობას. ასევე შეაჩერა სასოფლო-სამეურნეო სასუქების მიწოდებაც. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩინეთი ინდოეთთან მიმართებით ძველებურად ანიჭებს უპირატესობას თავის ძლიერ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს. ამ მხრივ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პეკინმა მოუწოდა ინდოეთში დასაქმებულ თავის თანამემამულეებს ჩინეთში დაბრუნდნენ. ხდება პირიქითაც: ინდოეთმა, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აღადგინა და პეკინთან პირდაპირი ავიარეისები განაახლა.

დათვი, დრაკონი და სპილო აშშ-ის წინააღმდეგ?

დონალდ ტრამპი კი ინდოეთისათვის სულ მალე მკაცრი სანქციების გამოცხადებას აპირებს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ესე იგი, RIC-ის ფორმატი ამ შემთხვევაში ინდოეთისათვის ერთგვარი მაშველი რგოლის როლს შეასრულებს – მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. ნარენდრა მოდისათვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარია, არჩევანის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება. საერთოდ, დელი ცდილობს ვაშინგტონთან კავშირები არ დაირღვეს (მათ შორის სამხედროც) და პეკინთანაც რბილი ურთიერთობა ჰქონდეს.

RIC-ის აღდგენა იმის სიგნალი იქნება, რომ მსხვილი აზიური ქვეყნები მზად არიან მჭიდრო ურთიერთობის გასაგრძელებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთს რაღაც კონკრეტულ საკითხებში არ ეთანხმებიან. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში.

ჩინური დრაკონი, რუსული დათვი და ინდური სპილო, შესაძლოა, მართლაც ვერასოდეს ვერ „იცეკვებენ“ იდეალურ სინქრონში, მაგრამ მათ, პრინციპში, ეს არც ჭირდებათ. ახალი რეალიზმი , რომელიც მათ ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს, სრულიად საკმარისია დღევანდელ მომენტში აზიური გეოპოლიტიკისათვის. იმ პირობებში, როცა თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად ხდება მრავალპოლუსიანი, მაგრამ იმავდროულად ფრაგმენტული, RIC-ის ასაღორძინებლად გაწეული ძალისხმევა ასახავს იმ ახალ სიტუაციას, რაც აზიის სტრატეგიული ლანდშაფტის სტაბილიზების აუცილებლობას და რეგიონში ორმხრივი უთანხმოებების შერბილებას განაპირობებს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე, გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნულ უცხოურ კომპანიასა და საფინანსო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქისთვის აუცილებელი პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ, უკეთეს ცხოვრებას განაპირობებს. წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის.

„მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.

შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესების პარალელურად, თბილისის მერია გეგმავს ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

„თბილისში ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი რისკის შემცველია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.